შეწყვეტილი მომსახურება

სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი

ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, კომპანია “სეილორი” ვაშინგტონში დე-ფაქტო მთავრობების ერთგვარ ოფისს წარმოადგენდა. კომპანიის თანამშრომლები საქართველოს კონფლიქტების თემატიკაზე ანალიტიკურ ცენტრებში გამართულ ყველა დისკუსიას ესწრებოდნენ, სახელმწიფო დეპარტამენტსა და სენატში შეხვედრებს აწყობდნენ, ჰქონდათ ურთიერთობა ამერიკულ მედიასთან.

ცხინვალისათვის ეს კომპანია აშშ-ში ერთგვარ “ფანჯარად” იქცა. ომის შემდგომ სამხრეთ ოსეთმა რამდენიმე წამყვან მსოფლიო გამოცემაში ცხინვალის წარმომადგენელთა სტატიების დაბეჭდვის ორგანიზება შეძლო. ისინი 2008 წლის ომის საკუთარ ვერსიაზე წერდნენ. “სეილორ კომპანის” მეშვეობით, ცხინვალელი ჩინოვნიკები ამერიკის სახელმწიფო უწყებებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ, მათი კომენტარები ადგილობრივ გაზეთებში გამოჩნდა.

ამ კომპანიის ხელშეწყობით, გასული ორი წლის განმავლობაში, ამერიკელი ანალიტიკოსების მიერ მომზადებული, მინიმუმ, ორი სარეკომენდაციო ანგარიში გამოვიდა, რომელშიც ისინი ამერიკის ხელისუფლებას სოხუმისა და ცხინვალის მიმართ უფრო ღია პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებდნენ.

უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით “სეილორ კომპანის” აქტივობამ იკლო, ხოლო მომავალი თვიდან ის საერთოდ შეწყდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა კომპანიის ანგარიშიდან, რომელიც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, წელიწადში ორჯერ ყველა ლობისტურმა კომპანიამ იუსტიციის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს.

აპრილის ანგარიშში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გასულ კვირას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ “სეილორ კომპანი” სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის მუშაობას წყვეტს. კომპანიას მიზეზების ახსნა არ დაუწყია.

“სეილორ კომპანის” წარმომადგენელმა ვაშინგტონიდან, სტივ ელისმა ელექტრონულ წერილში “იმედი გამოთქვა”, რომ ცხინვალთან მუშაობა “მომავალში” განახლდება. სოხუმთან თანამშრომლობა კი მხოლოდ “ცალკეულ პროექტებზე” გაგრძელდება. მიზეზებზე არც დე-ფაქტო მთავრობებმა მოისურვეს საუბარი.

ლობისტური კომპანიის მხრიდან ცხინვალთან კონტრაქტის შეწყვეტა ბევრ კითხვას წარმოშობს.

საქმე ისაა, რომ ამ შემოდგომაზე ცხინვალში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რომ ედუარდ კოკოითი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს. უცხოელებისთვის ამ სცენარის წარმოჩენა, როგორც  “პატარა სუვერენულ სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარება”, საკმაოდ გართულდება. ამერიკაში ლობისტის მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ ხელისუფლებას ამაში ძალიან დაეხმარებოდა.

საერთაშორისო პუბლიკისათვის დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედებების “განმარტების” გარდა, “სეილორ კომპანი” სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნის გამართლებითაც იყო დაკავებული.

ცხინვალის ხელისუფლებასთან 2010 წელს გაფორმებულ კონტრაქტში საუბარია, რომ საქმიანობის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა “რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოს სამხედრო აგრესიისგან დაცვის მიზნით რუსი სამხედროების ყოფნის აუცილებლობას უნდა გაუსვან ხაზი”.

კომპანიის სხვა მიზნებს შორის კონტრაქტში ნახსენებია საინფორმაციო ომის წარმოება “საქართველოს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამართლიანი სტატუსის უარყოფას”.

“საერთოდ მიკვირს, რომ თურმე ეს კომპანია დღემდე განაგრძობს ჩვენზე მუშაობას” – ამბობს ჟურნალისტი სამხრეთ ოსეთიდან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მას და ბევრ სხვას სამხრეთ ოსეთში “სეილორ კომპანის” მუშაობის შესახებ ბევრი ხანია არაფერი სმენია.

საქმე ისაა, რომ 2009 წლიდან “სეილორ კომპანის” საქმიანობამ “ფარდის მიღმა” გადაინაცვლა. მათ ჟურნალისტებთან ღიაკავშირს ფრთხილი ურთიერთობა არჩიეს.

“სეილორ კომპანის” ტაქტიკის ასეთი ცვლილება 2008 წლის დეკემბერში ოსი უფლებადამცველის ლირა ცხოვრებოვას ირგვლივ აგორებულ სკანდალს მოჰყვა. კომპანია ცხოვრებოვას აშშ-ში გამგზავრებასა და ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაში დაეხმარა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი  Associated Press-ს გადასცა. ამ ჩანაწერებში ცხოვრებოვა ცხინვალის “კაგებეს” წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

“სეილორ კომპანის” დახმარებით,  Aსსოციატედ Pრესს-მა ლირა ცხოვრებოვა ინტერვიუზე ვაშინგტონში დაპატიჟა და ჩართული კამერების წინ გაშიფრული სატელეფონო ჩანაწერები წარუდგინა. მას შემდეგ, რაც ცხოვრებოვამ ვერ შეძლო დამაჯერებელი გამართლების წარმოდგენა, “სეილორ კომპანის” ხელმძღვანელმა ვიდეოკამერების გამორთვა მოითხოვა.

“მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ყველამ ყველაფერი გაიგო,” – მითხრა Associated Press-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მეტ სიგალმა. მისმა სტატიამ და სკანდალურმა ვიდეო კადრებმა მსოფლიო მედია შემოიარა.

ამის შემდეგ “სეილორ კომპანის” წარმომადგენლები პრეს-რელიზების დაგზავნითა და ჟურნალისტების კითხვების ცხინვალსა და სოხუმში “შემოწმებული ადამიანებისაკენ” გადამისამართებით შემოიფარგლებოდნენ.

“სეილორ კომპანი” 2007 წელს “ლოს-ანჯელეს ტაიმსის” ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა მარკ სეილორმა დააფუძნა. მთავარი ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, მაგრამ კომპანიას წარმომადგენლობა ვაშინგტონშიც აქვს. “სეილორის” კლიენტებს შორის იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეთიოპიის მთავრობები.

უკანასკნელი ორ წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანია ძირითად შემოსავალს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მუშაობიდან იღებდა. წელიწადში ორი დე-ფაქტო მთავრობისგან კომპანია 720 000 აშშ დოლარს იღებდა. შედარებისთვის – აქართველოს მთავრობამ სამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას გასულ წელს სულ რაღაც 30%-ით მეტი – დაახლოებით, ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა.

“ამ კომპანიის დაქირავების რჩევა მოსკოვიდან წამოვიდა. მაშინ აქ (ომის შემდგომ თვეებში) ამაზე არავინ ფიქრობდა”, – მიყვება ცხინვალის ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელი. “ყველას კარგად გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი ყალბია”.

რუსული დაფინანსება “სეილორ კომპანის” საჯარო დოკუმენტებში არ ფიგურირებს. მთელი ფული ოფიციალურად სოხუმსა და ცხინვალიდან მოდიოდა. მაგრამ ცოტას თუ სჯერა, რომ ამ დე-ფაქტო რესპუბლიკებს მსგავსი თანხების გაღება დამოუკიდებლად შეეძლო. “ფული მოსკოვიდან მოდიოდა და შემდეგ ხდებოდა მათი გადარიცხვა აშშ-ში ერთი ანგარიშიდან მეორეზე”, – ვარაუდობს ცხინვალელი ჟურნალისტი. 

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის

ფონდის შეხედულებებს.