შამბა – კრემლის არჩევანი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსკოვს არა მარტო სხვა ტაქტიკის, არამედ პრინციპულად ახალი მიდგომის არჩევა მოუწევს.
კრემლის მცდელობა, ჩაერიოს მეზობლების საშინაო პოლიტიკაში, ბოლო წლებში თითქმის ყოველთვის მარცხით დასრულდა, თუმცა საჭირო დასკვნების გამოტანას მოსკოვში არ ჩქარობენ.
ასე იყო 2004 წელს აფხაზეთში. მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლი რაულ ხაჯიმბას უჭერდა მხარს. კრემლის ეს პოზიცია აფხაზეთს ლამის სამოქალაქო ომად, მოსკოვს კი აფხაზები ლოიალურობის დაკარგვად დაუჯდა.
ურჩ აფხაზებს კრემლმა მანდარინების ბლოკადა მოუვლინა.
ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ბერკეტია. როცა იგი მოქმედებაში მოდის, ყველა ძრწოდეთ და გეშინოდეთ!
აფხაზებს მაშინ ციტრუსების მოსავლის ნაწილი დაულპა, რომლის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ზამთარი უნდა გადაევლოთ. ბელარუსებს თავის დროზე მოსკოვის მიერ აკრძალული რძე გაუფუჭდათ, მოლდოველებმა ღვინის, ქართველმა გლეხებმა ღვინისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის აკრძალვით იზარალეს. უკრაინას გაზის მაღალი ფასებით აშანტაჟებდნენ.
ასეთი მეთოდებით, იდეაში, ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ოღონდ მოსკოვში ვერ აცნობიერებენ, რომ მეზობლების მუდმივი დაშანტაჟება სახიფათოა, რადგან შედეგად მათ ისეთი შიში უჩნდებათ, რომ გარბიან. როგორც ეს საბჭოთა კავშირის დაშლისას მოხდა, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდათ, პირველები წავიდნენ – ბალტიის ქვეყნები.
თუ რუსეთი ისევ განაგრძობს დაშინების პოლიტიკას, დაახლოებით იგივე ელის აფხაზეთსაც.
სოხუმში სერგეი ბაღაფშის გასვენებაზე ვლადიმირ პუტინი ჩავიდა. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ იგი პრეზიდენტობის ორივე პოტენციურ კანდიდატს შეხვდა – ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს და პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას. ფოტოგრაფებმა, რომლებიც ორივე შეხვედრას აშუქებდნენ, შენიშნეს, თუ როგორი დაძაბული და უსიამოვნო იყო პუტინის და ანქვაბის შეხვედრა, მეორე მხრივ კი, როგორ უშუალო და მეგობრულ გარემოში შედგა პრემიერების დიალოგი.
რუსეთს, რა თქმა უნდა, სერგეი შამბა მეტად აწყობს. ის გაცილებით მოქნილი და კომპრომისზე წამსვლელი კანდიდატია. ანქვაბს კი, უკვე კარგა ხანია, პირდაპირი და პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. ბოლო პერიოდში მას მხოლოდ მშენებლობებზე ხედავდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მშენებლობები, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ჩვეულზე გაცილებით სწრაფად და ოპტიმალური ბიუჯეტით ვითარდება.
მოსკოვს აფხაზეთთან დაკავშირე-ბით ძალიან დიდი გეგმები აქვს. ამიტომ, სავარაუდოდ, დიდ რისკზე წასვლა არ უღირს. შავი ზღვის თითქმის აუთვისებელ სანაპიროებს დიდი ხანია რუსეთის სხვადასხვა უწყებამ დაადგა თვალი. ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სანატორიუმ “სუხუმთან” დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს. 2014 წლის სოჭის ამბიციური ოლიმპიადის პერიოდში, რომელსაც მოსკოვში მეტად ელიანვიდრე სოჭში, აფხაზეთმა არა მარტო ბუფერული ზონის ფუქნცია უნდა შეასრულოს, არამედ, შესაძლოა, სტუმრების ნაწილიც მიიღოს. ამისთვის აფხაზეთში სასტუმროების და კურორტების აშენებაა საჭირო. თუმცა სხვის მიწაზე მშენებლობა არავის სურს. საკურორტო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად აფხაზეთს სპეციალური კანონის მიღება მოუწევს, რომელიც უძრავი ქონების და მიწების უცხოელებზე გასხვისებას გახდის შესაძლებელს.
სოხუმში ვიზიტის დროს პრემიერმა პუტინმა 10 მილიარდი რუბლი ახსენა, რომელიც აფხაზეთში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის გამოიყოფა. ეს განცხადება სწორედ იმათ უნდა გაეგოთ, ვისი მისამართითაც იყო გაკეთებული.
აფხაზეთისთვის 10 მილიარდი დიდი თანხაა. დამოუკიდებლად ამხელა ფინანსების მობილიზაცია ამ რესპუბლიკისთვის თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მას ტურისტების დიდი რაოდენობის მიღების და განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა, დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას მას ნაკლებად მისცემენ.
წელს, ზაფხულის სეზონის დაწყე-ბამდე, საფეხმავლო ხიდზე, რომელიც აფხაზეთს და რუსეთს აკავშირებს, რემონტი დაიწყო. ტურისტებისთვის მხოლოდ საავტომობილო ხიდი დატოვეს, სადაც უკვე კილომეტრიანი საცობებია. რთული წარმოსადგენია, რა იქნება ზაფხულში. შარშან ზაფხულშიც კი, როდესაც საზღვარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთდღიანი ლოდინის შემდეგ იყო შესაძლებელი. სა-ეჭვოა, რომ ბევრ ტურისტს აქ ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს. აფხაზეთში გულწრფელად საუბრობენ, რომ საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია მოსკოვის მორიგი ხრიკია, რომ აფხაზეთი ტურისტებისთვის მოუხერხებელ ადგილად აქციოს.
აფხაზმა ჩინოვნიკებმა, პუტინის მინიშნება 10 მილიარდზე ასე გაიგეს: აირჩევთ შამბას, მიიღებთ ფულს, არ აირჩევთ შამბას – მაშინ დავფიქრდებით. შესაძლოა, პუტინი სულაც არ გულისხმობდა ამას, თუმცა მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, პრემიერის მესიჯი აფხაზეთში ასე წაიკითხეს.
ამიტომაც, ბევრი აფხაზი ჩინოვნიკი სერგეი შამბას ირგვლივ გაერთიანებას ცდილობს.
თუმცა აფხაზეთში ვერაფერში იქნები ბოლომდე დარწმუნებული.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.
ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.