საბჭოთა კავშირი "იქაც" და "ჩვენთანაც"

Image removed.

ვიდრე ქართველ კოლეგებთან ურთიერთობას დავიწყებდი, ჩემს ცხოვრებაში აფხაზეთის მთავრობა სერიოზულად არასოდეს ჩარეულა.

პრობლემები აფხაზეთში ნუმერაციის ახალი სისტემის შემოღებით დაიწყო - აფხაზეთმა ქართული +995-ის ნაცვლად, რუსული +7-ით დაიწყო რეკვა. თუმცა პრობლემები მე კი არა, მათ შეექმნათ, ვინც ჩემთან დაკავშირებას საქართველოდან ცდილობდა. გარკვეული პოლიტიკური თუ ტექნიკური შეზღუდვების გამო თბილისიდან „სეპარატისტულ-ოკუპაციურ“ სატელეფონო ნომრებთან დაკავშირება ძალიან რთულია. სიტუაციის კომიკურობა კი ისაა, რომ თუ მაინც მოახერხებთ დარეკვას, საუბარს ფონად აუტანელი შრიალი გასდევს. მოგესალმებით, ამხანაგო ოპერატიულო მორიგევ!

თუ ამ ოპერატიულ მუშაკს წარმოვიდგენთ, ის დაახლოებით 40 წლის, კეფაზე ამელოტებული და ლეიტენანტზე არანაკლები წოდების მქონე მამაკაცი უნდა იყოს.

ოდესღაც ის იმედისმომცემი ახალგაზრდა სტუდენტი იყო, თუმცა ომმა, ომისშემდგომმა სიტუაციამ და სპეციალური უნარების არქონამ ერთ ჩვეულებრივ “კომპიუტერშიკად” აქცია. რადიოტექნიკისადმი საბჭოთადროინდელმა ინტერესმა კი საბოლოოდ სპეცსამსახურებამდე მიიყვანა.

კავშირების არქონის გამო ის ერთ ბანალურ ოპერმუშაკად გაამწესეს. მისი კაბინეტიც თვალწინ მიდგას - ირგვლივ საბჭოთადროინდელი მოწყობილობები და სიგარეტის ნარჩენებით სავსე საფერფლეები, რომელთა ფონზე თანამედროვე კომპიუტერი უცხოპლანეტელების ცივილიზაციის მონაპოვარს წააგავს.

ჩემი აგენტი კომპიუტერში ოსტატურად უმკლავდება პასეანსს, შესვენებებისას კი უფროსობისთვის MP3 ფაილს ამზადებს სახელწოდებით „ახრა სმირი, ჟურნალისტი.“ ასეთია ჩემი აგენტი.
ოდნავ ნაკლები დამაჯერებლობით, მაგრამ მაინც შევეცდები ქართველი ოპერმუშაკის პორტრეტის დახატვასაც. თვალწინ ახალგაზრდა, ოდნავ უტიფარი, ქართული სტანდარტებით კარგი განათლების მქონე კაცი წარმომიდგენია.

მასაც, სულ მცირე, ლეიტენანტის წოდება უნდა ჰქონდეს. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურს, თუმცა თავისი აფხაზი კოლეგის მსგავსად, ისიც აბონენტების მოსმენებით არის დაკავებული - სამშობლოსთვის, რა თქმა უნდა. შუშებიან შენობაში მდებარე მისი კაბინეტი თანამედროვე ერგონომიული ავეჯით და აპარატურითაა აღჭურვილი.

ის პასეანსს არ თამაშობს. ის, საერთოდაც, თავს საქმისგან მოცდენის უფლებას არ აძლევს. მის მონიტორზე ადამიანთა დიდი ჯგუფის შესახებ მონაცემები ჩანს. სპეციალური პროგრამები ათობით და ასობით არასანდო ადამიანის მიმოწერას, გადაადგილებას და საუბარს იწერს. ამ ოპერის და მისი მსგავსი რევოლუციის ერთგული რაინდების მუშაობის წყალობით, ახლახან სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა აიცილეს. ქართველი პოლიციელი - სწორედ ის არის საქართველოს ახალი ხელისუფლება. და სწორედ ამ პოლიციელის ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული ამ ხელისუფლების ძლიერებაც. პოლიციელი კი მეტზე ოცნებობს.

ეს ორი აგენტი დაახლოებით აღწერს იმას, თუ ვინ ვართ დღეს “ჩვენ” და ვინ არიან “ისინი”.  ჩემი ოპერატიული მუშაკი, რომელიც პასეანსების შლასა და სიგარეტის მოწევას შორის, ჩემს საუბრებს ისმენს, რაღა თქმა უნდა, ნაძირალაა, ოღონდ ზარმაცი ნაძირალა, რომელიც მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს არაფრით მოცდება.

ის არ ფიქრობს, რომ ჟურნალისტ ახრა სმირის და მისი ქართველი კოლეგების უწყინარი, ადგილ-ადგილ უხამსობის შემცველი საუბრების მოსმენით ერს შველის. მან იცის, რომ ამ საუბრებში არ არის და რაც მთავარია, ვერ იქნება ვერაფერი, რაც მისი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს მიაყენებდა.
ჩემი აგენტი თავისი საქმით არ ამაყობს და ნაკლებად სავარაუდოა, ამით მეგობრებში ტრაბახობდეს. ჩემს სატელეფონო მისალმებაზე - „გამარჯობა, ამხანაგო ოპერატიულო მორიგევ“ - ის, ალბათ, სევდიანი ღიმილით პასუხობს.

ცხოვრებაში იგი ალბათ სოხუმის ქუჩებში ძველ "ოპელს" დაატარებს და უბადრუკი ხელფასის ნახევარს ჩასაფრებულ “გაიშნიკებს” აძლევს. ბოლო მშობელთა კრებაზე მის მეუღლეს მოახსენეს, რომ სკოლის მოსაკრებელი იზრდება. მას სახელმწიფო საქმე ფეხებზე ჰკიდია და ზუსტად იმდენს მუშაობს, რამდენიც ევალება. და ასე პენსიამდე.

მისი ქართველი კოლეგა ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს. ის ენთუზიაზმითაა სავსე. მან იცის, რომ „ვარდების რევოლუციას“ დაცვა სჭირდება. მას კარგად ესმის, რომ გარეგნულად უწყინარ საუბრებში, რომელსაც ის დღე და ღამე უსმენს, ღალატი იმალება. ღალატი ყველა კუთხეშია და მასთან ბრძოლაა საჭირო. შესაძლოა ის ფოტოგრაფები სულაც არ არიან დამნაშავეები, თუმცა მათი შეხედულებები და უპასუხისმგებლობა, რაც უცხოური სააგენტოებისთვის აქციის დაშლის ამსახველი კადრების გადაცემაში გამოიხატებოდა, თავისთავად დანაშაულის ტოლფასი იყო.

ჩემი აფხაზი ოპერატიული მუშაკი თავის ინსტიტუტისდროინდელ მეგობართან ერთად სვამს ხოლმე. გულახდილობის წუთებში მათ ასეთ რამეს ეუბნება: „იცი, მთელი ეს მოსმენები ინერციით მიმდინარეობს. ვერაფრით ვერ მოვიშორეთ საბჭოური ჩვევები. ისაუბროს ჟურნალისტმა ახრა სმირმა, ვისთანაც უნდა და წეროს, რაზეც უნდა. ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენთვის საფრთხეს კორუფცია და სახელმწიფო აპარატის იმპოტენცია წარმოადგენს. ჩემნაირები - ზარმაცები და უინიციატივო მუშაკები, კიდევ ერთი საფრთხეა. ჩვენ იმ საბჭოური მექანიზმის უკანასკნელი ხრახნები ვართ, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და მალე თვითონვე გაჩერდება“. ალბათ, რეალობაში თავის აზრს ის გაცილებით მძაფრად გამოხატავს, თუმცა მთლიანობაში შინაარსზე პასუხს ვაგებ.

ამ ორი გამოგონილი პერსონაჟის შედარებისას, ჩემი სიმპათიები პირველისკენ იხრება. რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ ის ჩემი თანამემამულეა. უბრალოდ ის საბჭოთა სისტემის დაშლის ბოლო ელემენტია, რომელიც რაღაც უკეთესით ჩანაცვლებას გვპირდება. ახალი სისტემა აუცილებლად გაცილებით თავისუფალი, სამართლიანი, ენერგიული და მოწესრიგებული იქნება. ჩემი აგენტის ქართველი კოლეგა კი ახალი საბჭოთა სისტემის პირმშოა, თავისი თვითნებობით, მოქალაქეების პირად ცხოვრებაში უცერემონიო ჩარევებით და თავდაჯერებულობით, რომ სახელმწიფოს ინტერესების სახელით უბრალო ადამიანების ბედით თამაში შეიძლება.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.