ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოში: დასავლელი მოგზაური და აღმოსავლელი დისიდენტი: ნონკონფორმისტული ხიდი

Heinrich Boell and Nodar Kakabadze

XX საუკუნის 60-იან წლებსა და 70-იანების დასაწყისში ჰაინრიჰ ბიოლი გერმანულენოვანი სამყაროს ყველაზე საკამათო ავტორად ითვლებოდა. სოციალური კრიტიკა, რომელიც მის მხატვრულ ნაწარმოებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ისმოდა, და მისი კამათი ყვითელ გერმანულ გაზეთ "ბილდთან", რომელიც წითელი არმიის ფრაქციის ქმედებებს პოპულისტურად აშუქებდა, ნონკონფორმისტი მწერლის გასაშავებლად წამოწყებული უსიამოვნო კამპანიის საბაბი გახდა. მოგვიანებით ის პრესის სათაურებში მოხვდა, როცა 1972 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო, ხოლო 1979 წელს გიუნტერ გრასთან ერთად ორდენზე "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის" პოლიტიკური მოსაზრებებით თქვა უარი.

მაგრამ გერმანული საზოგადოებისათვის ბევრად უფრო ნაკლებადაა ცნობილი, რომ ბიოლს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა საბჭოთა კავშირის დისიდენტ ლიტერატორებთან და რომ მისი კავშირები არ შემოიფარგლებოდა მოსკოვისა და ლენინგრადის [სანქტ-პეტერბურგის] ინტელიგენციასთან ურთიერთობით და სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასაც კი სწვდებოდა. 1962 წელს მოსკოვში მწერლებთან შეხვედრის დროს ჰაინრიჰ ბიოლმა რუსი მწერალი, გერმანისტი, დისიდენტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ კოპელევი გაიცნო. სოციალური საკითხებით დაინტერესებული ამ ორი ინტელექტუალის მეგობრობა, რომელიც მათი წერილებით დასტურდება, ოცი წელი გაგრძელდა და მხოლოდ 1985 წელს ბიოლის გარდაცვალებით დასრულდა.

ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოს დედაქალაქ თბილისში სწორედ ლევ კოპელევმა და მისმა მეუღლემ, რაისა ორლოვამ მიიწვიეს. ამ ქალაქს თვით ცოლ-ქმარიც დიდი სიამოვნებით სტუმრობდა ხოლმე. მათ ბიოლს გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალები, გერმანისტები ნელი ამაშუკელი, ნოდარ კაკაბაძე და რეზო ყარალაშვილი გააცნეს. ბიოლი სამხრეთ კავკასიას ორჯერ, 1966 და 1972 წლებში ესტუმრა და შინ ორივეჯერ ძლიერი შთაბეჭდილებებით აღსავსე და აღფრთოვანებული დაბრუნდა.

1966 წლის შემოდგომაზე ბიოლი თავის ორ ვაჟთან, რაიმუნდთან და რენესთან ერთად მოსკოვის გავლით ეწვია იმ დროს ლენინგრადის სახელით ცნობილ ქალაქს, სადაც გერმანული სატელევიზიო სერიალისათვის "პოეტი და მისი ქალაქი" დოკუმენტური ფილმი "დოსტოევსკი და პეტერბურგი" უნდა გადაეღო.

შეხვედრები საქართველოში

ლენინგრადის შემდეგ ბიოლებმა მთელი საბჭოთა კავშირი გადაიარეს და 20 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში ჩავიდნენ. მათ იქ რამდენიმე დატვირთული, მაგრამ სასიამოვნო, დღე გაატარეს. სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ისინი ეწვივნენ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს თბილისში და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს. სტუმრები მიიწვიეს მცხეთაში, სადაც ჯვრის მონასტერი დაათვალიერებინეს და მდიდრულად გაწყობილი ქართული სუფრაც დაახვედრეს.

1966 წელს თბილისში სტუმრობის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა იყო. ამ შეხვედრაზე მწერალმა რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის სოციალისტური რეალიზმი, გერმანული ლიტერატურა და რამდენიმე საერთაშორისო სალიტერატურო სკოლა, ასევე პროექტები, რომლებზეც იმხანად მუშაობდა. ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე, თუ რომელ სალიტერატურო ტრადიციას მიაკუთვნებდა თავს, ბიოლმა სხვებთან ერთად სელინჯერი და ფელინი დაასახელა და თქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის სულის გადარჩენას მათთან ერთად ცდილობს.

1966 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველი სტუმრობის შემდეგ ქართველი მეგობრებისათვის გაგზავნილი მრავალი წერილიდან ერთ-ერთში ბიოლი წერს, რომ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჰეპატიტი და დიაბეტი დაუდგინეს, რამაც დაახლოებით წელიწადნახევრით აპათიის მდგომარეობაში ჩააგდო. იმავე წერილში ის წერს, რომ სსრკ-ში ჩასვლა კიდევ ერთხელ უნდა, მაგრამ კავკასიაში მოგზაურობა შეიძლება ვეღარ გადაიტანოს, რის გამოც ქართველ მეგობრებს მოსკოვში შეხვედრას სთხოვს. ბიოლი მოსკოვში 1970 წლის გაზაფხულზე ჩავიდა.

მიუხედავად ამისა, 1972 წლის თებერვალ-მარტში მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის PEN International-ის თავმჯდომარის რანგში ბიოლი საბჭოთა კავშირს კიდევ ერთი ხანგრძლივი ვიზიტით ეწვია. თბილისში ის თებერვლის ბოლოს მეუღლესთან, ანემარისთან ერთად ჩავიდა. მეორე ვიზიტის უმთავრეს მოვლენებს შორის მწერალთა კავშირში და პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იყო.

ჰუმანიზმი ახლოდან

1972 წელს საქართველოში სტუმრობის დროს ცოლ-ქმარ ბიოლებს ექსკურსიებსა და შეხვედრებზე ახლდა რეზო ყარალაშვილი, რომელიც ბიოლს ჯერ კიდევ 1966 წელს დაუმეგობრდა. შთაბეჭდილებები მან მოგვიანებით საგაზეთო სტატიაში აღწერა. ყარალაშვილი ბიოლს ახასიათებდა როგორც ერთგვარად მიმზიდველ ადამიანს, რომელსაც მკაცრი გარეგნობა და ხმა ჰქონდა, არ უყვარდა ჰალსტუხები, ხოლო ქუჩის ცხოვრების დეტალები და საუბრები ბევრად უფრო აინტერესებდა, ვიდრე ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბევრი ჭამა და ოფიციალური მიღებები. ამავე დროს, ქართველი ნაცნობების სიმპათიებს ბიოლი თავისი გულწრფელობით, პირდაპირობითა და გარეგნული მხარისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით იწვევდა. ყარალაშვილის აზრით, ლაპარაკის დროს ბიოლი სიტყვებს თითქოს საგანგებოდ არჩევდა და თავის ჰუმანიზმს, უპრეტენზიო ხასიათსა და თანაგრძნობას ავლენდა.

ევროპაში დასაბრუნებლად თვითმფრინავში ასვლის დროს ბიოლს ჰკითხეს, როდის დაბრუნდებოდა საქართველოში. "დავბრუნდები. შეიძლება ერთ წელიწადში, შეიძლება წელიწადნახევარში, მაგრამ ხოლოდ მაშინ, როცა PEN-ის თავმჯდომარე აღარ ვიქნები. მინდა ჩამოვიდე როგორც კერძო პირი. ამ ოფიციალურ აურზაურს ვერ ვიტან", - უპასუხა მან. თუმცა ეს საქართველოში მისი უკანასკნელი სტუმრობა გამოდგა. მის სურვილს ასრულება არ ეწერა.

ვიზიტებს შორის და ვიზიტების შემდეგ ჰაინრიჰ ბიოლმა და მისი ქართველი მეგობრების წრემ წერილები არაერთხელ გაცვალეს. ბიოლი ქების სიტყვებით მოიხსენიებდა ქართულ კონიაკსა და სტუმართმოყვარეობას და თბილისში ხშირად აგზავნიდა უცხოურ ენებზე ნათარგმნ თავის წიგნებსა და თბილისისათვის იშვიათ ფართო მოხმარების სხვა საგნებს. ბიოლის ბევრ ბოლოდროინდელ წერილში კავკასიაში მოგზაურობის გახსენებით გამოწვეული ოდნავ შესამჩნევი ნოსტალგია გამოსჭვივის. მაგალითად, ლევ კოპელევისადმი მიწერილი მისი ერთ-ერთი უკანასკნელი წერილი ასე ბოლოვდება: "ნახვამდის, ჩემო კეთილო მეგობარო. გთხოვ, ყველა ჩემს მეგობარს, განსაკუთრებით საქართველოში, ჩემი თბილი, თბილი, თბილი მოკითხვა გადასცე".