ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად

49 ფოტო და 3 ესე, რომელთაც ეს გამოცემა წარმოგიდგენთ, საბჭოთა რეჟიმის ანაბეჭდია თანამედროვე საქართველოში. ეს რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ: დევნიდა საკუთარ მოქალაქეებს, უზღუდავდა მათ სიტყვის, არჩევანისა და გადაადგილების თავისუფლებას, უთვალთვალებდა და ძალადობდა მათზე.

კომუნისტურმა რეჟიმმა 20 მილიონამდე ადამიანი შეიწირა გადასახლებების, დეპორტაციების და სიკვდილით დასჯის გზით. ამ უზარმაზარმა მსხვერპლმა საბჭოთა მოქალაქეებში უდიდესი შიშის კვალი დატოვა და ადამიანებს შორის დღემდე მტკივნეული უნდობლობა გააჩინა.

საბჭოთა ტერორი უშუალოდ არის დაკავშირებული იოსებ სტალინის - დესპოტის სახელთან, რომელიც თითქმის 25 წელი მართავდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს და პასუხისმგებელი იყო ყველა მასშტაბურ ძალადობაზე. თუმცა, არც სხვა კომუნისტი ფუნქციონერები იყვნენ ბევრად ჰუმანურები და ეს საარქივო და მემუარული წყაროებით დასტურდება. სტალინი პასუხისმგებელი იყო თვალთვალისა და ტერორის იმ სისტემაზე, რომელმაც „ხმელეთის ერთი მეექვსედი“ ყველა კუთხე-კუნჭულამდე მოიცვა. ის კვოტებით განსაზღვარვდა „ხალხის მტრების“ გასანადგურებელ რაოდენობას. ამ დაგეგმილ კვოტებს მონდომებით ასრულებდნენ სტალინის ხელქვეითები ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის - საქართველოშიც. სტალინიზმი დამკვიდრდა, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომელშიც ტერორი ყველა პოლიტიკური თუ სოციალური ამოცანის გადაწყვეტის უნივერსალურ საშუალებად გამოიყენებოდა.

საბჭოთა ტერორის სისტემა გარე თუ შიდა „მტრების“ და თავად სისტემის მონაწილეთა მუდმივ წმენდას ეფუძნებოდა. ნაციონალ-სოციალისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად „უცხოებს“ - კომუნისტებს, ებრაელებს, სლავებს, ბოშებს, ჰომოსექსუალებს ანადგურებდნენ, კომუნისტები „თავისიანებსაც“ხოცავდენ. ეს ფაქტი მეხსიერებისთვის ძალიან ართულებს იმის განსაზღვრას, თუ ვინ იყო ნამდვილი ჯალათი და ვინ - მსხვერპლი. ასეთი სახის განურჩევლობა ერთ-ერთი დაბრკოლებაა საბჭოთა ტერორის მიმართ ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბების გზაზე. ეს ფაქტორი მხოლოდ აღრმავებს იმ ტრავმატულ მიზეზებს, რომლებიც ამ საზარელ გამოცდილებას ისტორიული მეხსიერების პერიფერიული კუთხეებისკენ მიერეკებიან.

თუ რატომ იქცა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი, ტირანად - ამ საკითხზე ისტორიკოსები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან. პროფესიონალი რევოლუციონერის გამოცდილება და უნდობლობა საკუთარი გარემოცვისა და ზოგადა - ადამიანების მიმართ უდავოდ განსაზღვრავდა საბჭოთა დიქტატორის ნება-სურვილს, რეგულარული პარტიული „წმენდით“ ათი ათასობით გამოეხშირა თანამებრძოლთა რიგები.

რა ანაბეჭდი დატოვა სტალინმა საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც დღემდე მსოფლიო თითქმის მხოლოდ საბჭოთა ტირანის სამშობლოდ იცნობს?

ამ კითხვის ნაწილობრივ პასუხს სტრიქონების ავტორი რამდენიმე წლის წინ გურამ წიბახაშვილის სახელოსნოში წააწყდა, როცა მორიგი პუბლიკაციისთვის ილუსტრაციების ძიებისას ფოტოგრაფის მიერ წლობით ნაგროვებ გაციფრებულ ფოტოკადრებს ათვალიერებდა. მრავალგვარი „სტალინური“ სიუჟეტიდან და რაკურსიდან ყველაზე მეტად სამი კადრი დამამახსოვრდა:

საბჭოთა ბელადების „ნაკოლკებიანი“ ახლომხედველი ძია; ვეტერანთა კავშირის კაბინეტის კედლებზე მაჟორიტარი დეპუტატის, პრეზიდენტის და გენერალისიმუსის პლაკატების ტრიო; და სამება, რომელიც ბავშვობაშიც არ მაძლევდა მოსვენებას - რატომ ჰქონდა თითქმის ყველა მეწაღეს თავის სამუშაო ჯიხურში (ანუ „საპოჟნიკის ბუდკაში“) აუცილებლად ერთად გაკრული სტალინის, ღვთისმშობლის და რომელიმე დიდმკერდიანი „ლამაზმანის“ სურათები?

ამ ქართული ეროვნული ტრიპტიხის საიდუმლო გურამ წიბახაშვილთან ერთად ამოვხსენი: ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ყველა მეწაღისთვის სტალინი შეიძლება იყოს ქართული „ამერიკული ოცნების“ განხორციელება. გორელი მეწაღის შვილმა გენერალისიმუსობას მიაღწია.

გურამ წიბახაშვილის ფოტოები მეოცე საუკუნის 80-იან წლების შუიდან მოყოლებული, კონკრეტული დროითი სივრცის ვიზუალური დოკუმენტაციაა. კრებულში შესული სამი ესეც განსაზღვრული დროის დოკუმენტური ილუსტრაციაა. სამივე წერილი 2009 წელს არის დაწერილი საბჭოთა წარსულის გააზრების სურვილით და ქართული ხალხოსნური სტალინიზმის ანალიზისთვის ერთიან ჯაჭვს ქმნის. კრებულის სახელწოდებაც - „ძეგლებით თამაში“ ამ ციკლის პირველი ავტორისაგან ვისესხეთ.

არჩილ ქიქოძის ეს ესე პატარ-პატარა ამბების ასხმულაა, რომელიც იმაზე გვიამბობს, თუ როგორ აღიქვამდნენ სტალინს მოსწრებული ადამიანები საბჭოთა დიქტატორს. მწერალი „ქართული“ სტალინიზმის არსს განიხილავს და აღწერს მოვლენას, რომელიც იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ქართველებისთვის პატრიოტიზმის საგნად იქცა და პოსტსაბჭოთა საქართველოშიც გადაეცა შემდეგ თაობებს.

ქიქოძის ესეს გია ნოდია გამოეხმაურა; ამ გამოხმაურებას მოჰყვა ბექა მინდიაშვილის სტატია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტები კრებულში შესული ფოტომასალისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, მგონია, რომ ისინი წიბახაშვილის ფოტოების კომენტარებადაც გამოდგება; შესაძლოა, პირიქითაც იყოს.

Product details
Date of Publication
2012
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ინგლისური/ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-5124-1