ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2015 წლის 23 აპრილს საჯარო დისკუსიას „როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია“ თბილისში უმასპინძლა. დისკუსიის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სივრცის და სტიმულის მიცემა იყო, ემსჯელათ თუ რა პოტენციალი აქვს ადგილებზე დემოკრატიის განვითარებას. ამჯერად, ცხადია, მსჯელობის საგანი თბილისი იყო.
დისკუსიაზე აუდიტორიის წინაშე წარმდგარი ძირითადი მომხსენებლები, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი, და ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის პროგრამების დირექტორი ლინა ღვინიანიძე, ორ ძირითად საკითხზე მსჯელობდნენ. პირველ რიგში, ხდება თუ არა საზოგადოებრივი ცხოვრების დაახლოება საჯარო პოლიტიკის შემუშავების რგოლებთან. ანუ, ადგილზე წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის სამოქალაქო ინიციატივები პოულობენ თუ არა გასავალს იმ პროცესებზე, რომლებშიც გადაწყვეტილებები იშვება, იქნება ეს მუნიციპალური ადმინისტრაცია თუ გადაწყვეტილებების მიღების კოლექტიური ორგანოები. და მეორეც, შეიძლება თუ არა საუბარი იმაზე, იქცევა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმალური სტრუქტურები ადგილობრივი პოლიტიკის სივრცედ, და შესაბამისად, გვაქვს თუ არა საკამარისი არგუმენტები იმისთვის, რომ სამოქალაქო აქტივიზმის ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლად გარდაქმნაზე ვისაუბროთ.
აღსანიშნია, რომ დისკუსიის მონაწილეთაგან ორი, ნინა ხატისკაცი და ალექსანდრე ელისაშვილი, წარსულში თავიანთი სამოქალაქო პოზიციებით და საქმიანობით იყვნენ ცნობილნი, შესაბამისად, მათ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი და მოთხოვნაც მსჯელობის მონაწილეთა შორის მაღალი იყო. განსაკუთრებით ცხარე კამათი თბილისის ქალაქგანვითარების და ეკოლოგიის საკითხებზე მსჯელობამ გამოიწვია. დისკუსიის მონაწილე „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ წარმომადგენლებმა კონკრეტული პრობლემები და მოთხოვნები დააყენეს ქალაქის ხელისუფლების დარბაზში მყოფ წარმომადგენელთა წინაშე, რომელთა თაობაზეც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა აღნიშნეს. შესაბამისად, ღიად დატოვეს კითხვა თუ რამდენად მართებულია ჩავთვალოთ, რომ ადგილზე არსებული აქტუალური სოციალური და ეკონომიკური პრობლემების თაობაზე პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორებს შორის საკომუნიკაციო ველი ქმედითია და საზოგადოებრივი ინტერესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მარგინალიზაცია არ ხდება.
დისკუსიის ვიდეოჩანაწერი. ნაწილი 1
ნაწილი 2