კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ახალი ანგარიში

„დედამიწაზე არ დარჩება არცერთი ადამიანი, რომელსაც კლიმატის ცვლილება არ შეეხება“

რაჯენდა პაჩური, კლიმატის ცვლილების

მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) თავმჯდომარე

 

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მესამე სამუშაო ჯგუფი მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შერბილებისთვის საჭირო ღონისძიებებზე რეკომენდაციებს იძლევა. ათასობით სამეცნიერო პუბლიკაციის გაანალიზებამ კარგად ასახა დღევანდელი მდგომარეობა და მოუწოდა თითოეულ ადამიანს, ქვეყნების მთავრობებს და ბიზნესს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა პირველი სამუშაო ჯგუფის ანგარიშმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა, რაც უმთავრესად ადამიანების საქმიანობით არის გამოწვეული, კლიმატურ სისტემაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. შესაბამისად, სათბურის გაზების ემისიების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების გარეშე შეუძლებელია გლობალური დათბობის შეჩერება.

2014 წლის მარტში გამოქვეყნებული მეორე სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომელიც კლიმატის ცვლილების და საადაპტაციო ღონისძიებების ზემოქმედებებს ეძღვნება, კარგად ასახავს კლიმატის ცვლილების შედეგად დამდგარ პრობლემებს და პროგნოზირებს იმ საგანგაშო შედეგებს, რაც სავარაუდო რისკების უგულებელყოფას შეიძლება მოჰყვეს. მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას მეცნიერები პირველ რიგში იმ პროპლემებს გამოყოფენ, რომელიც მომავალში საკვების უსაფრთხოების და წყლის რესურსების შემცირების გამო დადგება მთელს მსოფლიოში.   სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სახეობების მოსავლიანობამ მნიშვნელოვნად იკლო, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იზრდება. ამიტომ, ანგარიში არ იძლევა ოპტიმისტურ პროგნოზს და ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მომავალი ათწლეულების მანძილზე კიდევ უფრო შემცირდება. საკვების და წყლის რესურსების შემცირებამ შესაძლოა წარმოშვას სერიოზული კონფლიქტები უბრალო ადამიანებს და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის, რომელთა მოგვარება  სწორი პოლიტიკის გარეშე უფრო და უფრო გართულდება. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს, რომელიც დღესაც, მსოფლიო მასშტაბით,  ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარს წყლის რესურსებს, მომავალში კიდევ უფრო მეტი წყალი დასჭირდება, რაც პრობლემებს შეუქმნას ურბანულ ცენტრებს ან პირიქით.

მესამე ანგარიში იძლევა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნეს შერბილებული ყველა ის რისკი თუ პრობლემა, რომელიც პირველი და მეორე სამუშაო ჯგუფების ანგარიშებშია ხაზგასმული. კონკრეტულად კი, IPCC- ის მიერ მომზადებული სცენარების მიხედვით 2050 წლამდე, 2010 წელს გაფრქვეული სათბურის გაზების ემისიების ოდენობა მინიმუმ 40% უნდა შემცირდეს, იმისთვის, რომ ტემპერატურა 2 C0-ზე მეტით არ გაიზარდოს. სათბური გაზების ამ რაოდენობით შემცირებას კი დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ ითვალისწინებენ.  

მეცნიერთა აზრით, საჭიროა ენერგეტიკის სექტორში განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წილი მინიმუმ სამჯერ გაიზარდოს, ემისიები მნიშვნელოვნად შემცირდეს ტრანსპორტის სექტორიში და ენერგიის დაზოგვისკენ მიმართული ღონისძიებები დაიგეგმოს სამშენებლო დარგში.IPCC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა რეგიონმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ავტორები იმედოვნებენ, რომ სამეცნიერო ანალიზებზე დაფუძნებული ანგარიშით, აიძულებენ მთავრობის მეთაურებს თვალი გაუსწორონ კლიმატის ცვლილებას და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის. ქვეყნებმა  უნდა იზრუნონ  სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაზე, სათბურის გაზების შემცირებასა და ეფექტური საადაპტაციო ღონისძიებების გატარებაზე.