სამხრეთ კავკასია კულტურული და პოლიტიკური გეოგრაფიის პერსპექტივიდან მრავალხატოვან ხალიჩას წააგავს, რომელიც აქ მცხოვრები ხალხების და ბუნების განსხვავებულობას ასახავს. ასევე მრავალფეროვანია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული სტატიების კრებული “სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები”. სამხრეთ კავკასიის სადედაქალაქო მეტროპოლისები ქვეყნის ცხოვრებაში ჰიპერტროფულ როლს ასრულებენ. აქ ცხოვრობს მათი მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი, თავმოყრილია საგანმანათლებლო დაწესებულებები, კეთდება პოლიტიკა, მსხვილი ბიზნესი და რაც მთავარია, დედაქალაქის მკვიდრთა ხმა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამოქალაქო დისკურსზე. პუბლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ღერძი რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების, ქალაქის და საჯარო სივრცის განვითარების კვლევაა.
დავით ლოსაბერიძის სტატია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სპეციფიკის თავისებურ შეჯამებას წარმოადგენს. ავტორის აზრით, საქართველოსა და გარდამავალ სახელმწიფოებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი არაერთგვაროვანია, რადგან მათ უჭირთ ძალისხმევის რეალური პრობლემებისადმი მიმართვა და უფრო დონორების საჭიროებებს ერგებიან, ვიდრე - ხალხისას. შესაბამისად, დილემა - სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის გარეშე, ავტორის აზრით, მთავარ წინააღმდეგობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებში ძირითადად უგულებელყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი. ავტორის აზრით, სწორედ თვითმმართველობის გაძლიერება უნდა გახდეს არსებული კლანური მმართველობის რეალური დემოკრატიით ჩანაცვლების საფუძველი, რაც თავის მხრივ, ადგილობრივ ინტერესებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გაძლიერებას გამოიწვევს. იგი დიდი სიფრთხილით ეკიდება ქუჩის აქტივიზმის სხვადასხვა ფორმებს და მიაჩნია, რომ მათი წარმატების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.
ლადო ვარდოსანიძის სტატიას ლეიტმოტივად გასდევს თბილისის საზოგადოებრივ სივრცესა და სოციუმს შორის გაურკვეველი ურთიერთობა. ავტორი თბილისის ქალაქგანვითარების დინამიკას და საზოგადოებრივი სივრცეების ტრანსფორმაციის თავისებურებებს მიმოიხილავს და გვიჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნა ძველი, ტფილისური, “კომუნიკაციებისადმი მიდრეკილი” საზოგადოებრივი სივრცეები შეზღუდულ ე.წ. single-minded-space-ებად, მარკ ოჟესეულ “არა-ადგილებად”. საბჭოთა პერიოდში საზოგადოებრივ სივრცეებს და ქალაქის მცხოვრებთ დაეკარგათ ერთმანეთთან “ემოციური თუ სოციალური კავშირის განცდა”. ისინი იდეოლოგიზებული გახდა, „პარადებით“, “მწვადით და სანახაობით” გაიჟღინთა.
კომუნიზმის დაისზე, თბილისის საზოგადოებრივი სივრცეები ანტისაბჭოთა მოძრაობის ასპარეზად იქცა; აქვე განვითარდა სამოქალაქო ომის გადამწყვეტი პერიპეტიები. დამოუკიდებლობის პერიოდში ამ ადგილებს გადამწყვეტი დარტყმა ხელისუფლების ქმედებებმა მიაყენა, როდესაც გაჩაღდა ბრძოლა სოციალური სივრცის დასაუფლებლად. დაიწყო ნაკვეთების დაყოფა და გასხვისება, საკანონმდებლო ბაზის პრივატიზაციაზე მორგება. სიტუაცია არც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეცვლილა. პირიქით, საზოგადოებრივ სივრცეზე შეტევა ახალი ძალით დაიწყო. ავტორი ასკვნის, რომ საზოგადოებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს სივრცის ჩამოყალიბების საქმეში.
ზოჰრაბ ისმაილი ბაქოს რეკონსტრუქციის და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. ტექსტში კარგად ჩანს, თუ როგორ უგულებელყოფს ადამიანთა ფუნდამენტურ - საკუთრების უფლებას სამთავრობო პოლიტიკა, ბიზნესინტერესები და დიდი ფინანსები. 1878 წლიდან დღემდე, ბაქოს ქალაქგანვითარებას ექვსი გენერალური გეგმა არეგულირებდა, თუმცა ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციას ამ დოკუმენტებში ნაკლები როლი ენიჭებოდა. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან ბაქოს ურბანულ რეკონსტრუქციას ახალი ბიძგი მიეცა ჯერ მსხვილი ინვესტორების, ხოლო შემდეგ - სახელმწიფო დაკვეთების მეშვეობით. ავტორს დანგრეული შენობების და გასახლებული ადამიანების ოდენობის შესახებ შთამბეჭდავი რიცხვები მოყავს და აცხადებს, რომ ბაქოს რეკონსტრუქცია ქაოტურ და უსისტემო ხასიათს ატარებს. იგი დაწვრილებით განიხილავს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, ადარებს საერთაშორისო გამოცდილებას და ამტკიცებს, რომ საკუთრების უფლების დარღვევა მმართველობის სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზების ბრალია. ამას თან ერთვის სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლების არაეფექტიანი მუშაობა.
ცნობილი ურბანისტ-გეოგრაფები ნილ ბრენერი და ნიკ თეოდორი ნეოლიბერალური საქალაქო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ნიშან-თვისებად საზოგადოებრივი სივრცეების მოშლას, მათ სრულ კონტროლს და ელიტური მომხმარებლისთვის გადაცემას მიიჩნევენ[1]. ერევნის ურბანული აქტივიზმის შესახებ არპინე გალფაიანის სტატია გარკვეულწილად ეხმიანება ჩვენს მიერ ნახსენებ ეკონომიკური ურთიერთობების ტიპს და მოტანილ თეორიულ დაშვებას. ავტორი დაწვრილებით აღწერს გარდამავალი ეპოქის თავისებურებს და ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ერევანში თავისუფალი სივრცე ღირებულებად არ აღიქმება, რადგან იგი “არავის ეკუთვნის”.
თბილისის მსგავსად, ერევანშიც საზოგადოებრივი სივრცის ამთვისებელთა შორის ყველაზე წარმატებულები პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები გახლდნენ. ნეოლიბერალური ეკონომიკური დისკურსი კარგად ჩანს ერევნის ცენტრალური ნაწილის თანამედროვე “რეკონსტრუქცია”-განვითარებაში - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა ეფექტიანად აითვისეს ქალაქის ისტორიული ნაწილი. ავტორი მოგვითხრობს, რომ საქალაქო აქტივიზმი სომხეთში სამოქალაქო აქტიურობის ზრდას უკავშირდება. 2007 წლიდან დღემდე დედაქალაქში ფართოდ გაიშალა მოძრაობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, საჯარო სივრცეების დაცვის და მათი კომერციალიზაციის აღკვეთას ემსახურებოდნენ. მათ მიერ მაშტოცის სკვერის, კინოთეატრ “მოსკოვის”, თეღუტის ტყის დასაცავად ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვეს არამარტო ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. ავტორის თქმით, მსგავსი მოძრაობების ეფექტიანობის გაზრდა მხოლოდ განათლებით, მობილიზაციით, პრაქტიკით და დაგეგმვით არის შესაძლებელი.
ჩვენს მიერ მიმოხილულ პუბლიკაციაში კარგად ჩანს საზოგადოებრივი სივრცის კონტროლისათვის მოქალაქე / სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო / მსხვილი ბიზნესის დიქოტომიური დაპირისპირება. იკვეთება ახალი ტენდენციაც - საქალაქო, ურბანული აქტივიზმი უფრო მეტად არის სამოქალაქო ქმედებებთან გადაჯაჭვული. მოქალაქეები ითხოვენ საკუთარ უფლებას ქალაქსა და მის რესურსებზე, საზოგადოებრივ სივრცეებზე.
ქალაქზე უფლება, ანრი ლეფევრის აზრით[2], ნიშნავს მოქალაქეთა მოთხოვნას განახლებულ და ტრანსფორმირებულ ურბანულ ცხოვრებაზე. მცხოვრებლებს, საზოგადოებას ანუ სივრცის შემქმნელებს უნდა ჰქონდეთ ურბანულ რესურსებთან წვდომის თავისუფალი შესაძლებლობა. დევიდ ჰარვის სიტყვებით, ქალაქზე უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური თავისუფლებაა და მას ხშირად უგულებელყოფენ მსხვილი ბიზნესი და მმართველი წრეები[3]. მოქალაქეებს აქვთ უფლება, შეცვალონ ან შეინარჩუნონ ის ურბანული სივრცე, რომლის შემქმნელები და მომხმარებლები თავად არიან.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ლადო ვარდოსანიძის კითხვა: არსებობს კი სოციალური, საზოგადოებრივი სივრცე სოციუმის, საზოგადოების გარეშე? ეს ფრაზა რეფრენად პუბლიკაციის ყველა სხვა ტექსტს გასდევს და უფრო რთულ პრობლემას უკავშირდება: შეუძლიათ კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მსგავს გარდამავალ საზოგადოებებს იყვნენ სოციუმი თუ მხოლოდ ადამიანთა მექანიკური ერთობა, მოუარონ არა მხოლოდ საკუთარს, არამედ - საზოგადოს, ძალუძთ კი საკუთარი თავის და სხვების შეცვლა რთული ისტორიული მემკვიდრეობის და გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში.
[1] Brenner, Neil, and Theodore, Nik. "Cities and the geographies of “actually existing neoliberalism”. Antipode Vol. 34. No.3 (2002): 349-379
[2] Lefebvre, Henri. Writings on cities. Vol. 63. No. 2. Oxford: Blackwell (1996), p. 158
[3] Harvey, David. The right to the city. New left review, No. 53. September-October (2008)