რევოლუციური ბრძოლიდან სოციალურ ემანსიპაციამდე

1917 წლის 5 მარტს, დილის 11 საათზე კავკასიის მუშათა მოძრაობის უამრავმა წარმომადგენლმა და ათასობით რიგითმა მოქალაქემ თავი ნაძალადევში, თეატრის მოედანზე მოიყარა. შეკრებილ რევოლუციონერებს საბოლოო და დაზუსტებული ცნობები უნდა მიეღოთ პეტროგრადში განვითარებული მოვლენების შესახებ.

1917 წლის 5 მარტს, დილის 11 საათზე კავკასიის მუშათა მოძრაობის უამრავმა წარმომადგენლმა და ათასობით რიგითმა მოქალაქემ თავი ნაძალადევში, თეატრის მოედანზე მოიყარა. შეკრებილ რევოლუციონერებს საბოლოო და დაზუსტებული ცნობები უნდა მიეღოთ პეტროგრადში განვითარებული მოვლენების შესახებ. ადამიანებს აინტერესებდათ ის, თუ რა მიზანს მიაღწია თებერვლის აჯანყებამ. ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებებით გატანჯულ საზოგადოებას ერთადერთი კითხვა აწუხებდა: მოხერხდა თუ არა ცარისტული რეჟიმის დამხობა? სახელდახელოდ შეკოწიწებულ ფიცარნაგზე რევოლუციური მოძრაობის უძველესი ლიდერი, მეფის მიერ ათჯერ გადასახლებული სილვა ჯიბლაძე ავიდა, მან მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: „აღსრულდა“[1]. სილვა ჯიბლაძის გამოსვლას საყოველთაო ზეიმი მოჰყვა. თბილისში განლაგებულმა სამხედრო ძალებმა მუშათა საბჭოებს ერთგულება აღუთქვეს და მორჩილება გამოუცხადეს.

სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ქალაქი ამგვარი მღელვარებით შეეგება რუსეთის მეფის ჩამოგდების ფაქტს. რა განაპირობებდა საზოგადოების ანტიცარისტულ განწყობებს?

სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა რევოლუციამდელ საქართველოში

მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა. რუსეთის იმპერიის განაპირა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდათ ძირითადი სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. ქვეყანაში მოქმედებდა მკაცრი ცენზურა (მაგალითად, გაზეთებს ხშირად ეკრძალებოდათ სიტყვების „კლასი“, „ჩაგვრა“ გამოყენება)[2], ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ პერიოდული გამოცემების დახურვა, პოლიტიკური პარტიებისა თუ პროფკავშირული გაერთიანებების დარბევა და მათი ლიდერების მრავალწლიანი გადასახლება ან მკვლელობა. ცარისტულ ეპოქაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ქუჩის დემონსტრაციებისა და მრავალრიცხვოვანი შეკრებების ორგანიზება. უუფლებო საკონსულტაციო ორგანო, იმპერიის სახელმწიფო სათათბიროც კი ირიბი წესით აირჩეოდა (დეპუტატებს ქონებრივი და გენდერული ცენზის შედეგად შერჩეული ელიტური საბჭოები ამტკიცებდნენ). მოსახლეობას საკუთარი სოციალ-ეკონომიკური ინტერესების დასაცავადაც უწევდა ბრძოლა. ქალაქებში დასაქმებული მუშები ყოველდღიურად რვა საათზე გაცილებით მეტ ხანს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული უგულებელყოფის პირობებში შრომობდნენ. ბატონყმობის გაუქმების მიუხედავად, უამრავი ქართველი გლეხი კვლავ პირადი საკუთრების გარეშე აგრძელებდა სხვისი მიწების დამუშავებას, რათა გამოკვებისთვის აუცილებელი შემოსავალი მოეპოვებინა. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა წერა-კითხვის უცოდინარობა. იმპერიაში არ მოქმედებდა საყოველთაო ზოგადი განათლების მიღების საკანონმდებლო ვალდებულება. ელემენტარული განათლების მიღება მხოლოდ ფასიან, კერძო სკოლებში ან რელიგიურ სასწავლებლებში იყო შესაძლებელი, ისიც ძირითადად უცხო ენაზე. ბუნებრივია, რომ მსგავს სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში, აგრესიული კონსერვატიზმის ხანაში არავინ ზრუნავდა ქალთა უფლებების რეალიზებისათვის.

ემანსიპატორული მოძრაობის ძირითადი მიმართულებები

საქართველოსა და კავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე გაცილებით ადრე დაიწყო. წინააღმდეგობის მთავარი ტალღის აგორების თარიღად ვერც 1905 წლის მღელვარებებს მივიჩნევთ. რევოლუციას დაახლოებით ორმოცდაათწლიანი ბრძოლა უძღვოდა წინ.

თავდაპირველად, მეფის მმართველობის საწინააღმდეგო ფლანგზე პატრიოტული ძალები გააქტიურდნენ. 1860-იან წლებში მათ რამდენიმე პერიოდული გამოცემაც დაარსეს. მწერლისა და პუბლიცისტის, ილია ჭავჭავაძის ირგვლივ შემოკრებილი მოაზროვნეები ძირითად აქცენტს ეროვნულ საკითხებზე სვამდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ქართული ენის შეზღუდვის ტენდენციას პრესაში, სკოლაში, ეკლესიასა თუ თეატრში. უპირისპირდებოდნენ პლუტოკრატიის მიერ მიწების მასობრივი შესყიდვისა და დატაცების ფაქტებს. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრების უმთავრესი მოთხოვნა კი ერთა თვითგამორკვევის უფლებას უკავშირდებოდა. ილია ჭავჭავაძის დასის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოსთვის პოლიტიკური და კულტურული ავტონომიის მოპოვება გახლდათ.

ქართულმა პატრიოტულმა ჯგუფებმა შექმნეს იმპერიასთან წინააღმდეგობის პირველი მშვიდობიანი პრეცენდენტები. მათ პირველებმა გამოიყენეს პრესა რუსული რეპრესიული პოლიტიკის სამხილებლად. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ცარისტული მმართველობის მთავარ ალტერნატივად ჩამოყალიბდა და ქართულ საზოგადოებაში ხელი შეუწყო პოლიტიკური პლურალიზმის პირველი ნიშნების გამოკვეთას. თუმცა, ისინი ერთი განსაკუთრებული ნაკლით ხასიათდებოდნენ. ქართულ ენაზე მარქსის პირველი მთარგმნელი, გიორგი მაიაშვილი ანტიცარისტი პატრიოტების პოლიტიკურ საქმიანობას შემდეგნაირად ახასიათებს: „მოძრაობამ მიიღო ერთ-გვარი ხასიათი, მეტის-მეტი ნაციონალურის, მეტის-მეტი - თუ შეიძლება ასე ვსთქვათ - კულტურული და მხოლოდ მცირედ - ხალხური. მოძრაობის ამისთანა მიმართულებამ არ შეიძლება არ შეაწუხოს და არ დააღონოს ჭეშმარიტი მამულის შვილნი და გულ-წრფელნი მოსურნენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისა...  ეკონომიურ ტკივილების მოშორებაზე და ეკონომიურ სენთაგან განთავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენის ხალხის კეთილ-დღეობა და დოვლათი, რაზეც ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში არაფერი სწერია ...[3]

1880-იან წლებში წინააღმდეგობის მოძრაობის სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული მიმართულების შევსებაც დაიწყო. მუშებმა და ახალგაზრდებმა, რომელთაც უკვე წაკითხული ჰქონდათ მემარცხენე თეორეტეკოსთა პოპულარული ტექსტები, პატრიოტთა გამოცდილების გამდიდრება გადაწყვიტეს.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს თბილისში, ბათუმსა და ბაქოში არაერთ სამკითხველო წრეს, პროფკავშირულ თუ პარტიულ კომიტეტს ჩაეყარა საფუძველი. მშრომელებისა და ინტელექტუალების (მათ საერთო სახელით,  „მესამე დასად“ მოიხსენიებდნენ) დღის წესრიგში რამდენიმე ცენტრალური საკითხი დადგა. რევოლუციონერები ინდუსტრიულ ცენტრებში რვასაათიანი სამუშაო დღის, მინიმალური ხელფასის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ. აპროტესტებდნენ ქალთა და ბავშვთა შრომით ექსპლუატაციას. „მესამედასელთა“ მოთხოვნებს მკვეთრად ანტიკაპიტალისტური შინაარსი ჰქონდა.

მეცხრამეტეს საუკუნის პირველ ქართულ მემარცხენე ჯგუფებს ბრძოლა მხოლოდ პრესის ფურცლებზე არ ჰქონდათ გაჩაღებული. „მესამედასელთა“ სახელს უკავშირდება საქართველოში ჩატარებული პირველი საყოველთაო გაფიცვები, ქუჩის დემონსტრაციები და ოფიციალური სტრუქტურების ბლოკირების მცდელობები. მეფის საიდუმლო სამსახური, „ოხრანკა“ დაუნდობლად უსწორდებოდა სოციალისტურ ოპოზიციას[4]. გადასახლება, მრავალწლიანი პატიმრობა და სიკვდილით დასჯა რევოლუციონერთათვის ტრადიციულ განაჩენს წარმოადგენდა.

საქართველოს დემოკრატიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად „ბახვის მანიფესტს“ მიიჩნევენ. 1905 წელს მეფის ჯარების მიერ არაერთხელ დარბეულ, საქართველოს ყველაზე პატარა, ღარიბ და აგრარულ რეგიონში, გურიაში ადგილობრივი გლეხები აჯანყდნენ. მათ ცარისტული ხელისუფლებისგან საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმება, პროგრესული გადასახადების დაწესება, საუფლისწულო და  სამონასტრო მიწების კონფისკაცია, სასოფლო-სამეურნეო რესურსების გლეხობისთვის უსასყიდლოდ გადაცემა მოითხოვეს[5]. გურულ მიწათმოქმედთა მანიფესტი საყოველთაო უფასო განათლებისა და უნივერსალური არჩევნების დაუყოვნებლივ გამართვის დებულებებსაც აერთიანებდა.

1907 წლამდე გურიაში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა. ადგილობრივები იარაღით ხელში ცდილობდნენ დემოკრატიული მანიფესტის ღირებულებების დაცვას. ძალისმიერი წინააღმდეგობის დამარცხების შემდეგ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გლეხები რევოლუციური მოძრაობის ნაწილი გახდნენ. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სტოკჰოლმის ყრილობაზე (1906) გლეხების ნაწილობრივ რევოლუციურ კლასად აღიარება სწორედ გურიის პრეცენდენტის საფუძველზე მოხდა[6].

ელიტური პატრიოტული ჯგუფების, მუშების, ახალგაზრდა ინტელექტუალებისა და გლეხების გარდა, ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ადრეული პერიოდიდანვე მონაწილეობდნენ ქალები. მათ ბრძოლის ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი და წინააღმდეგობით სავსე გზა გამოიარეს.

საქართველოს საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალთა პირველი გააქტიურება ბარბარე ჯორჯაძის სახელს უკავშირდება. ის გახლდათ პირველი ქალი, რომელიც ღიად ჩაერია ქართული ენის შესახებ წარმოებულ დისკუსიაში. მან ილია ჭავჭავაძესთან და მისი დასის წარმომადგენლებთან საგაზეთო პოლემიკაში მონაწილეობა გაბედა.  ბარბარე ჯორჯაძის გამბედაობამ ბევრ სხვა ქალს უბიძგა საზოგადოებრივი საქმიანობისკენ.

ერთი ადამიანის მიერ დაწყებული ფემინისტური მოძრაობის განვითარების მეორე ეტაპი ლიტერატურულ არენაზე ქალების გამოჩენის ტენდენციას უკავშირდება. მწერალი ქალები ყველაზე უკეთ აღწერდნენ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ჩაგრული კლასების მდგომარეობას. მწერალმა ქალებმა თავიანთი საქმიანობის მთავარ მიზნად ქალთა განათლების ხელშეწყობა დაისახეს. მათი თაოსნობით კავკასიის დიდ ქალაქებში მანუფაქტურული საწარმოები დაარსდა. მშრომელი ქალების მიერ გამომუშავებული თანხის ნაწილით კი საფუძველი ჩაეყარა ქალთა უფასო პანსიონატებსა და სასწავლებლებს. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე კი უკვე ქალთა სკოლები რევოლუციური მოძრაობის ავანგარდში იდგნენ და შრომის უფლებებისა თუ უნივერსალური არჩევნებისთვის დაკანონებისთვის იბრძოდნენ[7].

ემანსიპატორული მოძრაობის რამდენიმე ურთიერთგანსხვავებული მიმართულების არსებობა, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება, სამოქალაქო პროტესტის მეთოდების განსაკუთრებული მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 1917 წლის თებერვლის რევოლუცია მოულოდნელი და მხოლოდ მსოფლიო ომისა თუ საერთაშორისო მდგომარეობის შედეგად განპირობებული ისტორიული მოვლენა არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ რევოლუციის მომზადებაში პერიფერიულ რეგიონებში მოქმედი მოძრაობებიც თავდაუზოგავად მონაწილეობდნენ.

სოციალური ემანსიპაციის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (სდრ).

1917 წლის რევოლუცია რუსეთში მალევე დამარცხდა. პარლამენტარიზმზე, პლურალისტურ დემოკრატიასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული რეჟიმი მზად არ აღმოჩნდა წინააღმდეგობების დასაძლევად. ოქტომბრის „რევოლუციის“ შემდეგ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა სიფრთხილის გარეშე დაიწყეს ფიქრი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაზე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც გამოცხადდა, რომელმაც მხოლოდ 1028 დღე იარსება. მიუხედავად ხანმოკლე პერიოდისა, სდრ-ში მაინც მოხერხდა რამდენიმე ემანსიპატორული პროექტის განხორციელება. კერძოდ:

  • საქართველოს რესპუბლიკაში გაუქმდა ცენზურა, კონსტიტუციის დონეზე დაკანონდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა ჯგუფებს მიეცათ თავსუფლად რეგისტრაციისა და საქმიანობის შესაძლებლობა. 1919 წლის თებერვალში ჩატარდა თავისუფალი და უნივერსალური დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგადაც დამფუძნებელი კრება დაკომპლექტდა[8].
  • სდრ-ის კონსტიტუცია უზრუნველყოფთა ოთხი უმნიშვნელოვანესი შრომის ინსტიტუტის ფუნქციონირებას. რევოლუციაში მონაწილე ძალებმა დააფუძნეს შრომის უსაფრთხოებასა და სამართლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველი სტრუქტურა, საყოველთაო ნორმად აქციეს რვასაათიანი სამუშაო დღე, შემოიტანეს მინიმალური ხელფასის რეგულაცია, უმუშევართა დასახმარებლად შექმეს შრომის ბირჟა. მშრომელთა კოლექტივებს საწარმოთა მართვის პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობაც მიეცათ.
  • დამოუკიდებელი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის, ნოე ხომერიკის მეთაურობით განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო რეფორმაც. დემოკრატიულმა მთავრობამ დროებით უარი თქვა მიწის მუნიციპალიზაციის იდეაზე (მიწის მთელი რესურსის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის). მოხდა მიწის ვრცელი მასივების (ტყეები, მასშტაბური სავარგულები და ა.შ.) ნაციონალიზაცია, თითეულ გლეხს კი უმცირესი საფასურის ან გრძელვადიანი სახელმწიფო შეღავათის სანაცვლოდ პირად საკუთრებაში გადაეცა ოჯახის გამოკვებისთვის საკმარისი სახნავ-სათესი ნაკვეთი[9].
  • სდრ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალებიც. ქალებს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მიეცათ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 1919 წელს არჩეულ პარლამენტში ხუთი ქალი საქმიანობდა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობა დაიწყეს ფემინისტურმა და ქალთა ორგანიზაციებმა.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, აქტიურ ჯგუფებს კვლავ უამრავი შენიშვნა ჰქონდათ სქესთა შორის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. პირველი ქართული ფემინისტური გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქტორი, კატო მიქელაძე რესპუბლიკის დამფუძნებელი სტრუქტურების (ეროვნული ყრილობა, ეროვნული საბჭო) შესახებ წერდა: „არსებითად ეს ყრილობა იყო არა ეროვნული, არამედ ვაჟური, სადაც თავი მოეყარათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ვაჟებს, სადაც ხუთი ქალი ძლივს ერია... ქართველ ქალს არათუ მოანაწილეობა არ მიუღია ამ ყრილობაზე, არამედ მას თავისი სიხარულის გამოთქმის ნებაც არ მისცეს... ეროვნულ საბჭოში ქართველ ქალებს თავისი სპეციალური დედაკაცური ინტერესის დამცველი არავინა ჰყავს, ქართველ ქალებს ამის საშვალება მოუსპეს ორმა ცნობილმა სოციალისტმა - ნოე ჟორდანიამ და აკაკი ჩხენკელმა... ჩვენ ვიცით, რომ ნოე ჟორდანიას ეროვნულ საბჭოში ქალები ჰყავს, მაგრამ არ ვიცით მისი ქალები რამდენათ დაიცავენ დამფუძნებელ კრებაზე ქალთა უფლებას და გაბედავენ პარტიულ ჩარჩოდან გამოსვალ“[10].

საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკა მრავალწლიანი რევოლუციური ბრძოლისა და 1917 წლის თებერვლის გადატრიალების შედეგი გახლდათ. მისი დამფუძნებლები შეეცადნენ, რომ მტრულად განწყობილი მეზობლების (რუსეთი, თურქეთი) ალყის მიუხედავად, მაინც შეექმნათ თავისუფალი სახელმწიფო. მასობრივმა ეკონომიკურმა კრიზისმა, სასურსათო დეფიციტმა, დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრების გამოცდილების არქონამ ხელი შეუშალა არაერთი რეფორმის წარმატებულად განხორციელების პროცესს. თუმცა, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაინც მოხერხდა ყველა ძირითადი სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დაკანონება, მუშების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, გლეხებისთვის მიწის გადაცემა და ქალთა პირველი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებლობის სამწლიან მონაკვეთს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური ემანსიპაციის პირველი ნაბიჯი. საუბედუროდ, ემანსიპაციის პროცესი ძალიან დიდი ხნით დაასამარა ბოლშევიკურმა შურისძიებამ.

 

[1] სტივენ ჯონსი  (2007) სოციალიზმი ქართულ ფერებში, ილიაუნის გამომცემლობა, გვ.310

[2] Bernstein Ed. (1921), Gleitwort für das Buch “Noe Jordania, Marxismus und Demokratie”, Verlag Gesellschaft und Erziehung, Berlin-Fichtenau, s. 5-7 

[3] ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია (2015), ტომი I, თბილისი, გვ. 239-243

[4]  ირაკლი ხვადაგიანი  (2015), უცნობ მუშათა პირველი მაისი, გამოცემა „ლიბერალი“

[5]  გრიგოლ მახარაძე (2013), ბახვის მანიფესტი, იხ. http://aboutguria.blogspot.com/2013/10/blog-post_4.html

[6] ისიდორე რამიშვილი (2012), მოგონებები, თბილისი, „არტანუჯი“ გვ. 384-411

[7] ლელა გაფრინდაშვილის საჯარო ლექცია - „საქართველოს ქალები: ტრადიცია და ემანსიპაცია“, კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი, იხ. https://www.youtube.com/watch?v=ZX4D1LmDqSo

[8] ირაკლი ირემაძე (2016), საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, ჟურნალი „სივიკუსი“ #5, გვ. 10-15, იხ. http://cela.ge/ge/page/civicus-5

[9] ნოე ხომერიკი (1918), მოხსენება აგრარულ საკითხზე, ოქმი სდმპ მე-8 საოლქო ყრილობის სხდომისა, იხ. http://wp.me/p4u0oC-hk

[10] თამთა მელაშვილი, შემდგენელი (2013), კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, ჰბფ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, გვ. 95-99