სერგო ფარაჯანოვი სომხების სიამაყეა. იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური კინორეჟისორია, რის გამოც კოლეგები მას ისევე განადიდებენ, როგორც ფრანგები ჟან-ლუკ გოდარს. თუმცა იმ ფაქტზე, რომ 1990 წელს გარდაცვლილ ფარაჯანოვს საბჭოთა კავშირის დროს ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით გადასახლებაში ხუთი წლის გატარება მოუწია, როგორც წესი არავინ არაფერს ამბობს. ნებისმიერს, ვინც ამაზე გაამახვილებს ყურადღებას, მაშინვე დაადანაშაულებენ რეჟისორისთვის შეურაცხყოფის მიყენების სურვილში.
სექსუალური ორიენტაცია საბჭოთა დროების მსგავსად დღევანდელი სომხეთის საზოგადოებაშიც ტაბუდადებულ თემას წარმოადგენს. ვინც არ ჯდება ტრადიციული წარმოდგენების ფარგლებში, მართალია, გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება, თუმცა უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადოების მხრიდან გმობის და ძალადობის ობიექტად იქცევა.
სწორედ ეს განიცადა საკუთარ თავზე მომღერალმა არმინა ოგანეზოვამ. სასცენო ფსევდონიმით „ცომაკ“ ცნობილი ხელოვანი გასულ ზაფხულს იძულებული გახდა გაქცეულიყო სომხეთიდან, რადგან მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მომღერალმა საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ ღიად განაცხადა. ქალაქის ცენტრში მდებარე მისი პაბი "Do it yourself" (DIY) ერევნის ალტერნატიული სცენის მცირერიცხოვან წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილი იყო.
2012 წლის 8 მაისს, გამთენიისას, სამმა ახალგაზრდამ პაბში მოლოტოვის კოქტეილები შეყარა. არავინ დაშავდა მხოლოდ იმის გამო, რომ ბარი დახურული იყო. სამი ეჭვმიტანილიდან ორი რამდენიმე საათში დააკავეს. ახალგაზრდებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი ნეონაცისტები იყვნენ.
ღია მხარდაჭერა პოლიტიკოსების მხრიდან
ყველაფრის მიუხედავად ეჭვმიტანილებმა მხარდაჭერა პოლიტიკოსებისგან მიიღეს. პარლამენტის წევრებმა არცვიკ მინასიანმა და ჰრაირ კარაპეტიანმა ამ ორი პირის გასათავისუფლებლად გირაო გადაიხადეს. უფრო მეტიც: მემარცხენე ნაციონალისტური პარტია სომხეთის რევოლუციური ფედერაციის/დაშნაკცუტუნის ამ ორმა წევრმა საჯაროდ დააფიქსირეს ჩადენილი დანაშაულის მხარდაჭერა. მინასიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალგაზრდებმა სათანადო ფორმით და ჩვენი საზოგადოებრივი ღირებულებების და ეროვნული იდეოლოგიის შესაბამისად“ იმოქმედეს (იხ. სტატია "Gay Rights under Attack in Armenia"). თუმცა მატერიალური ზარალის მიყენება, მათივე თქმით, არ იყო სწორი. „თუმცა, - აღნიშნა მინასიანმა, - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცომაკი და მისნაირები ჩვენს საზოგადოებაზე დესტრუქციულ გავლენას ახდენენ“. პარლამენტის ვიცესპიკერმა, მმართველი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ედუარდ შარმაზანოვმა საკუთარ გამონათქვამებში ასევე დაუჭირა მხარი კლუბზე თავდასხმას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არტაკ კირაკოსიანმა გააფრთხილა პარლამენტარები, რომ დამნაშავეთა პოლიტიკური მხარდაჭერა შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. „მათ თვითონაც არ ესმით, თუ ამგვარი ქმედებით რა ძალებს აღვიძებენ. ამ ძალების შეჩერებას ისინი ვერ შეძლებენ.“
Transparency International და მრავალმა სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაგმო პოლიტიკოსთა რეაქცია, უწოდა რა მას „განსაკუთრებით შოკისმომგვრელი“ და სომხეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევად განიხილა (იხ. სტატია "NGO statement against fascism and intimidation"). პროტესტი გამოთქვეს ასევე ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ქალთა რესურსცენტრმა და LGBT-NGO PINK Armenia-მ. რამდენიმე საელჩომ ერევანში შეშფოთება გამოხატა.
ცომაკს და მისი ბარის სტუმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ასევე ეკონომიკურ-ლიბერალური მემკვიდრეობის პარტიის წევრებმაც. სხვა მხრივ მთავრობამ თავშეკავება ამჯობინა. ზოგიერთი აქტივისტის ვარაუდით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთავრობა, ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, თვალს დახუჭავს ნეონაცისტური ჯგუფების ლოზუნგებზე, რომლებიც უმცირესობების წინააღმდეგაა მიმართული.
აქტივისტები ვარაუდობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება მოქმედი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის არსებულ საფრთხედ აღიქმება. გასული თვეების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეძლეს სომხეთის პირობებისთვის მეტად შთამბეჭდავი წარმატებების მიღწევა: ასე, მაგალითად, ერევანში ერთ-ერთ პარკში ხელი შეეშალა სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ამას გარდა აქტივისტებმა შეძლეს ერთ-ერთი შორეული სოფლის მოსახლეობის მობილიზაცია და კონცერნთან დაპირისპირება, რომელიც სოფლის უშუალო სიახლოვეში ნედლეულის მოპოვებას აპირებდა. ამას მოჰყვა ის, რომ ერთ-ერთ დეპუტატს, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, მანდატზე უარის თქმა მოუხდა, რადგანაც მისი დაცვის წევრებმა ჩხუბის დროს ცემით მოკლეს სამხედრო ექიმი. ამდენად არსებობს შიში, რომ მთავრობამ შესაძლოა ნეონაცისტურ დაჯგუფებებს მოქმედების გარკვეული თავისუფლება მისცეს და ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ გამოიყენოს.
დაუსჯელობის გარემოში კლუბ DIY-ს 2012 წლის 15 მაისს განმეორებით დაესხნენ თავს. ახალგაზრდა მამაკაცებმა შენობის კედლები სვასტიკებით და სხვადასხვა ტექსტებით შეამკეს. ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის მიცემულ ინტერვიუში ცომაკმა აღნიშნა: „მუდმივად მემუქრებიან. მეუბნებიან, რომ დამწვავენ, მომკლავენ და ასე შემდეგ“. მომღერლის თქმით, მას თავს ესხმიან ლიბერალური შეხედულებების, თურქეთში როკ-კონცერტის გამართვის და იქ ჩატარებულ გეი-პარადში მონაწილეობის გამო. ცომაკი იძულებული გახდა, დაეხურა პაბი. ახლა ის შვედეთში ცხოვრობს.
უმცირესობათა უფლებების მხარდაჭერა მხოლოდ პოლიციური დაცვის პირობებში
ამგვარი დაძაბული განწყობის ფონზე PINK Armenia და ქალთა რესურსცენტრისთვის გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა 21 მაისს ერევანში „მრავალფეროვნების მარშის“ ჩატარება, რომელსაც ეს ორგანიზაციები ორი წლის მანძილზე გეგმავდნენ. ეს ღონისძიება დაამთხვიეს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ხსენებული ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ღირებულია მრავალფეროვნების ნებისმიერი გამოვლინება. ანალოგიური ღონისძიება დაგეგმილი იყო ერაყშიც, სადაც სომხურ დიასპორას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია მათი ერაყის კულტურულ სივრცეში ადაპტაციის შესახებ. თუმცა, როგორც PINK Armenia-ს კოორდინატორმა, მარინე მაგრანიანმა განაცხადა, საზოგადების უდიდესმა ნაწილმა „მრავალფეროვნება“ „ჰომოსექსუალობასთან“ გააიგივა.
მრავალფეროვნების მარშის გამართვა მხოლოდ პოლიციური დაცვის პირობებში მოხერხდა. მრავალრიცხოვანი დემონსტრანტები, რომლებიც მარშს დაუპირისპირდნენ (იხ. სტატია Neo-nazi attack Diversity march in Armenia capital Yerevan calling it "gay pride") ჯერ პატრიოტულ და ნაციონალისტურ სიმღერებს მღეროდნენ, მარშის დროს კი მონაწილეებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით იქვე იყო სომხური ეკლესიის წარმომადგენელი სამი მღვდელი. ერთ-ერთმა მათგანმა მასმედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სომხეთის ეკლესია ჰომოსექსუალობის წინააღმდეგია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს უჭერდა მხარს.
მრავალფეროვნების მარშის მონაწილეებმა თავი საბოლოოდ შარლ აზნაურის მოედანზე მდებარე გალერეას შეაფარეს. შენობის დატოვება მათ მხოლოდ უკანა გასასვლელიდან შეძლეს, რადგანაც პოლიციამ აღარ ისურვა მათი უსაფრთხოების გარანტირება. შედეგად გაუქმდა ყველა ღონისძიება, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების დღის ფარგლებში იგეგმებოდა.
ფილმის ჩვენება ჩაიშალა
სომხეთში სექსუალური უმცირესობების მიმართ მტრული განწყობა იქცა, მათ შორის, ევროკავშირის დელეგაციის და გერმანიის საელჩოს ინიციატივის წარუმატებლობის მიზეზად. ერევანში იგეგმებოდა კომედიის „აღლუმი“ საჯარო ჩვენება. რეჟისორ სრჯან დრაგოევიჩის მრავალი პრემიით დაჯილდოებული ფილმის სიუჟეტი ეხება ბელგრადში გეი-პარადის ორგანიზებას.
თუმცა გერმანიის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივად გაკეთებულ ანონსს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. შემოდგომისთვის დაგეგმილი ჩვენება რამდენჯერმე გადაიდო, ჩვენების ადგილიც იცვლებოდა, რადგანაც რამდენიმე სადემონსტრაციო ადგილის მეპატრონეებმა ჩვენებაზე ან უარი განაცხადეს, ან წინასწარი შეთანხმება ჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმეს, ესენია: რესტორანი „The Club“, თოჯინების თეატრი, კინოთეატრი „მოსკოვი“ და სასტუმრო „კონგრესი“. სომხეთის მთავრობამ აქტიური ჩარევისგან თავი შეიკავა. ფილმის საჯარო ჩვენება დღემდე არ შემდგარა.
უაღრესად ჩაკეტილი საზოგადოება
2012 წლის მოვლენებმა ცხადყო სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის მტრული განწყობა სექსუალური უმცირესობების მიმართ. ორგანიზაცია PINK Armenia-ს მიერ ერევანში, ვანაძორსა და გიუმრიში 2011 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ (იხ. Public Opinion toward LGBT people in Yerevan, Gyumri and Vanadzor) აჩვენა, რომ 1189 გამოკითხულიდან 72% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უნდა გაატაროს.
საკუთრივ სომხები საკუთარ საზოგადოებას უყურებენ როგორც ღრმად კონსერვატიულს და ჩაკეტილს. ათეული წლებია, რაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის მეტად უმნიშვნელო ნაწილს შეადგენენ. ვისაც სურს, სოციუმის ნაწილი იყოს, უნდა მოერგოს ტრადიციულ სომხურ ნორმებს, იქნება ეს ენა, კულტურა, გენდერული როლები, ტანსაცმელი თუ რელიგია.
სომხეთში არსებული უცხოენოვანი დიასპორის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც გასულ წლებში მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დასახლდნენ, იზოლაციასა და დისკრიმინაციაზე ლაპარაკობენ. ამ ადამიანების თქმით, მათ მუდმივად სდებენ ბრალს იმაში, თითქოს ისინი არ იყვნენ ჭეშმარიტი სომხები და ამიტომ არ ჰქონდეთ ამ ქვეყნის და მისი მოქალაქეების გაგების უნარი. ირანელი სტუდენტი იმასაც კი ამბობდა, რომ თეირანშიც კი მისი მოდური ტანსაცმლის და გრძელი თმების მიმართ მეტ ტოლერანტობას იჩენდნენ ვიდრე ერევანში. სომხეთში მას მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ, ცისფერს ეძახიან იმის მიუხედავად, რომ, ახალგაზრდას თქმით, მას სომეხი მეგობარი გოგონა ჰყავს.
ერი, რომელიც თავს პერმანენტული ომის მდგომარეობაში გრძნობს
აღსანიშნავია ისიც, რომ კონსერვატივიზმი მხოლოდ საბჭოურ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც სომხეთის საზოგადოება ჯერ კიდევ ცხოვრობს მუდმივი განცდით, რომ მათ ენას, რელიგიას, კულტურას და ეთნოსს იგივე საფრთხე ემუქრება, რაც ქვეყანაში რამდენიმესაუკუნოვანი უცხოური ბატონობის დროს არსებობდა. ამას ემატება 1915 წელს თურქების მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის და დევნის ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც დავიწყებას შეგნებულად არ ეძლევა.
„კონსერვატიული დამოკიდებულება ქალების მიმართ ოდესღაც გამართლებული იყო, რადგანაც სხვა ხალხები სომხებს საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანთა გატაცებით, გაუპატიურებითა და მუსულმანებზე იძულებითი ქორწინებით. თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენი საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, ეს ტრადიციული მოთხოვნები ქალების მიმართ მაინც შენარჩუნებულია“, აცხადებს მარინე მარგარიანი, PINK Armenia-ს პროექტის კოორდინატორი.
გარედან მომდინარე საფრთხის აღქმაში არსებით როლს თამაშობს აგერ უკვე 20 წლის განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტი აღმოსავლელ მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება, ისევე, როგორც ჯერ კიდევ მძიმე ურთიერთობა დასავლელ მეზობელ თურქეთთან. ამ საგარეო პოლიტიკურ პრობლემებს სახელმწიფო ხელისუფლება იყენებს, მათ შორის, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ძალებზე შიდაპოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად.
პერმანენტული ომის მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც და მტრისგან მომდინარე საფრთხის წინაშე ერის კონსოლიდაცია გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ტოლერანტობისთვის ცოტა სივრცე რჩება. ამგვარად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხაზგასმა იწვევს იმას, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცები სომხეთის სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქმებიან, რადგან ისინი ხშირად უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. „რეალურად საკმაოდ ბევრი ჰომოსექსუალი მიდის ჯარში და სამსახურისთვის ჯილდოებსაც იღებს ისე, რომ საკუთარ ორიენტაციას არავის უმჟღავნებს. თუმცა რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ბევრი ჰომოსექსუალი სამხედრო სამსახურს თავს მხოლოდ იმის გამო არიდებს, რომ ჯარში მათი უსაფრთხოება არ არის დაცული“, ამბობს მარგარიანი.
ამას ემატება ისიც, რომ ლგბტ-ს, ყველაფერთან ერთად, სომხეთის დემოგრაფიული პრობლემების გამწვავებაშიც ადანშაულებენ. „მათ, პრაქტიკულად, ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას“, ამბობს მარგარიანი. „სინამდვილეში კი მიზანი ერთია: ყურადღების გადატანა ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემებიდან, როგორებიცაა ადამიანთა მძიმე სოციალური მდგომარეობა, კორუფცია და ოლიგარქია“, ამატებს მარგარიანი.
მართალია 2003 წლიდან ჰომოსექსუალური ქმედებები სამართლებრივად აღარ ისჯება, თუმცა კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს რაიმე სახის სასჯელს ზიზღის, კაცთმოძულეობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ან უმცირესობათა დისკრიმინაციისთვის. თუნდაც იმ თავდამსხმელების წინააღმდეგ, რომლებიც DIY კლუბს დაესხნენ თავს, საქმე აღიძრა მატერიალური ზიანის მიყენებისთვის და არა იმ აშკარა მოტივისათვის, რომელიც ჩადენილ დანაშაულს ედო საფუძვლად.
სხვა უფლებადამცველთა მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერა
იმ აქტივისტების მდგომარეობას, რომლებიც სექსუალური უმცირესობების და ქალების უფლებების დასაცავად გამოდიან, კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ სომხეთში არსებული სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციებიც კი მათ თითქმის საერთოდ არ უჭერენ მხარს. ასე ორივე ორგანიზაცია - PINK Armenia და ქალთა რესურსცენტრი ფაქტობრივად მარტონი აღმოჩნდნენ, როგორც DIY კლუბზე თავდასხმების გაპროტესტების, ისე მრავალფეროვნების მარშის ორგანიზების დროს. „მეტსაც გეტყვით, ზოგიერთი უფლებადამცველი აქტივისტი თვითონაა ჰომოფობი. ისინი ამის აფიშირებას არ ახდენენ, თუმცა ეს მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ხუმრობებს ისმენ“, აღნიშნავს ლარა აჰარონიანი, ერევნის ქალთა რესურსცენტრის დირექტორი.
აჰარონიანი იმაზეც მიუთითებს, რომ სომხურ დიასპორაში ძალზე გავლენიანი ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ტრადიციებს და კონსერვატიულ ღირებულებებს სომხეთის მაცხოვრებლებზე უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. ასე, მაგალითად, ლიბანში, სადაც აჰარონიანი იზრდებოდა, სომხური თემი განსაკუთრებულად ცდილობს საკუთარი კულტურის და ღირებულებების შენარჩუნებას. თუმცა აშშ-შიც არსებობენ თემები, რომლებიც წინაპართა სამშობლოზე მოძველებულ და არარეალურ წარმოდგენებს ინარჩუნებენ, ამბობს აჰარონიანი. ამ ჯგუფების პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მიზანია 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარება. თუმცა როგორც კი ლაპარაკი სომხეთის აქტუალურ პრობლემებს ეხება, ამას ხსენებული ჯგუფები მათი სამშობლოს რეპუტაციის შელახვად აფასებენ.
ულტრაკონსერვატიული ძალები დიასპორაში
აშშ-ში სომხური დიასპორის მხრიდან სექსუალური უმცირესობების მიმართ არატოლერანტობაზე ლოს-ანჯელესში მომხდარი ინციდენტიც მიუთითებს. იქ ოქტომბრის დასაწყისში სომხეთის რევოლუციური ფედერაციის ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარდა მე-21 საუკუნის სომხეთის მომავლისადმი მიძღვნილი კონგრესი, სადაც მოხსენებით ლგბტ-უფლებების შესახებ სომხეთში PINK Armenia-ს დირექტორი მამიკონ ოვსეფიანი უნდა გამოსულიყო. მანამდე იგივე მოხსენება ოვსეფიანმა ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოშიც წაიკითხა. თუმცა კონგრესის ორგანიზატორებმა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. მიზეზად დასახელდა მისი და მსმენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოდიუმის სხვა სტუმრებმა პროტესტის ნიშნად მოხსენებით გამოსვლაზე უარი განაცხადეს.
არასაკმარისი მხარდაჭერის და როგორც სომხეთში, ისე ქვეყნისგან მოშორებით არსებულ სომხურ დიასპორებში ლგბტ-ს უფლებების უგულებელყოფის მიუხედავად აჰარონიანის ან PINK Armenia-ს თანამშრომლების მსგავსი აქტივისტები საკუთარ მიზნებს არ ღალატობენ. აჰარონიანი პოზიტიურ ასპექტად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ყველაფრის მიუხედავად ლგბტ-უფლებების დასაცავად საკმაოდ ბევრი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის აქტივისტი გამოდის. ეს უმეტესწილად დაბნეულობას იწვევს, თუმცა დროდადრო ხერხდება ცალკეულ მოწინააღმდეგეებში სწორი მიდგომის გამოღვიძება, ამბობს მარგარიანი.
PINK Armenia გასული ორი წლის განმავლობაში მედიასაშუალებების მონიტორინგის საფუძველზე აცხადებს, რომ ლგბტ-პიროვნებებს უკვე, როგორც წესი, აღარ მოიხსენიებენ სალანძღავი სიტყვებით, არამედ სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინს, როგორიცაა „ჰომოსექსუალი“. ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჟურნალისტებისთვის ჩატარებულმა კურსებმა, რომლებიც ამ თემატიკასა და მისთვის რელევანტურ ცნებებში გათვითცნობიერებას ემსახურებოდა.
ამ ეტაპზე აქტივისტები ყურადღების მიმართვას პირველ რიგში აპირებენ იმ ღონისძიებებისკენ, რომლებიც სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტივისტების უმცირესობათა უფლებებში გათვითცნობიერებას შეუწყობს ხელს. PINK Armenia ცდილობს კლუბ DIY-ზე თავდასხმის ხელმეორე გამოძიების ინიცირებას და ასევე მუშაობს პოლიტიკოსებისთვის გასაგზავნ პეტიციაზე უმცირესობათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონის მისაღებად. მრავალფეროვნების ახალი მარშის ჩატარება ჯერჯერობით არ იგეგმება.