წიგნის მიმოხილვა. ნანი მაჭარაშვილი

Nani Macharashvili

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2014 წლის კრებული სახელწოდებით, „სამხრეთი კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პოსტსაბჭოური გამოცდილებისა და პერსპექტივების შემსწავლელი ავტორების საკმაოდ ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის შეხვდებით როგორც პოლიტიკოსებს, ისე მეცნიერებს, ანალიტიკოსებს, მოქმედ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. იმის გათვალისწინებით, რომ კრებული მოიცავს ავტორებს, რომელთა ნაწილი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის წარმომადგენელია, ნაწილი კი ამ ქვეყნების შემსწავლელი მკვლევრები, ჰაინრიჰ ბიოლის გამოცემა ფასდაუდებელ სამსახურს უწევს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნების რეალობით დაინტერესებულ მკითხველს, როგორც დღეს, ისე მომავალში იქონიოს წარმოდგენა როგორც უშუალოდ ამ ქვეყნების გადასახედიდან, ისე საერთაშორისო პერსპექტივიდან.

გამოცემის შესავალ სიტყვებში კრებულის რედაქტორების მხრიდან ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ გამოცემა მკითხველს „ამ ქვეყნებზე გავრცელებული კლიშეების გარეშე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური გარემოს“ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ამას ადასტურებს გამოცემის თითოეულ ესეში ავტორისეული საკმაოდ მკაფიო, არაორაზროვანი, ხშირად, საკმაოდ მკვეთრი და კრიტიკული შეფასებები, რაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რეალობის აღქმის საუკეთესო საშუალებაა. აქვე, აღსანიშნავია ავტორისეული ემოციურად დატვირთული სტილისტიკაც, რომელიც მკითხველს არა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, უფრო მეტად კი, სწორედ მომავლის პერსპექტივიდან, დაეხმარება კრებულში მიწოდებული შეფასებების ემოციურად აღქმაში.

კრებული შინაარსობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის პოსტსაბჭოური რეალობის შესაფასებლად პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის თითქმის ყველა განზომილებას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის სარედაქციო კოლეგიამ ეთნოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების აქცენტირებაზე უარი თქვა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეალობის რეფლექსიისას კრებულში ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, ავტორთა უმრავლესობა ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრისას თავად საერთაშორისო საზოგადოებისთვის (ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ნატო და ა.შ) უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებას. თუ ამ ლოგიკას გავადევნებთ თვალს, იკვეთება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია - უსაფრთხოება და სტაბილურობა, როგორც ღირებულებითი კატეგორია, კრებულში რიგ ავტორებთან წარმოდგენილია არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემაფერხებელ ფაქტორად. 

კრებული, შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მანიფესტი, მიმართული საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი, რომელშიც, ერთი მხრივ, ევროკავშირია დადანაშაულებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ არასათანადო ყურადღებისა და დახმარების გამო, მეორე მხრივ კი, შეერთებული შტატებია გაკრიტიკებული დემოკრატიული ღირებულებებისთვის მეორეხარისხოვანი როლის მინიჭებისთვის, ისეთ ღირებულებებთან შედარებით, როგორიცაა სტაბილურობა, უსაფრთხოება, ნავთობის ექსპორტი და რუსეთთან ურთიერთობა. იანა კობზოვასთან და ლინკოლნ მიჩელთან ერთად ანალოგიურ პოზიციას ადგილობრივი ავტორებიც აქტიურად იზიარებენ და საკუთარ ესეებში ერთგვარ რეკომენდაცებსაც კი სთავაზობენ საერთაშორისო საზოგადოებას, რაც გამოიხატება ევროკავშირის მხრიდან დახმარების სისტემებისა და რესურსების უზრუნველყოფის, სამხრეთ კავკასიის მრავალფეროვნების გათვალისწინებისა და ერთგვაროვან მოდელირების სისტემაზე ხელის აღების მოთხოვნაში. მიუხედავად იმისა, რომ ავტორთა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ საერთაშორისო საზოგადოების შესაძლებლობები, ზეგავლენა იქონიოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებაზე, საკმაოდ მწირია, მინიმუმ ის მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღირებულებების დამკვიდრებაზე ზრუნვას „მსხვერპლად“ არადემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა არ ეწირებოდეს.

მანანა ქოჩლაძე ესეში, „დასავლეთის მიდგომა სამხრეთ კავკასიისადმი: მშფოთვარე დაძაბულობა „უსაფრთხოებასა“ და „დემოკრატიას“ შორის“, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სომხეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული კორუფციის მაღალი დონის მიუხედავად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ რამდენიმე საეჭვო პროექტს ამ სექტორში მხარი მაინც დაუჭირეს. შედეგებს, რომელსაც სამხრეთ კავკასიის მიმართ დასავლეთის მსგავსი დამოკიდებულებები აჩენს, ყველაზე მკვეთრად ესმება ხაზი რაჰმან ბადალოვის ესეში „დემოკრატიის გამოწვევები აზერბაიჯანში“, სადაც „ალიევების ოჯახური კლანის“ მიერ ხელისუფლების ორჯერადი უზურპაცია (2003 და 2013 წლებში) საზოგადოებამ შეაფასა, როგორც დასავლეთის ღალატი. 

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ბოლო ათწლეულის შეფასებებში ანალოგიურ შეპირისპირებას (სტაბილურობა/უსაფრთხოება VS არადემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერა/ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა) და აუნაზღაურებელი დანახარჯის პრინციპის საფუძველზე (trade-off) მიმდინარე რეალობის რეფლექსიას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2014 წლის კრებულში აქტიურად ვხვდებით: ურბანული განვითარება VS საკუთრების უფლების დაცვა/რეკონსტრუქცია/კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,  სერგეი რუმიანცევის ესეში გამოიხატა ფორმულირებით - განვითარება რეკონსტრუქციის გარეშე; ძალა უფლების წინააღმდეგ (ქენან ალიევი, დემოკრატია აზერბაიჯანში: მოქუფრული სურათი); იმიტაციური მოდერნიზაცია რეალურის წინააღმდეგ (გაიანე შაგოიანი, იდეოლოგიებიდან ტექნოლოგიებამდე: არჩევნების, როგორც სომხეთის საზოგადოების მოდერნიზაციისა და კონტრმოდერნიზაციის ანთროპოლოგიური მიმოხილვა); სოციალურ-კულტურული VS მატერიალურ-სივრცითი ქალაქდაგეგმარება - ლადო ვარდოსანიძე ესეში, „თბილისის საზოგადოებრივი სივრცის პერიპეტიები“, სოციალური/საზოგადოებრივი სივრცის სახელმწიფოს მხრიდან მითვისებისა და დაპატრონების ტენდენციებზე აკეთებს აქცენტს; სამოქალაქო საზოგადოება VS სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რაც დავით ლოსაბერიძეს ესეში „თვითმმართველობა VS ქუჩის აქტივიზმი: თეორიული კონფიგურაცია და საქართველოს მაგალითი“ აძლევს საშუალებას აქცენტირება მოახდინოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებზე, რომლებიც „სამოქალაქო საზოგადოების ანტურაჟს ქმნის და კრიტიზულ პერიოდში მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“; საზოგადოებრივი მომსახურების მაღალი ხარისხი VS საზოგადოებრივი ჩართულობა, რომელზე აქცენტირებითაც დავით ლოსაბერიძე ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსახლეობასთან სიახლოვის დეფიციტზე აპელირებს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ანალიზისას აშკარად იკვეთება ისტორიული ინსტიტუციონალიზმის თეორიული ჩარჩოს გამოყენება. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბოლო ათწლეულის ცვლილებებისა და/ან უმოძრაობის ასახსნელად ავტორები აქტიურად იშველიებენ საბჭოურ გამოცდილებას და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ჩავარდნასა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების პროექტის წარუმატებლობას საბჭოთა მემკვიდრეობით ხსნიან. აღნიშნული განსაკუთრებით ნიშანდობლივია ისეთი თემებისთვის, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია, და განსაკუთრებით არის გამოკვეთილი ჩარლზ ფერბენქსის, გაიანე შაგოიანისა და თათულ აკოფიანის ესეებში, სადაც უმცირესობების მიმართ  არსებული საზოგადოებრივი თვითშეგნების ასახსნელად აქტიურად გამოიყენება საბჭოთა პერიოდის დროს ჩამოყალიბებული ქცევისა და აზროვნების მოდელები. ისტორიული ინსტიტუციონალიზმის ჩარჩო იკვეთება კრებულში წარმოდგენილ არაერთ სხვა ესეში. მათ შორის, სალომე ასათიანის ესეშიც, „ღირებულებით გზაჯვარედინზე: ქართული საზოგადოება 2012 წლის შემდეგ, “საბჭოური ნოსტალგია, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, „რელიგიურად შეფერილი ნაციონალიზმი“, ეთნონაციონალიზმი, ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობასა და ტრადიციებთან კონფლიქტში მყოფი დასავლეთით მანიპულაცია და ა.შ., სწორედ მსგავსი ჩარჩოთი აიხსნება.

გამოცემას კიდევ უფრო ღირებულს ხდისეკოლოგიური საკითხების შესახებ სამივე ქვეყნის პერსპექტივით წარმოდგენილი ესეები. ნიშანდობლივია ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საზოგადოებრივი ჩართულობის ხარისხმა საზოგადოებრივი სივრცეების დაცვის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით იმატა, რაც რეალური სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივების მიმართ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სკეპტიციზმს ნაწილობრივ აქარწყლებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, რაც ბოლო ათწლეულის მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს, ამ მხრივ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს კრებულში გამორჩეული ადგილი უკავია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანმა ტრასფორმაციამ, ს. ასათიანის აზრით, მ. სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, სადისკუსიო სივრცის გახსნა და ღირებულებებზე დისკუსიისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა მაინც უზრუნველყო.მსგავსი შეფასება იკვეთება ივლიანე ხაინდრავას ესეშიც, „საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორია: 2012 წლის არჩევნებამდე და მის შემდგომ“, სადაც აქცენტი ხელისუფლების დეპერსონალიზაციაზე, ჰუმანიზაციასა და არატრადიციული გაგების „დენაციონალიზაციაზე“ კეთდება. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით, ხაზგასმულია სოციალური ქსელების მნიშვნელობა, რადგან სხვა მხრივ, რაჰმან ბადალოვისეულ „იმიტაციურ მოდერნიზაციას“ ხელშესახებს ვერაფერს უპირისპირებენ. 

ვიმედოვნებთ, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2014 წლის კრებული, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: რთული რეალობა და დიდი მოლოდინები“, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი წინამორბედი, 2003 წელს გამოცემული წიგნი, „დიასპორა, ნავთობი და ვარდები“, რომელიც არაერთი ავტორის შეფასებით, იქცა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოსტსაბჭოური გამოცდილების გაცნობიერებისა და გაანალიზების ერთ-ერთ სერიოზულ მცდელობად.