ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საფუძველი ჯერ კიდევ 1992 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. ნატოში გაწევრიანების სურვილი კი საქართველომ 2002 წელს, პრაღაში გამართულ სამიტზე გამოთქვა, თუმცა მას შემდეგ 12 წელი გავიდა და მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, თუ თანამშრომლობის ახალ ეტაპებზე გადასვლისა, ევროატლანტიკურ ალიანსში წევრობისათვის ქართული სახელმწიფო ჯერ ისევ არ აღმოჩნდა მზად.
მას შემდეგ, რაც საქართველო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდა, დისკურსი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უფრო და უფრო აქტიური გახდა. თუმცა ნატოს წევრი კონკრეტული ქვეყნების მხრიდან გარკვეული სკეფსისი გამოითქმის, ნამდვილად უნდა მოხდეს თუ არა ალიანსში საქართველოს მიღება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას არანაირი წინსვლა არ აქვს თავისი ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. ამიტომაც თემა, რომელიც ქუთაისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მოწყობილ საჯარო დებატებზე განიხილებოდა, ეძღვნებოდა არა მხოლოდ ნატოში ინტეგრაციას, არამედ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების მოგვარებას და ალიანსის როლს ამ პერსპექტივაში.
მომხსენებლმა დავით ბატაშვილმა, რომელიც ბთკკ პოლიტიკის კვლევის ჯგუფის ანალიტიკოსია, ძირითადი აქცენტი ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის როლზე გააკეთა. მან ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები, არ არის მხოლოდ შიდა კონფლიქტი, არამედ ეს რუსეთის მიერ არის მართული და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან გაავლო პარალელები. „რუსეთი არის ძალიან ბევრ რამეზე წამსვლელი თავისი სტრატეგიული გეგმების განსახორციელებლად. გავიხსენოთ 2008 წელი, როცა იგი ღია გრესიით გამოვიდა, უკრაინაში დავინახეთ როგორ იმოქმედა რუსეთმა და ამავდროულად საქართველო კვლავ რჩება რუსეთის ობიექტივში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია ნატოში საქართველოს გაწევრიანება, რათა სახელმწიფო დაცული იყოს ღია თუ ფარული აგრესიისგან“ - აღნიშნა შეხვედრაზე დავით ბატაშვილმა. კრიტიკის თემად იქცა უელსის სამიტზე დეკლარაციის 31-ე პუნქტში არსებული ჩანაწერი, სადაც საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას არსად ფიგურირებს რუსეთის ფაქტორი და აღნიშნული კონფლიქტები შიდა, ეთნიკურ კონფლიქტებად იკითხება.
საჯარო დებატების მომდევნო მომხსენებელმა ლალი დევიძემ, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწეა, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მუშაობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებზეა აგებული. ლალი დევიძემ კვიპროსის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მართალია მდგომარეობა კვიპროსისგან განსხვავებულია, თუმცა ჩვენ არსებული ვითარება უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში. „როდესაც 2008 წლის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, ნატოს გაერთიანებული სხდომა ჩატარდა 19 აგვისტოს, სადაც ძირითადი აქცენტი იარაღის გამოუყენებლობაზე გაკეთდა. მართალია ძალიან რთულია დაიცვა სამშვიდობო პროცესი, ძალიან რთულია რუსეთს და მის ჯარს შეეწინააღმდეგო ჰუმანიტარული აქციებით, თუმცა უმთავრესი არის ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და საქართველოს ხელისუფლების უპირობო ამოცანაა, მშვიდობიანი მოლაპარაკებები ორ კონფლიქტურ რეგიონთან და რუსეთთან“.
ეს არის ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა და აქ არის ამავდროულად ტერიტორიების არაღიარების საკითხი. ჩანაწერი, რომელიც ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პუნქტშია, აღნიშნავს, რომ ნატოში ინტეგრაცია კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების მოგვარების შემდეგ მოხდება. რაც თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლებას სამომავლოდ გარკვეულ ამოცანებს უსახავს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მართალია ამ ეტაპზე, საქართველომ ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP, რომელიც ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად ფორმალური მექანიზმია, მაგრამ მის სანაცვლოდ, ნატოსთან დაახლოების მიზნით, საქართველოს თანამშრომლობის "არსებით პაკეტს" დაპირდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევრო-ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ, სწორედ სამიტის მიმდინაროებასა და იქ მიღებული დახურული პაკეტის ზოგიერთ ასპექტზე ისაუბრა, რაც ძირითადად საქართველო-ნატოს პარტნიორულ ურთიერთობების გაღრმავებაზე მიმართული. დავიტ ნარდაიამ ასევე ისაუბრა ქართული შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიებში მნაწილეობის შესახებ. „2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საქართველომ შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია განახორციელა და აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ერაყის მისიაში ათასობით ქართველი სამხედრო იღებდა მონაწილეობას. ბალკანეთში საქართველომ ასობით სამშვიდობო გააგზავნა, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამჟამად 150 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს სამშვიდობო მისიას. ყველაზე დიდი წვლილი საქართველომ ავღანეთის ოპერაციაში შეიტანა. 2000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე ომის ყველაზე კულმინაციურ პერიოდში, ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, სამხრეთში იმყოფებოდა. ჰელმანდის პროვინციაში 1600 ქართველი სამხედრო ასრულებს მისიას და ამ მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნატოს ბევრ ქვეყანას ჯერ გარკვეულიც კი არ აქვს რამდენ სამხედროს დატოვებას აპირებს ავღანეთში, საქართველომ კი უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ავღანეთში მისიის შესრულებას 750 სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს. გარდა ამისა, 2015 წელს საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოა.“ - აღნიშნა დავით ნარდაიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ დახურულ პაკეტში საუბარია წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქართველოში დაარსებაზე და ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე.
დებატებში მონაწილე სტუდენტების ნაწილმა გამოთქვა რწმენა, რომ ისინი არიან იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების მოწმე გახდება. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილმა კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელიც მათი აზრით შერბილებასა და დათმობებში გამოიხატება. მათი თქმით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული ხედვა და მიზანი სამხედრო ალიანსსა და ევროატლანლიკურ სივრცეში გასაწევრიანებლად, რომ სახელმწიფოს სტრატეგიულ დოკუმენტებში არ არის მკაფიოდ გამოხატული საქართველოს მისწრაფებები და საუბარია მხოლოდ რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე. ამ მოსაზრებებმა დიდად განსაზღვრეს დებატების მსვლელობა და დამსწრე აუდიტორიასა და დისკუსიაში ჩართულ სახელმწიფო მოხელეებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა.