ეკოლოგია და მდგრადი განვითარება

ეკოლოგია და მდგრადი განვითარება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ თვალი მივადევნოთ და გავაანალიზოთ რიგი მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რომელიც რეგიონში გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების პოლიტიკას უკავშირდება.

ჩვენი კლიმატის ცვლილების პროგრამით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს ვუჭერთ ენერგოპოლიტიკას, რომელიც ამცირებს ტრადიციულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს რეგიონში განახლებადი (უმთავრესად მზის და ქარის) და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, დაბალემისიური ტექნოლოგიების შემოტანას სხვადასხვა სექტორებში (ტრანსპორტი, ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა, სამშენებლო სექტორი, სოფლის მეურნეობა და ა.შ) და მდგრადი ენერგეტიკის სარგებლის მიტანას საზოგადოებამდე. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდგრადი ენერგეტიკის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის იდენტიფიცირება, განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის საჭირო ფინანსური მექანიზმების გამოვლენა, დაბალემისიური ეკონომიკის განვითარების სექტორალური პრიორიტეტების გამოკვეთა და დაბალემისიური ეკონომიკური მოდელების დანერგვის ხელშეწყობა.

უკვე რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას ვუთმობთ მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს. კერძოდ კი, საჯარო მწვანე სივრცეების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და თანამედროვე ურბანული დაგეგმარების პრინციპების შემოტანა საზოგადოებრივ დისკურსში ფონდის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ამავდროულად, ხელს ვუწყობთ რეგიონში გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას. მომავალში ჩვენი საქმიანობა კონცენტრირებული იქნება როგორც საზოგადოების, ისე გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაღვივებასა და მდგრადი ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილების და ურბანული განვითარების საკითხების ირგვლივ კვლევის, მონიტორინგისა და ადვოკატირების განხორციელებაზე.