კლიმატის პოლიტიკა: აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მოდერნიზაციის იმპულსი

Კითხვის დრო: 2 წუთი
კლიმატის ცვლილება
Teaser Image Caption
კლიმატის ცვლილება

პროგრამა "კლიმატის ცვლილება: აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მოდერნიზაციის იმპულსი" 2014-18 წლებში განხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის, თბილისის, ბელგრადის და სარაევოს ოფისების მიერ. აღნიშნული პროგრამით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ეხმარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს იმ გამოწვევების გადალახვაში, რომლებიც მათ ენერგეტიკული, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესების გზაზე ხვდებათ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ჯერ კიდევ ტრადიციული სცენარებით მოქმედებენ: არ არსებობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების ხედვა, კლიმატის და ენერგეტიკული კანონმდებლობა არ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კვლავ საზოგადოებრივი დისკუსიების გარეშე მიიღება. სამივე ქვეყანა დიდი სადგურების მშენებლობასა და ენერგეტიკის ტრადიციული წყაროების ათვისებაზეა ორიენტირებული. კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტული. კონკრეტულად კი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არ ხდება ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარება და ენერგიის მიღება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგიის განახლებადი წყაროებიდან (გარდა ჰიდროსადგურებისა) და კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მუშაობა .

2014 წლის 21 თებერვალს ფონდმა კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში პირველ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი მიზანიც პროგრამის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან რეკომენდაციების და შენიშვნების მიღება იყო. შეხვედრაზე გამოიკვეთა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კლიმატის ცვლილების პროგრამა იქნება ორიენტირებული.

პროგრამის მთავარი მიზანი, ამ სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის დანერგვისთვის საჭირო პრაქტიკული მექანიზმების შემუშავებაა. ადგილობრივი ენერგოსისტემების დეტალურმა ანალიზმა და ენერგეტიკულ სფეროში გერმანიაში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას და რეგიონში მდგრადი ენერგოსისტემების, განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის სარგებელზე საჯარო დებატებისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

პროგრამა ითვალისწინებს კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევებს, პუბლიკაციებს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, საპილოტე პროექტებს და განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს გერმანიაში.

  • www.boell.de/en -ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ცენტრალური ოფისი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიის, ეკონომიკური, სოციალური და საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. ასევე, ფონდის ვებ-გვერდი მუდმივად აანალიზებს მნიშვნელოვან პროცესებს გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების კუთხით.
  • www.gef.eu  – „ევროპის მწვანე ფონდი“იზიარებს ევროპის მწვანეთა მოძრაობის ძირითად ღირებულებებს და ამჟამად სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და საკვების უსაფრთხოება. ასევე, ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროპის მასშტაბით მწვანე აქტორების ქსელის შექმნაა.
  • www.energytransition.de  - მიმოიხილავს გერმანიის მთავრობის ენერგეტიკულ პოლიტიკას, დეტალურად აღწერს გერმანიის ენერგეტიკულ ტრანზიციას და აანალიზებს მის გავლენას გერმანიის ეკონომიკაზე, გარემოზე და საზოგადოებაზე.