მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით
წინასიტყვაობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსგან
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყოფილ სოციალისტურ იმპერიაში სწრაფი, მკვეთრი და, ბევრი თვალსაზრისით, უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ტრანსფორმაცია დაიწყო. ახლად გათავისუფლებული ქვეყნების დიდ ნაწილში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი გეგმური ეკონომიკა ლამის ერთ ღამეში გადავიდა თვისებრივად განსხვავებული ტიპის სისტემის რელსებზე. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ – მათ შორის, რესურსებზე ნომენკლატურის თითქმის ექსკლუზიურმა წვდომამ, ნეპოტიზმმა და „საბაზრო ეკონომიკის” ნეოლიბერალური მოდელის მიმართ პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტების ენთუზიაზმმა – განაპირობა ის, რომ ბევრგან თითქმის განურჩეველი გახდა მასობრივი პრივატიზაცია, დერეგულაცია და კორუფცია. რესურსები მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა კონცენტრირებული, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი გაღატაკების პირას მივიდა. და, სამწუხაროდ, ასეთ პირობებში ბევრს აღარავის ეცალა გარემოსდაცვითი რეგულაციებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, საჯარო სიკეთეების თუ სივრცეების დაცვისთვის.
ამ ზოგად სურათს ნათლად ირეკლავს საქართველოს მაგალითი. ადრეული 1990-იანი წლების კორუფციული, ქაოსური პრივატიზაციის პროცესების შემდეგ, ხელისუფლებები – განსაკუთრებით, ქვეყნის სათავეში ვარდების რევოლუციით მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა – თითქმის უცვლელად ადგანან პრივატიზაციის, დერეგულირების, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების და ბიზნესებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კურსს. პოლიტიკურ დისკურსში „თავისუფალი ბაზრის განვითარების” და „ინვესტორების მოზიდვის” იდეები რჩება საბოლოო და მთავარ მიზნებად და არა საშუალებებად ადამიანების, მოქალაქეების დაცულობის, კეთილდღეობის, ღირსეული ცხოვრების პირობების მისაღწევად. და, შესაბამისად, ამგვარ პოლიტიკას კვლავაც ეწირება ადამიანის უფლებები, დასაქმებულების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა.
„მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით” გამოსაცემად იმ პერიოდში მზადდება, როდესაც ქართული პოლიტიკური სისტემა კვლავაც ძალიან მყიფეა; პოლიტიკური პარტიები ჯერაც ვერ აყალიბებენ იდეოლოგიურ პლატფორმებს და ძირითადად ფუყე პოპულისტური გზავნილებით, ფუჭი და გაუაზრებელი დაპირებებით ცდილობენ ამომრჩეველთა გულის მოგებას. პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეებში ფაქტობრივად არ მიმდინარეობს არსებითი დისკუსიები მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. „სამოქალაქოდ” სახელდებულ სივრცეში კი, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიღმა, ნელი და ქაოტური ნაბიჯებით ფეხს იკიდებენ ახალი საზოგადოებრივი გაერთიანებები. მათ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი ინტერესთა ჯგუფებად ჩამოყალიბებამდე. ძირითადად დედაქალაქის წიაღში გაჩენილ გაერთიანებებს კვლავაც უჭირთ იდეოლოგიურ საკითხებზე ისე შეთანხმება, რომ მათ შორის თანამშრომლობის და სოლიდარობის ინტენსივობამ პოლიტიკის ველზეც იქონიოს გავლენა.
ამასთანავე, ეკონომიკური კრიზისის, ტერიტორიული კონფლიქტებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, განვითარების მაძიებელ ქვეყანას შეიძლება გამორჩეს გლობალიზაციისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების ჯეროვნად შეფასება. სათანადო ყურადღება არ ეთმობა აგრეთვე თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევათა გააზრებას – იქნება ეს კლიმატის ცვლილება და მისგან მომდინარე საფრთხეები, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ბუნებრივი რესურსების მილევადობა თუ ტექნოლოგიური რევოლუციები – რაც ინდუსტრიული ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე უკვე ახდენს გავლენას და სამომავლოდ მთელი რიგი სისტემური გარდაქმნების საწინდარი იქნება. ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობისას, ადგილობრივი პრობლემების პარალელურად, გლობალური გამოწვევებისთვის თვალის მიდევნება საქართველოს დაეხმარებოდა, ერთი მხრივ – ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ – ევროპის ქვეყნებთან დაახლოებაში. გვჯერა, რომ „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით” ოდნავ მაინც შეძლებს ზემოაღნიშნული დანაკლისის შევსებას.
წინამდებარე გამოცემაში შეხვდებით სხვადასხვა თაობის, სხვადასხვაგვარი გამოცდილების და შეხედულებების მქონე დასავლელ პოლიტიკოსთა და მოაზროვნეთა პოზიციებს შემდეგი საკითხების შესახებ: როგორ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების ფუნდამენტურ ცვლილებას მძლავრი კაპიტალიზმის პირობებში? როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოების კეთილდღეობა მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და ბუნებრივი რესურსების სიმწირის ფონზე? რამდენად რეალისტურია ეკოკაპიტალიზმი, რომელსაც რალფ ფიუქსი გვთავაზობს, ან რამდენად შეძლებენ ადამიანები შეჩვეულ ფუფუნებაზე უარის თქმას და საკუთარი სამომხმარებლო დონის შემცირებას? როგორ უნდა შევამციროთ დიდი კორპორაციების უარყოფითი გავლენა გარემოზე, ფინანსურ ბაზრებსა და პოლიტიკაზე?
კრებულში მკაფიოდ იკვეთება, რომ კითხვებზე ცალსახა პასუხები არ არსებობს. მაგრამ არსებობს თანხმობა, რომ უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს ერთი პოლიტიკური მიზანი: ეკონომიკის არსებული მოდელი უნდა გადაიხედოს და მის ცენტრში კვლავ ადამიანები და მათი საცხოვრებელი პლანეტა უნდა აღმოჩნდნენ. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სრულიად განსხვავებულ ხედვებსა და თეზისებს გვთავაზობს გერმანიის მწვანეთა პარტიის სამი გამორჩეული წარმომადგენელი – რალფ ფიუქსი, იურგენ ტრიტინი და გერჰარდ შიკი. ფაქტია, რომ სამივე მათგანი საკუთარი მოსაზრებების გამყარებას დამაჯერებელი მაგალითებითა და არგუმენტებით ახერხებს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგ საფუძველს მოგვცემს მწვანე პოლიტიკის რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით კი მწვანე ეკონომიკაზე, საინტერესო დებატების გასამართად მომავალში.
მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის, როგორც მწვანე პოლიტიკური ფონდისთვის, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების სწორედ თანამედროვე მწვანე პოლიტიკის პრიზმიდან წარმოჩენა. ამიტომ გვინდა მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი უძველესი პარტნიორის – „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლის” მისამართით „მწვანე ანთოლოგიის” იდეის ინიცირებისა და მისი შემდგომი განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცემით ქართველ მკითხველს დავაფიქრებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე; მეტიც, მოვუწოდებთ მას, ეძიოს პასუხი კითხვაზე – როგორ უნდა უპასუხოს პატარა, განვითარებადმა ქვეყანამ გლობალიზაციის ეპოქაში გაჩენილ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიც და კავკასიური სახლიც კარგად აცნობიერებენ, რომ კრებულის „მწვანე ანთოლოგიად” დასათაურება შესაძლოა ხმამაღალი განაცხადი იყოს; მით უმეტეს, რომ მასში ვერ მოხვდა მრავალი საინტერესო ავტორი, ხოლო ტექსტები ძირითადად მხოლოდ პოლიტეკონომიური განვითარების შესახებ შეირჩა. იმედი გვაქვს, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და კავკასიური სახლის მომავალი გამოცემები ამ დანაკლისს შეავსებს და შემოგვთავაზებს მწვანეების ხედვას საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვა, არანაკლებ მწვავე საკითხებზე.
მანამდე კი, მწვანე ანაბეჭდს დავუტოვებთ ყველა იმ მკითხველს, რომელიც თავს მიიჩნევს ამ სიტყვასთან დაკავშირებული პოლიტიკური ღირებულებების მხარდამჭერად.
ნინო ლეჟავა
დირექტორი
თამარ ანთიძე
პროგრამის კოორდინატორი
Product details
Table of contents
წინასიტყვაობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსგან 5
გამომცემლის წინასიტყვაობა 9
რალფ ფიუქსი
- შესავალი: დასასრულის თუ დაფუძნების ხანა? 15
- ეკოკაპიტალიზმი 49
- ეკოლოგიური ტრანსფორმაციის პოლიტიკა 67
გერჰარდ შიკი
- რაღაც ისე არ არის 85
- საერთო ძალებით დავიბრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობა 114
იურგენ ტრიტინი
- გარღვევა მწვანე და სამართლიანი ქვეყნის მიმართულებით: პოლიტიკა ტრანსფორმაციისთვის 163
ნაომი კლაინი
- ცხელი ფული 203
პეტრა კელი
- პოლიტიკა და ეკოლოგია 257
ვოლფგანგ შტრეეკი
- ნეოლიბერალური რეფორმა: საგადასახადო სახელმწიფოდან დავალიანების სახელმწიფოსკენ 275
რუდოლფ ბარო
- გადარჩენის გზის აქსიომები 343