საქართველო და მისი ევროპული მომავალი: საით მიემართება აღმოსავლური პარტნიორობა?

Კითხვის დრო: 3 წუთი
მარილუიზე ბეკი, ალექსი პეტრიაშვილი, ეკა სირაძე-დელონე
Teaser Image Caption
მარილუიზე ბეკი, ალექსი პეტრიაშვილი, ეკა სირაძე-დელონე

“საქართველო და უკრაინა იზიარებენ არა მარტო წარსულს, არამედ მომავალ ხვედრსაც”, ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია სახელწოდებით “საქართველო და მისი ევროპული მომავალი: საით მიემართება აღმოსავლური პარტნიორობა?” მოდერატორმა თამარ გურჩიანმა. საუბარიც საქართველოს მომავალზე ევროინტეგრაციის მიმართულებით უკრაინაში მიმდინარე პროცესების ჭრილში წარიმართა.

ევროინტეგრაციის თემა, “ასოცირების ხელშეკრულება”, “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება”, ევროპული ღირებულებები, გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები, როგორც პრობლემა არა მარტო საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მიმართ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ არ თქვან უარი ევროპულ მომავალზე, მეორე მხრივ პოლიტიკა რუსეთის მიმართ, განწყობები დასავლურ საზოგადოებაში - ის თემებია, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში “ასოცირების ხელშეკრულების” ხელმოწერის  მოახლოებასთან, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად სულ  უფრო აქტუალური ხდება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავის გამოსვლაში შემდეგ საკითხებზე ისაუბრა - როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის კონტექსტში, რა რეაქციები შეიძლება იყოს ახლო მომავალში რუსეთის მხრიდან და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების მხრიდან. მისი თქმით ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ “ძალიან სწრაფად ვუახლოვდებით “ასოცირების შეთანხმების” ხელმოწერას და ნატო-ს სამიტს სექტემბერში, ძალიან ბევრი მოვლენაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე იმ დროს, როდესაც ტემპერატურა რეგიონში და არა მარტო რეგიონში ძალიან მაღალია”.

ალექსი პეტრიაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლაზეც ისაუბრა, რომელიც “ეხებოდა ევროპული პერსპექტივის გაჩენას იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ისწრაფიან ევროპაში ინტეგრაციისკენ და რომლებსაც მიზნად მტკიცედ აქვთ დასახული ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრირება” და მის შეხვედრაზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. მან აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ დასჭირდა ევროკომისრის დარწმუნება იმაში, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფრის დიდებით, არავითარ საფასურად არ გადაუხვევს მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანიდან” - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

კიევში განვითარებული მოვლენები  მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა უარი განაცხადა “ასოცირების შეთანხმების” ხელმოწერაზე, საზოგადოების გამოსვლა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, სიტყვის თავისუფლების და კანონის უზენაესობის მოთხოვნა, უარის თქმა კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტაზე, საზოგადოებრივი განწყობები ბოსნიაში, ინტერნეტკომუნიკაცია, ღია საზოგადოება, ადამიანების თვითგამორკვევის უფლება, იდეებით და ფანტაზიით სავსე მოძრაობა, მეორე მხრივ - რუსეთის პოლიტიკა და დასავლეთის პოზიცია. არიან კი ევროპული სახელმწიფოები მზად იმისთვის, რომ პასუხი მოსთხოვონ რუსეთს საერთაშორისო წესების და იმ ხელშეკრულებების უპატივცემულობისთვის, რაზეც ხელი აქვს მოწერილი? “შეიძლება თქვენ უფრო გჯერათ ევროპული ფასეულობების, ვიდრე ჩვენ ევროპაში. ჩვენ არ ვიბრძვით საკმარისად ამ ფასეულობების დასაცავად” - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მარილუიზე ბეკი აქცენტს თავის გამოსვლაში ევროპის და საერთაშორისო ინსტრუმენტების როლზე აკეთებს.

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ დგას ის საკითხი, მოაწერს თუ არა ხელს საქართველო “ასოცირების ხელშეკრულებას”. შეთანხმებას ხელი ნამდვილად მოეწერება, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყება რთული პროცესი, რადგან საქართველომ წლების განმავლობაში უნდა განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება. მან ყირიმში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა - როგორი იქნება ევროპა ყირიმის ამბების შემდეგ, კითხულობს ის და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ პოზიციას დაიჭერს ევროკავშირი და როგორი იქნება ევროპის შემდეგი ნაბიჯები, როგორია განწყობები პოლიტიკური ელიტებსა და საზოგადოებაში, რას ნიშნავს, როდესაც “ფიგაროს” გამოკითხვაში, უნდა შეუშალოს თუ არა ხელი ევროპამ უკრაინის დანაწილებას, რომელშიც 35 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამ აზრს გამოკითხულთა მხოლოდ 34% ეთანხმება. ეკა სირაძე-დელონე თავის გამოსვლაში იმ საკითხსაც შეეხო, აქტიურობენ თუ არა საკმარისად საერთაშორისო ინსტიტუტები და რა პრაგმატული და ღირებულებითი მიზეზები შეიძლება არსებობდეს, როდესაც საქმე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადებას ეხება.