პუბლიკაციის მიმოხილვა
2013 წელს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მწვანეთა პარტია პირველად აღმოჩნდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტში. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის გერმანიკული კვლევების ციკლის ფარგლებში პროფესორმა ანდრეი მარკოვიცმა და იოზეფ კლავარმა საგანგებო ესსე დაწერეს ამ თარიღის აღსანიშნავად. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ პუბლიკაცია გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ქართულად გადმოთარგმნა და გამოსცა.
ესსე განკუთვნილია ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვით ღირებულებებს, ევროპულ ეკოლოგიურ ცნობიერებასა და სოციალური სახელმწიფოს იდეებს მეტ-ნაკლებად არაეფექტურად და უჩვეულოდ მიიჩნევენ. შესაბამისად, პუბლიკაციაში „მწვანეთა პარტიის“ ოცდაათწლიანი საპარლამენტო მოღვაწეობის გარდა დაწვრილებით განხილულია პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პრინციპები გერმანიის პოლიტიკური სისტემის უმთავრესი მახასიათებლების კონტექსტში. ავტორები შესაძლებლობას გვაძლევენ შევიქმნათ წარმოდგენა არამხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის საერთო პოლიტიკური კულტურის შესახებ.
- მწვანეები - რიცხვები და თარიღები
გერმანიაში ეკოლოგიური თემატიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში დამკვიდრება 1970-იანი წლებიდან დაიწყო. „მწვანეების“ გააქტიურება ე.წ. „Baby boom-ის“ თაობის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ განაპირობა. 1983 წლამდე გერმანელი „მწვანეები“ ათობით ფართომაშთაბიან დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ და უძღვებოდნენ საპროტესტო კამპანიებს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისა თუ ექსპუატაციის წინააღმდეგ.
1980 წელს პოლიტიკურმა მოძრაობამ ინსტიტუციური სახე მიიღო - ქალაქ კარსრუეში დაარსდა გერმანიის მწვანეთა პარტია და პირველივე მომდევნო არჩევნებზე ბუნდესტაგის მანდატები მოიპოვა.
საკანონმდებლო საქმიანობის 30 წელი უამრავი წინააღმდეგობითა და ახალი გარემოებით ხასიათდებოდა. მწვანეებმა 80-იან წლებშივე მოახერხეს ფედერაციული მიწის მთავრობებში ადგილების მოპოვება, 1990 წელს გერმანიის კვლავგაერთიანების შემდეგ ვერ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. თუმცა, დროებითი წარუმატებლობა მათთვის პოლიტიკური დივიდენედების სრულად გაფანტვის წინაპირობა არ გამხდარა. 1998 წელს გერმანელმა ეკოლოგისტებმა ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დაკომპლექტების უფლებასაც კი მიაღწიეს. იოშკა ფიშერი ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი გახდა. ამ პერიოდიდან მწვანეთა პარტია გერმანიის პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციურ მდგენალად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშასადამე, სისტემურ ნაწილად, რომლის გარეშეც პოლიტიკური ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
მწვანეთა პარტიის ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი 2011 წელს დადგა. ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ პარტიის რეიტინგის მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკა დაეტყო. ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად პირველად ათწლეულების განმავლობაში რეგიონალურ მთავრობას სათავეში ეკოლოგისტი ვინფრიდ კრეჩმანი ჩაუდგა.
პუბლიკაციის პირველ თავში გარდა ისტორიული თარიღებისა მნიშვნელოვანი სტატისტიკური ფაქტობრივი მონაცემებია წარმოდგენილი.
- მწვანე იდენტობის ოთხი საყრდენი
აღსანიშნავია, რომ მარკოვიცისა და კლავერის შრომა პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარების გზის გარდა პარტიის ფასეულობებზეც ამახვილებს ყურადღებას.
ცხადია, მწვანეთა პარტიის ნომერ პირველ ღირებულებად ეკოლოგია და მდგრადი განვითარების პრინციპებია მიჩნეული. აქვე აღწერილია, თუ როგორ მოახერხეს გერმანელმა მწვანეებმა საკუთარი ერთი შეხედვით სენტიმენტალური პოლიტიკური დამოკიდებულებების საერთო სახელმწიფოებრივ სტანდარტებად გარდაქმნა. მწვანეთა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად თანამედროვე გერმანიაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კრიტერიუმი ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის პროგრამის აუცილებელ ატრიბუტად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, გერმანია მთელ მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად კეთილგანწყობილ სახელმწიფოდ მიიჩნევა. ქვეყანა ნელ-ნელა უარს ამბობს ატომური ენერგიის გამოყენებაზე და ეტაპობრივად გეგმავს განახლებადი ენერგიის მთავარ მომმარაგებელ წყაროდ დანერგვას.
„მწვანეებისათვის“, ისევე როგორც მთელი გერმანული საზოგადოებისთვის, ნაცისტური გამოცდილებიდან გამომდინარე უდავო, უნივერსალურ ღირებულებად არის ჩამოყალიბებული პაციფიზმისა და არაძალადობის პრინციპები. გერმანელი ეკოლოგისტები ამ ფასეულობების გოლბალური მასშტაბით გაზიარებას ცდილობენ (მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მწვანეთა ლიდერის, კლაუდია როტის გამოსვლა სტამბულის ტაჰრირის მოედანზე.)
„მწვანეთა“ კიდევ ორი საყრდენი შეგვიძლია ერთად განვიხილოთ. პარტია ჩამოყალიბებისას მხოლოდ „ახალ მემარცხენეებსა“ და ანტიატომური კამპანიის აქტივისტებს არ დაყრდნობია. მის შემადგენლობაში ფენმინისტები, ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის მონაწილენიც ირიცხებოდნენ. ეკოლოგისტებმა თავიანთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად პირველივე ეტაპებიდანვე ქალთა ემანსიპაცია მიიჩნიეს. ემანსიპაციისათვის პირველ ნაბიჯად კი კიდევ ერთი ანტიელიტისტური, ანტიპატრიარქალური პოლიტიკური ღირებულების - საბაზისო დემოკრატიის პარტიის შიგნით დანარგვა მიიჩნიეს.
გერმანელმა „მწვანეებმა“ დაადგინეს ე.წ „ელვა შესაკრავის“ შიდაპარტიული რეგულაცია, რაც გულისხმობდა: 1) ქალი და მამაკაცი კანდიდატების მონაცვლეობას საპარლამენტო სიებში (პირველ ადგილას ყოველთვის ქალი), 2) ნებისმიერი პარტიული თანამდებობის ორ ადამიანზე, ქალსა და მამაკაცზე გადანაწილების პრინციპი.
გარდა ამისა, „მწვანეთა პარტიაში“ დაინერგა როტაციისა და იმპერატიული მანდატის პრინციპი. მაშასადამე, ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩეულ პირს ორ წელიწადში პოსტი სხვა თანაპარტიელისათვის უნდა დაეთმო. ნებისმიერ პოლიტიკურ ინსტიტუტში მუშაობის დროს კი გადაწყვეტილებები პარტიული აქტივის მითითებების საფუძველზე (და არა დამოუკიდებლად) უნდა მიეღო. ამასთანავე, პარტიის წევრებს ორი თანამდებობის ერთდროულად დაკავება ეკრძალებოდათ.
ამგვარი მკაცრი რეგულაციები ერთადერთი არგუმენტით საბუთდებოდა. „მწვანეები“ უპირისპირდებოდნენ ტრადიციულ პარტიულ ელიტებსა და ისტებლიშმენტს, რომლებსაც ხშირად დაკარგული ჰქონდათ კავშირები საკუთარი ორგანიზაციის რიგით წევრებთან და ხელს უშლიდნენ მათ მობილობას ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში. „მწვანეები“ „ანტიპარტიულ პარტიას“ აშენებდნენ.
დღეს „მწვანეთა პარტიაში“ ამ წესებიდან მხოლოდ გენდერული კვოტის სისტემა მუშაობს, იგი გაზიარებულია ქვეყნის სხვა მემარცხენე პარტიების მიერ. „ანტიპარტიულ პარტიად“ ყოფნის გამოცდილება უფრო პრაგმატული ხედვებით შეიცვალა. თუმცა საბაზისო დემოკრატია კვლავ ცოცხალია, მან სხვა სახე მიიღო და კვლავ საყოველთაო თანამონაწილეობის მექანიზმზე კონცენტრირდება. მაგალითად, გერმანიაში პირველი „პრაიმერიზი“ სწორედ ეკოლოგისტებმა ჩაატარეს და 2013 წელს აირჩიეს პარტიის საარჩევნო ლიდერები. პარალელურად, მუდმივად ნარჩუნდება კონკურენცია შიდაპარტიულ ჯგუფებს, ფრაქციებს შორის.
საბაზისო დემოკრატიის ანტიელიტისტური პრინციპების გაუქმება ცალსახად მიანიშნებს „მწვანეთა პარტიის“ გარდაქმნის ტენდენციაზე. დღეს ეს პოლიტიკური ორგანიზაციაც ისტებლიშმენტის ნაწილად ჩამოყალიბდა. თუმცა, მის გარდაქმნას უკვალოდ არ ჩაუვლია. გერმანელი ეკოლოგისტების დამსახურებით დღეს მთელი ქვეყნისა და ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოკვეთილ პრიორიტეტად არის აღიარებული მდგრადი მომავლისა თუ გენდერული დემოკრატიის პრინციპები.