განმანათლებლობასა და პროპაგანდას შორის. მასმედიები სამხრეთ კავკასიაში

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მედიაგარემო ისეთივე არაერთგვაროვანია, როგორც თვითონ ეს სამი ქვეყანა. საქართველოში მასმედიის ცოცხალი კულტურა არსებობს, სომხეთში კი ეს ბაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური კარტელების ხელშია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ავტორიტარული რეჟიმი უზღუდავს მასმედიას თავისუფლებას.

სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შიდა და გარე პოლიტიკური თვალსაზრისით სხვადასხვა გზას დაადგა. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თავთავიანთი განვითარების გზებზე განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში დაშორდა ერთმანეთს. საქართველომ გეზი ევროკავშირისა და ნატოსკენ აიღო. სომხეთისთვის ევროკავშირის კარი თითქმის მიიხურა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს გადაწყვიტა, ევროკავშირთან ასოცირების უკვე შეთანხმებული ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოეწერა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გამხდარიყო. ეს გარემოება სომხეთის შიდა პოლიტიკაზეც აისახება. აზერბაიჯანი კი სულ უფრო მეტად ემსგავსება შუა აზიის ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნებს.

შესაბამისად, მასობრივი მედიაგარემოც სხვადასხვა ფორმით განვითარდა: საქართველოში ის მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიკური ტენდენციურობითაა განმსჭვალული. მასმედიათა უმეტესობა ან მმართველ პარტიას უჭერს მხარს, ან ღიად უპირისპირდება მას. 2016 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მასმედია უკვე ერთვება სამთავრობო კოალიციასა და ოპოზიციას შორის ძალაუფლებისთვის გამწვავებულ ბრძოლაში. სომხეთში მასმედია პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის არსებული მჭიდრო კავშირის ნაწილია, მის მიმართ მოსახლეობის ნდობა მცირეა. სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი აქტივისტები ხალხისთვის ხმის პირდაპირ მისაწვდენად ინტერნეტის სოციალურ ქსელებს იყენებენ. აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობამ დამოუკიდებელი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასმედია თითქმის მთლიანად დაადუმა. მასმედიის დანარჩენ ნაწილს ძალაუფლების ინსტრუმენტის ფუნქცია აქვს.

ეს შეფასება Freedom House-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშებს ემთხვევა. მაშინ როცა ეს ორგანიზაცია საქართველოს მასმედიების მდგომარეობას „ნაწილობრივ თავისუფლად“ აცხადებს, სომხეთსა და აზერბაიჯანში მედიაგარემოს აფასებს, როგორც „არათავისუფალს“. Freedom House საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, იმ პოსტსაბჭოურ ქვეყნად ასახელებს, რომელშიც მასმედიების მდგომარეობა საუკეთესოა. ეს ორგანიზაცია საქართველოს მსოფლიოში 93-ე ადგილზე, სომხეთს 135-ზე, აზერბაიჯანს კი 188-ე ადგილზე - სირიაზე, თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე ოდნავ წინ აყენებს.[1]

ამ სამივე სახელმწიფოსთვის საერთოა ის, რომ ტერიტორიული კონფლიქტები, რომლებშიც ისინი ათწლეულების განმავლობაში იმყოფებიან, ემოციურ აღშფოთებას იწვევს და ინფორმაციის ობიექტურ მიწოდებას აძნელებს. გამჭვირვალე და გაწონასწორებული საინფორმაციო საქმიანობა სომხეთსა და აზერბაიჯანში არ არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ოდნავ უკეთესად არის საქმე საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გარშემო არსებული კონფლიქტების შემთხვევაში, მაგრამ ქართველ ჟურნალისტებსაც უძნელდებათ ინფორმაციის მიწოდებისა და ანალიზის დროს ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციის შენარჩუნება. ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ახერხებენ. სამივე ამ სახელმწიფოში კამათობენ იმის გარშემო, ახდენს თუ არა რუსეთი გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და თუ კი, როგორ და რა ზომით. ამგვარ ვითარებას საქართველოშიც სულ უფრო ხშირად ვხვდებით, სადაც ევროკავშირისა და ნატოს მიმართ იმედგაცრუება ბოლო ორი წლის განმავლობაში ძლიერ გაიზარდა.

საქართველო

საქართველო ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ცდილობდა რუსეთის გავლენის სფეროსგან გათავისუფლებას და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებას ესწრაფოდა. პრაღაში ჩატარებული ნატოს სამიტის დროს, 2002 წლის ნოემბერში, შევარდნაძემ ოფიციალური თხოვნა წარადგინა ალიანსში საქართველოს წევრად მიღების თაობაზე.[2] გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო საკუთარ მნიშვნელოვან რესურსებს არ ფლობს და იმ სახელმწიფოთა გარემოცვაში იმყოფება, რომლებიც უწინ დიდი იმპერიების ცენტრებს წარმოადგენდნენ და სამხრეთ კავკასიაზე ბატონობდნენ, ქვეყნის მმართველობას, პირველ რიგში, ფინანსური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით დახმარების იმედი ჰქონდა.

მართალია, შევარდნაძის დროს საქართველოში კორუფციისა და არასწორი მმართველობის მაგალითები უხვად იყო, მაგრამ მასმედია მაინც შედარებით თავისუფალი იყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ და მისმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ქვეყნის საფუძვლიან მოდერნიზებას მიჰყო ხელი. 2007 წლიდან სააკაშვილი სულ უფრო მეტად ავტორიტარული ხდებოდა. სასამართლო სისტემა არ იყო დამოუკიდებელი, როგორც ეს სააკაშვილმა მოგვიანებით თავადვე აღიარა.[3] შედარებით ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და პარტიული გარემო, ჟურნალისტთა მსგავსად, ზეწოლის ქვეშ მოექცა. 2011 წლის ივლისში ოთხი ფოტოგრაფი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.[4] მტკიცებულებად ჩუმად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები წარადგინეს. ფოტოგრაფებს პირობითი სასჯელი შეუფარდეს. დაკავების ნამდვილი მიზეზი საეჭვო დარჩა. მაშინდელი მთავრობის მოწინააღმდეგენი მათ დაკავებას იმ კადრებს უკავშირებენ, რომლებიც ამ ფოტოგრაფებმა 2011 წლის 26 მაისს, პოლიციის დემონსტრანტებზე სასტიკი თავდასხმის დროს გადაიღეს. ამ ფოტოსურათებმა მთავრობა ზეწოლის ქვეშ მოაქცია.

დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველოში პირველად, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა. მას შემდეგ ქვეყანას კოალიცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მასში თავიდან ექვსი, 2014 წლის დამლევიდან კი ხუთი პარტია შედიოდა. ამის შემდგომ მდგომარეობა განიტვირთა: სახელმწიფო ძალაუფლების ცვლილების შემდეგ ჟურნალისტები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ნაკლებად ან საერთოდ არ განიცდიან ზეწოლას.[5]საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (International Republican Institute IRI)2015 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 85 პროცენტი მასმედიას თავისუფლად ან საკმაოდ თავისუფლად მიიჩნევს. 60 პროცენტის აზრით, სატელევიზიო მაუწყებლობა სამართლიანი და დაბალანსებულია. გამოკითხულთა 97 პროცენტისთვის პოლიტიკური ინფორმაციის წყაროს ტელევიზია წარმოადგენს. 28 პროცენტი ინფორმაციას ნაცნობ-მეგობრებისგან იღებს, 13 პროცენტი გაზეთებიდან, ოთხი პროცენტი რადიოდან, ხოლო 23 პროცენტი ინტერნეტის საშუალებით, ამასთან 11-მა პროცენტმა საინფორმაციო წყაროდ ფეისბუკი დაასახელა.[6] რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 45 პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტზე.[7] ახალგაზრდები, მეტადრე დედაქალაქ თბილისში, ინტერნეტს ინტენსიურად იყენებენ.[8] ამავე დროს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა 55 პროცენტი აცხადებს, რომ ინტერნეტს არასოდეს გამოიყენებს.[9]

ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლობა ორი სატელევიზიო არხითა და რამდენიმე რადიოსადგურით. გარდა ამისა, არის კერძო ტელევიზიები: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო და კავკასია. მართლმადიდებელ ეკლესიასაც, ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ ინსტიტუტს საქართველოში, საკუთარი სატელევიზიო არხი აქვს. პრესას, უპირატესად, თბილისში აქვს გავლენა. მთავარი გაზეთებია: რეზონანსი, კვირის პალიტრა და 24 საათი. ჟურნალებიდან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ჟურნალი ლიბერალი და მისი კონკურენტი ტაბულა, რომლის დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც სააკაშვილის პარტიასა და ამ პარტიის ნეოლიბერალური შეხედულებების მქონე წევრთა ერთ ჯგუფთანაა დაახლოებული. ლიბერალი და ტაბულა ვებგვერდების მეშვეობით ინტერნეტითაც ვრცელდება.

ორი რეგიონული საინფორმაციო ვებგვერდი გამოდგა განსაკუთრებით წარმატებული: ბათუმელები საპორტო ქალაქ ბათუმში და ნეტგაზეთი, რომელსაც თანამშრომლები საქართველოს რეგიონებშიც ჰყავს. ორივე მათგანი ცაიტის-ფონდის (Zeit-Stiftung) გერდ-ბუცერიუსის-პრემიით (Gerd-Bucerius-Förderpreis) დაჯილდოვდა. მაგრამ ინტერნეტში უმნიშვნელოვანესი მაინც სოციალური ქსელებია, ინტერნეტმომხმარებელთა 75 პროცენტი, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც იღებს ინფორმაციას ფეისბუკის საშუალებით.[10] ჟურნალისტები და პოლიტიკური მოღვაწეები ფეისბუკს სტატიების დასაპოსტად და ღია თუ დახურულ ფორუმებზე დისკუსიების წარსამართავად იყენებენ.

საქართველოში მასმედიისა და სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობა ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია. მასმედიის წინააღმდეგ ხშირად ზეწოლის საშუალებად გამოიყენებოდა ცილისწამებისა და დაბრალების დანაშაული, რომელიც 2004 წელს დეკრიმინალიზებულ იქნა. სამსახურები ვალდებულნი არიან, ინფორმაცია გასცენ არა მარტო მისი მოთხოვნის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები 2013 წლის აგვისტოს შემდეგ კანონითაც კი არიან ვალდებული, დოკუმენტაცია მოთხოვნის გარეშეც გამოაქვეყნონ. საკაბელო ტელევიზიებს კლიენტებისთვის ყველა სატელევიზიო არხის ხელმისაწვდომობის ვალდებულება აკისრიათ.

2011 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, მაუწყებლობის შესახებ კანონს გამჭვირვალეობის წესები დაემატა. ამ წესების მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიები ვალდებული არიან სრულად განაცხადონ, თუ ვინ არის მათი მფლობელი. მათ ასევე ეკრძალებათ ოფშორული ფირმების მფლობელობაში ყოფნა, რითიც ხშირად იმალებოდა მფლობელობის მდგომარეობა. ამ კანონმა დაადგინა, რომ კერძო პირებსა თუ კომპანიებს ერთ სატელევიზიო ან რადიო ლიცენზიაზე მეტის ფლობის უფლება არ აქვთ, თუმცა ამ დადგენილებამ იმ მდგომარეობის აღკვეთა ვერ შეძლო, რომელშიც კერძო პირები სამაუწყებლო ლიცენზიების მფლობელი რამდენიმე კომპანიის წილებს ფლობდნენ. 2013 წელს სამთავრობო კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელთა მიხედვითაც მარეგულირებელი სამსახურის საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC) სამაუწყებლო კომპანიებმა თავიანთი ფინანსური წყაროების შესახებ ყოველწლიური ანგარიში უნდა წარმოადგინონ.[11] თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალეობამ (Transparency International) 2014 წელს კრიტიკა გამოთქვა იმის შესახებ, რომ მხოლოდ დაფინანსების თაობაზე ინფორმაცია საკმარისი არ არის.[12] ჟურნალისტები და ინტერნეტაქტივისტები კანონის სხვა ცვლილებებსაც კრიტიკულად აფასებენ. ასე მაგალითად, კრიმინალურ სამსახურებს ისევ ლეგალურად აქვთ პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო კომპანიების ქსელებზე, რაც მათ მოქალაქეთა მოსმენის უფლებას აძლევს.[13]

2012 წელს, კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პოლიტიკური მდგომარეობის განმუხტვისა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, რომლითაც ახალი მთავრობა წინა, სააკაშვილის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა, მოსახლეობაში და დამკვირვებელთა შორის ეჭვები მრავლად რჩებოდა. ეს ეჭვები ძირითადად ბიძინა ივანიშვილის, კოალიციის დამფუძნებლისა და მეთაურის გარშემო ტრიალებს. ის, სავარაუდოდ, თავისი 1990-იან წლებში რუსეთში მოპოვებული 5,2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონებით ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია საქართველოში.[14] ივანიშვილმა ერთი წლის პრემიერმინისტრობის შემდეგ პოლიტიკა ოფიციალურად დატოვა, თუმცა მისი კოალიციის წევრი პოლიტიკოსების განცხადებით, ის უკანა პლანზე განაგრძობს მოღვაწეობას და არაერთგვაროვან კოალიციას მთლიანობას უნარჩუნებს. ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს სათავეში მმართველი ფიგურის ყოფნას მიჩვეული პუბლიკა, აქტუალური მოვლენების დროს მის განცხადებებს ელოდება.

2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო არხმა, მეცხრე არხი, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც ივანიშვილის მეუღლე იყო, დიდი როლი ითამაშა. მეცხრე არხი იმდროინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან აკრიტიკებდა და შემთხვევით ხელში ჩავარდნილი ვიდეოები გაავრცელა, რომლებზეც იუსტიციისა და პოლიციის წარმომადგენლების მიერ ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში პატიმრების შეურაცხყოფა იყო ნაჩვენები. მმართველობაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი ამ არხის გაყიდვას დაგვპირდა.[15] რაკი მყიდველი არ გამოჩნდა, მეცხრე არხი 2013 წლის სექტემბერში დაიხურა. ამასობაში, მისი ვაჟი ბერა ივანიშვილი სატელევიზიო არხის, GDS-ის მფლობელია. ამ არხზე ივანიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში გვევლინებოდა პოლიტიკური მოვლენების კომენტატორად. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მომხდარი რამდენიმე მოვლენა იმაზე მეტყველებს, რომ სამთავრობო კოალიცია ქართული ოცნებაც მასმედიაზე ზეგავლენის მოხდენასა და მის გაკონტროლებას ცდილობს. ეს ტენდენცია, უპირველესად, კერძო სატელევიზიო ბაზარზე შეინიშნება. ეს შეეხება, მაგალითად, ქართულ ტელე-რადიო კორპორაციას, რომელსაც სატელევიზიო არხი იმედი, ამავე სახელწოდების რადიო არხი და აგრეთვე საწარმოო კომპანია ეკუთვნის. ბიზნესმენმა ჯოზეფ კეიმ ეს კორპორაცია 2012 წელს ინა გუდავაძეს სიმბოლურ ფასად დაუბრუნა. ეს გახლავთ ბიზნესმენისა და 2008 წლის საპრეზიდენტო კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი. ესაა ამ პოლიტიკური ზეწოლით გამსჭვალული არხის ისტორიაში ბოლო მოვლენა: პატარკაციშვილმა 1990-იან წლებში რუსეთში ბორის ბერეზოვსკისთან პარტნიორობით მილიარდიანი ქონება იშოვა და 2000 წელს საქართველოში დაბრუნების შემდგომ ტელერადიოკორპორაცია იმედი (Imedi Media Holding) დააარსა. ვარდების რევოლუციის დროს პატარკაციშვილი ჯერ სააკაშვილს უჭერდა მხარს, მაგრამ შემდგომ მალევე განუდგა მას და ოპოზიციის დაფინანსებას მიჰყო ხელი. მისი სატელევიზიო არხი იმედი TV სააკაშვილს მწვავედ აკრიტიკებდა. 2007 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს პოლიცია თავს დაესხა ამ არხს და გათიშა ის. 2008 წლის თებერვალში პატარკაციშვილის უცაბედი გარდაცვალების მერე პატარკაციშვილის შორეულმა ნათესავმა, კეიმ მოიპოვა ამ კომპანიის კონტროლის უფლება. ამრიგად, იმედი TV სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის ხელმძღვანელობით პრეზიდენტის მომხრე ტელევიზიად იქცა. მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ 2012 წელს ეს სატელევიზო არხი დაიბრუნა, არხის საინფორმაციო მაუწყებლობა უფრო დაბალანსებული გახდა. ის სააკაშვილს და მის პარტიას ღიად აღარ უჭერდა მხარს. და ბოლოს, 2013 წელს, იმედთან დაკავშირებით სააკაშვილის პარტიის ორი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღიძრა. ამ პირებმა, პროკურატურის თანახმად, ათი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების მობილიზება მოახდინეს. ეს ფული კი, იმავე ინფორმაციით, ჯოზეფ კეის გადაეცა, რათა მას იმედზე კონტროლის მოპოვება შეძლებოდა.[16]

იმედი იმ სამი ტელეკომპანიიდან ერთ-ერთია, რომელთაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს საქართველოში. ამერიკული ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2013 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იმედი მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით სარგებლობდა. გამოკითხულთა ერთ მესამედზე მეტს ის ნეიტრალურად მიაჩნდა, მეორე მესამედი დარწმუნებული არ იყო ამაში; მხოლოდ ერთმა მეხუთედმა მიაკუთვნა ეს არხი ქართულ ოცნებას.[17] ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კი 2013 წელს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ისევ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულად მიიჩნევს. რუსთავი 2 სამთავრობო კოალიცია ქართულ ოცნებას არა მარტო აკრიტიკებს, არამედ, ამ ტელეარხის 91 პროცენტი ბიზნესმენ ლევან ყარამანაშვილს ეკუთვნის, რომელიც სააკაშვილის ჯგუფის წევრად ითვლება. ასე აღმოჩნდა რუსთავი 2 2016 წლის მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩაბმული ქართულ ოცნებასა და სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალაუფლებისთვის გამწვავებულ ბრძოლაში; ამ ტელეკომპანიის ხელიდან ხელში გადასვლით მდიდარ ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა იმ წილების უკან დაბრუნების მოთხოვნით, რომლებსაც ის 2004-დან 2006 წლამდე პერიოდში ფლობდა. მაშინ ხალვაში ჯერ კიდევ სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, თუმცა კი მოგვიანებით განუდგა. ხალვაშის საჩივრის საფუძველზე თბილისის ერთ-ერთმა სასამართლომ ამ ტელეკომპანიის ქონება გაყინა. ამაზე რუსთავი 2-ის მმართველობამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მცდელობასთან, ხალვაშის დახმარებით მიითვისოს ტელეკომპანია; რომ ქონების გაყინვა საინფორმაციო მაუწყებლობასაც შეაფერხებდა. სააკაშვილის პარტია ამ პროტესტს შეუერთდა.[18]

2014 წლის ბოლოს მაესტრო TV-ს საკითხმა ბევრი კითხვა დაბადა. ეს ტელეკომპანია მაყურებელთა რაოდენობის თვალსაზრისით მესამე ადგილზეა და ყოველთვიურად სტუდია მონიტორის გადაცემას აჩვენებს. ეს დამოუკიდებელი მედია კომპანიაა, რომელსაც მრავალგზის მოუპოვებია საერთაშორისო ჯილდოები თავისი საგამოძიებო რეპორტაჟებისთვის.[19] 2014 წლის დეკემბრის ბოლოს მრავალმა ჟურნალისტმა და პროდიუსერმა მაესტრო TV დატოვა. მანამდე დირექტორის მოადგილემ და საინფორმაციო დირექტორმა ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ მას ტელეკომპანიის მთავარმა დამფინანსებელმა, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ქართველმა მილიონერმა კოტე გოგელიამ სამსახურის დატოვება აიძულა. მისი თქმით, მას და მის კოლეგებს სამთავრობო კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ გადაჭარბებულად კრიტიკული მაუწყებლობა დააბრალეს. გარდა ამისა, მათ „პროქართული“ მაუწყებლობა დაავალეს, რაც „ანტიდასავლურს“ გულისხმობს. ამ განცხადებამ იმის შესახებ აღძრა ეჭვები, რომ მოსკოვი რუსეთში მცხოვრები ქართველების დახმარებით მათ ყოფილ სამშობლოზე გავლენის დამყარებას ცდილობს. მეორე ვერსიით, გოგელიას როგორც ბიზნესმენს, ტენდენციური საინფორმაციო მაუწყებლობის საშუალებით თავისთვის სამთავრობო დავალებების მიღების უკეთესი შანსების გარანტირება სურდა.[20]

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ქართველ მეწარმეთა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლა გახშირდა. ეს ძირითადად ივანიშვილის გარემოცვის ბიზნესმენებს ეხება. რუსეთის ქართული დიასპორა, ძირითადად, აპოლიტიკურია. ამ შეხედულებას უშიშროების საბჭოს ყოფილი შეფი, გიგა ბოკერიაც იზიარებს.[21] თუმცა ორივე მათგანი იმ აზრისაა, რომ რუსეთი საქართველოს გამოხატულად პროდასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს. მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი, მაგალითად ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე და სააკაშვილის დროის მინისტრი, ამასობაში რუსეთზე იღებს ორიენტაციას. ბურჯანაძის ცალსახად პროევროპული პოლიტიკური ორიენტაციის რუსეთისკენ რადიკალური შემობრუნება, მის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობასა და ახალი ფინანსური წყაროების შოვნის სურვილზე მეტყველებს. ის მოსკოვში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს არაერთხელ შეხვდა. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, იმ თვალსაზრისით, რომ 2008 წლის ომის შემდგომ ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია და ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლების შეხვედრა, როგორც წესი, მხოლოდ კონფლიქტის დაძლევისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ საუბრებით შემოიფარგლება.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, 2008 წლის საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აგრესორად აღიქვამს.[22] ეს გარემოება კიდევ უფრო გაძლიერდა ყირიმის აგრესიის შემდეგ. მიუხედავად ამისა, რუსი ხალხისა და რუსული კულტურის მიმართ სიძულვილს არ აქვს ადგილი. უფროსი, რუსული ენის ჯერ კიდევ მცოდნე თაობა საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიის საშუალებით რუსულ ტელეარხებს ადევნებს თვალს. რამდენიმე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური წრე კრემლთან დაახლოების სურვილს ღიად არ გამოთქვამს, მაგრამ ვითომდა „გარყვნილი დასავლეთის“ და მისი ლიბერალური ფასეულობების მიმართ ზურგის შექცევისკენ მოუწოდებს და, ამასთანავე, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის წინააღმდეგ გამოდის. ისინი ამგვარ აზროვნებას „პროქართულს“ უწოდებენ და თავს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კონსერვატორი მოძღვრების იდეის გამტარებლებად წარმოაჩენენ. ისინი არგუმენტაციის ამ ჯაჭვს იმით ამყარებენ, რომ ხაზს უსვამენ ქრისტიანულ-მართლმადიდებელი აღმსარებლობით განმსჭვალული კულტურების მსგავსებას, დაწყებული, სერბეთიდან - საქართველოს ჩათვლით - და, დამთავრებული, რუსეთით, თანაც ნატოს წინააღმდეგ გამოდიან.

საქართველოში მრავალი მცირე ორგანიზაცია იზიარებს ამ განწყობას და ვებგვერდებისა და საკუთარი გაზეთების საშუალებით სტატიებს ავრცელებს, რომლებსაც სოლიდური მასმედიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ და საზოგადოებრივი განხილვის საგანიც სულ უფრო მეტად ხდება. ისინი რეზონანსს იწვევს მოსახლეობაში, რომელშიც ევროკავშირსა და ნატოს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იზრდება, რადგან ორივე ამ ორგანიზაციის დიდი ხნის ნანატრი წევრობა სულ უფრო შორეული მომავლის საქმე ხდება. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა 2009 წელს დაარსებული ევრაზიის ინსტიტუტი, რომელსაც გულბაათ რცხილაძე უდგას სათავეში. მან დისერტაცია გერმანიაში დაიცვა. ის აცხადებს, რომ მოსკოვის რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობს, ასე მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ რუსეთის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტთან, რომელსაც რუსეთის მთავარი გენერალური დაზვერვის შტაბის (ГРУ) გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ რეშეტნიკოვი ხელმძღვანელობს.

გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ულტრაკონსერვატორი წარმომადგენლების  გარდა ანტილიბერალურ, უცხოელთა და ქალთა წინააღმდეგ მიმართულ და, აგრეთვე, ჰომოფობიურ პოზიციას ბულვარული გაზეთი ასავალ დასავალი და, აგრეთვე, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ტელეარხი ობიექტივი TV-ც იზიარებს. ეს ქალი „პროქართულ“ პატრიოტთა ალიანსსაც ხელმძღვანელობს, რომელიც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მეოთხე ადგილზე გავიდა. 2015 წლის თებერვალში ჩატარებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ზემოხსენებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა ხუთი პროცენტი ამ ქალს მისცემდა ხმას, მეორე ხუთი პროცენტი კი ბურჯანაძეს. უცნობია, ვინ აფინანსებს ასავალ დასავალსა და ობიექტივი TV-ს. სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულმა მედიის განვითარების ფონდმა 2015 წლის ივლისში გამოკვლევა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც რამდენიმე ამგვარ მასმედიას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა აფინანსებდეს.[23]

რაც უფრო ახლოვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სულ უფრო მწვავდება სამთავრობო კოალიცია ქართულ ოცნებასა და სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მნიშვნელობით მესამე პარტიად „პროქართული“ და პრორუსული ძალები ყალიბდება. ამ განწყობათა გავლენით მასმედიების გარემო კვლავ პოლარიზებული ხდება.

სომხეთი

სომხეთში მასმედიას თავის გატანა რთულ ეკონომიკურ პირობებში უხდება. ამ ქვეყანაში ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა ოლიგარქიული წყობის ქსელია გაბატონებული, რომლის წევრებიც რესპუბლიკურ სამთავრობო პარტიასა და ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიებში მოღვაწეობენ. ეკონომიკურ კონკურენციას კერძო ურთიერთობები უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე კანონები და განკარგულებები. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად მეზობელი აზერბაიჯანისა და თურქეთისგან გაძლიერებული იზოლაციის გამო, სომეხ მეწარმეებს მონოპოლიების შექმნა და იმპორტირებულ საქონელზე საკუთარი, მაღალი ფასების დაწესება უიოლდებათ. დიდი ხანია, რაც ქვეყნიდან მოსახლეობის ემიგრაციის დონე მაღალია. მიგრაციის საერთაშორისო საზოგადოების გამოთვლების მიხედვით, 2007-2013 წლებს შორის ქვეყანას ყოველწლიურად 35 000 ადამიანი ტოვებდა. ეს მაჩვენებელი მაღალია ისეთი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ოფიციალურად მხოლოდ სამ მილიონამდეა.[24]

ასეთ პირობებში მცირეა ისეთი მასმედიების რიცხვი, რომლებიც პოლიტიკური გავლენის გარეშე შეძლებდნენ არსებობას. გაზეთების უმეტესობა ფინანსურად პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებზეა დამოკიდებული. მათი საინფორმაციო საქმიანობა კი შესაბამისად მიკერძოებულია.[25] მატერიალური მდგომარეობა სავალალოა: საგაზეთო განცხადებების ბაზარი თითქმის არ არსებობს და გაზეთის ყიდვის საშუალებაც მკითხველთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. დედაქალაქ ერევანში მხოლოდ ხუთი თუ ექვსი გაზეთი გამოდის, რომელთა ტირაჟიც რეალისტური ვარაუდის მიხედვით 800-დან 3000-მდე ეგზემპლარს უნდა შეადგენდეს. ერთი გაზეთი იმდენივე ღირს, რამდენიც პატარა ზომის პური, 100 დრამი. მეზობლები და მეგობრები გაზეთებს ხშირად ერთმანეთს უცვლიან და ამ გაზეთებში არსებულ ინფორმაციას ზეპირად ავრცელებენ.[26] ჯამში, მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტი თუ კითხულობს გაზეთს.[27]

ტელევიზიის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ტელემაუწყებლების რაოდენობა მაღალია, ერევანში - 13, ხოლო რეგიონებში - 26. ისინი მეტწილად პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაახლოებული. მოსახლეობის 90 პროცენტისთვის ტელევიზია ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.[28]

ინტერნეტმა მასმედიის გარემო მნიშვნელოვანად გამოაცოცხლა. ის ამჟამად მნიშვნელობის მიხედვით მეორე ადგილზეა და პრესასა და რადიოს უსწრებს წინ. რადგან ბევრ ოჯახს საზღვარგარეთ მომუშავე თავიანთ წევრებთან Skype-ის საშუალებით სურს კომუნიკაცია, ინტერნეტკავშირების რიცხვი სოფლადაც გაიზარდა. როცა დაახლოებით სამი წლის წინ ბაზარი ახალი მიმწოდებლებისთვის გაიხსნა, ინტერნეტკავშირების ფასი შემცირდა და მიწოდება რეგიონებშიც გაუმჯობესდა. დღესდღეობით ინტერნეტზე მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტს მიუწვდება ხელი.[29]

ამ ქვეყანაში 200-ზე მეტი საინფორმაციო პორტალი არსებობს, თუმცა ხარისხი რაოდენობას მაინცდამაინც როდი შეესაბამება. ასე მაგალითად, <news.am> დღეში დაახლოებით 800 ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტების თქმით, მათ მასმედიის სხვა საშუალებების მიერ გავრცელებული სტატიების, ფირმებისა თუ პოლიტიკოსების მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების გავრცელებას ავალებენ, რათა ამ გზით მასალების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა შექმნან. სოციალური ქსელებიდან სომხეთშიც ფეისბუკია ყველაზე პოპულარული, ის ისეთ რუსულ ქსელებზე უფრო წინაც კი დგას, როგორიცაა vkontakte. სოციალური ქსელების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სომხური დიასპორა მთელ მსოფლიოშია გაბნეული, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, საფრანგეთში, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში. ფეისბუკის მომხმარებელთა რიცხვი 700 000-ს უახლოვდება.[30]

მართალია, საკუთრების მდგომარეობა მასმედიის სფეროში ნაკლებად გამჭვირვალეა, მაგრამ ცნობილია, რომ სომხური მასმედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება მიხეილ მინასიანია, პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის სიძე. მინასიანი საპრეზიდენტო კანცელარიაში მუშაობდა და 2011 და 2012 წლებში პრეზიდენტისა და მისი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიას გაუწია ორგანიზება. 2013 წელს მინასიანმა ვატიკანში სომხეთის ელჩის ახლად შექმნილი ფუნქცია ითავა.

მაშინ, როცა რესპუბლიკელებმა გასულ წლებში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაიგდეს ხელში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამსახურების კონტროლი, მინასიანმა მასმედიის კომპანია PanArmeniam Media Group დააარსა, რომელსაც ტელემაუწყებლები, რადიო არხები, საინფორმაციო ინტერნეტპორტალები და ერთი მასმედიის სააგენტოც ეკუთვნის. ამ სტატიის ავტორთან მიცემულ ინტერვიუში ერევნის კავკასიის ინსტიტუტის (Caucasus Institute) მედიაექსპერტი ნინა ისკანდარიანი აცხადებს, რომ მინასიანი თავისი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვატიკანში ელჩად ყოფნის დროსაც კი თვითონვე იღებს.  იგი იმაზე მიუთითებს, რომ მინასიანი ტელემაუწყებელ ATV-ს ლიცენზიას, მართალია, მხოლოდ ქალაქ ერევნისთვის ფლობს, მაგრამ გადაცემებს ყველა რეგიონულ ტელემაუწყებელს უსასყიდლოდ აწვდის. ამ გზით ხდება კონკურენტების ბაზრიდან განდევნა და გასართობი პროგრამებით მაყურებლის ყურადღების მიპყრობა.

სხვა მასმედიის საშუალებებსაც პარტიებსა და პიროვნებებს აკუთვნებენ. ასე მაგალითად, Kentron TV ოპოზიციური პარტიის, აყვავებული სომხეთის, მფლობელობაში მყოფ ტელეარხად ითვლება. Yerkir Media ნაციონალისტურ პარტიას სომხური რევოლუციური ფედერაცია/დაშნაკცუტუნის საკუთრებას მიაწერენ. მაგრამ ტელემაუწყებლები ახლა უკვე არა მხოლოდ ერთი პარტიის პოზიციას გამოხატავენ. ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების პოზიციებსაც გვთავაზობენ და საკუთარი მედია კომპანიების სავარაუდო მფლობელებსა და დამფინანსებლებს აკრიტიკებენ. თუმცა, საინფორმაციო მაუწყებლობის ხარისხი დაბალი რჩება, ყურადღება პიროვნებებს უფრო ექცევა, ვიდრე თემების გარჩევას. ჟურნალისტები და დამკვირვებლები იმასაც ჩივიან, საინფორმაციო მაუწყებლობა აპოლიტიკური და შემთხვევითი გახდაო; მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ტელევიზიით საინფორმაციო გადაცემების დასასრულს აცხადებენ, მაშინ, როცა დასაწყისში ლოს-ანჯელესის სომხური დიასპორის საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ დაწვრილებით იუწყებიანო.[31]

2004 წლიდან ცენზურა კანონით აიკრძალა, მაგრამ მასმედიაზე ზეწოლას, ცილისწამების ბრალდების გამოყენებით დროდადრო ისევ აქვს ადგილი. ამასთან, ბრალდებულს, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთაც კი ემუქრება. 2010 წლიდან ცილისწამება დანაშაულად აღარ ითვლება. ამის მერე, უმეტესწილად, პოლიტიკოსები მასმედიებისგან შეურაცხყოფის საკომპენსაციოდ საზოგადოებრივ-სამართლებრივი გზით დიდი საკომპენსაციო თანხების გამოძალვას ცდილობენ. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ  2011 წელს გადაწყვიტა, რომ ფაქტების მხოლოდ კრიტიკული შეფასებისთვის არ შეიძლება მასმედიის პასუხისგებაში მიცემა. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაავალდებულა ადგილობრივი რეგიონული სასამართლოები, მხოლოდ ისეთი ჯარიმა დაეწესებინათ, როგორიც მსჯავრდებულის საშემოსავლო მდგომარეობისთვის შესაფერისი იქნებოდა, აგრეთვე, მასმედიების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათთვის დაეკისრებინათ საწინააღმდეგო მოსაზრების გამოქვეყნების ვალდებულება.[32]

სასამართლოში გამართული დაპირისპირების ერთ-ერთი მაგალითია პროცესი, რომელიც ექსპრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა და მისი ოჯახის წევრებმა წამოიწყეს კომპანია Skizb Media Ltd.-ს, გაზეთ ჟამანაკისა და ვებგვერდის <1in.am> მფლობელის წინააღმდეგ. ქოჩარიანები იმიჯის შელახვის საკომპენსაციოდ 12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ითხოვდნენ. სასამართლომ საკომპენსაციო თანხის გადახდა 1500 აშშ დოლარის ოდენობით დაადგინა. ეს ქოჩარიანების პირველი სარჩელი როდი იყო ამ მედიაკომპანიის წინააღმდეგ.[33] ჟამანაკისა და <1in.am>-ის უფროსის, არმან ბაბაიანიანის განცხადებით,[34] იგი წლებია, უპირისპირდება ქოჩარიანს, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პიროვნებად ითვლება. 2006 წელს მისი გაზეთის დაარსების შემდგომ, როცა ქოჩარიანი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, ბაბაიანიანს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბაბაიანიანის განმარტებით, იგი საკუთარ გაზეთს და ვებგვერდს ლოს-ანჯელესში არსებული შვილობილი გამოცემებისგან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს. იქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სომხური დიასპორული საზოგადოება .

მასმედიების წინააღმდეგ წარმართულმა უამრავმა სასამართლო პროცესმა, მათ მიერ გაკეთებული ვითომდა მცდარი ან მართლაც მცდარი განცხადებების გამო, ისიც გამოიწვია, რომ ჟურნალისტები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან იმას, თუ რა ინფორმაციას და რომელ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნებენ.[35] საგამოძიებო ჟურნალისტიკა მხოლოდ მცირე მოცულობით არსებობს. მათ რიცხვს მიეკუთვნება საინფორმაციო სტატიები არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვებგვერდზე <hetq.am>, რომელსაც სხვა სპონსორებთან ერთად ფონდი ღია საზოგადოება სომხეთიც აფინანსებს.

სომხეთში ინფორმაციული კვლევების წარმოებისას ჟურნალისტებს შეუძლიათ საინფორმაციო თავისუფლების კანონზე დაყრდნობა. ზოგი დაწესებულება და სამინისტრო, ჟურნალისტების თქმით, მათთან უკვე კარგად თანამშრომლობს. სხვებთან კი ჯიუტი მოთხოვნაა საჭირო პასუხის მისაღებად. გადამწყვეტი ფაქტორი პირადი ურთიერთობებია. თუმცა პოლიტიკაში პროფესიული კონტაქტების ნაკლებობას უჩივიან. ამ მხრივ, მონაწილეთა განცხადებების მიხედვით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დოიჩე ველე აკადემია (Deutsche Welle Akademie) პოლიტიკისა და მედიების წარმომადგენლებისთვის სისტემატურად აწყობს ერთობლივ ტრენინგებს.[36]

Caucasus Research Resource Center-ის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მასმედიის საინფორმაციო მაუწყებლობის მიმართ ნდობა დაბალია.[37] ნინა ისკანდარიანის განცხადებით, ეს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებების მიმართ ზოგადი უნდობლობით აიხსნება. ეს ფაქტი ეკლესიასა და კლასიკური არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციებსაც ეხება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები „მაფიაზე“ საუბრობენ, რადგან, მათი თქმით, წლების განმავლობაში ერთი და იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთსა და იმავე დონორებისგან იღებენ ფინანსურ დახმარებას. ამიტომ, ხალხი სომხეთში, როგორც ამას მათთან საუბრებიდან ვგებულობთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ოჯახებს, მეზობლებსა და მეგობრებს ენდობა.

გასული ხუთი წლის განმავლობაში ახალგაზრდები სამშენებლო პროექტებისა და ახლო მანძილის სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტოდ, ფეისბუკის დახმარებით იკრიბებოდნენ. ისინი საკუთარ თავს გადაჭრით „აპოლიტიკურს“ უწოდებენ და არ სურთ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას ან არასამთავრობო სექტორს მიაკუთვნონ. ასე მაგალითად, 2012 წელს მათ მაშტოცის პარკში, ერევნის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა შეაჩერეს. მათ იმ ადგილის სიახლოვეს მცხოვრებლებიც ჩართეს საქმეში და მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს ძალით მიაღწიეს. 2014 წელს მათ ავტობუსით მგზავრობის საფასურის გაზრდის შეჩერებაც შეძლეს. საპრეზიდენტო სასახლისა და პარლამენტის წინ რამდენიმედღიანმა მშვიდობიანმა ბლოკადამ საერთაშორისო დონეზეც კი მიიქცია ყურადღება. ისინი აპროტესტებდნენ ელექტროენერგიის ფასების ზრდას.[38]

თუმცა აქტივისტების ერთი ნაწილი მიხვდა, რომ თუ სომხეთში რამის შეცვლა სურდა, არსებულ პოლიტიკურ სტრუქტურებში უნდა ჩართულიყო. ამიტომ ამ მოძრაობის ერთი ნაწილი შეუერთდა პოლიტიკოს ნიკოლ პაშინიანის ორგანიზაციას, სახელწოდებით Civic Contract.[39] პოლიტიკოსებს ამომრჩევლებთან კომუნიკაცია კვლავაც ფეისბუკისა და იუთუბის ვიდეოკლიპების მეშვეობით სურთ, რათა ამგვარად მოქალაქეებსა და პოლიტიკას შორის ახალი ნდობა დაამყარონ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში მასმედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება პირდაპირ ასახავს შიდაპოლიტიკურ განვითარებას, რაც ძალიან ჰგავს შუა აზიის ისეთ სახელმწიფოებში არსებულ მდგომარეობას, როგორიცაა უზბეკეთი და გოლფის მონარქიები. ეს განპირობებულია არა იმდენად ქვეყნის ისლამურობით, რამდენადაც იმით, რომ საქმე გვაქვს წიაღისეულით მდიდარი სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურასთან.

მასმედიების უმეტესობა და უპირატესად ტელევიზია, რომელიც აზერბაიჯანის მოსახლეობაშიც პოლიტიკური ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, ძალაუფლების კონგლომერატთანაა დაკავშირებული. ეს კონგლომერატი ისეთი ოჯახებისა და კლანებისგან შედგება, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირებს.[40] საზოგადოება ჯგუფურ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკით (კლიენტელიზმით), ნაცნობობის ეკონომიკითა და კორუფციით უფრო ინარჩუნებს მდგრადობას, ვიდრე ფორმალური წესებითა და საჯარო ინსტიტუტებით.[41]

შიდა თუ გარეპოლიტიკურ მითითებებს საპრეზიდენტო ადმინისტრაცია იძლევა. 2014 წლის დეკემბერში მისმა თავმჯდომარემ, რამიზ მეჰდიევმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აშშ-ს „მეხუთე კოლონად“ მოიხსენიებს, რომელსაც აზერბაიჯანში რევოლუციის მოწყობა სურს. აშშ და ევროკავშირი, აცხადებს მეჰდიევი, მათი ვითომდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ეგიდით მოქმედების უკან თავის ნამდვილ განზრახვას მალავს. დამკვირვებლები ამას აფასებენ როგორც აშშ-სკენ მიმართულ სიგნალს, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობა და ამ ფაქტს დამოუკიდებელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ბოლო გაფრთხილებად მიიჩნევენ. ამ წერილის გამოქვეყნების შემდგომ თვეებში აზერბაიჯანის მმართველობის კრიტიკა, მიმართული აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ, გაიზარდა. საყვედურის ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ მათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, აზერბაიჯანის დაღუპვა სურთ. მათ ის ორგანიზაციები აფინანსებენ, რომლებიც აზერბაიჯანის მტერი სომხეთის სახელით მოქმედებენო. 2015 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბოლოს ისიც კი განაცხადა, რომ ევროპას ღირებულებები არ გააჩნია. ხელისუფლებამ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში აზერბაიჯანის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ განწყობას აზერბაიჯანის თითქმის ყველა მასმედიის საშუალება იზიარებს.[42]

მასმედიების უმეტესობა პუბლიკას მთავრობის ოფიციალურ პოზიციას აწვდის. მთავრობა ტელე-რადიო მაუწყებლობასა და პრესას პირდაპირი თუ ირიბი გზით თითქმის მთლიანად აკონტროლებს. მაგრამ საქმის ასეთი ვითარების გამოაშკარავება ძნელია, რადგან არ არსებობს დადგენილებები კერძო სექტორის მფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ.[43] აზერბაიჯანული მხარე ეუთოს დამკვირვებელთა მისიას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას აუწყებდა, რომ მთავრობა პირდაპირ ერეოდა სატელევიზიო არხების საარჩევნო საინფორმაციო მაუწყებლობაში.[44]

ქვეყანაში არსებობს ცხრა სატელევიზიო არხი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, გარდა ამისა - თორმეტზე მეტი ადგილობრივი არხი, აგრეთვე - 30 რადიოსადგური. ბეჭდვითი მედია შედარებით თავისუფალია. მაგრამ, რადგან გაზეთს ცოტა ხალხი კითხულობს, ამიტომ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. არსებობს 30 რეგისტრირებული ყოველდღიური გაზეთი, რომელთა შორისაც Yeni Müsavat და Azadliq ოპოზიციური პარტიების Müsavat Partiyasi (თანასწორობის პარტია) და Azərbaycan Xalq Cəbhəsi Partiyası (აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია) ბეჭდვითი ორგანოებია, რომლებიც 10 000 ეგზემპლარიანი ტირაჟით ყველაზე პოპულარული გაზეთებია.

ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი თუ ოპოზიციური მედია თუ არსებობს, და ისინიც გადარჩენისთვის იბრძვის. სამთავრობო დაწესებულებები მედიების წარმოების, დისტრიბუციისა და რეკლამის ხელის შესაშლელად იურიდიულ საშუალებებს იყენებენ, რათა ამით ეკონომიკური ზეწოლა მოახდინონ და ტელე-რადიო მაუწყებლები, პრესა თუ ინტერნეტმედიები აკონტროლონ. [45]BBC-ის, RFE/RL და ამერიკის ხმის გადაცემები 2009 წლის შემდეგ უკვე მხოლოდ მოკლე ტალღაზე ან ინტერნეტის საშუალებითაა ხელმისაწვდომი. RFE/RL-ის ოფისი ბაქოში 2014 წლის დამლევს იმ დროისთვის უკვე აკრძალული უცხოური დაფინანსების გამო გაჩხრიკეს, თანამშრომლებს კი რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყვეს. ცოტა ხანში აზერბაიჯანულმა სახელმწიფო დაწესებულებებმა უკვე შეძლეს ამ ოფისის დახურვა.[46]

ინტერნეტში ჯერჯერობით მეტი თავისუფლებაა. Internetworldstat-ის მონაცემებით, აზერბაიჯანის 9,8 მილიონი მოსახლიდან 5,7 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელია. ეს ქვეყნის მთელი მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტს შეესაბამება.[47] თუმცა ტექნიკური ხარისხი არცთუ ისე მაღალია. აზერბაიჯანის 4000-დან მხოლოდ 500 სოფელია უზრუნველყოფილი ფართოგამტარიანი ინტერნეტით. უსადენო ინტერნეტიც ტექნიკურად დაბალი სტანდარტისაა. ამასთან, ინტერნეტით სარგებლობა და უცხოეთში წარმოებული კომპიუტერები ძვირია. ასე მაგალითად, იმპორტირებულ კომპიუტერებზე დაწესებულია ღირებულების 36 პროცენტიანი გადასახადი.[48]

სოციალური მედიები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფეისბუკი და ტვიტერი ოფიციალურ პოლიტიკასთან კრიტიკული დაპირისპირების მნიშვნელოვან პლატფორმებს წარმოადგენს. ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები, როგორებიცაა N!DA და REAL-ი, რომლებიც საკუთარ თავს კლასიკურ ოპოზიციას არ აკუთვნებენ, მასმედიის ამ საშუალებებს თავიანთი აქტივობების საკოორდინაციოდ იყენებენ.

აზერბაიჯანში ფეისბუკი 963 100 მომხმარებლით ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სოციალურ მედიას წარმოადგენს, რომელიც უსწრებს vkontakte.ru-სა და Odnoklassniki.ru-ს, ამ ქვეყანაში თითოეულს დაახლოებით 700 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.[49] სახელმწიფო ორგანოებს იქ, როგორც ეს გარკვეული ხნით თურქეთსა და ტაჯიკეთში, სოციალური ინტერნეტ პლატფორმები ჯერჯერობით არ დაუბლოკავთ. თუმცა ცილისწამების ფაქტის შესახებ საკანონმდებლო დადგენილებები 2013 წლის 4 ივნისს ინტერნეტზეც გავრცელდა და ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება, რუსეთის მსგავსად აზერბაიჯანშიც, საკანონმდებლო შეზღუდვების გამო, თითქმის შეუძლებელი შეიქნა.

2011 წლის შემდეგ ბევრი ბლოგერი, აქტივისტი და სტუდენტი დააკავეს, რომლებმაც ფეისბუკის საშუალებით კრიტიკული აზრი გამოთქვეს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმართა 2014 წელს შედგენილ სიაში მრავლად არიან დაკავებული ინტერნეტაქტივისტებიც. თუმცა ამ ახალგაზრდა მამაკაცებს ბრალად „არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების ფლობა“ ან „ხულიგნობა“ ედებათ. თავად რასულ ჯაფაროვი და ლეილა იუნუსი, რომლებმაც ეს სია შეადგინეს, 2014 წელს დააკავეს და ვითომდა უფლებამოსილების გადაჭარბების, გაფლანგვისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ბრალდებით მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[50]

ფეისბუკის საშუალებით გამოთქმული აზრის გამო დაკავებისა და გასამართლების ერთ-ერთ მაგალითს იმ დროს 20 წლის ასაკის სტუდენტისა და ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ფრონტის“ წევრის, კაბარ სავალანის საქმე წარმოადგენს. ის 2011 წლის 4 მაისს ნარკოტიკის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით ორ წელიწადნახევრის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი დაკავების წინა დღეს მან ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციისთვის მოწოდება.[51]

თუ 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაკავების ფაქტები მწირი, სასჯელი კი შედარებით რბილი იყო, არჩევნების შემდეგ ალიევის რეჟიმმა თავისუფალ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გააძლიერა. ისეთმა საერთაშორისო ღონისძიებებმა, როგორებიც იყო Eurovision Song Contest 2012 წელს და ევროპის ოლიმპიური თამაშები 2015 წელს, ვერ შეძლო შეეჩერებინა აზერბაიჯანის ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ აქტივისტებზე. პირიქით, უცხოეთში ცნობილ აქტივისტებსა და ჟურნალისტებსაც კი მიუსაჯეს პატიმრობა.

ასე მაგალითად, 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი საგამოძიებო რეპორტიორი ხადიჯა ისმაილოვა (Xədicə İsmayılova) დააკავეს და სასამართლო პროცესის დაწყებამდე, 2015 წლის ზაფხულამდე, წინასწარ დაკავებაში ამყოფეს.[52] მან, სხვათა შორის, იმის მტკიცებულებებიც გამოაქვეყნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ერთ-ერთი ოქროს საბადოს ექსპლუატაციის ლიცენზია პრეზიდენტ ალიევის ოჯახს გადასცა. მან ასევე მოიძია მასალები იმის შესახებ, რომ ალიევის ქალიშვილები უმსხვილეს აზერბაიჯანულ მობილურ კომპანია Azercell-თან არიან დაკავშირებული. ბრალად კი ისმაილოვას ერთ-ერთი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასდეს. ამ კოლეგამ კი განაცხადა, რომ ისმაილოვას მის თვითმკვლელობის მცდელობასთან არაფერი აკავშირებს და რომ მან ეს ბრალდება ანტიკრიმინალური სამსახურების ზეწოლის შედეგად გააკეთა. მაგრამ ბრალდება უკან არ წაუღიათ. მოგვიანებით პროკურორებმა ბრალდება კიდევ სხვა ფაქტორებზეც განავრცეს, როგორიცაა გაფლანგვა, გადასახადების გადახდისგან თავის არიდება და უფლებამოსილების გადაჭარბება. ისმაილოვას შვიდ წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[53]

ისმაილოვა და სხვა ჟურნალისტები მანამდეც გამხდარან დისკრედიტირების კამპანიის მსხვერპლი. ამ კამპანიისთვის მათი საწოლი ოთახებისა და სასტუმრო ოთახების ფარული ვიდეომასალები გამოიყენეს. თუმცა ეს კამპანიები მოსახლეობაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს. ასე მაგალითად, სოფელ ნარდარანის თავად მკაცრად მორწმუნე შიიტურმა მრევლმაც კი ისმაილოვას დაუჭირა მხარი, იმის მიუხედავად, რომ ისმაილოვა ცნობილი ათეისტია და ერთხელ ფეისბუკის საშუალებით განცხადებაც კი გაავრცელა, რომ მას ისლამი ეზიზღება.[54] თუმცა დამოუკიდებელი და ოპოზიციური ჟურნალისტები ქვეყანაში არსებულ მათ წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ განწყობას უჩივიან. ისინი ამ აგრესიულ დამოკიდებულებასა და ჟურნალისტის, რაზომ ალიევის მკვლელობის ფაქტს შორის კავშირს ხედავენ. ეს ჟურნალისტი 2015 წლის 8 აგვისტოს მასობრივი ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას შემდეგ, რაც მან ფეისბუკზე აზერბაიჯანის ეროვნული ფეხბურთის გუნდის ერთ-ერთი წევრი ბერძნული წარმოშობის ჟურნალისტის მიმართ უხეში ქცევისთვის გაკიცხა. ალიევი მიიტყუეს და რკინის კეტებით ჩაქოლეს. ის ამ თავდასხმის მომდევნო დილით გარდაიცვალა. ალიევი ჯერ კიდევ 2013 წელს ბაქოში ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს ცემა პოლიციამ. ის სისტემატურად იღებდა მუქარებს.[55]

ალიევი პირველი ჟურნალისტი როდია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. ავტორი და ჟურნალისტი რაფიკ თაღი (Rafiq Taği) 2011 წელს ცივი იარაღით მოკლეს. ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვი (Elmar Hüseynov), რომელიც პრეზიდენტის ოჯახს მწვავედ აკრიტიკებდა, ასევე მოკლეს 2005 წელს. ეს ორი მკვლელობა დღემდე არ გახსნილა.

სხვა ჟურნალისტებმა თავი გერმანიას, საფრანგეთს, შვედეთსა და შვეიცარიას შეაფარეს. აქტივისტმა ემინ მილიმ (Emin Milli), რომელიც ერთი სატირული ვიდეოს გამო ადნან ჰაჯიზადესთან (Adnan Hajizadeh) ერთად 16 თვის განმავლობაში იყო დაკავებული, ბერლინში სატელევიზიო არხი Meydan TVდააარსა. ხადიჯა ისმაილოვას საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებას საერთაშორისო საგამოძიებო პროექტის,Organized Crime and Corruption Reporting Project-ის (OCCRP), რეპორტიორები ცდილობენ.[56]

სხვაგვარადაა საქმე ჟურნალისტ ეინულა ფატულაიევის (Eynulla Fatullayev) შემთხვევაში, რომელიც 2011 წელს ოთხ წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.[57] ის ამის შემდგომ თავის დაარსებულ ვებგვერდს <haqqin.az> იმ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული კამპანიებისთვის იყენებს, რომლებსაც პრეზიდენტ ალიევის მმართველობა არ წყალობს. ფატულაიევმა იმ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეუტია, რომლებიც მის ციხიდან დახსნას ცდილობდნენ. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ფატულაიევს ზეწოლის შედეგად ხელისუფლების მხარეს გადასვლა აიძულეს.

ხელისუფლება მხოლოდ რეპრესიებს არ მიმართავს. ის საკუთარი ორგანიზაციებითაც ცდილობს საზოგადოების სტრუქტურირებასა და კონტროლს. ახალგაზრდული მოძრაობა IRELI-ისა და სხვა ვითომდა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც, სინამდვილეში, სახელისუფლებო ორგანოები, ეგრეთ წოდებული GONGO-ები (Govermnent Organized Non-Governmental Organizations) განაგებს, გამიზნულია ახალგაზრდების გადაბირება. საამისოდ ფეისბუკსა და სხვა სოციალურ მედიებს იყენებენ.[58]

ამასთან, ალიევის ხელისუფლება ბოლო წლებში საზღვარგარეთიდან აღიარებისა და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რათა ამ გზით მოსახლეობაში საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაცია მოახდინოს. აზერბაიჯანის მთავრობას მეგობრული იმიჯის შესაქმნელად და პოლიტიკოსებთან კავშირების მოსაპოვებლად საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობების გარდა ისეთი ლობისტური ორგანიზაციების იმედიც აქვს, როგორიცაა The European Azerbaijan Society.

ბევრმა პოლიტიკოსმა საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდანაც ბაქოში მიწვევაზე თანხმობა განაცხადა. ხელისუფლებასთან დაახლოებული მასმედიის საშუალებები და საპრეზიდენტო მმართველობა აზერბაიჯანის მიმართ გაკეთებულ ყველა თავაზიან ჟესტს სახელმწიფო მმართველობის მიმართ თანხმობად წარმოაჩენს. ეს დაახლოებით 2015 წლის მაისში მოხდა, როცა გერმანელ პარლამენტართა დელეგაცია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის CDU-ს წევრი ქალბატონის, კარინ შტრენცის (Karin Strenz) ხელმძღვანელობით ბაქოში პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. აზერბაიჯანულმა მასმედიამ და საპრეზიდენტო მმართველობამ შტრენცის ციტირება ისე მოახდინა, თითქოს ის შეშფოთებულია „ორმაგი სტანდარტებით“, რომლებსაც აზერბაიჯანის მდგომარეობის შეფასებისას მიმართავენ ხოლმე. ამ სიტყვებს იყენებს ალიევი თავისი ავტორიტარული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკის უარსაყოფად, კერძოდ კი, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით „სამართლიან შეფასებას“ ითხოვს.[59]

აზერბაიჯანის ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს შეზღუდოს საერთაშორისო მასმედიის კრიტიკული საინფორმაციო მაუწყებლობა და გავლენა მოახდინოს მასზე. ეს იქამდეც კი მიდის, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ საფრანგეთში ფრანგულ სატელევიზიო არხს France2 და მის ორ ჟურნალისტს „გაუმართლებელი თავდასხმისთვის“ უჩივლა მას მერე, რაც მათ ერთ დოკუმენტურ ფილმში აზერბაიჯანი „დიქტატურად“, ალიევი კი „დესპოტად“ მოიხსენიეს.[60]

ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება საინფორმაციო მაუწყებლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო. ეს რეგიონი სახალხო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის მიერ არის ოკუპირებული. ვისაც მთიან ყარაბაღში სურს გამგზავრება, ამ რეგიონში შესვლის უფლებაზე განაცხადი უნდა გააკეთოს, რაც ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარების ტოლფასია. თუმცა 1994 წლის ზავის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია აზერბაიჯანის მხრიდან ფრონტის ხაზზე გასვლა. მთიანი ყარაბაღიდან ივლისის ბოლოს გაკეთებულ Deutsche Welle-ს რეპორტაჟს ამ კონფლიქტის ზონის საომარი ვითარების[61] შესახებ, აზერბაიჯანული მასმედიის მიერ გამართული კამპანია მოჰყვა, რომელიც პუბლიკას Deutsche Welle-სთვის წერილების გაგზავნას მოუწოდებდა. ბაქოში არსებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორესპონდენტს ბრალი ცალმხრივ საინფორმაციო მაუწყებლობასა და მცდარი გეოგრაფიული ცნებების გამოყენებაში დასდო. The European Azerbaijan Society-მ Deutsche Welle-ს იგივე ბრალდებები წაუყენა.

თუმცა დაბალანსებულ საინფორმაციო საქმიანობას ხელს თავად ბაქოში არსებული მთავრობა უშლის, რადგან მთიანი ყარაბაღის სტუმრებს აზერბაიჯანში შესვლის უფლებას უკრძალავს. პირველად 2013 წელს გამოქვეყნებული „შავი სია“ 2015 წლის ოქტომბერში უკვე იმ პირების 506 სახელს შეიცავდა, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალებათ, მათ შორისაა უამრავი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ექსპერტი და სტუდენტი გერმანიიდან. მთიან ყარაბაღში მოგზაურობის გამო ქვეყანაში შესვლის უფლების გაცემის საქმეში არსებული თვითნებური დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან დამოუკიდებელ საინფორმაციო საქმიანობაში ამ გზითაც უშლიან ხელს. ეს, მაგალითად, ვენაში არსებული Presse-ს ერთ ჟურნალისტ ქალსაც შეემთხვა. მთიანი ყარაბაღის სტუმრობის მიუხედავად, მას ჯერ აზერბაიჯანში შესვლის უფლება მისცეს, ხოლო შემდეგ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით კრიტიკული საინფორმაციო შეფასების გამო, მისი სახელი ზემოხსენებულ სიაში შეიტანეს. ვენაში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელმა მას დაუდასტურა, რომ მისი კრიტიკული სტატიები გახდა მის სავიზო განაცხადზე უარყოფითი პასუხის მიზეზი. საქმეს ვერც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევამ უშველა.

ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ აზერბაიჯანის დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო პროტესტებზე ალიევის ხელისუფლებამ გასულ თვეებში რეაგირება შეზღუდვებისა და რეპრესიების გამძაფრებით მოახდინა. წარმატებას კი 2015 წლის ივნისში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე ბურკჰალტერმა (Didier Burkhalter) მიაღწია: ის ჯერ ბაქოში საპატიო ტრიბუნიდან ევროპული თამაშების გახსნას დაესწრო, შემდეგ კი ჟურნალისტსა და აქტივისტ ემინ ჰუსეინოვთან (Emin Huseynov) ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა. თითქმის ერთი წლით ადრე კი ჰუსეინოვმა შვეიცარიის საელჩოს ბაქოს ცენტრს შეაფარა თავი, რადგან რეპრესიები და დაკავება ემუქრებოდა.

გერმანულიდან თარგმნა გიორგი ბრეგაძემ

 

[1] Freedom House: Freedom of the Press 2015, <https://freedomhouse.org/sites/default/files/ FreedomofthePress_2015_FINAL.pdf>. ფრიდომ ჰაუსი რეგიონულ ექსპერტებთან ერთად აანალიზებს მასმედიის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ყოველწლიურად იძლევა შეფასებებს „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. - მისი მსგავსია „Eastern Partnership Media Freedom Watch“ (მედიის თავისუფლების მონიტორინგის აღმოსავლეთის თანამშრომლობა), <http://mediafreedomwatch.org/media-freedom-index&gt;

[2] Georgia Officially Requests Invitation To Join NATO, 22.11.2012, <www.rferl.org/content/ article/1101463.html>.

[3] Saakaschwili: Ich versuche, Krieg zu verhindern. tagesschau.de, 23.6.2015,  <www.tagesschau.de/ausland/interview-saakaschwili-101.html&gt;.

[4] Four Photojournalists Arrested over Espionage-Related Charges, 7.7.2011, <http://civil.ge/ eng/article.php?id=23713>.

[5]Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015, <www.irex.org/sites/default/files/u105/ EE_MSI_2015_Georgia.pdf>.

[6] International Republican Institute: Public Opinion Survey, Residents of Georgia, 2/2015, <www.iri.org/sites/default/files/wysiwyg/iri_georgia_public_2015_final_0…;.

[7] ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო გაერთიანების (International Telecommunication Union ITU) 2013 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 43,1 პროცენტს შეადგენს <www.itu.int/net4/itu-d/icteye/CountryProfileReport.aspx?countryID=276&gt;.

[8] Koba Turmanidze, Mariam Gabedava: Georgians in the Internet Age: The Profile,   <www.css.ethz.ch/publications/pdfs/CAD-61-62.pdf&gt;.

[9] International Republican Institute: Public Opinion Survey, Residents of Georgia, 2/2015, <www.iri.org/sites/default/files/wysiwyg/iri_georgia_public_2015_final_0…;.

[10] Internet and Social Media Usage in Georgia. Caucasus Research Resource Centers, 24.8.2015, <http://crrc-caucasus.blogspot.de/2015/08/internet-and-social-media-usag…;.

[12] Who owns Georgia’s media: Power networks and corporate relationships behind Georgian media outlets, <www.transparency.ge/en/node/4126&gt;

[13] Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015 [სქოლიო 5].

[14] The World’s Billionairs: Bidzina Ivanishvili, <www.forbes.com/profile/bidzina-ivanishvili/&gt;.

[15] ინტერვიუ სტატიის ავტორთან, 2012 წლის დეკემბერი, ბრიუსელი.

[16] Tbilisi Mayor Charged Without Being Arrested, Civil Georgia, 23.2.2013, <http://civil.ge/eng/article.php?id=25782&gt;. – French Court Rejects Extradition of Kezerashvili, 27.2.2014, <http://civil.ge/ eng/article.php?id=26985>.

[17] Maia Tsiklauri: Majority of Population Still Get Information from Imedi and Rustavi 2, <www.media.ge/en/portal/news/300970/&gt;. Details in: Louis Navarro: Public attitudes in Georgia: Results of a June 2013 survey carried out for NDI by CRRC. NDI Georgia, <www.ndi.org/files/NDI-Georgia-Survey-June-2013-ENG.pdf&gt;.

[18]  Court orders Rustavi 2 TV asset freeze, 7.8.2015, www.civil.ge/eng/article. php?id=28486.

[20] სტატიის ავტორის მიერ „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ჩამორთმეული ინტერვიუები თბილისში 2015 წელს და შემდგომ ინტერნეტის საშუალებით. Maestro TV hit by mass departure of journalists, 24.12.2014, www.civil.ge/eng/article.php?id=27935.

[21] სტატიის ავტორის ინტერვიუები, 2015 წლის მაისი, თბილისი.

[22]  იხ.: Rückblick auf ein Lehrstück. Der Kaukasuskrieg und die Folgen. Berlin 2008 [= OSTEUROPA, 11/2008].

[23] Public funds for Media Promoting Hate Speech and Anti-Western Sentiments, <http://mdfgeorgia.ge/uploads//Report%20on%20Obiektivi%20&%20others,%20E…;.

[24] სტატიის ავტორის მიერ სომხეთში ჩატარებული ინტერვიუები. -  International Crisis Group Europe Report N°217, Armenia: An Opportunity for Statesmanship, 25.6.2012, გვ. 5 და შემდეგ, <www.crisisgroup.org/~/ media/Files/europe/caucasus/armenia/217-armenia-an-opportunity-for-statesmanship.pdf>. – Monopolies in Armenia, Hrayr Maroukhian Foundation Yerevan, 2013, <www.arfd. info/hy/library/docs/HMF-Monopolies-eng-web.pdf>.

[25] Tatevik Sargsyan: A Tale of Two Environments: Practices and Regulations Shaping Armenian Traditional and Online News Media, in: Caucasus Analytical Digest, 61–62/2014, <www.css.ethz.ch/publications/pdfs/CAD-61-62-9-11.pdf&gt;.

[27] Sargsyan, A Tale [სქოლიო 25].

[28] Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015, <www.irex.org/sites/default/files/u105/ EE_MSI_2015_Armenia.pdf>.

[29] Sargsyan, A Tale [სქოლიო 25].

[30] Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015 [სქოლიო 28].

[31] Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015 [სქოლიო 28].

[33]Freedom of the Press, 2014 [სქოლიო 32].

[34] ინტერვიუ სტატიის ავტორთან, ერევანი, 2013 წლის თებერვალი.

[35]Europe & Eurasia Media Sustainability Index 2015 [სქოლიო 28]

[36] ავტორის მიერ აღებული ინტერვიუები, შდრ. აგრეთვე IREX 2015 [სქოლიო 5]

[37]Alternative Resources [სქოლიო 26]

[38] Aufruhr gegen die „Plünderer“. tagesschau.de, 26.6.2015, <www.tagesschau.de/ausland/ armenien-proteste-strom-101.html>.

[39] New Armenian Opposition Party Takes Shape, auf: azatutyun.am, 1.6.2015, <http://.azatutyun.am/content/article/27047588.html&gt;.

[40] OSCE/ODIHR Election Observation Mission: Final Report Presidential Elections 2013, <www.osce.org/institutions/110015?download=true&gt;.

[41] ავტორის მიერ აღებული ინტერვიუები, აგრეთვე, Svante E. Cornell: Azerbaijan since independance. New York 2011.

[42] Those preparing and voting for European Parliament’s resolution bribed by Armenian diaspora and lobby. 14.9.2015, <http://en.trend.az/azerbaijan/politics/ 2433273.html>. – Ilham Aliyev to students: There are no values in Europe. 15.9.2015, <www.contact.az/docs/2015/ Politics/091500129596en.htm#.VfkooWC7zSi>.

[44]OSCE/ODIHR Election Observation Mission 2013 [სქოლიო 40]. 

[45]Freedom House 2015 [სქოლიო 43].

[48] Ulviyya Asadzade: E-Democracy in Azerbaijan, 2014, <www.css.ethz.ch/publications/ pdfs/CAD-61-62-12-14.pdf>.

[49] Tariyel Jalalli: Use of Facebook by Azerbaijani Government and Opposition: Strategy and Tactics. 2014, <www.css.ethz.ch/publications/pdfs/CAD-61-62-15-17.pdf&gt;.

[50] Leyla Yunus, Rasul Javarov: The List of Political Prisoners in Azerbaijan. 2014, <http://eapcsf.eu/assets/files/List_of_Political_Prisoners_AZ-(2)-(1).pd…;. 

[51] Azerbaijani Opposition Activist jailed on drug charge, 4.5.2011, <www.rferl.org/content/ azerbaijan_opposition_activist_jailed_for_drugs/24091666.html>.

[52] Ein fragwürdiger Handelspartner. Tagesschau, 27.12.2014, <www.tagesschau.de/ausland/ aserbaidschan-111.html>.

[53]  Azadliq Radiozu: Khadija Ismayilova sentenced to seven years and six months, 1.9.2015,   <www.azadliq.org/content/article/27220673.html&gt;

[54] Gefangen in Baku. Zenit 8.6.2012, <www.zenithonline.de/deutsch/politik/a/artikel/ gefangen-in-baku-002953/>. 

[55] Azerbaijani Journalists say sense of Impunity behind fatal beating, 10.8.2015, <www.rferl. org/content/azerbaijan-journalists-say-sense-of-impunity-behind-fatal-beating/27181566.html>.

[56] OCCRP: Tracking the Billions Stolen in Azerbaijan, <www.occrp.org/freekhadijaismayilova/ people/>.

[57]Wie im sowjetischen Straflager.Tagesspiegel, 29.5.2011.

[58]  Tariyel Jalalli: Use of Facebook by Azerbaijani Government and Opposition: Strategy and Tactics, in: Caucasus Analytical Digest, 61–62/2014, <www.css.ethz.ch/publications/ pdfs/CAD-61-62-15-17.pdf>.

[59] Ilham Aliyev received a delegation led by the chair of South Caucasus Parliamentary Friendship Group at Bundestag, 14.5.2015, <http://en.president.az/articles/15144&gt; sowie <news.az/ articles/official/97985>.

[60]L’Azerbaidjan porte plainte contre France TV. Le Figaro, 9.9.2015, <www.lefigaro.fr/flasheco/2015/09/09/97002-20150909FILWWW00187-l-azerbai…;.

[61]Deutsche Welle: Berg-Karabach: An der Frontlinie, 6.8.2015, <www.youtube.com/watch?v=lxaSCYqQ3Xg&gt;.