პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნის-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა, მიზნად ისახავდა ტიმოთი სნაიდერის ნაშრომის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულ ენაზე გამოცემას. აღნიშნული წიგნი, რომელსაც 2013 წელს ჰანა არენდტის პრიზი მიენიჭა, ზედმიწევნით აღწერს იმ საშინელებებს, რაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ერთმანეთს შორის ტერიტორიებზე, რაც დღევანდელი ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსი, პოლონეთი და რუსეთის ნაწილია, დაატრიალეს.
პროექტის ფარგლებში „სისხლიანი მიწები“ ქართულ ენაზე გამოიცა და საქართველოს მასშტაბით მისი თანმხლები ღონისძიებების ციკლი ჩატარდა, რათა საბჭოთა ისტორიის ამ პერიოდის შესახებ აქამდე უცნობი დეტალების გაცნობით რიგითი მოქალაქეების და დაინტერესებული მხარეების გათვითცნობიერება მომხდარიყო.
„სისხლიან მიწებში“ სტალინის და ჰიტლერის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ დისკუსიებით მკითხველი პარალელებს იპოვის ჰიტლერის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებსა და სტალინის მიერ ჩადენილ ძალადობას შორის, რომლებიც საერთო ისტორიული ფენომენის ნაწილს წარმოადგენენ. ქვეყანაში, სადაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევების თანახმად (2012 წლის კავკასიის ბარომეტრი) გამოკითხულთა 45% სტალინს დადებითად აღიქვამს და 68%-ს იგი „ბრძენ ლიდერად“ მიაჩნია, წიგნი, რომელიც მსგავსებას ხედავს სტალინის მმართველობისას მილიონობით დაღუპულსა და ნაცისტურ გერმანიაში ძალადობის მსხვერპლთა შორის, აუცილებლად გამოიწვევს განმადიდებელი დამოკიდებულებების ცვლილებას საქართველოს „უძღები შვილის“ მიმართ.
პროექტი ინიცირებული და განხორციელებული იყო „რადარამის“ მიერ.