აფხაზეთის მთავრობის უდარდელი ხანა ფინიშს უახლოვდება. 2012 ბოლო წელი იქნება, რომელზეც მოსკოვის მიერ დაფინანსებული „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმა“ გავრცელდება. 11 მილიარდიანმა ოქროს წვიმამ ფრიად გაანებივრა ადგილობრივი ელიტა.
აფხაზური ელიტისთვის ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა რიგითი გამყიდველიდან ახალ მდიდრამდე, რომელიც დიდძალ უძრავ ქონებას, ლიმუზინებს და ნაღდი ფულით სავსე სკივრებს ფლობს (ასეთებს, როგორც წესი, ბანკების ნაკლებად სჯერათ). გამდიდრების ასეთი სწრაფი ტემპების ბილ გეითსაც კი შეშურდებოდა. თუმცა ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ტემპების, რადგან აქ საქმე ბიზნესთან, თავისი ტრადიციული გაგებით, არ გვაქვს და ბიზნესი არც არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული.
მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ეს პროგრამა „სოციალურ-ეკონომიკურად“ იწოდებოდა, რეალობაში ის წმინდა წყლის „სოციალური“ დახმარება იყო. ანუ ფინანსები გზების, წყლის არხების, სკოლების, საავადმყოფოების და კულტურის ობიექტების რემონტზე იხარჯებოდა. „ეკონომიკის“ მუხლით კი ბევრი არაფერი განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით პატარა ტყვარჩელში (სადაც მოსახლეობა 4 ათას შეადგენს) პურის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის მსგავს წამგებიან პროექტებს. მოსკოვს, შესაძლოა, მართლაც სურდა „უკეთ გამოსვლოდა“, თუმცა ვიქტორ სტეპანოვიჩ ჩერნომირდინის ლეგენდარული ფრაზის არ იყოს, „გამოუვიდა, როგორც ყოველთვის“. შედეგად, კომპლექსური გეგმა „ანკესის“ ნაცვლად, „თევზი“ აღმოჩნდა.
ერთხელ ნოყიერად გამოკვებასა და პურის ფულის შოვნაში დახმარებას შორის დიდი განსხვავებაა. როცა მნიშვნელობა არა აქვს, კარგად მუშა- ობენ თუ ცუდად, როცა საუზმე, სადილი და ვახშამი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია, ადრე თუ გვიან ყველაზე კეთილსინდისიერი თანამშრომელიც კი ხელებს ჩამოუშვებს.
რა საჭიროა რაიმე ძალისხმევის გაღება, როდესაც „თევზი“ გარანტირებულია? ამიტომაც „თევზზე“ ჩამოკიდებული აფხაზური ეკონომიკა დროთა განმავლობაში არასამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ამ ეკონომიკის საყრდენი კონსტრუქციები - კურორტები და სოფლის მეურნეობა, თვალსა და ხელს შუა დაუძლურდა.
ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, აფხაზეთს საუკეთესო საკურორტო სეზონი 2007 წელს ჰქონდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე ვიყავით. მას შემდეგ მაჩვენებლები შეუჩერებლივ ეცემა.
ტურიზმთან დაკავშირებით გან- საკუთრებული ილუზიები არც თავად ხელისუფლებას გააჩნია. როგორც პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ამასწინათ თავის პრესკონფერენცია- ზე განაცხადა, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვლება, 2020 წლისთვის ქვეყანას არც ერთი ტურისტი აღარ ეყოლება. თუმცა თუ კურორტებს ჯერ მეტნაკლებად უდგათ სული, სოფლის მეურნეობამ, როგორც ეკონომიკის დარგმა, პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. უკვე რამდენიმე წელია, ბაზარში ადგილობრივ პომიდორს ვეღარ იყიდით. შორს არ არის ამ მდგომარეობისგან ყველაზე ცნობილი აფხაზური ბრენდი - მანდარინი.
ადრე აფხაზური მანდარინი მთელ საბჭოთა კავშირს ყოფნიდა, ახლა კი მალე დადგება ის დრო, როდესაც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც კი პრობლემად იქცევა.
ჩვენ ნამდვილად გადავეჩვიეთ მუშაობას. სასწრაფო წესით უნდა გადავეწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2012 წლის შემდეგ ყველაფრის გარეშე დავრჩებით. „ოქროს წვიმა“ რომც გაგრძელდეს, ნაკლებად სავარაუდოა, სხვა წესებით იწვიმოს. მოსალოდნელი ცვლილებების საგანგაშო სიგნალების დანახვა ქვეყანას უკვე წელს შეეძლო: სახელმწიფო აგარაკები, სანატორიუმი „МВО-Сухум“, ახალი ათონის მონასტერი... ეს იმის ჩამონათვალია, რაც შეიძლება დავკარგოთ. ჩვენ მუქთა პურს ვებღაუჭებით, ამასობაში კი ჩვენი ნაციონალური ფასეულობების სია, რომლებიც შეიძლება დავკარგოთ, კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ცნობილია, უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.