დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. როგორი იქნება დღეიდან მოყოლებული ევროკავშირის ბედი? როგორ მოხერხდება ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკური ერთიანობის გამყარება? ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანაპრეზიდენტის რალფ ფიუკსის კომენტარი ბრექსიტის მოკლევადიან ეფექტსა და ევროკავშირის გრძელვადიან პერსპექტივაზე.
დღეს როგორც დიდი ბრიტანეთისთვის, ისე ევროპისთვის შავი პარასკევია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმი ისტორიის სახელმძღვანელოებში არ შევიდეს როგორც ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. მარინ ლე პენმა და გერტ ვაილდერმსა უკვე იგრძნეს ხელსაყრელი მომენტი და ხალხს ევროკავშირის წინააღმდეგ ბოლო გალაშქრებისკენ მოუწოდებენ.
ბრიტანელების მიერ „ბრექსიტის“ გზით მიცემული ხმები ამავდროულად წარმოადგენდა განაჩენს გლობალიზაციის აქამდე არსებული ფორმის და „სულ უფრო შემჭიდროვებული ევროკავშირის“ პროექტის წინააღმდეგ. ჩვენი საზოგადოების საგულისხმო ნაწილი გლობალურ კონკურენციასა და მასობრივ იმიგრაციაზე პასუხს ნაციონალურ საზღვრებში დაბრუნებაში ხედავს. დასავლეთი ერთგვარი აგრესიული ნოსტალგიის სენითაა შეპყრობილი: წინ წარსულისაკენ. და ეს ეხება ევროპასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.
საქმე გვაქვს სკეპტიკოსთა რევოლუციასთან პოსტნაციონალური ელიტების წინააღმდეგ, პროვინციის ამბოხებასთან მეტროპოლიების წინააღმდეგ, გლობალიზაციის შედეგად წარმატებულთა და ხელმოცარულთა კონფლიქტთან. ეს ჯერ კიდევ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო საკმაოდ კარგად აღქმადი. ყოველივეს დაერთო ლტოლვილთა საკითხი, რომელმაც ნაციონალ-პოპულისტური, ანტილიბერალური მოძრაობებისთვის კატალიზატორის როლი ითამაშა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ევროპის დაქსაქსვა ვერ გახდება, პასუხი იმიგრანტთა ნაკადის მართვასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ ინტეგრაციულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
ბრიტანელთა გადაწყვეტილებაში შემდეგი საჭიროებაც იკვეთება: ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო ინტენსიურად ვიმუშავოთ ჩვენი საზოგადოებების სოციალური და კულტურული გახლეჩვის აღმოსაფხვრელად და ვიმოქმედოთ მანამ, ვიდრე ეს უფსკრული გადაულახავ პრობლემად ჩამოყალიბდება.
ბრიტანეთის რეფერენდუმი დიდი ალბათობით გააჩენს გაურკვევლობის ხანგრძლივ პერიოდს ევროკავშირში, - კითხვას, თუ როგორ განვითარდება პროცესები მომავალში. ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფის თანახმად დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესაძლოა ორ წლამდე გაგრძელდეს. პასუხი კითხვაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეიცვალოს პოზიცია, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდება ქვეყნის ამ ნაბიჯის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები, ჯერ-ჯერობით უცნობია. დღეს ბრიტანეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში შეაბიჯა. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ნიშნისმოგებით ლაპარაკის საფუძველი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ გუშინდელი გადაწყვეტილების მომწამვლელი ეფექტი.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს ფაქტი საკმაოდ მძიმე შედეგებთანაა დაკავშირებული. უკვე ისმის ტრიუმფატორული კომენტარები იმის თაობაზე, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა „ტრანსატლანტიკური ევროპის“ დასასრულს მოასწავებს, რითაც ევროკავშირის საპირისპირო პროექტს - რუსეთის მიერ ინიციირებულ „ევრაზიულ კავშირს“ გზას ეხსნება. აქ უკვე აშშ-ს სტრატეგიული შორსმჭვრეტელობაც ითამაშებს თავის როლს: ობამას ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ევროპა მეორეხარისხოვანი საკითხების ნუსხაში მოაქცია. იმის იმედიღა შეიძლება გვქონდეს, რომ ბრექსიტს დონალდ ტრამპის გამარჯვება მაინც არ მოჰყვება. ეს, დასავლეთს, როგორც პოლიტიკურ პროექტს წერტილს დაუსვამს.
რა ელის ევროკავშირს მომავალში? ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე ჯიბრიანი პასუხი „აი, ახლა კი შეგვიძლია წავიდეთ ევროპის ფედერაციისკენ“, - ევროკავშირს კიდევ უფრო გათიშავდა და პოპულისტურ რევოლუციას გააღვივებდა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არა იმდენად საკონსტიტუციო საკითხებია, რამდენადაც კონკრეტული ევროპული პროექტები, რომლებიც ერთიანობის განმტკიცებაზეა მიმართული: ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლა, ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლა და ეკოლოგიური მოდერნიზაცია, ევროკავშირის აქტიური სამეზობლო პოლიტიკა, დიგიტალიზაცია და სამოქალაქო უფლებები, მეტი ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში, ევროპის თანამშრომლობით უზრუნველყოფილი შიდა უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხი.
ყოველივე ეს მშვიდ განხილვას საჭიროებს. ყველა ამ კრიზისის თუ წარუმატებლობის მიუხედავად ევროპის ერთობა ბოლოსდაბოლოს ნაციონალ-პოპულისტურ ილუზიებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება. ევროკავშირის მიღმა ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში კარგი მომავალი.