წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე
საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებებით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ სომხეთსა და საქართველოში.
ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, რომელთა შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოში 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება, ჯგუფის წევრები კვლავაც ხდებიან ძალადობის, დისკრიმინაციისა და ზეწოლის მსხვერპლნი როგორც საზოგადოების, ისევე კონკრეტული ინსტიტუტების, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მხრიდან. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) ნიადაგზე ხშირად აღრიცხვის, და შესაბამისად, სათანადო რეაგირებისა და სასჯელის გარეშე რჩება. ჰომო/ბი/ტრანსფობია, რომლის ფესვებიც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში არის ღრმად გადგმული, გამყარებულია ტრადიციული ღირებულებების, ბინარული და ჰეტერონორმატიული გენდერული როლებით, რომლებიც, თავის მხრივ კვებავს ამ ქვეყნებში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ კულტურას და ხელს უშლის ლგბტი ადამიანებს, სრულფასოვნად ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დემოკრატიული ღირებულებების და უმცირესობათა უფლებების აღქმის სუსტად გამოხატული ფორმები, რაც დიდწილად საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, ლგბტი პირები ადგილობრივი ტრადიციებისა და რელიგიის მტრებად აღიქმებიან[1].
ორ ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციასთან კომპლექსურად გასამკლავებლად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“, შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.
პროექტის საერთო მიზანს ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვისა და მათ მიმართ პატივისცემის გაძლიერება, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და ლგბტი ადამიანთა ადგილობრივ საზოგადოებებში სრულფასოვანი ჩართვა წარმოადგენს. პროექტის კონკრეტული მიზნები კი ითვალისწინებს ლგბტი ადამიანთა მხარდაჭერას მათი უფლებების სრულმასშტაბიან რეალიზაციაში ლგბტი-სადმი მეგობრული გარემოს გაუმჯობესებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხების ირგვლივ სომხეთსა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შეთანხმებულობის სტიმულირების გზით.
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს პროექტის პარტნიორების მიერ გაწეული ერთწლიანი კოორდინირებული ძალისხმევის შედეგს, რომელიც ითვალისწინებდა ორივე ქვეყანაში პარალელურად ორი კომპლექსური კვლევის შემუშავებასა და განხორციელებას: ლგბტი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა სრულყოფილი კვლევა და არსებული უფლებრივი და ფიზიკური პირობების სიტუაციური ანალიზი.
ლგბტი ადამიანთა მიმართ სოციალური დამოკიდებულებების შესახებ ფართომასშტაბიანი და ამომწურავი კვლევა შეისწავლის არსებულ სოციალურ ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს, და ამ დამოკიდებულებათა თვისებებსა და არსს, რათა გამოიძიოს სომხეთსა და საქართველოში არსებული ჰომოფობიის მასშტაბი და სპეციფიკა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევები უკვე არსებობს (მაგ., CRRC-საქართველოს კავკასიის ბარომეტრის 2011 წლის კითხვარი[2]), მოცემული კვლევის მასშტაბები უპრეცედენტოა. ის მყარ საფუძველს ქმნის ლგბტი ადამიანების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულებების ჭრილში ინტეგრირებული პერსპექტივისა და ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის. სომხეთსა და საქართველოში პარალელურად ჩატარებულ კვლევებში გამოყენებული ფაქტობრივად იდენტური მეთოდოლოგია ასევე მოგვცემს მომავალში მოპოვებულ მონაცემთა შედარების საშუალებას.
სომხეთსა და საქართველოში ლგბტი ადამიანთა უფლებრივი და ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური ანალიზი უზრუნველყოფს არსებული სამართლებრივი სტანდარტებისა და პოლიტიკური დოკუმენტების სიღრმისეულ ანალიზს, არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზს, ლგბტი ადამიანთა მიმართ სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებისა და მათ მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დონეების შეფასებას; ლგბტი ადამიანთა მხრიდან შესაბამის მომსახურებაზე (როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ა.შ.) ხელმისაწვდომობის ანალიზს.
როგორც კვლევა, ასევე სიტუაციური ანალიზი ჩაუყრის საფუძველს თითოეულ ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება ლგბტი უფლებების დაცვისკენ. სტრატეგიის დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციების პაკეტს კონკრეტული უწყებებისთვის. ადვოკატირების დოკუმენტი და აღნიშნული კვლევების დასკვნები ასევე გამოიყენება ცნობიერების ამაღლების კამპანიისა და სამოქალაქო საზოგადოების და ლგბტი ორგანიზაციების, ასევე აქტივისტებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების დასაგეგმად.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის მეთოდოლოგიისა და კვლევითი ინსტრუმენტების შემუშავებაში, სიღრმისეული ანალიტიკური ანგარიშების წარმოებასა და კვლევების განხორციელებისთვის; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს საქართველოში და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს სომხეთში ყოვლისმომცველი საველე სამუშაოების ჩატარებისთვის, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზისთვის; ექსპერტებს: ეკატერინე აღდგომელაშვილს, რომელმაც უზრუნველყო თითოეული კორელაციის საფუძვლიანობა და უამრავი ფასდაუდებელი საათი და დიდი ძალისხმევა ჩადო მაღალი ხარისხის, სრულყოფილი და ამომწურავი ანგარიშის ჩამოსაყალიბებლად; ასევე, ელმირა ბახშინიანს, ჯეკ ვაჰან ბურნაზიანს და მარიამ ოსიპიანს კვლევებში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლების წვლილიც: ეკა წერეთლისა – კვლევისთვის გრაფიკული დიზაინის შემუშავებაში, ასევე ანა ნემსიწვერიძე-დანიელსისა – კვლევისა და სიტუაციური ანალიზის თარგმანსა და რედაქტირებაში, და ჰასმიკ ჰაირაპეტიანის დახმარება რაოდენობრივი ინსტრუმენტების თარგმანში.
იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე კვლევები ხელს შეუწყობს ლგბტი ადამიანთა უფლებების უკეთ გააზრებას სომხეთსა და საქართველოში და საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს მათ დაცვას და ცხოვრების ყველა სფეროში სრულუფლებიან და სრულფასოვან ჩართვას, რაც, შესაბამისად, დემოკრატიული განვითარებისა და ინკლუზიური, ტოლერანტული და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების თვისებაა.
ნინო ლეჟავა
დირექტორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
[1] სილვია შტობერი, ლგბტ უფლებები სამხრეთ კავკასიაში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, ლგბტ ვებ-დოსიე: <https://ge.boell.org/en/2013/05/30/lgbt-rights-south-caucasus>.
[2] კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ სამხრეთ კავკასიაში <http://crrc-caucasus. blogspot.com/2013/07/attitudes-towards-homosexuality-in.html>.