საქართველოს ევროატლატიკური ინტეგრაციის მიზანი საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვა და ქვეყნის განვითარებაა, რამაც მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის ნიშნავს ტრადიციებზე და ახალ ცოდნაზე დაფუძნებულ მეურნეობას, კანონის უზენაესობას, მაღალ სამხედრო სტანდარტებს, უკეთეს განათლებას და ჯანდაცვას - ყველაფერი იმას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ცხოვრების სურვილს. ალტერნატივაა რუსულ-საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული ჩამორჩენილი, ნახევრად კრიმინალური კორუფციული სოციალურ-ეკონომიკური გარემო, უკანონობა და მოსახლეობის სურვილი გაექცეს ასეთ გარემოს, ანუ მაღალი ემიგრაცია. Mდა მაინც, მიუხედავად მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერისა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და, პირველ რიგში ნატოს წევრობა, ქვეყანაშიც და საერთაშორისო პოლიტიკაშიც სერიოზული პოლემიკის საგნად რჩება.
ნავარაუდევი დათმობები ევრო-ინტეგრაციის პროცესში
საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილი ნატოს-სთან ინტეგრაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული კონფლიქტური ტერიტორიების მომავლის კონტექსტში განიხილავს. მათთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ამ ტერიტორიებზე საბოლოო უარს ნიშნავს. ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ხელოვნურად გახლეჩილი სახელმწიფოს ერთი ნაწილის ნატოში გაწევრიანება არ გამორიცხავს ასეთი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამის მაგალითია გერმანია. ცხადია, საქართველო გერმანია არ არის, მაგრამ ამგვარი პრეცედენტის არსებობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ტეროტორიაზე სრული სუვერენიტეტის გავრცელება, მისი უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა და ამით ეკონომიკური განვითრების ფართე შესაძლებლობების შექმნა. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებით ისინი საერთაშორისო სამართლისა და საზოგადოების თვალსაზრისით დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. შესაბამისად, ყოველთვის იარსებებს შესაძლებლობა უკეთესი საერთაშორისო გარემოს პირობებში მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
მეორე საკითხი, რომელიც გაისმის შიდა პოლიტიკურ დებატებში, უკავშირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხრიდან გარკვეულ დათმობებს ეკონომიკური პოლიტიკის თუ სხვა მიმართულებებით. ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ალიანსის წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დელეგირებას გულისხმობს. აქ მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის დელეგირებაზე გადაწყვეტილებას თავად სახელმწიფო იღებს მისთვის მისაღებ პირობებზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება თავს მოხვეულია სხვა სახელმწიფოს მიერ.
მაგალითად, სომხეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრი სახელმწიფო, წლების განმავლობაში ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად, და ეს იყო სომხეთის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. მაგრამ 2013 წლის სექტებერში, თვით სომეხი ხალხის და მთავრობის უმრავლესობისთვის მოულოდნელად, სომხეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და რუსეთის მიერ მართულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს უერთდებოდა. ცხადი იყო, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მაშინ სომხეთის ხელმძღვანელმა რუსეთის ზეწოლით მიიღო. სომხეთმა თავისი სუვერენიტეტის დიდი ნაწილი თავისი ნების და ინტერესების საზიანოდ დათმო და უფრო მდიდარი, ტექნოლოგიურად მოწინავე და დიდი სავაჭრო პარტნიორის ნაცვლად კორუმპირებული და ჩამორჩენილი ეკონომიური გარემოს ნაწილად დარჩა.
ევროპის უსაფრთხოება და პატარა სახელმწიფოები
დებატების მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რამდენად არის დღეს ევროპა და ნატო მზად საქართველოს ინტეგრაციისთვის, და რამდენად უწევს ევროპა ანგარიშს რუსეთის აზრს ამ საკითხებთან მიმართებაში? სომხეთის მაგალითსაც, და ამ კითხვასაც მივყევართ უფრო მნიშვნელოვან საკითხთან: აქვთ თუ არა პატარა სახელმწიფოებს სუვერენული უფლება თავად აირჩიონ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები?
ჰელსინკის პროცესით და ეუთო-ს შექმნით, და მერე ცივი ომის დასრულებით ევროპაში თითქოს ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი, რომელიც მცირე და სუსტი ქვეყნების სუვერენული უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა. მაგრამAამ წესრიგის რღვევა დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთმა ევროპელებზე, და პირველ რიგში გერმანიაზე თავისი გავლენის მეშვეობით ბუქარესტის სამიტზე პრაქტიკულად დაბლოკა ნატო-ს შემდგომი გაფართოების პროცესი, რასაც მოაყოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 2013 წელს რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდა და სომხეთსა და უკრაინას ბოლო მომენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ათქმევინა უარი, რასაც უკრაინაში ევრომაიდანის პროტესტები და, ამის პასუხად, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია მოჰყვა. რუსეთი უკვე გამოვიდა რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების ჩარჩოებიდან და ფაქტიურად ახალი საზღვრების და ახალი რეალობების შექმნით ცდილობს დასავლეთი დაითანხმოს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე. ამ “ახალი” სისტემის მთავარი კომპონენტი იქნება რუსეთის უფლება დაიმკვიდროს გავლენის სფეროები და შეზღუდოს მისი მეზობლების უფლება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
დასავლეთი რუსეთის ამ გეგმას არ იღებს, და უკვე საკმაოდ აგრესიულადაც უპირისპირდება. თავისი უკრაინული ავანტიურით რუსეთმა ნატო გამოაფხიზლა. შეგახსენებთ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკული და ევროპული უსაფთხოების სისტემაში რუსეთი სტრატეგიულ საფრთხედ აღარ ითვლებოდა. 2014 წლიდან სურათი შეიცვალა და რუსეთმა საკუთარი მოქმედებებით “აღიდგინა” ევროპისთვის მთავარ სტრატეგიული საფრთხის სტატუსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ყველა პოლიტიკოსი იზიარებს ამ მოსაზრებას, ან რომ რუსეთმა სრულად დაკარგა გავლენა ევროპაზე. რუსეთი აგრძელებს ბრძოლას, და შეეცდება მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს: უფლებას რომ თავად განსაზღვროს თავისი სამეზობლოს ბედი.
რუსეთის ბრძოლის ნაწილია საქართველოს და სხვა ქვეყნების ნეიტრალიტეტის იდეის ცირკულაცია არა მარტო საქართველოსი და რუსეთის სამეზობლოში, არამედ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოს ტემპერამენტით, ეროვნული თუ საერთაშორისო საკითხებისადმი მიდგომით განსხვავებული მთავრობები მართავდა, თუმცა ვერც ერთმა ვერ აირიდა სხვადასხვა ფორმაში გამოხატული რუსული აგრესია. რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში სუვერენული გადაწყვეტილებები აღიზიანებს. ბელორუსიას და ყაზახეთს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ ამ ყველაზე “ლოიალურ” ქვეყნებსაც კი რუსეთი პერიოდულად სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის სრული დელეგირების ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია რუსეთისთვის. სუვერენული საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, რომელიც დამოუკიდებელ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას გაატარებს, რუსეთისთვის მიუღებელია. შესაბამისად, რუსეთი საქართველოსთვის გრძელვადიანი საფრთხეა და ამ საფრთხესთან გამკლავება დამოუკიდებლად საქართველოს არ შეუძლია.
ამგვარი მდებარეობის ქვეყანა, რომელსაც არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასიაც და ტერორისტულ დაჯგუფებათა სიახლოვეც ემუქრება, ნეიტრალური ვერ იქნება. საქართველოს არ აქვს დღევანდელი შვეიცარიის მსგავსი, სამხედრო-პოლიტკური თვალსაზრისით დაბალანსებული სამეზობლო. ის უნდა იყოს მყარი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ნეიტრალიტეტი საქართველოს პირობებში მიუღებელია. ის სუვერენიტეტის რეგიონის დომინანტ ძალაზე, ანუ რუსეთზე, დელეგირებას გულისხმობს. ამის მაგალითია ცივი ომის დროინდელი ფინეთი, რომლის ნეიტრალიტეტი გულისხმობდა სუვერენიტეტის მკაცრ შეზღუდვას საბჭოთა კავშირის მიერ.
ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ მუდმივად წარმოაჩინოს თავისი სტრატეგიული ერთგულება ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი არა მარტო დეკლარაციებით, არამედ მოქმედებითაც. დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ლეგიტიმური მთავრობების მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს წარმატების საწინდარი იქნება, რომელიც ევროპელ სკეპტიკოსებსაც დაარწმუნებს საქართველოს არჩევანის სიმყარეში. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატება უდიდესი წვლილი იქნებოდა მცირე ქვეყნების სუვერენიტეტის უფლებების დაცვის საქმეშიც და ევროპული უსაფრთხოების წესრიგის აღდგენაში.