მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი: რუსეთის “ჩარევა“ სტაბილობის ხელშემწყობი ფაქტორი არ არის

Კითხვის დრო: 8 წუთი

საერთაშორისო ყურადღების მიღმა დარჩენილი კონფლიქტი

მთიანი ყარაბაღის “გაყინულ’’კონფლიქტს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის სხვა “გაყინული“ კონფლიქტებისგან განსხვავებით, რეგიონული თუ უფრო ფართო  საზოგადოების ყურადღება აკლია,  მისი საწიერის მიღმაა დარჩენილი, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ სხვა ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სავიზო ლიბერალიზაციას ანიჭებს - ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერამ ევროკავშირთან ამ მოვლენებს ფორმალური დასტური მისცა - ამას რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი აქვს, ამათგან ყველაზე მთავარი - პრობლემის კომპლექსურობაა.

უპირველეს ყოვლისა, ყველა სხვა კონფლიქტისგან განსხვავებით, რომელშიც სეპარატიზმით გამოწვეული  შიდა კონფლიქტის მხარეებს ერთი გარე მოწინააღმდეგე, რუსეთი ჰყავთ, აქ მოწინააღმდეგე ორია - სომხეთი და რუსეთი. ამასთან, რუსეთის როლი ყველა სხვა კონფლიქტში, უმეტესწილად და ძალზე მკაფიოდ, არალეგიტიმურადაა მიჩნეული, მაშინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი სომხეთის მოკავშირეა. ეს, თავის მხრივ, პატარა, ზღვაზე გასასვლელის უქონელი ქვეყანაა, რომელსაც, წარსულის ჭრილობების გამო, თურქეთთან ჯერაც მოუგვარებელი აქვს ურთიერთობა, რაც, თავისთავად, იმის მიზეზი ვერ იქნება, რომ სომხეთის პოზიცია ლეგიტიმურად იქნას მიჩნეული, თუმცა, გარკვეულწილად მის ასეთნაირ აღქმას კი უწყობს ხელს. მეორე: პრობლემის კომპლექსურობას რეგიონული წინააღმდეგობების ისტორიული კონტექსტი აღრმავებს, როცა რეგიონის სახელმწიფოებთან ერთად კონფლიქტში მათთან დაკავშირებული ქვეყნები თუ სივრცეა ჩართული, მაგალითად, თურქეთი და დასავლეთი, ხოლო სომხური დიასპორა ჯერ კიდევ ოტომანთა იმპერიის ეპოქიდან აძლევს მიმართულებას აქ პოლიტიკურ დღის წესრიგსა და უსაფრთხოების მუქარის აღქმას განსაზღვრავს. მესამე: არსებობს ფაქტორი, რომელიც ხშირად ისეა აღქმული, როგორც დასავლელი აქტორების ცივილიზაციური მიკერძოება კონფლიქტის ერთი მხარისადმი  - გვაქვს სიტუაცია, რომელშიც დასავლეთი ნაკლებად ცდილობს, ახლანდელი სტატუს  კვო ისე აღიქვას, როგორც მომხდურის/ოკუპანტისა და მსხვერპლის დაპირისპირება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში იგი მეტ ლეგიტიმაციას ანიჭებს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას, ვიდრე საქართველოს, მოლდოვასა თუ უკრაინის შემთხვევაში.

ამაზე მკაფიოდ მეტყველებს ის წინააღმდეგობრიობა,  გაეროს რეზოლუციებს, მინსკის პროცესსა და დასავლეთის სახელმწიფოების მიერ იმ რეზოლუციებისათვის მიცემულ ხმებს შორის რომ შეინიშნება, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. მეოთხე: ამ რეზოლუციების ძალა  თვით ეუთოს მიერ ინიცირებულ მინსკის პროცესის არსში იკვეცება, სადაც მოლაპარაკებებში მყოფი მხარეები, არსებითად, ორი პრინციპის - ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, იმ  პირობებში, როდესაც პროცესი არ ახდენს ძალის გამოყენების დელეგიტიმაციას და მას ვაჭრობის ინსტრუმენტად უფრო იყენებს. ეს გარემოება მოლაპარაკებებში წინსვლას მაინცდამაინც ვერ შეუწყობს ხელს, რადგან მხარეები კომპრომისებზე მსჯელობის მაგიერ საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიან. მეხუთე: საომარი მოქმედებების შეჩერება თითქმის 23 წლის განმავლობაში ხერხდებოდა მშვიდობისმყოფელი ძალების გარეშე, ეს კი საკმარისად სტაბილურ საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რათა გააზრებულიყო რეგინული და რეგიონსგარეთა სახელმწიფოების ინტერესები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს. თუმცა, ბოლო ხანებში ამ “სტატუს  კვოს“ გარშემო შემაშფოთებელმა ტენდენციებმა იჩინა თავი: მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უფრო და უფრო ხშირმა და უხეშმა დარღვევებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამ შემთხვევათაგან ყველაზე საგანგაშო 2016 წლის აპრილში მომხდარი გამწვავება იყო. 

 სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყარაბაღის კონფლიქტი სხვა, უფრო მნიშვნელოვანმა საერთაშორისო მოვლენებმა დაჩრდილა, ხოლო დასავლეთის ყურადღების პერიფერიაზე ყოფნა “სტატუს  კვოს“ ხელისშემწყობი ფაქტორი უფროა, ვიდრე კონფლიქტის მოგვარებისა. პროცესში ჩართულები არიან ისეთი რეგიონული აქტორებიც, როგორიც რუსეთია, რომელიც ზოგიერთისთვის დღემდე ინარჩუნებს “სტაბილიზაციის ხელისშემწყობი ფაქტორის“  როლს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ “ კონფლიქტის გასაღები მას უპყრია“, რაც კონფლიქტის ერთი ან მეორე მხარის მხარდაჭერაში გამოიხატება, მეტწილად - მილიტარისტული კუთხით.

რუსეთის როლი

1980-იანი წლების ბოლოდან 1990-იანების პირველ წლებამდე აზერბაიჯანში მცირე ეჭვსაც არ იწვევდა მოსაზრება, რომ რუსეთი კონფლიქტში უხეშად ერეოდა. გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი სახის საბჭოთა სამხედრო ყოფნას წერტილი უნდა დასმოდა, რესპუბლიკაში 1992 წელს იქნა მიღებული, მისი პირველი არჩეული პრეზიდენტის, აბულფაზ ელჩიბეის მიერ, რომელიც რუსეთის ჩარევას უმთავრეს დაბრკოლებად მიიჩნევდა ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე თუ კონფლიქტის მოგვარებაში. თავის ამასწინანდელ ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოფიგ ზულფუგაროვმა გაიხსენა, რომ სამინისტროს არქივში არაერთი ისეთი დოკუმენტი ინახება, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე ბრძოლებში უშუალო მონაწილეობას იღებდა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზა, რაც მან განაცხადა კიდეც 1994 წელს მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე[1]. მას შემდეგ, რაც 1992 წლის 2 მაისს  მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი იქნა დაკავებული,  რუსმა გენერლებმა და პოლიტიკოსებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ქალაქის დაბრუნება შესაძლებელი იყო - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბაქო პრორუსული საგარეო და შიდა პოლიტიკის გატარებაზე დათანხმდებოდა, ხოლო აზერბაიჯანის სამხედრო ძალები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამხედრო ხელმძღვანელობას დაექვემდებარებოდა.[2]

 დღეს რუსეთის, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის, პოზიცია სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოდის რეგიონში მისი მოკავშირეების პოზიციასთან და კონფლიქტში მონაწილე ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან. საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ, რომელმაც ცხადჰყო, რომ რეგიონის ქვეყნები მარტონი არიან დარჩენილები რუსეთის საფრთხის წინაშე და გარედან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, აზერბაიჯანი რუსეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის გადაწყვეტილებას იღებს და ხელს აწერს შეთანხმებას, რომელის ძალით 4 მლრდ. დოლარზე მეტი ღირებულების შეირაღებით მარაგდება. 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის აპრილის ესკალაციაში სომხეთის მხარე არ დაუჭერია, ოფიციალურმა მოსკოვმა ის თამაში განაგრძო, რომლის კონტექსტშიც იგი კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭირო გასაღების ქონას იჩემებს. 2016 წლის აპრილის შემდეგ მან არ დააყოვნა და იარაღის ახალი პარტია გადასცა სომხეთს, იმავდროულად აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმასაც მოაწერა ხელი. 2016 წელს რუსეთმა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები განათავსა სომხეთში, პუტინმა კი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, ხელი უნდა მოსწეროდა შეთანხმებას რუსულ-სომხური ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნის შესახებ[3]. 2017 წლის მარტში პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აცხადებს, რომ, თუ ომი დაიწყება, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამ რაკეტებს გამოიყენებს, ხოლო სომხეთის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური ყარაბაღში, გენერალი ტერ-თადევოსიანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 12 კონკრეტულ სამოქალაქო და ინფრასტურქტურულ სამიზნეს ასახელებს, რომლებზეც, ომის შემთხვევაში, იერიში იქნება მიტანილი[4]. თუმცა, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ კონფლიქტის მომგვარებლის როლის თამაში, თან კი კონფლიქტის ორივე მხარესთან სამხედრო თანამშრომლობა, არც ასე ადვილად გასამკლავებელი ამოცანა ყოფილა.

 2017 წლის დასაწყისი აზერბაიჯანში ერთგვარი სკანდალით აღინიშნა. მისი მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება გახდა, რომ თურმე ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის “შიდა საქმე“ არ არის. ამ განაცხადის პასუხად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ “თუ რუსეთი კონფლიქტს მთელი სერიოზულობით მიუდგება, ამით “სტატუს კვოს“ შეცვლის, სტაბილობა მიღწეულ იქნება და სომხეთის საჯარისო შენაერთები მათ მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან გავლენ.“ კიდევ ერთ თვალსაჩინოებად იმ გამოცდისა, რომლის წინაშეც რუსეთი, როგორც “კონფლიქტში მომრიგებელი მხარე“ დადგა, ის პოლიტიკური დაპირისპირება იქცა, რომელიც აზერბაიჯანული დიასპორის რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის (VAK)  დახურვას მოჰყვა.  ეს ორგანიზაცია 2017 წლის მაისში   “ჯაშუშების სკანდალის’’ ფონზე დაიხურა, როდესაც აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქვეყნის ჯარში მოწინააღმდეგის აგენტები გამოავლინეს. სრულიად აშკარაა: რაც უფრო ღრმად ჩაერევა რუსეთი კონფლიქტში, მით უფრო ძლიერი იქნება საბრძოლო მოქმედებების დაწყების საფრთხე, მით მეტად გადავადდება პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტა.

სხვა აქტორები: შეძლებენ თუ არა ისინი კონფლიქტის მოგვარების დაჩქარებას?

იმგვარი გაურკვევლობის ვითარებაში, როგორშიც დღეს საერთაშორისო ურთიერთობების სფერო იმყოფება და რომელსაც მეტწილად დასავლეთში - აშშ-სა და ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცესები განსაზღრავს, “გაყინული“ კონფლიქტები უფრო ადვილად ხდება მანიპულაციების საგანი საერთაშორისო აქტორების მხრიდან.

 იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონაში ესკალაციის საფრთხე მეტისმეტად დიდია, რეგიონში “სტატუს კვოს“ საიმედოობა სულ უფრო მეტად დგება ეჭვქვეშ, განსაკუთრებით, საშუალო- და გრძელვადიანი სტაბილობის კონტექსტში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ ახლა გაცილებით უკეთ ხდება იმ საფრთხეების გააზრება, რომ ამ სტატუს კვოს’’ შენარჩუნებაც კი გაძნელებულია და რომ კონფლქტის პოლიტიკური მოგვარება მალე უნდა მოხდეს.

რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად სხვადასხვა რეგიონული სახელმწიფო ეწეოდა მედიაციას, მაგრამ ყველა მცდელობა ფუჭი გამოდგა. აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქ შუშის დაკავება 1992 წელს უშუალოდ მოჰყვა ირანის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ხოლო თურქეთის შუამავლობაზე სომხეთი აცხადებს უარს. მინსკის ჯგუფის ფორმატი მეტისმეტად მოუქნელია და, საერთაშორისო პრინციპების სფეროში მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტების უქონლობის გამო, უფრო კონფლიქტის ადრეული სტადიების ამოცანებს ესადაგება - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარშემო კონსოლიდაციასა თუ მის ( ანუ, სტატუს კვოს“) შენარჩუნებას. 

რუსეთის მონაწილეობა თანათავმჯდომარეობის სამმხრივ ფორმატში კიდევ უფრო სერიოზულ ორაზროვნებას ქმნის და, არსებითად, იმას ემსახურება, რომ კონფლიქტის მოგვარების ხერხების ლეგიტიმაცია მოახდინოს, ანუ, “დაჰყავი და იბატონე“-ს პოლიტიკასა და კონფლიქტის მხარეების შეჯიბრებას უწყობს ხელს შეიარაღების ზრდაში.

ტექსტის ძირითად პრინციპებში ჩამალული კონცეპტუალური “მახეები“ შესწორებებს მოითხოვს. აშკარაა, რომ გარე აქტორებს კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლის მოსახდენად საკმარისი სტიმული არ გააჩნიათ. სომხური დიასპორის პოლიტიკური გავლენა ევროპის უმეტეს ნაწილსა და აშშ-ში ( ანუ, კონფლიქტის მედიატორებზე), რუსეთის სამხედრო მოკავშირეობასთან ერთად, ერთგვარ “ იმუნიტეტს’’ ქმნის ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ - მაშინ, როცა აზერბაიჯანზე ზეწოლა ზემოხსენებული “ ცივილიზაციური  მიკერძოების“ მოწმობა იქნება, რომლის მეშვეობით ქვეყანას უბიძგებენ, უარი თქვას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებზე. რაკი ყარაბაღის საკითხში დასავლეთისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ გააჩნია, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს სხვა რეგიონულ აქტორებთნ ( საქართველოსა და თურქეთთან) და ისლამურ სამყაროსთან, რომლისგანაც ჯერჯერობით გაცილებით მეტ სოლიდარობასა და მხარდაჭერას იღებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

სწორედ დასავლეთის მიერ წარმოებული ეს “რეალპოლიტიკა“ ( პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკისა და მისი მხრიდან თანმიმდევრული მხარდაჭერის სანაცვლოდ, თანაც იმ კონფლიქტთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ყურადღების პერიფერიაზეა დარჩენილი ) ჰმატებს რუსეთს თავდაჯერებას , რათა კიდევ უფრო ღრმად ჩაერიოს კონფლიქტში. ამ თავდაჯერებამ პიკს ყირიმის ანექსირების დროს მიაღწია. მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან “გამკლავების“ წყალობით, რუსეთი მეტ და მეტ პოლიტიკურ გავლენას იძენს კონფლიქტში მონაწილე მხარეთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ევროკავშირსა და აშშ-ს კონფლიქტზე ზემოქმედების ორი გზა აქვთ:

ევროკავშირს შეუძლია, რუსეთს ყარაბაღზე გავლენა შეუზღუდოს, თუკი გაერთიანებული ძალითა და საერთაშორისო პრინციპების თანმიმდევრული დაცვით მოახდენს რეაგირებას მის ქმედებებზე, წერტილს დაუსვამს ამ კონკრეტულ კონფლიქტში ნორმად ქცეულ გაურკვევლობას, განიხილავს საერთაშორისო სამართლის დარღვევის მკაფიო შემთხვევებს და ამგვარ დარღვევებს მიუღებლად გამოაცხადებს.

ევროკავშირს შეუძლია, კონფლიქტში მედიატორებად უფრო ნეიტრალური ქვეყნები, მაგალითად, გერმანია ჩართოს, ასევე შეუძლია, მხარეების დაახლოებას რეფორმების ხელშეწყობით მოუმზადოს საფუძველი. თავის მხრივ, მედიატორებმაც უნდა უბიძგონ მხარეთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს იმისაკენ, რომ უარი თქვან მილიტარისტულ რიტორიკაზე და ძალის გამოყენების დელეგიტიმაცია მოახდინონ. კომპრომისებს  სამხედრო წარმატებები თუ შეიარაღებული ზეწოლა არ უნდა განაპირობებდეს - უნდა შემუშავდეს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ხედვა, უსაფრთხოების გარანტიები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის. საკმარისია, ევროკავშირმა ნორმატიული და უფრო დაბალანსებული მიდგომა აჩვენოს, ხოლო რუსეთის მიმართ ერთიანი პოლიტიკა შემუშავდეს, რომ  სამოქალაქო ჩართულობას  გაცილებით ხელსაყრელი პირობები შეექმნება.  ერთ-ერთი სასიკეთო რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს,    თანათავმჯდომარეებისა და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოებების  რეგულარული კონსულტაციების აღდგენაა. ბოლოდროინდელ ესკალაციას “სტატუს კვოს“ გაღრმავება კი არ უნდა მოჰყვეს შედეგად, არამედ იმის გააზრება, რომ კონფლიქტი სასწრაფოდაა მოსაგვარებელი და სწრაფი პოლიტიკური გამოსავლის საძიებლად ყველა სახის ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.  ვერცერთი ის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ვერ მოგვარდება გამოცალკევებით, რადგან ყველა მათგანი ჩვენი   ჩრდილოელი მეზობლის ინტერესისა და “პოლიტიკური ქცევის“ სიმპტომია, რომელიც ასე ახდენს საკუთარი ძალაუფლების პროეცირებას ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიებზე.

 

[1] “ტოფიგ ზულფაგაროვი მამადიაროვსა და ლავროვს შორის მომხდარი უთანხმოების შესახებ”  ბაქო,  Minval.az, 19.05.2017 http://minval.az/news/123689657

[2] “აზერბაიჯანული ქალაქი შუშა სომხებმა 25 წლის წინ ამ დღეს აიღეს” ბაქო, 08.05.17, სააგენტო “თურანი“.

[3] სომხეთის პრეზიდენტის ინტერევიუ “სპუტნიკში’’ : “ ისკნადერის ტიპის რუსული რაკეტები ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს” Sputnik News, Europe 17.11.2016 https://sputniknews.com/europe/201611171047526883-iskander-armenia-azer…

[4]  აზერბაიჯანის რეააქცია ოფიციალური სომხეთის მუქარაზე, რომ სომხური მხარე ისკანდერის რაკეტებს გამოიყენებს,   Economic news 15.05.2017 http://m.eizvestia.com/news_abroad/full/1505-v-azerbajdzhane-otreagirov…