ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ჩემი სტაჟირება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ამ დროს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება წლის ბოლოს, იწყებოდა დონორისთვის წლიური ანგარიშის მზადება, რაც ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა გახდა. საშუალება მომეცა სრულად გავცნობოდი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მრავალფეროვან და საინტერესო მუშაობას სამხრეთ კავკასიაში. თითოეული პროექტის შეფასებამ კარგად დამანახა, თუ როგორ მუშაობს სამოქალაქო განათლება რეგიონში, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა ჩემი ინტერკულტურული კომპეტენცია.
გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ ერთობლივ ღონისძიებებში. პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები ისტორიკოსებთან და სხვა მეცნიერებთან, რომლის დროს ვიგებდი, როგორ ებრძვის ქართული საზოგადოება საბჭოთა წარსულს. უნივერსიტეტში სწავლის დროს მე არაერთხელ მომიწია საქართველოს ისტორიის ამ პერიოდზე მუშაობა, და თბილისში მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს ცოდნაში.
სტაჟირების დროს მე კვლავ გავააქტიურე ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გერმანიაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობისას დავაგროვე, ხოლო ეს თავის მხრივ ძალიან დამეხმარა ჩემი კარიერის შემდგომ განვითარებაში ბერლინში დაბრუნების შემდეგ, სადაც მუშაობა დავიწყე ორგანიზაციის n-ost-ის ერთ- ერთ პროექტში. n-vestigate-ის ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან. მომავალში ვფიქრობ დავუბრუნდე კავკასიისა და მისი კონფლიქტების შესწავლის საკითხებს იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში ვიმუშაო რეგიონში არსებულ კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის საკითხებზე.
სტაჟირების დროს ჩემი ყველაზე დიდი და პირადი „მიღწევა“ იყო 10 არაჩვეულებრივი და საქმისადმი ერთგული კოლეგის გაცნობა. ძალიან თბილად მახსენდება ოფისში ერთობლივი სადილები ქართული ენის პრაქტიკული გაკვეთილებით და სასიამოვნო საუბრებით.