* სტატია თავდაპირველად გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ჟურნალში "Jahrbuch Ökologie 2016“
** სტატია მომზადდა ლილი ფურთან, შტეფანი გროლთან, ქრისტინე ხემნიცთან და ჰაიკე ლიოშმანთან თანამშრომლობით.
*** წინამდებარე სტატია მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს ჰბფ-ს გლობალურ ეკოლოგიურ საქმიანობას და არ აქვს პრეტენზია სრულყოფილებაზე.
_________________________________________________
ჰანრიჰ ბიოლის ფონდი (ჰბფ) არის მწვანეთა პარტიასთან დაახლოებული პოლიტიკური ფონდი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაფუძნდა და როგორც იდეური ისე პრაქტიკული თვალსაზრისით საერთაშორისო მოთამაშის ფუნქციას ასრულებს. ნებისმიერი გერმანული პოლიტიკური ფონდის მსგავსად, ჰბფ-ს მთავარი ამოცანაა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკური განათლების გავრცელება. მსგავსი ფონდები სოციალური და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობით ეხმარებიან გერმანიასა და მთელს მსოფლიოში ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ მომავალს პოლიტიკის სფეროში ხედავენ. ფონდების დაფინანსება ხდება საგადასახადო შემოსავლებიდან და პროპორციულად ბუნდესტაგში მათი ლობისტი პარტიების წარმომადგენლების რაოდენობის შესაბამისად. ამავდროულად ეს პოლიტიკური ფონდები იურიდიულად დამოუკიდებლები არიან. ისინი თვითონ წყვეტენ, რომელ ქვეყნებში, რა მიმართულებებით იმუშაონ და რომელ პარტნიორებთან ითანამშრომლონ.
_______________________________________________
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი (ჰბფ) არის კავშირ 90/მწვანეებთან პოლიტიკურად ახლოს მდგარი ფონდი, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის სახელს ატარებს. ის 1996 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი ბერლინში მდებარეობს და უკვე 31 ბიურო აქვს გახსნილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი უზენაესი მიზნებია დემოკრატიის და ადამიანის უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა, თითოეული მოქალაქის სოციალური ჩართულობა და საზოგადოების ეკოლოგიური ტრანსფორმაცია. სოციალური ემანსიპაცია და გენდერული თანასწორობა პოლიტიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით საკვანძო ამოცანას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის მიზანია კულტურული და ეთნიკური უმცირესობების თანასწორობა, სქესობრივი ორიენტაციის თვითგამორკვევის უფლება და მიგრაციული ფონის მქონე ადამიანების პოლიტიკური ჩართულობა. ჩვენ გამოვდივართ ძალადობისგან საწინააღმდეგო და აქტიური სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერებად.
საზოგადოების ეკოლოგიური ტრანსფორმაცია
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საქმიანობის დიდი ნაწილი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის კრიზისი, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, რესურსების განადგურება ან გადაჭარბებული გამოყენება, გლობალური უსამართლობა, სიღარიბე და დემოკრატიული ჩართულობის არარსებობა. ჩვენ გვსურს საკუთარი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური და სოციალური ტრანსფორმაციის გლობალურ პროცესში, რისთვისაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ პარტნიორებს. ამ ყოველივეს რეალიზაციას კი სხვადასხვა დონეზე ვახდენთ:
როგორც პოლიტიკური განათლების სფეროს მოთამაშეები ჩვენ, პირველ რიგში, ვავრცელებთ ინფორმაციას იმ ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებში, სადაც საკუთარი ბიუროებით ვარ წარმოდგენილი. ინფორმირება, განათლება და ანალიზი - ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის ამოსავალი წერტილი. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება კლიმატის ცვლილებს თუ ინდუსტრიული აგრარული მოდელების შედეგებს - ფონდი კრებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას და ეხმარება მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ მოთამაშეებს წარმატებული თვითორგანიზებისა და ინტერვენციისთვის საჭირო კომპეტენციების გამომუშავება-განვითარებაში.
როგორც მწვანე იდეების სააგენტო, ვახდენთ საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებას ისეთი თემების გარშემო, როგორებიცაა რესურსების სამართლიანი განაწილება, ქალაქების მაცხოვრებლების მომავალი, საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკა, პოსტაღმავლობის ეკონომიკა და „კარგი ცხოვრება ყველასთვის“. პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევიმუშავებთ კონკრეტული რეფორმების ალტერნატივებს, მაგალითად, რესურსების დაზოგვაზე დაფუძნებული მობილობისა და ეკოლოგიური ურბანული განვითარების მიზნით.
როგორც გლობალური მწვანე ქსელის ნაწილი ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო გაერთიანებებთან. ჩვენ ვაძლიერებთ ალიანსებს, რომლებიც ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ გამოდიან და განახლებად ენერგოწყაროებს უჭერენ მხარს. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ვცდილობთ არასწორი პროცესების და მცდარი მიმართულებების თავიდან არიდებას (იქნება ეს გეოინჟინერია, „მეცხოველეობის ფაბრიკები“, გენური ინჟინერია, დიდი კაშხლები თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები). განვითარების ალტერნატიული გზების მხარდაჭერა - ესაა ამოცანა, რომლის შესრულებასაც ვცდილობთ ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს.
ჰბფ-სთვის მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განზომილებები ერთმანეთისგან განუყოფელია. ეკოლოგიურ პოლიტიკას, რომელიც სოციალურ განზომილებას უგულვებელყოფს, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ გააჩნია. ამავდროულად ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაც ეკოლოგიური კომპონენტის გარეშე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
ეკოლოგია, ყველაფერთან ერთად, სამართლიანობის ფუნდამენტურ საკითსაც უკავშირდება: აქ საქმე გვაქვს მომავალი თაობების საარსებო შანსებთან, ანუ თაობათა შორის სამართლიანობასთან. ინდუსტრიული საზოგადოების ტრანსფორმირებას აქვს შიდასოციალური სამართლიანობის განზომილება: რა დინამიკით ვითარდება ენერგომატარებლების ფასები და მობილურობასთან დაკავშირებული ხარჯები? ვისი ინტერესები არ არის გათვალისწინებული ტრანსფორმაციის სცენარებში? მწვავდება თუ არა ამის გამო უთანასწორობა? ამავდროულად ლაპარაკია ასევე სამართლიან ბალანსზე, ერთის მხრივ, ინდუსტრიულად მაღალგანვითარებულ ჩრდილოეთ ევროპასა და ამერიკას - რომლებზეც მოხმარებული ბუნებრივი რესურსების და, შესაბამისად ემისიების ლომის წილი მოდიოდა და, მეორე მხრივ, ეგრეთწოდებულ გარდამავალი ეკონომიკის და განვითარებად ქვეყნებს შორის, რომლებზეც ეკოლოგიური კრიზისის ნეგატიური შედეგები ყველაზე მტკივნეულად აისახება.
ესაა ის საკვანძო პოლიტიკური საკითხები, რომლებითაც ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს. პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად.
ეკოლოგიური პოლიტიკა
ტერმინმა „ენერგეტიკის ტრანზიცია“ ამასობაში მრავალ ენაში დაიმკვიდრა ადგილი. მსოფლიოს საზოგადოება აღტაცების და სკეფტიციზმის ნარევი გრძნობით უყურებს ინდუსტრიულ სახელმწიფოს, რომელმაც მისი ატომური ელექტროსადგურების გათიშვა გადაწყვიტა და ნაციონალურ დონეზე ელექტროენერგიის წარმოებიდან წიაღისეული საწვავის ამოღებას აპირებს.
ჰბფ ამ მიმართულებითაც ახორციელებს მის საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობას. ინტერნეტრესურსის www.energytransition.de საშუალებით ის ენერგეტიკის ტრანზიციის შესახებ ინფორმაციის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას უწყობს ხელს. ჰბფ ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა მათ შორის, რომლებიც წარმოაჩენენ, რომ ატომური ენერგია არ უნდა იყოს ენერგეტიკული კოქტეილის ნაწილი, განახლებადი ენერგორესურსები კი რეალისტური, რენტაბელური და კონკურენტუნარიანი ალტერნატივაა. აღსანიშნავია, რომ ფუკუშიმას შემდეგაც კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ატომური ენერგია ტაბუდ არ გადაქცეულა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (მაგ.ბრაზილია, უნგრეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი) ატომური ენერგიის გენერირების კუთხით გაფართოების გეგმები კვლავაც არსებობს. პუბლიკაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებით და ალიანსებით ვახდენთ ადგილობრივი პარტნიორების ინფორმირებას ატომური ენერგეტიკის ეკონომიკური, უსაფრხოების პოლიტიკური და ეკოლოგიური შედეგების შესახებ. ეს ხანდახან საკმაოდ რთული საქმეა, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთრივ აქტივისტებს უქმნის საფრთხეს. თუმცა გერმანულმა „ენერგეტიკის ტრანზიციამ“ მრავალი ქვეყანა დააფიქრა ატომური ელექტროენერგიის თაობაზე, მათ შორის ჩინეთიც კი.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი უკვე წლებია მუშაობს, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მასებმა დაინახოს განახლებადი ენერგორესურსები ტრადიციული ენერგეტიკის რეალურ ალტერნატივად. ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდა პოტენციალთან დაკავშირებული არაერთი კვლევის ინიცირება (ჩილესთვის, ინდოეთისთვის, კენიისთვის, პაკისტანისთვის და ა.შ.). მათი ეფექტი ადგილობრივ დონეზე იზრდება. დაბრკოლებებს ქმნიან ეროვნული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. ქვეყნების პარლამენტები ყოყმანით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ წარმატებულად (სამხრეთ აფრიკა) იყენებენ ჩვენს ექსპერტიზას. საზოგადოების განსხვავებულად მოაზროვნე ნაწილისთვის მასმედიის გამოყენება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სამთავრობო პოლიტიკის მიმართ ლოიალურია, ან ცენზურის ქვეშაა, ან კერძო საკუთრებაშია ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივ ექპერტიზის ინტერესი არ გააჩნია.
ჰბფ ამავდროულად ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია გერმანიაში ენერგეტიკის ტრანზიციის პროცესის შეფერხება. ჩვენ ვქმნით სადისკუსიო სივრცეებს და ექსპერტულ ცოდნას განახლებადი ენერგორესურსების კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ. როგორ შეიძლება ენერგობაზრის ოპტიმიზაცია მართვის და კონკურენციული პოლიტიკის თვალსაზრისით? გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის შიდა ბაზრის გამო ენერგოპოლიტიკის განხორციელება მხოლოდ ნაციონალურ დონეზე შეუძლებელი ხდება, ევროპა და ჩვენი „ელექტრომეზობლები“ ყოველთვის რჩებიან ფონდის თვალთახედვის არეში.
ნახშირზე უარის თქმა
ჰბფ მრავალ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად გამოდის ქვანახშირის და მურა ნახშირის მოპოვების და ნახშირისგან ელექტროენერგიის გენერირების წინააღმდეგ. ქვანახშირზე უარის თქმის გარეშე შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, რომელიც გლობალური დათბობის საშუალო მაჩვენებლის შეზღუდვას წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით მაქსიმუმ 2°C-ით გულისხმობს. ნახშირის მოხმარების შედეგების და მისი ალტერნატივების შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მუშაობის გარეშე ამ წიაღისეულის მოპოვება-გამოყენებაზე უარის თქმა ვერ მოხერხდება, მით უმეტეს მსოფლიოს მასშტაბით ნახშირის ძალზე ძლიერი ლობის ფონზე.
ეკონომიკის კვლევის გერმანულ ინსტიტუტთან და ევროპის კლიმატის ფონდთან ერთად 2014 წელს ჩავატარეთ სცენარის კვლევა, რომელიც სათბურის გაზების ემისიის და ელექტროენერგიის ფასების დინამიკას ეხებოდა. ელექტროენერგიის სოციალურად სამართლიანი ფასები ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სტაბილურობას და გარემოს დაცვის პარალელურად, ენერგოპოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო ასპექტს წარმოადგენს. კვლევის შედეგი: გერმანიაში მოძველებული და CO2-ის ემისიის მაღალი ხარისხით გამორჩეული ნახშირის ელექტროსადგურების გაჩერება არსებითი წვლილის შეტანას შეძლებდა ფედერალური მთავრობის მიერ დასახული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის საბირჟო ფასები ზომიერად იზრდება, მისი გენერირება გაზის ელექტროსადგურების მიერ, რომელიც ენერგეტიკის ტრანზიციის კონტექსტში ახალ მნიშვნელობას იძენენ, კვლავ რენტაბელური გახდებოდა. საბითუმო ფასების ზრდა გამოიწვევდა განახლებადი ენერგორესურსების შესახებ კანონის განხორციელებისთვის საჭირო საგადასახადო დაქვითვების შემცირებას. შესაბამისად, კერძო პირებისთვის ფასების ზრდის ალბათობა ძალზე დაბალი იქნებოდა. ხსენებული კვლევა მასმედიის დიდი რეზონანზის საგანი გახდა და წარმატებულად იქნა მიტანილი პასუხისმგებელ საპარლამენტო სტრუქტურებამდე.
2015 წელს გამოვაქვეყნეთ „ნახშირის ატლასი - რიცხვები და ფაქტები გლობალური საწვავის შესახებ“. მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია გლობალური საწვავის, ნახშირის გეოლოგიური, ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი (ადამიანის უფლებები) განზომილებები და, ამავე დროს, ძალზე დეტალურადაა განხილული შესაბამისი კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემატიკა. ნახშირის სამრეწველო მასშტაბებით გამოყენებით გამოწვეული შედეგების საპირწონედ წარმოდგენილია ალტერნატიული სცენარები და პროცესები. გერმანულენოვან გამოცემას ავსებს ინგლისურენოვანი ვერსია, რომელშიც ასახულია „ნახშირის მოწინააღმდეგეთა ალიანსისთვის“ რელევანტური ინფორმაცია, ფაქტები და რიცხვები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ფონდი თავს ხსენებული ალიანსის ნაწილად მოიაზრებს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმის მოთხოვნა პოლიტიკურად არარეალისტურად და უხერხულადაც კი გაიჟღერებდა. ის ფაქტი, რომ ნახშირზე უარის თქმა უკვე სერიოზული საპარლამენტო განხილვების საგნად გადაიქცა, უკვე შეიძლება ჩაითვალოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი „ნახშირის მოწინააღმდეგეთა ალიანსის“ პირველ წარმატებად.
კლიმატის პოლიტიკა
სხვადასხვა ქვეყნებში ატომური ენერგეტიკის შედეგების და განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ჰბფ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის სფეროში. ფონდი უკვე მრავალი წლის მაძილზე კონსტრუქციულად და კრიტიკულადაა ჩართული გაეროს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და პროექტის პარტნიორებს ხსენებულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ამით ყველაფერთან ერთად ვცდილობთ დავაბალანსოთ ევროპის და ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციების დომინანტურობა კლიმატთან დაკავშირებული საერთაშორისო დისკუსიების სფეროში. ჩვენ დიდი რაოდენობით რესურსების ინვესტირებას ვახდენთ ფონდის თითოეული ბიუროს თანამშრომლების და ჩვენი პარტნიორების ცოდნის გაღრმავებაში, მათი კომპეტენციების და ქმედუნარიანობის ამაღლებაში ისევე, როგორც ქსელების და კავშირების შექმნა-გაფართოებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლიმატთან დაკავშირებული ჩვენი საერთაშორისო საქმიანობის დევიზია „სამართლიანობა კლიმატისათვის“ (Climate Justice). ჩვენ ადრევე შევეცადეთ დაგვეფიქრებინა საზოგადოება, თუ როგორ შეიძლებოდა შესაბამის მოლაპარაკებეში სამართლიანობის კომპონენტის ინტეგრირება, მათ შორის „Greenhouse Developments Rights Framework“-ის საშუალებით. როგორ შეიძლება ნდობის ჩამოყალიბება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, როგორ შეუძლია ჩრდილოეთს დაიბრუნოს საკუთარი დამაჯერებლობა, როგორ შეიძლება კლიმატური ზიანის პრევენციის, ადაპტაციის და კომპენსირებისთვის საჭირო ფინანსების გენერირება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ინტენსიურად ვმუშაობთ.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი, სავალდებულო სახის შეთანხმების გაფორმების შანსები, რომელიც 2020 წელს შევიდოდა ძალაში, არცთუ სახარბიელოა. ამიტომ ჰბფ ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის სტაგნაციის მიზეზების დადგენის და შესაძლო ალტერნატივების განსაზღვრის მიმართულებებით. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „კლიმატური სამართლიანობის პროგრამის“ („Climate Justice Programme“) მიერ 2013 წელს ინიციირებული კვლევა თემაზე „Carbon Majors“[1](„მსხვილი დამაბინძურებლები“) მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი პოზიციის საფუძვლად იქცა: წიაღისეულზე მომუშავე 90 უდიდესი საწარმოსათვის წიაღისეულ ენერგომატარებლებზე გადასახადის შემოღების მოთხოვნა. ხსენებულ გადასახადთან დაკავშირებული რეგულაციები დაფიქსირდება დოკუმენტში „ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი დანაკარგებისა და ზარალისთვის“ (Warsaw International Mechanism for Loss and Damage), რომელიც პოზიტიურ ეფექტს მოახდენს სამხრეთში მცხოვრებ, კლიმატის ცვლილებით ყველაზე ძლიერად დაზარალებულ საზოგადოებებზე. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით არანაირი დაფინანსება არ არსებობს.
ზოგადად თემა „კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად მიმართული საერთაშორისო დაფინანსება“ ჰბფ-ს საქმიანობის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. „Oxfam Deutschland“, „Brot für die Welt“ და „Germanwatch“-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვებგვერდით (www.germanclimatefinance.de) გვსურს უფრო გამჭვირვალე გავხადოთ (პროექტების გლობალური მონაცემთა ბაზა) და კრიტიკულად გავაშუქოთ (ინტეგრირეული ბლოგი) ფედერალური მთავრობის მიერ მსოფლიოს მასშტაბით გლობალური დათბობით გამოწვეულ პროცესებთან გასამკლავებლად გამოყოფილი ფინანსების („საერთაშორისო კლიმატის დაფინანსება“) ხარჯვა.
ჩვენი ვაშინგტონის ბიურო ჩართულია კლიმატის შესახებ ჩარჩო კონვენციის (Green Climate Fund) ეგიდით ახლადდაარსებული ფონდის ოპერაციონალიზაციის პროცესში, მათ შორის, ამ ინსტიტუტის საკადრო და ზოგადი პოლიტიკის გენდერულად დაბალანსებულად გაფორმების კუთხით. „Overseas Development Institute“ (ODI)-თან ერთად ადმინისტრირებას ვუწევთ ვებგვერდს www.climatefundsupdate.org - ესაა პირველი გლობალური მისამართი, სადაც კლიმატის საკითხებზე მომუშავე ნებისმიერი ფონდის (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო) შესახებ შეიძლება ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, ჰბფ ბლოგის „კლიმატური სამართლიანობა“ („Climate Justice“) საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს აქტუალურ ინფორმაციას და კომენტარებს ქვეყნის და საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის შესახებ: www.klima-der-gerechtigkeit.de.
რესურსების მართვის პოლიტიკა
ფონდის კიდევ ერთი საკვანძო პროექტის დასახელებაა „რესურსების სამართლიანი მართვა“ (www.boell.de/resource-equity). ამ პროექტის ფარგლებში ჰბფ-ს 21 საზღვარგარეთის ბიუროს და 27 ქვეყნიდან წარმოდგენილი ახალგაზრდების ჩართულობით მოვახდინეთ პროცესის ინიცირება, რომელიც რესურსების მდგრადი მენეჯმენტის პრინციპებს აყალიბებს. საერთო ჯამში ათი „მომავლის სახელოსნოს“ ფარგლებში, რომლებიც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ჩატარდა, ჩვენ შევკრიბეთ ექსპერტების და აქტივისტების ცოდნა, გამოცდილება, იდეები და ხედვები და თავი მოვუყარეთ მათ მემორანდუმში „რესურსების მართვის პოლიტიკა სამართლიანი მომავლისათვის“. ხსენებულ მემორანდუმში შეჯერებულია, ჩვენი აზრით, უმთავრესი გამოწვევები რესურსების მართვის პოლიტიკის კუთხით და სახელდებულია ლოკალური და რეგიონალური სტრატეგიები რესურსების განკარგვის სამართლიანობის ასამაღლებლად: პირველ რიგში, ჩვენ გვსურს ადამიანის და მისი საციცოცხლო გარემოს უფლებებს უპირატესი ხასიათი შევძინოთ ბაზრებთან და მოგებასთან მიმართებაში და ადამიანებს საკუთარი უფლებების გააზრების და, საჭროების შემთხვევაში, დაცვის უნარი გამოვუმუშავოთ. მეორე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების კონცენტრაციის განმუხტვა და ბუნებრივ რესურსებზე, ფინანსურ კაპიტალსა და ტექნოლოგიებზე კონტროლის დაბრუნება. მესამე: აუცილებელია წარმოების და მოხმარების მოდელების ტრანსფორმაცია ისე, რომ დაცული იყოს გლობალური სოციალური და ეკოლოგიური თანასწორობის პრინციპები.
ჩვენ კრიტიკულად ვადევნებთ თვალს გერმანიის (და ევროპის) ნედლეულის მართვის სტრატეგიას, გერმანიაში ნედლეულის პოლიტიკის თვასაზრისით რელევანტური მოთამაშეების აქტივობებს (იქნება ეს სამინისტროები, მრეწველობა, გერმანიის მრეწველობის ფედერალური გაერთიანება, ნედლეულის ალიანსი, გეომეცნიერებების და ნედლეულის ფედერალური სამმართველო და ა. შ.), საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესს (ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა გამჭვირვალობა / „ნედლეულის მომპოვებელი სექტორის გამჭვირვალობის ინიციატივა“, კეთილსინიდისიერების ვალდებულებები, ადამიანის უფლებები და საწარმოო პასუხისმგებლობა). ეს ყოველივე კეთდება ნედლეულის პოლიტიკის კუთხით მომუშავე გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პირველ რიგში „სამუშაო ჯგუფი ნედლეული“-ს კონტექსტში.
ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა
შეზღუდული რესურსების მქონე მსოფლიოში თითოეული ადამიანის გამოკვებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, პირველ რიგში, სწორედ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობით შეიძლება გაეცეს პასუხი. ეს უკანასკნელი საკუთარ თავში აერთიანებს კლიმატის ცვლილებასთან, შიმშილთან და სიღარიბესთან ბრძოლას და რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ამ მიმართულებით გრანდიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის შედეგად ნიადაგის დეგენერაცის პროცესი სულ უფრო მწვავდება, სულ უფრო მეტი ფართობები ხდება აგრარულად უვარგისი. ბიოლოგიური მრავალფეროვნება კლებულობს, წყლის რესურსები მცირდება. ამ ყოველივეს ფონზე დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა უწყვეტად იზრდება. ზოგადი შეფასებების მიხედვით დღესდღეობით დაახლოებით 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, 900 მილიონ ადამიანზე მეტი შიმშილობს. ამიტომ აუცილებელია, რომ განსხვავებული აგრარული და კვების კულტურის ჩამოყალიბება გლობალურ ამოცანად ვაქციოთ.
ინდუსტრიული სახელმწიფოების უზომოდ დიდი „ეკოლოგიური ნაკვალევი“ იკვეთება არა მარტო პროდუქციის და ექსპორტის სფეროში - ჩვენი კვების კულტურაც, განსაკუთრებით კი ხორცპროდუქტების მიმართ მიდრეკილება, მძიმე ტვირთად აწვება გარემოს, მიწის ფართობებს და წყლის რესურსებს. ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის შესახებ ფართო დისკუსიის ხელშეწყობის მიზნით პირველად 2013 და განმეორებით 2014 წლებში გამოვეცით „ხორცის ატლასი - რიცხვები და ფაქტები ცხოველების შესახებ, რომლებითაც ვიკვებებით“. ხორცპროდუქტების წარმოება ცენტრალურ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, როდესაც საქმე მსოფლიოს მასშტაბით სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის ეხება. საფურაჟე ნედლეულის წარმოების მიზნით „გლობალური ჩრდილოეთი“ კოლოსალურ ფართობებს იკავებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არგენტინა და ბრაზილია. ამავდროულად ხორცპროდუქტების მოხმარება სწრაფად მატულობს ბრიკსის (BRICS) ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში. ორივე ატლასი წარმოაჩენს მასობრივი მეცხოველეობის მრავალფეროვან ნეგატიურ სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს. მათი გამოცემა მოხდა გერმანიის გარემოს და ბუნების დაცვის ფონდთან (BUND) და გაზეთ Le Monde Diplomatique-თან (LMD) თანამშრომლობით. ატლასების ინგლისურ, თურქულ, ესპანურ, ჩეხურ და ფრანგულენოვანი ვერსიებით ჩვენი ბიუროები მთელს მსოფლიოში ავრცელებენ ინფორმაციას ხორცის და ხორცპროდუქტების თემის შესახებ. 250 000 გერმანულენოვანი ეგზემპლარით ხსენებული ორი ატლასი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ისტორიაში და, დიდი ალბათობით, ზოგადად ყველა გერმანული პოლიტიკური ფონდის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული გამოცემა აღმოჩნდა.
ზუსტად „გაეროს ნიადაგების წლის“ დაწყების წინ, 2015 წლის იანვარში მდგრადი განვითარების მოწინავე კვლევების ინსტიტუტთან (Institute for Advanced Sustainability Studies (IASS), გერმანიის გარემოს და ბუნების დაცვის ფონდთან (BUND) და გაზეთ Le Monde Diplomatique-თან (LMD) თანამშრომლობით გამოვიდა „ნიადაგის ატლასი - რიცხვები და ფაქტები გრუნტის, მიწის და სახნავ-სათესი სივრცეების შესახებ“. ატლასში განმარტებულია ჯანმრთელი და ნაყოფიერი ნიადაგების მნიშვნელობა ისევე, როგორც მცირე ფერმერული წარმოებებისათვის მიწებთან წვდომის აუცილებლობა.
ჰბფ-ს ატლასები პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ კომპლექსურ თემებს ფართო საზოგადოებისთვის მარტივად და ვიზუალურად კარგად აღქმადად წარმოაჩენენ. გამოცემების მიზანს მდგრადი აგრარული პოლიტიკის და ნიადაგის დაცვის ამბიციური პოლიტიკის შესახებ დებატების სტიმულირება წარმოადგენს.
ჩვენი ამოცანაა ალიანსების ჩამოყალიბება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კამპანიასთან „ჩემი სოფლის მეურნეობა“, რომელმაც მისი არსებობის მეოთხე წელს მოაწყო დემონსტრაცია „ჩვენ ყელში ამოგვივიდა“, რომელმაც გააერთიანა კრიტიკულად განწყობილი მომხმარებელთა ჯგუფები, გლეხები, ფერმერები, მეფუტკრეები, განვითარების პოლიტიკის და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი გაერთიანებები.
„მწვანე ეკონომიკა“
გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP) ბოლო „Global Environment Outlook“-ის თანახმად, რიო დე ჟანეიროში 1992 წელს გამართული გაეროს გარემოს და განვითარების კონფერენციის შემდგომ პერიოდში ყველა ეკოლოგიური ტენდენცია გაუარესებულია. ამის მიუხედავადაც, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ეკონომიკური აღმავლობის იდეა კვლავაც განსაზღვრავს გლობალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ასე, მაგალითად, დიდი ოცეულის ბოლო სამიტზე პრიორიტეტად განისაზღვრა 2%-იანი ზრდა, რომლის მიღწევაც ინფრასტრუქტურული განვითარების კოლოსალური კონიუნქტურული პროგრამის საშუალებით იგეგმება. და ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებმა წიაღისეული ენერგომატარებლების სუბსიდირების დასრულების საკითხი, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გადაჭრილიყო, დღის წესრიგში ამჯერადაც არ ჩასვეს.
ბუნებრივია, ამით პოლიტიკური მიზანი „2°C კლიმატის სტაბილიზაციისთვის“ ძალიან მარტივად რჩება ყურადღების მიღმა. პლანეტარული საზღვრები არ არის არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური ხასიათის, ისინი ფიზიკური ხასიათისაა, რაც გლობალურ ეკოლოგიურ ტრანსფორმაციას მოითხოვს. ამგვარად მისასალმებელია, რომ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორებიცაა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკიც კი მოითხოვენ მოდელზე „business as usual“ უარის თქმას და მხარს უჭერენ „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას. ამგვარი მიდგომა უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე ეხება „გლობალური სამხრეთისთვის“ განვითარების უფლების უზრუნველყოფას და, ამავდროულად, მავნე ნივთიერებების გლობალური ემისიის შემცირებას.
გლობალური ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიების არსებობა. თუმცა ყველაფერი, რაც კლიმატის ცვლილებების ან რესურსების სიმწირის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილ წვლილად ითვლება ვერ იქნება ამავდროულად სოციალურად და ეკოლოგიურად თავსებადი და სასურველი. „მწვანე ეკონომიკის“ არაერთი კრიტიკოსი მიუთითებს ამ უარყოფით მხარეებზე: ბუნებრივი ტყეების გაკაფვა პალმის ზეთის პლანტაციებისთვის; შაქრის ლერწმის მასშტაბური გაშენება ბიოსაწვავის მოსაპოვებლად; მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული კონკურენცია და მიწების უკანონო მითვისება; ისედაც მცირე რაოდენობით შემორჩენილი ფართობების სწრაფი შემცირება ელექტრომობილების და ქარის ელექტროგენერატორებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურების მოწყობის მიზნით; დიდი სივრცეების ათვისებასთან დაკავშირებული სოლარული პანელები და ა. შ. ამგვარ პროექტებს ცალკეულ შემთხვევებში ბუნებისთვის დამღუპველი შედეგები სდევთ თან: ხდება ადამიანების აყრა მათი ისტორიული საცხოვრისებიდან, ჩნდება სიღარიბის ახალი კერები და გარემოს დაბინძურების ახალი წყაროები. აქედან გამომდინარე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გადაწყვიტა მსგავსი არასწორი პროცესების თემატიზება. ამ ყოველივეს ნაცვლად ჩვენი მიზანია „მწვანე ეკონომიკა“, რომელიც ნახშირბადისგან მაქსიმალურად თავისუფალ და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე ორიენტირებულ მსოფლიოს სამართლიანობასთან და ადამიანის უფლებებთან აკავშირებს. ოპონენტები მრავალი დისკუსიის თუ დებატის ფარგლებში ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით გლობალური წარმოების და მოხმარების ფორმები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ კვლავაც გავაგრძელოთ წარსულში განსაზღვრული აღმავლობის გზით სიარული. ამგვარ დისკუსიებში ჩვენ მივუთითებს არასწორ მიმართულებებზე, ვმოქმედებთ როგორც ინფორმაციული შუამავლები, როგორც იმპულსის მიმცემი და ადამიანების და ორგანიზაციების ერთმანეთთან დამაკავშირებელი მოთამაშეები. როგორც მწვანე ფონდი ჩვენ ვართ მრავალმხრივი საერთაშორისო „სადაზვერვო მოძრაობა“ - ჩვენ ვეძებთ ეკონომიკის ფორმებს, რომლებიც ადამიანთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და თითოეულის კეთილდღეობას შესაძლებლად აქცევს, თუმცა, ამავდროულად ზედმეტ ტვირთად არ დააწვება ბუნებას და გარემოს ან გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს მათ.
ამასთან, მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ქონების რეაპროპრიაციის და საერთო სარგებლობის მიწების დაცვის სტრატეგიები. „სხვანაირად - ნაკლებად - უკეთესად“ - ეს იყო 2014 წელს ლაიპციგში გამართული ეკოლოგიური მდგრადობის და სოციალური სამართლიანობის მე-4 კონფერენციის (Degrowth-Konferenz Leipzig) ლეიტმოტივი. ამ ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექსპერტები, სოციალური მოძრაობების, მეცნიერების და ხელოვნების წარმომადგენლები მსჯელობდნენ ეკონომიკური აღმავლობის პარადიგმას მიღმა არსებული საზოგადოებისთვის აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯებზე. დისკუსიებში ასევე მონაწილეობდა ჰბფ-ს მრავალი საერთაშორისო პარტნიორი.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მდგრადი განვითარების პრინციპები
ჰბფ როგორც გლობალური მოთამაშე ცდილობს წარმოაჩინოს, თუ რამდენად მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინდუსტრიულ ქვეყნებს გლობალური ეკოლოგიური და სოციალური ტრანსფორმაციის საქმეში. ასე მაგალითად, როდესაც ვახდენთ ჩვენთან ენერგორესურსების და ხორცპროდუქტების მოხმარების თემატიზაციას, ამით ვიმაღლებთ სანდოობის და ჩვენი საქმიანობის დამაჯერებლობის ხარისხს გლობალურ აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ამასთან ერთად გვსურს საკუთარ სახლში სხვებისთვის კარგი მაგალითის ჩვენება.
ფონდის ახალი ცენტრალური ოფისი ბერლინის ცენტრში არქიტექტურული ავანგარდის ნიმუშია. ამ ახალი შენობის (2006-2007 წლები) ენერგოკონცეფციის მთავარ პრინციპს მდგრადობა წარმოადგენდა. მცირე მოცულობის, თუმცა ზეთანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს პირველადი ენერგიის ძალზე მცირე რაოდენობით მოხმარებას. როგორც ჩვენი სივრცეების გაქირავების, ისე საკუთარი ღონისძიებების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქეიტერინგის ეკოლოგიურ ასპექტებს. სტუმრებს, პარტნიორებს და თანამშრომლებს ვთავაზობთ მხოლოდ ვეგეტარიანულ, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ კერძებს და სასმელებს. ჩვენი მომწოდებლები ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, იყენებენ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სეზონურ პროდუქტებს.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და მსოფლიოს მასშტაბით მისი პარტნიორების საქმიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დიდი წვლილი შეაქვს ეკოლოგიური და სოციალური ტრანსფორმაციის საქმეში. ამასთან სამართლიანობა და ადამიანის უფლებები ნორმატიულ პრინციპებს წარმოადგენენ. ჩვენ ცნობიერებას ცოდნით ვაყალიბებთ, მხარს ვუჭერთ რეფორმების კონკრეტულ შემოთავაზებებს და წიაღისეულზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელის ალტერნატივებს; სტიმულს ვაძლევთ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იბრძოლონ საკუთარი უფლებების და სოციალური თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად. როგორც პოლიტიკური ფონდი, საკუთარ თავს გლობალური მწვანე მოძრაობის ნაწილად და ახალი იდეების გენერატორად მოვიაზრებთ. ფონდს ვხედავთ, როგორც სამართლიანი, ნახშიროჟანგისგან თავისუფალი და რესურსების დაზოგვაზე ორიენტირებული მსოფლიოს შესახებ სადისკუსიო პლატფორმას.
ლიტერატურა
Heinrich-Böll-Stiftung: Jahresbericht. Berlin 2014.
Heinrich-Böll-Stiftung: Bodenatlas. Daten und Fakten über Erde, Land und Acker. Berlin 2015.
Heinrich-Böll-Stiftung: Fleischatlas. Daten und Fakten über Tiere, die wir essen. Berlin 2014.
Heinrich-Böll-Stiftung: Kohleatlas. Daten und Fakten über einen globalen Brennstoff. Berlin 2015.
Heinrich-Böll-Stiftung: Gerechtigkeit gestalten. Ressourcenpolitik für eine faire Zukunft. Berlin 2014.
Heinrich-Böll-Stiftung, Global Policy Forum Europe & terre des hommes Deutschland: Umsonst oder unbezahlbar? Zur neuen Ökonomie der Natur. Berlin 2014.
Richards, Julie-Anne, Keely Boom & Heinrich-Böll-Stiftung: Carbon Majors Funding Loss and Damage. Berlin 2014.
Unmüßig, Barbara & Heinrich-Böll-Stiftung: Vom Wert der Natur. Berlin 2014.
United Nations Environment Program (UNEP): Global Environment Outlook (GEO 5). London 2012.
[1] თარჯიმნის კომენტარი: Carbon Majors („მსხვილი დამაბინძურებლები“) გახლავთ რეცენზირებადი სამეცნიერო კვლევა, რომელიც 2013 წელს ჟურნალში „კლიმატის ცვლილება“ გამოქვეყნდა. კვლევის ზუსტი სათაურია „წიაღისეული საწვავის და ცემენტის მწარმოებლების მიერ 1854-2010 წლებში გაფრქვეული ნახშიროჟანგის და მეთანის ემისიების შეფასება“. აღნიშნული კვლევა საფუძვლად დაედო ახალ ინიციატივას, რომელიც წიაღისეულზე მომუშავე 90 უდიდესი საწარმოსათვის წიაღისეულ ენერგომატარებლებზე გადასახადის შემოღებას ითხოვს.