სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის
“The most effective way to destroy people is to deny and obliterate their own understanding of their history.” George Orwell, “1984”
„ადამიანების განადგურების ყველაზე ქმედითი საშუალებაა იმის უარყოფა და წაშლა, თუ როგორ ესმით მათ საკუთარი ისტორია“
ჯორჯ ორუელი, „1984“
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსათვის ორმაგი პატივია ქართველი მკითხველისათვის ისტორიკოს ტიმოთი სნაიდერის ნაშრომის – „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ – წარდგენა: ტიმოთი სნაიდერს – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის აღიარებულ სპეციალისტს, 2013 წელს მიენიჭა ქალაქ ბრემენისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ დაწესებული ჰანა არენდტის სახელობის პრემია პოლიტიკური აზროვნების დარგში. მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნისა და ჰუმანისტის ჰანა არენდტის სახელობის ჯილდო 1995 წლიდან გაიცემა იმ მიზნით, რომ თანამედროვე პოლიტიკის შესახებ მრავალფეროვან დისკუსიებში დაამკვიდროს არენდტის ძირითადი პოსტულატი – პოლიტიკის არსი არის თავისუფლება.
ეს პრემია არა აკადემიური, არამედ საჯარო ღვაწლის აღსანიშნავი ჯილდოა. ჰანა არენდტის პრემიით იმ ადამიანების დამსახურება აღინიშნება, რომლებმაც იკისრეს საჯაროობის გაბედულება და თავიანთი აზროვნებითა და ქმედებით სიახლეებს პოულობენ და სთავაზობენ საზოგადოებას. ყოველწლიური პრემიის ლაურეატები არიან ისეთი მოაზროვნეები, როგორიცაა აგნეშ ჰელერი (1995), ელენა ბონერი (2000), ვაირა ვიკე-ფრაიბერგა (2005), იულია კრისტევა (2006). 2007 წელს ჯილდო მიენიჭა ბრიტანელ ისტორიკოსს ტონი ჯადტსაც, რომლის უაღრესად ფაქიზი და სევდიანი მემუარული ესეების კრებულის „ფიქრები მეოცე საუკუნეზე“ თანაავტორი ტიმოთი სნაიდერიცაა.
თავის მხრივ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში საბჭოთა წარსულის ხელახლა გააზრებაა; ვინაიდან მიჩქმალული ფაქტები ან მითები უახლოეს წარსულზე წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს. სწორედ ამიტომ, ფონდისთვის ინტერესის საგნად იქცა „რადარამის“ შემოთავაზება –ეთარგმნათ და გამოეცათ ტიმოთი სნაიდერის წიგნი „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“. ეს ტექსტი არა მხოლოდ აქამდე უცნობ ისტორიას, არამედ ქართველი მკითხველისთვის დამკვიდრებული ისტორიული ტრადიციისთვის სრულიად უცხო, ჰუმანიტარულ პერსპექტივასაც წარმოაჩენს.
***
ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი „1984“ ტოტალიტარული საზოგადოებების განზოგადებულ სურათს გვთავაზობს. ამ რომანში ავტორს აკადემიურად არ გაუანალიზებია არც ერთი მის დროს არსებული კონკრეტული რეჟიმი, რომელიც ადამიანის დამონებისა და თავისუფალი ნების დათრგუნვის ხარჯზე არსებობდა. ორუელს არ უცხოვრია სტალინური საბჭოთა კავშირის ან ჰიტლერული გერმანიის პირობებში, თუმცა კი ზედმიწევნით ზუსტად ასახა, რა მექანიზმები ქმნის ტოტალურ ერთობას, რომელშიც ომს და, მით უფრო, მარადიული ომის მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ომი ანადგურებს ადამიანებს, ყოფს მათ „ჩვენებად“ და „სხვებად“, თესავს შიშს, კლავს მეხსიერებას და ანაცვლებს მას პროპაგანდით; ფანტაზიის ნაყოფად აქცევს უკეთესი მომავლის რწმენას და რაც უფრო აშორებს მას მეხსიერებას, მით უფრო აკნინებს საღი განსჯის უნარს. მკითხველისთვის უცნობია, როგორ დაინახავდა მწერალი იგივე საკითხებს იმ შემთხვევაში, თუკი მისი პერსონაჟები მოესწრებოდნენ ტოტალიტარიზმის დასასრულს და „დიდი ძმისგან“ თავისუფალ რეალობაში აღმოაჩენდნენ საკუთარ თავს. მოუწევდათ კი მათ გამოეგონებინათ მტერი, ან გამოეგონებინათ ტოტალური ერთობის შემკვრელი ყველასთვის ერთნაირი წარსული, რომელიც ცალკე აღებულ სუსტ ადამიანს ომის საშინელებების პირისპირ მარტო არ დატოვებს?
დღეს აღარ არსებობს არც საბჭოთა კავშირი და არც მესამე რაიხი, მაგრამ არსებობს ისტორიული გამოცდილება და მეხსიერება, რომელზეც მეოცე საუკუნის მსოფლიო, სამოქალაქო და დღეს უკვე უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდული ომებით და შიშით გაჯერებული ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ერები ჯერაც ვერ შეთანხმებულან. არსებობენ რამდენიმე სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მეოცე საუკუნის ისტორიის სხვადასხვა მხარეს ხედავენ თავს და განსხვავებულად აღიქვამენ აწ უკვე წარსულს ჩაბარებულ „დიად მსოფლიო ძალებს“. არსებობს ისტორიული სიუჟეტები, რომლებიც არ კვდება და ზოგისთვის – მუხანათობის, ვერაგობის და განადგურების, ზოგისთვის კი – გმირობის და დიადი მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოებად რჩება.
ტიმოთი სნაიდერის წიგნი „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ არ გახლავთ ლიტერატურული ნაწარმოები. იგი ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით და ისტორიული დაკვირვების საფუძველზე შექმნილი აკადემიური ტექსტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ორი დიდი იმპერიის შეჯახების ზონაში. დღევანდელი პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ბელორუსი და უკრაინა ის ქვეყნებია, რომლებზეც მეორე მსოფლიო ომის ტალღამ სამჯერ გადაიარა: ჯერ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდგომი ოკუპაციის, შემდეგ – გერმანული ჯარების ბლიც-კრიგის და ბოლოს – საბჭოთა ჯარების დასავლეთისკენ სწრაფვის შედეგად. ამ ტერიტორიებზე გათამაშებული ისტორიის თხრობა აქამდე ძირითადად ერთი ძალაუფლებითი ცენტრის პერსპექტივით ხდებოდა. ასეც დამკვიდრდა დასავლელი, საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა ადამიანის ყოფით მეხსიერებაში საბჭოთა კავშირის და რუსი ხალხის ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ. ყურადღების მიღმა დარჩა ისტორიული პროცესის კანონზომიერება, რომ შეუძლებელია ამ მოვლენებს მხოლოდ ცალმხრივი დინამიკა ჰქონოდა. შესაბამისად, დაისმის კითხვა: სად იყვნენ ამ დინამიკისთვის იმპულსის მიმცემი სხვა ცენტრები და მოთამაშეები?
ნაშრომის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ავტორი ცდილობს, სწორედ ამ კითხვას გასცეს პასუხი: გამოიკვლიოს, რა ხდებოდა რეალურად ომის ველად ქცეულ უკრაინაში, ბელორუსსა და პოლონეთში; სნაიდერი წარმოაჩენს დიდი მსოფლიო ომის ძირითადი მოთამაშეების ჩრდილში მოქცეული ამ ქვეყნების პერსპექტივას, მოგვითხრობს მათ ისტორიას და გვაცნობს „ჰეროიკული“ ამბის აქამდე უცნობ ისეთ დეტალებს, რომლებიც დასავლურ ისტორიოგრაფიაში აქამდე ოფიციალურად ცნობილ და დღევანდელი რუსული პროპაგანდის ტალღაზე ატაცებული „ჭეშმარიტებების“ სხვა მხარეს გვიჩვენებენ.
იმედი გვაქვს, რომ მკითხველი დიდსულოვნებას გამოიჩენს ქართული გამოცემის ტექსტში არსებული სავარაუდო ხარვეზების მიმართ, რადგან თანამედროვე სამეცნიერო ენა სწორედ ახალი თარგმანების საშუალებით იხვეწება და ყალიბდება. აქვე მადლობას ვუხდით „რადარამის“ გუნდს გაწეული შრომისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით კოპალიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) და ეკა წერეთლის (ბიოლის ფონდი) დიდი მონდომება და წვლილი ქართული გამოცემის გასაკეთილშობილებლად.
დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი მკითხველი ინტერესით გაეცნობა ტიმოთი სნაიდერის ნაშრომს და მიუხედავად იმისა, რომ თხრობის ცენტრში საკუთარ ქვეყანას ვერ აღმოაჩენს, ევროპის ისტორიის იმ მივიწყებულ და დაფარულ ამბებს იხილავს, რომლებიც დაეხმარება მას საკუთარი პასუხი ეძიოს კითხვაზე – სადაა საქართველოს ადგილი ამ ეპოქაში, და რისი ნაწილი იყო, და უნდა იყოს საქართველო მომავალში.
თბილისი, 5 დეკემბერი, 2014 წელი