თბილისში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმზე ლგბტი უფლებების შესახებ გრძელვადიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

Კითხვის დრო: 3 წუთი

2017 წ. 10 მარტს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან, თანამშრომლობით გამართა ფორუმი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, სადაც პროექტის პარტნიორებმა წარადგინეს ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ. ფორუმი გაიმართა პროექტის, ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დოკუმენტზე მუშაობა, ხანგრძლივი და საფუძვლიანი მრავალმხრივი პროცესის შემდგომ, ახლახანს დასრულდა. სამუშაო პროცესი 2016 წელს დაიწყო და რამდენჯერმე შეფერხდა შემუშავების პროცესში საკვანძო აქტორების ჩართვის სირთულის გამო, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატით იყო გამოწვეული. მრავალი მნიშვნელოვანი აქტორი კი ჩაერთო დოკუმენტის შემუშავების პროცესში, მათ შორის, არასაპარლამენტო პარტიების, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, სახალხო დამცველის აპარატის, მედიის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის თანაშემწის სახით. დაინტერესებულ მხარეთა სამი შეხვედრის განმავლობაში, ეს აქტორები იზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებსა და შენიშვნებს დოკუმენტის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია ითვალისწინებდეს ყველა საკვანძო მიმართულებას და მოიცავდეს რეკომენდაციებს საქართველოში ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო გარემოსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სტრატეგიის დოკუმენტი ეფუძნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს - ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა და ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზი. დოკუმენტი წარმოადგენს დეკლარაციას, რომლის პირველი ნაწილი ეხმიანება ჯოგიაკარტას პრინციპების პრეამბულას, სადაც ნახსენებია ადამიანის უფლებების უნივერსალურობის პრინციპი; მეორე ნაწილი კი შედგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებისგან, რომლებიც მიმართულია კონკრეტული უწყებებისადმი, მაგ. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, ყველა სამინისტრო, მედია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, რომელსაც 16 ორგანიზაციის, მედიასაშუალებისა თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ, ევროკავშირის პროექტის კოორდინატორის მიერ თავად პროექტის არსის შესახებ მცირე ინფორმაციის გაზიარების შემდგომ, პროექტის პარტნიორებმა ჩაატარეს მოკლე პრეზენტაციები აღნიშნული ორი კვლევის მთავარი მიგნებების შესახებ და შემდგომ დეტალურად აღწერეს სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსი, მასში შესული რეკომენდაციები და მათი მნიშვნელობა. პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია, სადაც მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან გაზიარებულ იქნა კომენტარები და რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულს, დამსწრე ორგანიცაციების წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რითაც დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა.

დასრულებული სახით, დოკუმენტი წარმოადგენს მასში შესული რეკომენდაციების ადვოკატირების საფუძველს კონკრეტულ უწყებებთან შეხვედრების დროს. ადვოკატირების და ლობინგის ძალისხმევა ასევე მიმართული იქნება აღნიშნული რეკომენდაციების საქართველოს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში ასახვის მხარდასაჭერად.

მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი, თუმცა ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული სტრუქტურითა და შინაარსით, 2016 წლის დეკემბერის დასაწყისში წარმოდგენილი იყო ერევანშიც. სრატეგიის დოკუმენტის/დეკლარაციის ანალოგიური პრეზენტაციები უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.

ასევე, შემუშავდა სრატეგიის დოკუმენტის/დეკლარაციის ელექტრონული ვერსია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკუთარი მხარდაჭერის დაფიქსირება უკვე ციფრულ რეჟიმშიც შეუძლიათ. დეკლარაციის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/AdvocacyStrategy