გენდერისა და სამართლის განხილვა საქართველოს პარლამენტში

Კითხვის დრო: 2 წუთი

2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა კონფერენციას თემაზე „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი“. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა  გენდერისა და სამართლის სიღრმისეული კვლევა, რომელიც მომზადდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ, EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კონსულტაციით.

ამ სახის კვლევა პირველად მომზადდა საქართველოში და წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის მნიშვნელოვან დასაწყისს. კონფერენციის დასაწყისში სტუმრებს სიტყვით USAID-ს წარმომადგენელმა, დევიდ სტოუნჰილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა გაბრიჩიძემ მიმართეს.

პანელური დისკუსიები მიეძღვნა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების განხილვას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა  გაუპატიურება და სხვა სქესობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ბავშვზე მეურვეობა და ალიმენტი, ანტი-დისკრიმინაცია და გენდერული თანასწორობა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გულისხმიერების ნაკლებობაზე. ქ-ნი თამარ ჩუგოშვილის მიერ კონფერენციის მასაპინძლობა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აქტიური მონაწილეობა ღონისძიებაში მეტყველებს კანონმდებლის ნებაზე, გააუმჯობესოს მიდგომები ქალებისა და უმცირესობების მიმართ საქართველოს კანონმდებლობაში. ამასთანავე, ქ-ნი თამარ ჩუგოშვილის ვარაუდით, აღნიშნული კვლევა საფუძვლად დაედება საკანონმდებლო ინიციატივებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში, რაც შემდგომ საბჭოს მიერ წარედგინება პარლამენტს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა, პრობლემების ანალიზი და დოკუმენტირება, და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დარწმუნება ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაში, კვლავ ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს.