ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

გენდერი და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ მწვავე დებატების თემაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.წინამდებარე პუბლიკაციის სათაურის ფორმულირებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად რთულია დასავლეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში დამკვიდრებული ცნებების ადგილობრივი კონტექსტისათვის მორგება და სათანადოდ თარგმნა.

კრებული „ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” შედგენილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები განსაკუთრებულად საინტერესო იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუბლიკაციის სამი სტატია სომეხ და ქართველ სპეციალისტებს ეკუთვნით, არამედ იმიტომაც, რომ აქ თავმოყრილი მასალა მკითხველს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებაც გაუფართოებს თვალსაწიერს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გვგონია საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური პროცესების ტენდენციების ანალიზისთვის; აგრეთვე, გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ „უკურეაქციასთან”[1] დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო სტრატეგიების შემუშავების თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც 2013 წელს სომხეთში „ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ” კანონი მიიღეს, თავად სიტყვა „გენდერის” ჩაწერაც კი საკამათო გახდა. კანონში ტერმინმა „გენდერმა”ერთმანეთს დაუპირისპირა ნაციონალისტი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. „გენდერი” სომხეთში ეროვნულ ღირებულებებთან შეუთავსებელი შინაარსის მატარებელ ზედსართავ სახელად გადაიქცა. ამ ანტიგენდერული კამპანიის შედეგად, კანონიდან ამოიღეს სიტყვა „გენდერი” და ყველგან „ქალითა და მამაკაცით” ჩაანაცვლეს.

სომხეთთან გარკვეული განსხვავების მიუხედავად, არც საქართველოა გამონაკლისი ანტიგენდერული შეხედულებების თვალსაზრისით. აქ ძლიერ მოთამაშეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს, რომლის პოლიტიკური განცხადებები ხშირად სწორედ გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ არის მიმართული.მაგალითად, 2014 წელს პარლამენტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს განიხილავდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულ კანონპროექტს „მომაკვდინებელი ცოდვის” პროპაგანდა უწოდა. ამის მიზეზი კვლავ ტერმინების მნიშვნელობებზე შეუთანხმებლობა გახდა – ეკლესიისთვის მიუღებელი იყო, რომ დისკრიმინაციის განსაზღვრებათა ჩამონათვალში „გენდერული იდენტობა” და „სექსუალური ორიენტაცია” ფიგურირებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ინსტიტუციის ინიციატივით აგორებულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ გაამყარა წარმოდგენები, რომ გენდერული თანასწორობა ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

მსგავსი დისკუსიები სომხეთსა და საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში კვლავ ბუნდოვანია გენდერის კატეგორიის მნიშვნელობა და ის დასავლეთიდან თავსმოხვეულ ცნებად, მიიჩნევა. ეს გამოცემა ამ ცნების აკადემიურად განმარტებისა და ქართულად/სომხურად თარგნის მცდელობაა.


[1] ინგლ.: backlash

 

 

Product details
Date of Publication
2015
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
108
Licence
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-8408-9
Table of contents

შესავალი – გენდერი/”უკურეაქცია”. კიდევ ერთი კონსერვატიული რევოლუციის შემდეგ
კატია გიბელი, გერტ რორბორნი

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის
ეკატერინე აღდგომელაშვილი

ქალის უფლებების გაძლიერება საქართველოში შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის დასაძლევად
ანა არგანაშვილი

ცვლილებების მიღწევის საშუალებები: ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევა სომხეთში
ანა ნიკოღოსიანი

წინ თუ უკან? გენდერული თანასწორობისკენ მიმართული “უკურეაქციის” გადალახვის სტრატეგიები უნგრეთში
ბორბალა იუჰასი

სიყვარული და შიში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები სლოვაკეთში
ზუზანა მადიაროვა

“ომი გენდერის წინააღმდეგ” ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან – გაკვეთილები ფემინისტური სტრატეგიების შემუშავებისათვის
ელჟბეტა კოროლჩუკი

კულტურული ომი თუ ჩვეულებრივი ბიზნესი? პოლონეთში ქალისა და სქესობრივი უფლებების საწინააღმდეგო “უკურეაქციის” ბოლო შემთხვევები და ისტორია
მაგდალენა გრაბოვსკა

ემანსიპაციის „ნაცრისფერი ზონა”
თამარა ზლობინა

გენდერული პრობლემები უკრაინაში: ევრომაიდნის პროტესტები – პატრიარქალური თუ ეგალიტარიანული?
თამარა მარცენიუკი

გენდერული უთანასწორობის კვლევის საზღვრები ბელარუსში
ვოლჰა პიატრუკოვიჩი

ჩვენ ეს შეგვიძლია! ქალის უფლებების გაძლიერება, კონსერვატიული “უკურეაქციისათვის” წინააღმდეგობის გაწევა და გენდერული სტერეოტიპების დაძლევა ჩეხეთში
ანა სმიგელს-კავკოვა, ვერონიკა შპრინცოვა

ფემინისტური გამოცდილება სერბეთში
ელენა ვიშნიჩი

ავტორები