წიგნის მიმოხილვა. კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდასთან ერთად რეგიონში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სრულყოფილი ანალიზის აუცილებლობაც ჩნდება. წიგნი "სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები", რომელშიც მრავალი ავტორის ნაშრომია თავმოყრილი, ისტორიული კონფლიქტებითა და პოლიტიკური დაძაბულობით აღბეჭდილი სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივებში გასარკვევად უაღრესად მნიშვნელოვანია. მასში განხილულია კავკასიის სახელმწიფოებში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება, რომელშიც რეგიონის პოლიტიკის უმთავრესი საკითხი ერების ჩამოყალიბება და სახელმწიფოების მშენებლობაა, ხოლო რეგიონული იდენტობა უფრო გამონაკლისი ჩანს, ვიდრე ნორმა. კრებული რეგიონში მიმდინარე დებატების საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთულ მიმოხილვას გვთავაზობს და სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის, მოვლენის, ტენდენციისა და სცენარის შედარებისა და სამხრეთ კავკასიაზე მათი გავლენის შეფასების საშუალებას გვაძლევს.

კრებულში გამოყენებული ორიგინალური მიდგომა რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ძვრების დროულ, დაწვრილებით და ნიუანსობრივ ანალიზს იძლევა. უეჭველია, რომ ამით ის ახლებურ ხედვას გვთავაზობს სამხრეთ კავკასიისათვის, რომელიც ზოგიერთი პესიმისტისათვის "არშემდგარი რეგიონია", ხოლო ოპტიმისტებს კი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბება შესაძლებელია. შესაბამისად, დასაფასებელია ავტორების მცდელობა ხელახლა შეაფასონ ამჟამად მიმდინარე მოვლენები და ამ მნიშვნელოვანი რეგიონის პოტენციალი. კრებულში ასევე ფართოდაა განხილული სამხრეთ კავკასიაში ამჟამად არსებული რთული მდგომარეობის მიზეზები და ამ მდგომარეობის შესაძლო შედეგები,  ამასთანავე  ხდება რეგიონის განვითარების შესაძლო სცენარების ექსტრაპოლაცია. წიგნის ადრესატს წარმოდგენს მკითხველთა ფართო წრე, თუმცა იგი სასარგებლო იქნება მეცნიერების, სტუდენტების, ასევე რეგიონული კვლევებით დაინტერესებული პირებისათვის.

წიგნი შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომლებიც ერთიმეორის გაგრძელებას წარმოადგენს. პირველ ნაწილში ავტორები (კობზოვა, მიტჩელი, ქოჩლაძე, ბრისკუ) რეგიონული პოლიტიკის ცვალებადი კონტექსტის საშინაო და საგარეო ჩარჩოებს და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხსა და პარტნიორულ ურთიერთობას განიხილავენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ რეგიონის რთულ დამოკიდებულებაზე საგარეო ძალებზე. ამასთან, კრებული სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირისა და აშშ-ის  როლზე დაკვირვებასა და მის ღრმა ანალიზს გვთავაზობს და გვიჩვენებს იმ  საშინაო და საერთაშორისო შეზღუდვებს, რომელთა ფარგლებშიც მიიღება  პოლიტიკური გადაწყვეტილებები. კრებულში განხილულია "ვესტერნიზმის" შესახებ რეგიონში არსებული რთული წარმოდგენების წარმომავლობაც იმ პირობებში, როცა რეგიონის მთავრობები სულ უფრო ხშირად მიმართავენ დასავლეთს, როგორც მათი სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური მოთამაშეების წინაშე მდგომი გამოწვევებისა და მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების განხილვისას, ავტორები ნათელს ჰფენენ ძირითად გამოწვევებს, რომლებთანაც რეგიონის სახელმწიფოებს გეოპოლიტიკურ პრობლემებთან გამკლავებისას უხდებათ შეჯახება.

კრებულის მეორე ნაწილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. მასში აღწერილია გამოწვევები, რომლებიც ახლად არჩეულ მთავრობასა და ძველ რეჟიმს შორის კოჰაბიტაციის პროცესმა გაამწვავა. ავტორები აღიარებენ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ეს არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იყო, და განიხილავენ იმ გაურკვევლობას, რომლებიც ახალ ქართულ პოლიტიკაში კვლავაც რჩება და ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებისათვის შეიძლება გარკვეულ რისკებსაც ქმნიდეს. პროფესორ ჩარლზ ფერბენქსის ნარკვევში განხილულია  საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებში მომხდარი გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გამოწვევაა სეკულარიზმისა და ვესტერინიზაციის პრინციპებისათვის. ავტორი სვამს კითხვას, თუ რამდენად ადეკვატური იყო ადგილობრივ საზოგადოებებში არსებული სირთულეებისადმი დასავლეთის მიდგომა და მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს პოსტ-სააკაშვილის ეპოქაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ ნაბიჯზე, რომლებსაც ბევრი მკვლევარი ყურადღებას არ აქცევს. მაგალითად, ეკლესიამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ახალ მთავრობასაც უჩვენა, რომ მძლავრი სოციალური ძალების მხარდაჭერა აქვს და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღარ ეშინია. თავის ამ ნაწილს მოყვება სალომე ასათიანის საფუძვლიანი ანალიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია საკუთარ თავს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის მძლავრ სიმბოლოდ აღიქვამს. ის საინტერესოდ უდგება სააკაშვილის დროის ავტორიტარული მოდერნიზაციისა და "ქართული ოცნების" პირობებში ნაციონალიზმის  უნებლიე ზრდის ურთიერთმიმართებას, საკითხს, რაც მას საშუალებას აძლევს მოგვაწოდოს მრავალი საყურადღებო დასკვნა. და ბოლოს, დავით ლოსაბერიძე გვთავაზობს საინტერესო სტატიას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქუჩის აქტივიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ და დამაჯერებლად უჩვენებს კავშირს ამ ორ მოვლენას შორის. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე კი თბილისის მაგალითზე დაყრდნობით ქალაქსა და საჯარო სივრცის ურთიერთმიმართებასა და ურბანულ განვითარებაზე ამ უკანასკნელის გავლენას საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩენს.

კრებულის მესამე ნაწილში წარმოდგენილია სომხეთის პოლიტიკური ცხოვრებისა და  სომხეთის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს შორის რთული ურთიერთმიმართების დეტალური და ყოვლისმომცველი აღწერა. თათულ ჰაკოფიანი ერთი მხრივ აღწერს მიზეზებს, რომელთა გამოც სომხეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთზეა დამოკიდებული, და მეორე მხრივ, ქვეყნის ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან. ის ასევე დეტალურად და ლოგიკურად გვიჩვენებს, თუ რა საშინაო დაბრკოლებები ახლავს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, და აღწერს დემოკრატიასა და ავტორიტარულ მმართველობას შორის ბრძოლას. გაიანე შაგოიანი სომხეთის განათლების სისტემის მაგალითზე ინსტიტუციების დეგრადაციის საკითხს განიხილავს. ავტორი მიუთითებს პოლიტიკის იმიტაციის რთულ პროცესზე, "ხელმეორე სოვეტიზაციასა" და საჯარო პოლიტიკის კულტურაზე. არპინე გალფაიანი განიხილავს აქტიურ კავშირს მოქალაქეობასა და საჯარო სივრცეს შორის სომხეთში და შიგნიდან გვანახებს საჯარო სივრცეების მოწყობისა და გამოყენების საქმეში ამჟამად არსებულ ტენდენციებს.

მეოთხე ნაწილში ავტორები აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკის დინამიკის, ზოგადად პოლიტიკის, ინსტიტუციების, ელიტებისა და ეკონომიკური კონფიგურაციების განხილვას გვთავაზობენ. თავის კრიტიკულ სტატიაში ქენან ალიევი ცდილობს ახსნას, თუ რატომ განიცადა მარცხი აზერბაიჯანში დემოკრატიის დამყარების მცდელობამ. ამ მარცხს ის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მარეგულირებელი მექანიზმების ფიასკოდაც მიიჩნევს. რაჰმან ბადალოვი აზერბაიჯანში დემოკრატიის განვითარების "შინაგან და გარეგან" პრობლემებს აღწერს. ის უარს ამბობს ტერმინზე "მართული დემოკრატია" და მის ნაცვლად რუსი მეცნიერის, ა. ეტკინდის ტერმინს "შინაგან კოლონიზაციას" იყენებს. ავტორი ასევე აანალიზებს სხვა მიზეზებსაც, რომელთა გამოც აზერბაიჯანში დემოკრატიის განვითარება შეფერხდა. სერგეი რუმიანცევი გვთავაზობს საინტერესო მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ რა შანსები აქვს აზერბაიჯანს მოდერნიზაციისთვისა და  ავტორიტარულიდან ლიბერალურ საზოგადოებად გარდაქმნისათვის. მას იმედი აქვს, რომ დასავლეთში განათლებამიღებულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ამჟამად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ, ლიბერალური იდეები შეიძლება აზერბაიჯანშიც გაავრცელონ, თუმცა არც ისე ოპტიმისტურადაა განწყობილი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია ახლო მომავალშია შესაძლებელი. ზოჰრაბ ისმაილი პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში ურბანული განვითარების სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს ბაქოში ქალაქგეგმარებისა და საკუთრების უფლების ურთიერთმიმართების მაგალითზე განიხილავს. მისი ძლიერი და დამაჯერებელი არგუმენტების წყალობით ამ საკითხზე იმაზე ბევრად მეტს ვიგებთ, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

მთლიანობაში კრებული რეგიონში ამჟამად მიმდინარე მოვლენების მრავალმხრივ ანალიზს გვთავაზობს. ამ პუბლიკაციის გამოსვლა დროული და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგიონული პოლიტიკითაა დაინტერესებული. კრებულს რამდენიმე ძლიერი მხარე აქვს: ის ობიექტურია; კვლევა მრავალ წყაროს ეყრდნობა და რედაქტორებიც და ავტორებიც  განსახილველი საკითხების ექსპერტები არიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებული შესანიშნავი საცნობარო წყაროა მათთვის, მისაც სურს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საკითხებში უფრო ღრმად გაერკვეს.

და ბოლოს, კრებული სტრუქტურულად ისეა აგებული, რომ მკითხველს ავტორების არგუმენტების გაგება უადვილდება. საკითხისადმი მრავალმხრივი მიდგომის, მწყობრი სტილისა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის მაგალითების სიუხვის წყალობით კრებული სამხრეთი კავკასიის პოლიტიკის საკითხებზე აუცილებლად წასაკითხ ნაშრომებს შორის თავის ადგილს დაიკავებს. ის ასევე სასარგებლო იქნება ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, ვისაც სურს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს გაეცნოს.