ზღვასთან ახლოს, დასაქმების იმედით

Image removed.

ახალი დასახლება მალთაყვაში

შეხვედრა ფოთის მალთაყვის ახალ უბანში ჩასახლებულ დევნილებთან

მედეა იმერლიშვილი

მართალია ცოტა, მაგრამ ფოთში გადასვლის მოსურნე რამდენიმე ადამიანი მაინც ვნახეთ წყალტუბოში ამ გაზაფხულზე, სანატორიუმ "შახტიორში" გამართულ დისკუსიაზე. მახსოვს, ამბობდნენ, რომ წყალტუბოში სამსახური ძნელი საშოვნელი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ იქაურ გარემოს შეჩვეულები იყვნენ,  ფოთში გადასვლას იმედის თვალით უყურებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ფოთის მალთაყვის უბანში დევნილების ჩასახლების პროცესი დაიწყო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანიც აცხადებდა, რომ "ფოთში ამ ადამიანების დასაქმება უფრო პერსპექტიული იქნებოდა ვიდრე წყალტუბოში, რადგან ფოთს უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, როგორც საპორტო ქალაქს და აქ ისინი უფრო სწრაფად დასაქმდებოდნენ."

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ამჯერად სწორედ ფოთის მალთაყვის ახალ უბანში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა და მათთვის დისკუსიის გამართვა გადაწყვიტა. დისკუსია სახელწოდებით "განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები ფოთში" 19 ნოემბერს ფოთის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი", წარმომადგენელი იაგო ფასანძე. დისკუსიას მოდერაციას ეკა ფირცხალავა უწევდა. დისკუსიას ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებიც.

მალთაყვის ახალ რაიონში საცხოვრებელი უბანი 76 000 კვადრატულ მეტრზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულება 28,6 მილიონ ლარს შეადგენდა, 1 168-ბინიანი 32 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. აქ წყალტუბოში, ქუთაისში, თბილისსა და ფოთში სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც ჩაასახლეს, სულ 1 144 ოჯახი. მივუახლოვდით თუ არა ფოთს, მაშინვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება მალთაყვის უბნის ახალმა დასახლებამ. მოგვიანებით, თბილისში გამომგზავრებამდე, საშუალება მოგვეცა, უფრო კარგად დაგვეთვალიერებინა ახალი კორპუსები, მისი შემოგარენი და საცხოვრებელი ბინებიც.

დისკუსიისთვის გამოყოფილი ვრცელი დარბაზი სწრაფად ივსება. იაგო ფასანძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც ზამთრის წინ ფოთში ჩასახლებული დევნილები აღმოჩნდნენ. ნონა ქურდოვანიძე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას დევნილთა მიმართ ხელისუფლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს აცნობს. ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს საქმინობაზეც საუბრობს, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენელთა გარდა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან და კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის შესრულებას და დევნილთა განსახლების პროცესს. ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია ცდილობს აუხსნას მონაწილეებს მათი უფლებები და ისიც, თუ როგორ დაიცვან ისინი.

რას ამბობენ თავად მალთაყვის ახალ უბანში ჩასახლებული დევნილები:
მამუკა მოსიავა - კომუნალური გადასახადების გარდა, ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს.  აქ ჩვენი ნებით წამოვედით, არავის დაუტანებია ძალა. ფოთში ჩამოსვლის სურვილი იმიტომაც მქონდა, რომ ზღვასთან ვარ დაბადებული და ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი.

მაგრამ ჩამოსულებს საცხოვრებელი პირობები არ დაგვხვედრია. არც ცხელი წყალი გვაქვს, არც გაზი, როდის გვექნება, არც ის ვიცით. პრეზიდენტი ბრძანდებოდა ჩვენთან, მაგრამ ბინა, რომელიც აჩვენეს, წინასწარ მოამზადეს. არც პრეზიდენტთან გასაუბრების საშუალება მოგვცემია. ბავშვები კოსმონავტებივით გვყავს შეფუთნულები, სხვანაირად ვერ გაგვითბია. დაგვპირდნენ, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც დასაქმდებოდა, მაგრამ არავინ დაუსაქმებიათ. ადგილობრივი მაცხოვრებლები არ არიან დასაქმებულები და ჩვენ როგორ დაგვასაქმებდნენ.

თამაზ ლიპარტელიანი - ვიდრე გაზს შემოგვიყვანდნენ, იქნებ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მაინც დაგვიბრუნონ შეღავათი, სულზე 100 კილოვატი რომ გვქონდა.

ამჟამად ელექტროენერგიის გადასახადს სხვა მოქალაქეების მსგავსად ვიხდით. თუ დევნილის სტატუსი ჩამოგვერთვა, მაშინ აგვიხსნას ვინმემ. აღგვიდგინონ ჩვენი შეღავათები და ის თანხა, რომელიც აქ ჩასახლების შემდეგ გადავიხადეთ, უკან დაგვიბრუნონ. 

გიგა მარკელია - ეკონომიკური განვითარების მხრივ საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგშია. მარტო უცხოეთში არა, საქართველოშიც არიან ისეთები, ვინც ასე ფიქრობს. მაგრამ ნუთუ ასეთ განვითარებულ სახელმწიფოს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე დევნილი ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციას მოახერხებდეს, შეღავათი გაუწიოს მას?

ემზარ კვარაცხელია - უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ პირობები არ გამიუმჯობესდა. ისიც ხომ უნდა გავიხსენოთ, მანამდე სად ვცხოვრობდით. თუმცა დეფექტები ნამდვილად არის. ამაზე გვითხრეს, განცხადებით მიგვემართა და ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს გამოასწორებდნენ. ასეთი განცხადებებიც დავწერე, მაგრამ ჩემს ოჯახში ჯერ არავინ მოსულა.

დევნილები ჩივიან დაობებული კედლების და წვიმის დროს ფანჯრებიდან წყლის შემოსვლის გამო, გვიჩვენებენ უხარისხოდ დაგებულ იატაკს და მერე სარკმლიდან დაჭაობებულ ეზოშიც გვახედებენ. როგორც ირკვევა, ისინი არც სამოქმედო გეგმას იცნობენ და არც მის პრიორიტეტებს. არც ის იციან, რა სტატუსით ცხოვრობენ ბინებში, რომელშიც შეასახლეს. საქმე ის არის, რომ მათთვის ბინის ორდერი ჯერ არ გადაუციათ და სავარაუდოდ, ჩასახლებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადასცემენ. ამიტომ ვეღარ გაურკვევიათ, კვლავ კომპაქტურად ჩასახლებულებად ითვლებიან თუ არა და კიდევ უნდა გავრცელდეს თუ არა მათზე კანონით დადგენილი შეღავათები ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადზე. მთავარ პრობლემებს შორის სახელდება სამუშაო ადგილების უქონლობა, უტრანსპორტობა, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა. ერთი ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც უკვე 17 წელია, რაც ფოთში ცხოვრობს და ამ ზაფხულს ისიც, როგორც ყველა სხვა, ვინც ფოთში არსებულ კომპაქტური ჩასახლების ცენტრში ცხოვრობდა, ახალაშენებულ კორპუსებში შეასახლეს, იმასაც ამბობს, "ჩამოსახლებული და ადგილობრივი დევნილები თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ, ყველას ჩვენი გაჭირვება გვაქვსო". კითხვებზე პასუხს ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.