გაიაზრე მეწამორი (2016-2017)

2016-17 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ურბანლაბ სომხეთი (UrbanLab Armenia) და ბოღოსიანის ბაღები (Boghossian Gardens) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით განახორციელეს პროექტი - „გაიაზრე მეწამორი“.

Კითხვის დრო: 2 წუთი

მეწამორი ერავანთან ახლოს მდებარე „ახალი“ ქალაქია, რომელიც მეწამორის ატომური სადგურის თანამშრომლებისთვის აშენდა. ქალაქიც და ატომური სადგურიც, 1970-იან წლებში, არქიტექტორმა - მარტინ მიქაელიანმა დააპროექტა. 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრამდე მეწამორის მხოლოდ დასავლეთი ნაწილის აშენება მოესწრო, მოგვიანებით კი, როცა სადგურის დახურვა გადაწყდა, ქალაქის მშენებლობა შეწყდა.

დღეს ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ენერგორესურსებით მწირი სახელმწიფოს მთლიანი ენერგომოხმარების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. სადგური ქალაქის დაარსების მთავარი მამოძრავებელი ძალა და მეწამორელთა უმრავლესობის დასაქმების ადგილია. ამავე დროს უკვე რამდენიმე წელია გაჩნდა არსებული რეაქტორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში, მისი დახურვის და იმავე ადგილას ახალი სადგურის აშენების პერსპექტივები.

პროექტი „გაიაზრე მეწამორი“ მიზნად ისახავდა საბჭოთა მოდერნიზმის სამაგალითო ნიმუშის - ქალაქ მეწამორის, ურბანული ტრანსფორმაციის კვლევას და ვიზუალიზაციას. ერთის მხრივ მოხდა ქალაქის ურბანული ისტორიის გაცოცხლება, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქის ურბანული გარემოს პოსტ-საბჭოთა განვითარების ანალიზი. პროექტი შეეცადა წარმოაჩინა საზოგადოებაში გაჩენილ ის წინააღმდეგობები, რაც ატომური სადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და უსაფრთხოების ასპექტებს უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში შემდეგი ძირითადი აქტივობები განხორციელდა:  

  1. ქალაქ მეწამორის თავდაპირველი დაგეგმარების როგორც საველე, ისე სამაგიდე კვლევა (საოჯახო და სახელმწიფო არქივების კვლევის და ინტერვიუების მეშვეობით);
  2. ქალაქ მეწამორის დღევანდელობის შესწავლა (შესაბამისი ფოტომასალის და ინტერვიუების მეშვეობით);
  3. ქალაქის უტოპიური დაგეგმარების და გარემოსდაცვითი „შიშების“ სოციალური ასპექტების შესახებ ელექტრონულ სივრცეში ცნობიერების გაზრდის მიზნით მეწამორის შესახებ ინტერნეტ რესურსების შექმნა ;
  4. ჩატარებული კვლევის საფუძველზე ორენოვანი (სომხურ-ინგლისური) პუბლიკაციის მომზადება;
  5. თანამედროვე ურბანული მემკვიდრეობის და ქალაქგანვითარების თემებზე საჯარო დისკუსიების ჩატარება;
  6. მეწამორის მნიშვნელობის და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მისი მნიშვნელობის გასააზრებლად გამოფენის მომზადება და მისი წარდგენა მეწამორსა და ერევანში.