ორი კვირის წინ აფხაზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას განათლების, შინაგან საქმეთა და სოციალური განვითარების მინისტრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ თანამდებობებზე მოვალეობის შესრულებას, შესაბამისი რიგითობით, დაურ ნაჭყებია, ოთარ ხეცია და ოლგა კოლტუკოვა შეუდგნენ.
ახალი მთავრობა, თუ ჭადრაკის ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ცაიტნოტის რეჟიმში ფორმირდება. თუ ახალი მინისტრების დანიშვნის ტემპებს გადავხედავთ, კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.
მინისტრებს ერთდროულად არ ნიშნავენ. ახლად დანიშნული მინისტრების შესახებ ბრძანებულებებს დოზირებულად გამოსცემენ. როგორც იტყვიან: დღეში ერთი ჩაის კოვზი.
პროცესი ისეთი წვალებით მიიწევს წინ, თითქოს მრავალი, ერთმანეთის მსგავსი ფრაგმენტიდან თავსატეხს აწყობენ, რომელმაც საბოლოო სურათი უნდა შექმნას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საბოლოო სურათი, რომელიც ამ თავსატეხისგან უნდა შეიქმნას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ოსტატი ბრმად, გუმანით მოქმედებს.
მოსწონს ეს ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუ არა, თითოეული ფრაგმენტი საზოგადოებრივი შეფასების აუცილებელ პროცედურას გადის. ერთ შემთხვევაში, როგორც, მაგალითად, ვიცე-პრემიერის პოსტზე და პარალელურად ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმირ დელბას დანიშვნისას მოხდა, საზოგადოებამ დადებითი შეფასება გასცა: „შეეფერება.“ სხვა შემთხვევაში კი, როგორც პირველ ვიცე-პრემიერად ინდირა ვადანიას, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ბესლან კუბრავას დანიშვნისას მოხდა, ამას აღშფოთებული რეაქცია მოჰყვა: „აცდა“. იმ პირობებში, როდესაც ტელემედია თავისუფალი არ არის, ცნობილი „ბრეხალოვკა“ - ყავის დასალევი და საჭორაო ადგილი სოხუმის სანაპიროზე და აფხაზური საიტების ფორუმები, საზოგადოებრივი აზრის ერთადერთ ინდიკატორებს წარმოადგენენ. აქ თითოეულ დანიშვნასთან დაკავშირებულ წვრილმან დეტალებსაც კი უმალ შეიტყობთ.
ხანდახან პრეზიდენტი კარნახის გარეშე, თავადაც ხვდება ხოლმე, რომ თავსატეხის ცალკეული ფრაგმენტი არ ჯდება საბოლოო სურათში და ამის შესახებ წინასწარ აცხადებს კიდეც.სოციალური განვითარების მინისტრი ოლგა კოლტუკოვა, რომელსაც გარკვევით მიახვედრეს, რომ ახალ მთავრობაში მისი ადგილი არ იყო, პრაქტიკულად, გამოემშვიდობა კოლექტივს. თუმცა სხვა კანდიდატის წარუმატებელი ძიების შემდეგ, პრეზიდენტი ანქვაბი შეუფერებელ „ფრაგმენტს“ დაუბრუნდა და, შესაძლოა უხალისოდ, მაგრამ ახალ „სურათში“ დააბრუნა. ახლა ოლგა კოლტუკოვა ისევ საპენსიო საქმეთა მინისტრია.
ახალდანიშნულებს შორის მხოლოდ განათლების მინისტრი დაურ ნაჭყებია (ის განათლებით ფიზიკოსი, მოწოდებით კი ლირიკოსია) შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ახალწვეულად.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაჭყებია საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „აიტაირას“ ფარგლებში ალექსანდრე ანქვაბის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანაგუნდელი იყო, მაშინ პრეზიდენტმა ამ შემთხვევაშიც არ უღალატა თავს. ის უპირატესობას ისეთ ადამიანებთან მუშაობას ანიჭებს, რომელთაც ძალიან კარგად იცნობს.
ენდობა ის მათ თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ენდობა, ალექსანდრე ანქვაბს თავიდანვე შეზღუდული ჰქონდა. ხელისუფლებაში ანქვაბის „განსაკუთრებული ნდობის წრიდან“ პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას, მისი პირველი მოადგილის ინდირა ვარდანიას და კიდევ რამდენიმე ფიგურის გამოყოფა თუ შეიძლება.
ყველა სხვა დანარჩენის მიმართ არსებული უნდობლობის კომპენსირებას, სავარაუდოდ, მათი საქმიანობის მჭიდრო კონტროლით მოახდენენ. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბევრმა მინისტრის შეთავაზებულ პორტფელზე უარი განაცხადა. თანამდებობაზე უარის თქმა აფხაზეთისთვის, პრაქტიკულად, ნონსენსია. ყველა თავდაჯერებული პროფესიონალი როდი იმუშავებდა ისეთ პირობებში, როცა წინასწარ ცნობილია, რომ ყველანაირი შემოქმედებითი საწყისები მაღლიდან წამოსული დირექტივებით ჩაიხშობა.
მთავრობის ფორმირების გაწელილი პროცესი კიდევ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - ეს თავიდანვე „ალექსანდრე ანქვაბის გუნდის“, როგორც ასეთის, არარსებობაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, ის ნამდვილად არ ეშმაკობდა, როდესაც წინასაარჩევნო რბოლისას ამომრჩევლების წინაშე თითქმის მარტო ჩნდებოდა და ელექტორატს თავისი მომავალი გუნდის კონტურებსაც კი არ უმხელდა.
უკვე ნათელია, რომ „სამუშაო“ მონახაზიც კი არ არსებობდა. ეს მონახაზები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა იქმნება. მხოლოდ ერთი კითხვაღა რჩება, რომელსაც საეჭვოა თავად პრეზიდენტის გარდა ვინმემ გასცეს პასუხი: მთავრობის ფორმირება კონკრეტული სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, თუ პრეზიდენტი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს?
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.