რუსეთი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში "ახლო საზღვარგარეთსა" და "შიდა საზღვარგარეთს" შორის

რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს კავკასიასთან. ეს ურთიერთობა მეფის რუსეთის იმპერიის კავკასიაზე ექსპანსიის შემდეგ ისტორიულად, კულტურულად და ემოციურად დატვირთულია. რუსეთი მასში შემავალ შვიდ რესპუბლიკასთან ამ ურთიერთობის დარეგულირებას დღემდე ცდილობს. ის სამხრეთ კავკასიასთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული იმდენად, რამდენადაც უწევს გაითვალისწინოს მის მიერ საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საგარეო, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური თუ რელიგიური კუთხით წარმოებული მისი პოლიტიკის  უკუგავლენა მისსავე ჩრდილოკავკასიურ პერიფერიაზე. მთელი კავკასიური სივრცე განმსჭვალულია იმ ჭიდილით, რომელიც არსებობს ერთი მხრივ რუსული ძალაუფლების გატარების მცდელობებისა და მის ფაქტიურად მოქმედ ძალაუფლებას შორის.

რუსეთის ურთიერთობა კავკასიასთან მრავალი განსაკუთრებული ასპექტით არის გაჯერებული, რაც ამ რეგიონს გამოარჩევს მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველობისას არსებული ხალხთა იმპერიის სხვა ნაწილებისგან. პოსტსაბჭოთა რუსეთი არა მარტო ის მეზობელი დიდი ძალაა, რომელიც ცდილობს „ახლო საზღვარგარეთზე“, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე გაავრცელოს თავისი გავლენა. თავისი შვიდი რესპუბლიკით, - დაწყებული, შავ ზღვასთან ახლოს, დასავლეთით მდებარე ადიღეით, და, დამთავრებული, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე დაღესტნით, ისევე როგორც საკუთრივი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერაციული ერთეულით, - ის მთელ კავკასიურ რეგიონში იჭრება. სამხრეთ კავკასიის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში მოსკოვს უხდება მხედველობაში მიიღოს მდგომარეობა, რომელიც მისსავე კავკასიურ სახელმწიფო პერიფერიაშია მოცემული. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე განვითარებები და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ეხება, სხვა თუ არაფერი, მის უშუალოდ მოსაზღვრე მეზობლებს: საქართველოსა და აზერბაიჯანს. სომხეთს, რომელიც ეკონომიკურად და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით რუსეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირის წევრია, რუსეთთან უშუალო საზღვრები არა აქვს.

მთელ კავკასიურ სივრცეში ხილულია რუსეთის ძალაუფლების პრეტენზიებსა და მის ფაქტობრივ ძალაუფლებას შორის ჭიდილი. რუსეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ კავკასიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაზე. საქართველოსთან მოკლევადიანი აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს, კავკასიის ეს რეგიონი მან თავისი „განსაკუთრებული ინტერესის“ ზონად გამოაცხადა, საიდანაც გარე, განსაკუთრებით კი დასავლელი მოთამაშეების განდევნა სურს. ამავე დროს, საკუთარ კავკასიურ სახელმწიფო პერიფერიაში მას შეზღუდული ფაქტობრივი ძალაუფლება აქვს. ვლადიმირ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით აღმართული „ძალაუფლების ვერტიკალი“ ფეხს ვერ იკიდებს ისეთ კავკასიის ფედერაციულ სუბიექტში, როგორიცაა კადიროვის კერძო რესპუბლიკად ქცეული ჩეჩნეთი. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები სამხედრო პროტექტორატის მეშვეობით მკერდზე მიიკრა და „საკუთარი სახელმწიფოსა“ და უსაფრთხოების გარანტია მისცა.[1] ამავე დროს, მას საკუთარი ფედერაციული სუბიექტებისთვისაც კი არ შეუძლია საკმარისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, რომ არაფერი ვთქვათ კარგ მმართველობის ფორმაზე.

ისმის კითხვა: რამდენად ღრმად ერჭობა რუსეთს კავკასია „ხორცში“? როგორც ჩანს, ისე ძალიან არა, როგორც დასავლეთით მდებარე მისი იმპერიის ყოფილი პერიფერია. 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვისას გამოკითხულ რუსთა 40 პროცენტზე მეტმა უკრაინელები და ბელორუსები „რუსებად“ მიიჩნია. ამადროულად, მხოლოდ 7 პროცენტი თვლის რუსებად საკუთარ თანამოქალაქეებს ჩეჩნეთსა და დაღესტანში.[2] რაც შეეხება მოსახლეობაში ეთნიკური რუსების წილს, აქ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი მეზობლებისგან, უკრაინისგან, მოლდოვისგან, ბელორუსიის, ესტონეთის, ლატვიის და ყაზახეთისგან. სამხრეთ კავკასიაში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის წილი მინიმუმამდე დავიდა. ყირიმის ანექსიის გასამართლებლად რუსეთი ამტკიცებდა, რომ იქ რუსი და რუსულად მოლაპარაკე უმცირესობა უნდა დაეცვა. სამხრეთ კავკასიაში მას ეს არგუმენტი არ გამოადგება. ის გაჭრის მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლის მოსახლეობასაც რუსეთმა რუსული პასპორტები დაურიგა. რუსიფიცირების საპირისპირო პროცესი ჩრდილოეთ კავკასიაშიც დაწყებულია. ეთნიკური რუსები აქაურობას ტოვებენ და რუსეთს ამ ფაქტთან შეგუება მოუწევს. რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში რუსები თითქმის აღარ ცხოვრობენ. დღეს რუსეთი ცდილობს ამ პროცესს წინ აღუდგეს, რისთვისაც ხელს უწყობს კაზაკთა გაერთიანებებს თავის კავკასიის სასაზღვრო რეგიონში.

ამასთანავე, რუსეთში ანტიკავკასიური ქსენოფობია გაზრდილია. პოპულარობით სარგებლობს ისეთი სლოგანები, როგორიცაა „შეწყვიტეთ კავკასიის გამოკვება!“. ეს სლოგანები მოწოდებაა იმისკენ, რომ დაფინანსება შეუწყდეთ ჩრდილოეთ კავკასიის შემადგენელ რესპუბლიკებს, რომელთა ბიუჯეტების 80 პროცენტიც ფედერალური ბიუჯეტიდანაა სუბსიდირებული. ეს ეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პროტექტორატებსაც. ბევრი რუსისთვის კავკასიელი შრომითი მიგრანტები მტრის ხატთან ასოცირდება. აქ კი ისინი, ნაკლებად ასხვავებენ ერთმანეთისგან თავის საკუთარ ჩრდილოეთ კავკასიელებსა და სამხრეთ კავკასიელ მიგრანტებს.

ამ დისტანციის მიუხედავად, ისტორიული თვალსაზრისით, კავკასია რუსეთს სწორედაც რომ „ხორცში“ ერჭობა. რუსეთის კოლონიური ექსპანსიის ისტორიასა და რუსულ საზოგადოებაში ამ უკანასკნელის რეფლექსიისას არცერთი რეგიონი არ ყოფილა ისე გამოკვეთილი, როგორც კავკასიის შემთხვევაში მოხდა. კავკასიის ხანგრძლივმა, მსხვერპლით სავსე დაპყრობამ მე-19 საუკუნის რუსულ კლასიკურ ლიტერატურაში შთამბეჭდავი ადგილი დაიკავა. ეს არ ღირსებია, მაგალითად, იმავე პერიოდში დაპყრობილ ცენტრალურ აზიას. ყოველი სტუდენტი, რომელიც რუსულ ლიტერატურას სწავლობს, აუცილებლად ეხება კავკასიურ საკითხსა და „კავკასიელ ტყვეს“.

 

დიდი კავკასიონი. სამების გუმბათოვანი ეკლესია, სტეფანწმინდა (2140)

 

ყაზბეგი (მყინვარწვერი, 5047)

 

ისტორიული მიმოხილვა: კავკასიის ომი და კავკასიასთან დაკავშირებული განცდები

კავკასიის მასობრივი დაპყრობა მის ბუნებრივ საზღვრებთან დაიწყო, მდინარე თერგისა და ყუბანის გასწვრივ ციხესიმაგრეების აგებითა და მე-18 საუკუნეში კაზაკების ჩასახლებით. ჩრდილოეთ კავკასიისგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასია შედარებით სწაფად დაემორჩილა მეფის რუსეთს. საქართველო კი კავკასიაში იმპერიის მმართველობის ცენტრად იქცა, საიდანაც მეფის რუსეთი მაღალმთიანი რეგიონების დაპყრობებს წარმართავდა. 1801 წელს რუსეთმა საქართველოს მთავარი შემადგენელი ნაწილის, ანუ ქართლ-კახეთის სამეფოსა და დედაქალაქ თბილისის ანექსია მოახდინა. 1803 წელს ამას მოჰყვა სამეგრელო, 1804 წელს - გურია და იმერეთი, შემდეგ კი ნაწილები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანს ეკუთვნის.[3] აფხაზეთი იმპერიის შემადგენლობაში 1810 წელს მოექცა, თუმცა იმპერიაში მისი სრულყოფილი ინტეგრირება მხოლოდ 1864 წელს მოხერხდა.

რა თქმა უნდა, ანექსიის პოლიტიკა პრობლემების გარეშე ვერ წარიმართებოდა. ის გაჯერებული იყო თავად-აზნაურებისა თუ გლეხების აჯანყებებით.[4] კავკასიის დაპყრობისას რუსეთი აქ სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზების ფორმებს წააწყდა: უკვე არსებობდა ფეოდალური იერარქიები საქართველოს სამეფოებში, აზერბაიჯანის მუსლიმურ სახანოებსა და დაღესტნის დაბლობში. ჩეჩნეთსა და მაღალი მთის ტომობრივ ორგანიზაციებში უფრო ჰორიზონტალური, „დემოკრატიული“ ორგანიზაციის ფორმები ჭარბობდა. ეს უკანასკნელი რუსეთის კოლონიურ დამკვიდრებას დიდ წინააღმდეგობას უწევდა და აძნელებდა ანექსიის საბოლოო ადმინისტრაციულ გაფორმებას.[5]

ირანთან ომის შემდეგ მეფის რუსეთმა თავის იმპერიას შეუერთა ის ტერიტორიები, რომელიც დღეს თანამედროვე სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნები მოხდა. კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე ბაქო მრავალეროვნულ, მულტიკულტურულ, ინდუსტრიულ ნავთობის კუნძულად იქცა. ის საერთაშორისო ფირმების ყურადღების ცენტრში მოექცა. მე-19 საუკუნის ბოლოს მისი მოსახლეობა რამდენიმე ათასიდან 200.000 კაცამდე გაიზარდა. ასევე დიდი ეთნო-დემოგრაფიული ცვლილებები მოჰყვა იმ მხარეების ცარისტულ იმპერიასთან შეერთებას, რომლებიც დღეს სომხეთის შემადგენლობაშია. იქ ჩაასახლეს თურქეთიდან და ირანიდან წამოსული სომხებიც.

დღევანდელ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე მუსლიმი მთის ხალხების (გორცი) სამოსახლო ტერიტორიები წინააღმდეგობის ზონად ჩამოყალიბდა, სანამ „ამიერკავკასიურ პროვინციებად“ გადაიქცეოდა. რუსეთმა მათგან ე.წ. „ზღვის გადაღმა კოლონიები“ შექმნა, რომლებსაც საქართველოს სამხედრო გზით წარმოდგენილი ვიწრო ხიდით უკავშირდებოდა. საქართველოში დაბანაკებულმა რუსულმა სამხედრო ძალამ, გენერალი ალექსეი ერმოლოვის მეთაურობით, 1818 წლიდან შეტევები გააძლიერა ჯერ კიდევ დაუმორჩილებელი, ანუ რუსული კონტროლის ქვეშ მხოლოდ ირიბად მყოფი მთის ხალხების (გორცების) წინააღმდეგ. ერთმანეთისგან დაშორებული ბრძოლები ისეთ ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, როგორიც რუსეთს ჯერ არ ენახა. ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იყო ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მუსლიმური წინააღმდეგობის დაძლევა. მას ისეთი რელიგიური ავტორიტეტები მეთაურობდნენ, როგორიც იყო იმამი შამილი. წინააღმდეგობამ 1859 წლამდე გასტანა. ისტორიაში ეს ბრძოლა „მურიდების ომის“ სახელით არის ცნობილი.[6] სამხედრო დაპყრობა დასრულდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ჩერქეზების სამოსახლო ტერიტორიების დამორჩილებით, რასაც მოჰყვა ავტოქტონური მოსახლეობის განდევნა და კოლონისტების ჩამოსახლება.[7]

რუსი სამხედროების მთელი თაობები ჩაერთნენ კავკასიისათვის გააფთრებულ ბრძოლაში. რუსეთს აქ დაახლოებით ისეთ ფენომენთან ჰქონდა საქმე, რასაც დღეს „გერილა ომს“ უწოდებენ. ამავე დროს, კავკასია „სამხრეთ ციმბირად“ იქცა, სადაც რუს დისიდენტებს ასახლებდნენ. ამის გამო ის მაღალ მთებში ნანახ თავისუფლებასა და „ველურობაზე“ რომანტიკულ წარმოდგენათა პროექციის სივრცედ იქცა. ცნობილი რუსი პოეტები ამ რეგიონს უკავშრებდნენ თავისუფლების მოტივებს. მაგალითად, პოეტი მიხაილ ლერმონტოვი 1841 წელს მეორე გადასახლებისას წერს:

„იქნებ კავკასიის ქედს იქით

ვპოვო თავშესაფარი შენი მეფეებისგან,

შენი ყოვლისმხედველი თვალისგან,

შენი ყოვლისმსმენელი ყურებისგან“[8]

რუსულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პუშკინის, ლერმონტოვის და ლევ ტოლსტოის მიერ კავკასიაზე დაწერილი ნაწარმოებები. ჩრდილოეთ კავკასია მათში წარმოჩენილია როგორც ბუნებრივი, ხელშეუხებელი „სიველურე“. მთის ხალხი თავიანთ მაღალ მთებში თავს ისე გრძნობს, როგორც არწივი თავის ბუდეში. უკვე ცარისტულ იმპერიას დამორჩილებული საქარველოს სურათი კი საპირისპიროა და კონტრასტს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიის მომნუსხველ სახესთან. ძირითადი ნაწილი იმ მწერლებისა, რომლებმაც რუსულ ლიტერატურაში კავკასიის სახე დაამკვიდრეს, დეკაბრისტები იყვნენ. სამხედროებსა და ოფიცრებს შორის, რომლებიც 1825 წლის 14 დეკემბრის შემდეგ კავკასიის არმიაში მსახურობდნენ, ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მწერლობას მისდევდნენ და უცხო კულტურები აინტერესებდათ. 1840-1860 წლების რუსულ პოლიტიკურ-ლიტერატურულ პუბლიცისტიკაში გამოჩდა რუსული კოლონიური პოლიტიკის კრიტიკა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ალექსანდრე I გენცერის, ნიკოლაი ა. დობროლიუბოვისა და ნიკოლაი გ. ჩერნიშევსკის ნაწერები. ეს უკანასკნელი კავკასიის ომს „ჩირქოვან ჭრილობას“ უწოდებდა, რომელიც საბოლოოდ თავად რუსეთს მოუღებდა ბოლოს. ის კიცხავდა თავის თანამედროვეებს, რომლებიც ერთი მხრივ, რუსეთზე საუბრობდნენ როგორც „განათლებულ ერზე“, და, ამავე დროს, „მის მიერ დამორჩილებული ხალხების ცხოვრებაში ძალადობრივ ცვლილებებს ახორციელებდნენ“.[9]

რუსი პოეტებისა და პუბლიცისტების მთელი თაობა, - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მხარს უჭერდა მთის ხალხთა ბრძოლას თავისუფლებისათვის, - საერთო ჯამში, კავკასიას თავიანთი ქვეყნის ნაწილად განიხილავდა. მათ რომანტიკულ პროექციებში ერთგვარი მიკერძოებული პატრიოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა. რუსეთის ისტორიულ ცნობიერებაში ცარისტული იმპერია სამხრეთ კავკასიის, საქართველოსა და სომხეთის მიმართ აღიქმებოდა როგორც ქრისტიანული მეზობლების უანგარო დამცველი ძალა, რომელსაც არასდროს დაურღვევია სხვა კულტურის წეს-ჩვეულებანი.

ქართველები ამას სხვანაირად ხედავენ. ისინი რუსიფიცირების ისტორიას, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი ეკლესიის ისტორიას უკავშირებენ. რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუკუნეებით უფრო ძველ ქართულ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ლიტურგიული ენა შეუცვალეს და რუსულ რელიგიურ ბიუროკრატიას დაუქვემდებარეს. მოხდა მისი რუსუფიცირება.[10] სწორედ ამგვარი გამოცდილება იკავებს ცენტრალურ ადგილს საქართველოში დღესდღეობით კულტივირებულ ნარატივში. ის ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს 1801 წლის ანექსიას ტრავმად წარმოაჩენს. მეორე თემაა ღალატი და ხელშეკრულების დარღვევა: 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით რუსეთის იმპერია ვალდებულებას იღებდა, მუსლიმი ძალების მიერ შევიწროებული ქვეყანა დაეცვა. აქ ქართველები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ეს ვალდებულება არ შეასრულა, როდესაც სპარსეთის ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა და 1795 წელს თბილისი ააოხრა. ამასთანავე, მეფე პავლე პირველმა, მიუხედავად გეორგიევსკის ტრაქტატით დადებული ავტონომიის უფლებების პირობისა, 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა.

მეორე მხრივ, ცარისტულ იმპერიაში ინტეგრირება მხოლოდ ტრავმატული გამოცდილება არ ყოფილა. აქ მოხდა დაქუცმაცებული ქვეყნის ნაწილთა ერთი ადმინისტრაციულ-მმართველობითი ხელისუფლების ქვეშ თავმოყრა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თანამედროვე ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და მოდერნიზების სხვა ფენომენების გაჩენა. იგივე ეხება სომხეთსაც. როდესაც ოსმალეთის იმპერიაში სომხების მიმართ ძალადობა დაიწყო, რუსეთი სომხეთისთვის მფარველ ძალად წარმოჩინდა. დღევანდელი აზერბაიჯანი, თავის დროზე, იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ის მუსლიმური ნაწილი იყო, რომელმაც ყველაზე ადრე განიცადა მოდერნიზება, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ცარისტული ადმინისტრაცია „თათრებს“ უწოდებდა, ეს პროცესები მხოლოდ მცირედ შეეხო. იგივე ითქმის საქართველოს გლეხობაზეც.

ომისა და 1917 წლის რევოლუციის ორომტრიალში კავკასიაზე რუსული კონტროლი შესუსტდა. სხვადასხვა ნაციონალისტურმა, დემოკრატიულმა თუ სოციალისტურმა ძალებმა, როგორიცაა მენშევიკები საქართველოში, დაშნაკები სომხეთში და პარტია „მუსავატი“ აზერბაიჯანში, ძალაუფლება აიღეს ხელში. 1918 წელს შეიქმნა ნაციონალური აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოები, რომლებმაც დიდხანს ვერ გაძლეს. მათი შექმნა განპირობებული იყო არა იმდენად რუსული ბატონობის გარეშე ემანსიპაციის მისწრაფებით, რამდენადაც ომისა და რევოლუციის დროს წარმოქმნილი ქაოსით.

ეთნონაციონალიზმი, სტალინური ტერორი და იმპერიის კიდეებში წარმოშობილი თავისუფალი სივრცეები: კავკასია საბჭოთა დროს

1921 წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის უმეტესი ნაწილი უკვე ბოლშევისტური კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული. სამხრეთ კავკასიის გასაბჭოებას თან სდევდა გააფთრებული ბრძოლები და სასტიკი ღონისძიებები. ასე მაგალითად, 1920 წელს, ბაქოს აღების ორი თვის თავზე, 2700 ადამიანი დახვრიტეს.[11] გასაბჭოება განსხვავდებოდა ცარისტული იმპერიის მიერ დაპყრობისგან. ბევრი ბოლშევიკი, რომლებსაც ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავათ, ამ რეგიონში იყო დაბადებული და გაზრდილი. საბჭოთა სახელმწიფომ კავკასიის მოდერნიზაცია, დაშინება და რუსიფიცირება მოახდინა, თუმცა მანვე შექმნა წინაპირობები ერად ჩამოყალიბებისთვის. ამიტომაც გვაფრთხილებს ტომას დე ვაალი, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის 70 წელი მხოლოდ რუსულ იმპერიალისტურ პროექტად არ მივიჩნიოთ. თავისი მრავალი ხალხით კავკასია საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის ლაბორატორიად იქცა. 1920 წლებამდე, კორენიზაციის (გაფესვიანების) პოლიტიკის ფარგლებში საბჭოთა კავშირი ტიტულარულ ერებს ხელს უწყობდა წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო, პარტიულ თუ ადმინისტრაციულ სტრუქტურებში. თომას დე ვაალის მიხედვით, კავკასია „საბჭოთა კავშირის აღმშენებლობის გეგმადაც“ კი შეიძლება მივიჩნიოთ.[12]

ეს რეგიონი, თავისი მრავალფეროვანი სტრუქტურითა და ხალხებით, საბჭოთა ეთნო-ფედერალიზმს ბიძგსაც კი აძლევდა, განეხორციელებინა მატრიოშკის მოდელი: საბჭოთა კავშირის იერარქიაში ტერიტორიები მათი ტიტულარული ერებისა და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით დალაგდა: საბჭოთა რესპუბლიკები და მათზე დაქვემდებარებული ავტონომიური რესპუბლიკები თუ ოლქები. ზუსტად ისე, როგორც თოჯინა თოჯინაში. საქართველო თავისი სამი „დაქვემდებარებული თოჯინით“ ამ სტრუქტურის თვალსაჩინო მაგალითი იყო: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებითა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქით. სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ სომხები არ დაუნაწევრებიათ, რადგანაც ეთნიკური თვალსაზრისით ის ყველაზე უფრო ჰომოგენური ერი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში თვითონ რუსეთს, ანუ რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ჰქონდა ყველაზე მეტი ავტონომიური რესპუბლიკა (საბჭოთა პერიოდის შემდეგ 16 რესპუბლიკიდან მხოლოდ ექვსი დარჩა). 1922 წლიდან 1936 წლამდე კავკასიაში იერარქიის კიდევ ერთი სუბიექტი არსებობდა: ამიერკავკასიური ფედერაცია (ამიერკავკასიის სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირი), რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აერთიანებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაარსებამდე, 1921 წელს.

ბოლშევიკების მიერ გამოცხადებულ „ეროვნული თვითგამორკვევის“ პოლიტიკას ინსტრუმენტული ხასიათი[13] ჰქონდა. საბჭოთა ეთნო-ფედერალიზმიც ერთი ცენტრალური ძალის მიერ იყო დომინირებული. ის იღებდა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებას. თუმცა ადრეულ საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ფართო კულტურული ავტონომია არსებობდა ლოკალურ დონეზე. ეს იყო ომისა და რევოლუციური ორომტრიალისას დანგრეულის აღდგენის ხანა. ნაციონალობათა პოლიტიკამ ე. წ. „ფილოლოგების ხანას“ დაუდო სათავე: ჩრდილოეთ კავკასიის მცირე ხალხთა არაკოდიფიცირებული ენებისთვის დამწერლობა შეიქმნა. ხოლო კლასიკურ ენებს, როგორიცაა ქართული და სომხური, რომლებსაც თავიანთი დამწერლობები ჰქონდათ, დიდი ყურადღება დაეთმო. ეს პერიოდი 1929 წელს მოულოდნელად დასრულდა და ცენტრიდან მომავალი მკაცრი ტრანსფორმაციული კამპანიებით, მაგალითად, კოლექტივიზაციით ჩანაცვლდა. ამან კი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილებში დიდძალი მსხვერპლი მოითხოვა. უკრაინისა და ყაზახეთისგან განსხვავებით, კავკასია შედარებით ადვილად გადაურჩა ამ პროცესს. საბჭოთა-სტალინისტური ძალაუფლების მთელი სიმკაცრე თავს დაატყდა ჩრდილოეთ კავკასიას, სწორედ ისე, როგორც ჯერ კიდევ ერთი საუკუნით ადრე მეფის რუსეთის იმპერიის მიერ კოლონიური დაპყრობისას. ჩრდილოეთ კავკასია 1943/44 წელს ხალხების დეპორტაციამ ე.წ. „დასჯილი ხალხების“ ტრაგედიამ მოიცვა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ჩეჩნები, ინგუშები, ბალკანელები, ყარაჩები, რომლებმაც დეპორტაციების შედეგად დიდი დანაკარგი განიცადეს და მხოლოდ ხრუშჩოვის დროს შეძლეს სამშობლოში დაბრუნება.

სტალინური ტერორი სამხრეთ კავკასიასაც შეეხო, რის შედეგადაც ტიტულარულ ერთა ინტელიგენციის დიდი ნაწილი განადგურდა.[14] ეს კი მოხდა მეგრელი ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში ყოფნისას. ის იყო 1932 წელს ამიერკავკასიური ფედერაციის პარტიის თავჯდომარე. ქართველებისთვის ისტორიის ირონიაა ის ფაქტი, რომ დიდი ტერორის მთავარი წამყვანი პირები სწორედ მათი ქვეყნიდან წარმოდგებოდნენ. სტალინისადმი დამოკიდებულება საქართველოში დღემდე ამბივალენტურია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ყველაზე ცნობილი ქართველის დაბადების სახლი მის მშობლიურ ქალაქ გორში ჰაგიოგრაფიულ მუზეუმადაა ქცეული. მაშინ როდესაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში ბოლშევიკურ ძალადობას ასახავს.[15] თუ ადრე ხალხების პოლიტიკასა და იდეოლოგიაში ხაზი ესმებოდა ტიტულარული ერების ავტონომიას, სტალინმა ეს აქცენტი ისეთი ტრანსნაციონალური კონცეპტით ჩაანაცვლა, როგორიცაა „ხალხების მეგობრობა“. ამავე დროს, რუსები საბჭოთა კავშირის მთავარ ხალხად მოიაზრებოდნენ.[16] მართალია, დიდი სამამულო ომის დროს კავკასიას სამხედრო მოქმედებები და ვერმახტის შემოჭრა არ შეხებია, თუმცა ამ რეგიონიდან თითქმის ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე სამშობლოსგან მოშორებით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს კი მაშინდელ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის საერთო რიცხვთან - 8 მილიონთან - შედარებით დიდი დანაკლისია. ამ რეგიონიდან რამდენიმე ათასი კაცი საპირისპირო მხარესაც იბრძოდა.[17]

სტალინის სიკვდილის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ და კულტურულ ინსტიტუტებში ძირითადად ტიტულარული ერების წარმომადგენლები დომინირებდნენ.[18] ეს ყველაზე კარგად ჩანდა დედაქალაქების მაგალითზე: ბაქო და თბილისი მრავალეთნიკური ქალაქები იყო, სადაც 1960-იან წლებამდე აზერბაიჯანელი და ქართული მოსახლეობა უმრავლესობას არ შეადგენდა. ბაქო და თბილისი მიზანმიმართულად იქცა აზერბაიჯანულ და ქართულ მეტროპოლიებად. საბჭოთა კავშირის ბოლოს ქართველები თავიანთი რესპუბლიკის მოსახლეობის 70 პროცენტს, აზერბაიჯანელები თავიანთი რესპუბლიკის მოსახლეობის 83 პროცენტს, სომხები კი თავიანთი რესპუბლიკის 93 პროცენტს შეადგენდნენ. პოსტსაბჭოთა ხანაში, როდესაც ეს სამი რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა, ეთნიკურ უმცირესობათა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოა, უმცირესობები მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენდა, რის გამოც ის ყველაზე მრავალფეროვან ეთნიკურ რეგიონად მიიჩნეოდა. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შემდეგ რუსები მოსახლეობის მხოლოდ 1,5 პროცენტს შეადგენდნენ. 2014 წელს ჩატარებული ბოლო მოსახლეობის აღწერის შედეგების ეთნო-დემოგრაფიული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ტიტულარული ერების დომინაცია იმაშიც გამოიხატებოდა, რომ მათ მეტი ხვედრითი წილი ჰქონდათ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. რაც შეეხება უმაღლესი განათლების მქონეების, სპეციალისტებისა და მაღალკვალიფიციური მუშახელის ხვედრით წილს მოსახლეობაში, აქ საქართველო და სომხეთი მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ. სომხეთი თავისი სპეციალისტებით მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა. თავისი ენის შენარჩუნების მოსურნეთა და პოლიტიკური თუ კულტურული დომინაციის ინდიკატორები საქართველოს როგორც ტიტულარული ერის კონსოლიდაციის მაღალ დონეზე მიანიშნებდა. უმცირესობების ხედვის წერტილიდან კი ეს დომინაცია ხშირად ძალიან დამთრგუნველად მოქმედებდა.[19]

ამავდროულად, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში[20] ჩამოყალიბდა ერთგვარი საბჭოთა ფეოდალური მმართველობა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უძღვებოდნენ პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელები: ვასილ მჟავანაძე (1953-1972) და ედუარდ შევარდნაძე (1972-1985) საქართველოში, კარენ დამირჩიანი (1972-1988) სომხეთში და ჰაიდარ ალიევი (1969-1982) აზერბაიჯანში. მათი მმართველობის ქვეშ აღმოცენდა კორუფციის, ნეპოტიზმისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ქსელები, რომელთა შეკვეცასაც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელმძღვანელობა მრავალჯერ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამ ხალხების შინაგანი ერთიანობა ყველა გარეგან ჩარევას ეფექტიან წინააღმდეგობას უწევდა. სამხრეთ კავკასია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი რეგიონი იყო.[21]

მაშ, როგორი იყო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციონირება გვიანდელ საბჭოთა პერიოდში, ანუ ბრეჟნევის ხანაში? როგორც უკვე ვთქვით, ამ პერიოდში მოსახლეობაში რუსების ხვედრითმა წილმა კლება დაიწყო. საქართველოსა და სომხეთში რუსულ ენაზე წინ ეროვნული ენა იდგა. კულტურასა და მედიაშიც მშობლიური ენები დომინირებდა. მოსკოვის მცდელობებმა, გაერღვია ეს დომინაცია, წინააღმდეგობის რეფლექსები გააღვიძა.[22] ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი კავკასიაში „სტუმარი“ უფრო იყო, ვიდრე „მასპინძელი“. კავკასია თავისი შავი ზღვის სანაპიროთი და მთის კურორტებით საბჭოთა კავშირის ტურისტული ცენტრი იყო. სამხრეთ კავკასია ასევე იქცა საბჭოთა კავშირის ხილის ბაღად და ღვინის მიმწოდებელად. ის იმპერიის მომხიბვლელი ნაწილი, მისი „ფლორიდას“[23] იყო. აქ არსებობდა თავისუფალი სივრცე კულტურისთვის. მრავალეროვანი იმპერიის სხვა კომუნისტურ ნაწილებს ამგვარი სივრცის შემოთავაზება არ შეეძლოთ.[24] 1961-1991 წლებში საქართველოში უამრავი მხატვრული ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, რომელიც სოციალისტური რეალიზმის დოგმებს არ ითვალისწინებდა. მათ საერთაშორისო პრიზებიც მოიპოვეს. ბაქო საბჭოთა კავშირის ჯაზ-მეტროპოლიად იქცა.

ეს თავისუფალი სივრცეები იზიდავდა ინტელექტუალებსა და ხელოვანებს რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა მხარეებიდან. ისინი ცენზურის ქვეშ იყვნენ მოქცეულები და ლერმონტოვის პოეზიით შთაგონებულები - „კავკასია - თავისუფლების სამყოფელი“ - ამ მხარეში თავისუფალი ჰაერის „ჩასასუნთქად“ მოგზაურობდნენ. 1986 წელს რეჟისორ თენგიზ აბულაძის მიერ შექმნილმა ფილმმა, „მონანიება“, რომლის ეკრანზე გამოჩენასაც ედუარდ შევარდნაძემ შეუწყო ხელი, პერესტროიკის ხანას კინემატოგრაფიული ძეგლი აუგო. ფილმი წარმოადგენს შთამბეჭდავ მცდელობას, სტალინური წარსულის აჩრდილთა წარმოჩენისა და კრიტიკული გააზრებისა. გვიან საბჭოთა ხანაში სამხრეთ კავკასიაში ასევე ეკონომიკურად თავისუფალი სივრცეებიც აღმოცენდა, რომლებშიც საბჭოთა სოციალისტური გეგმიური მეურნეობა ჩრდილოვან ეკონომიკასა და კერძო სარგებლის ზონებთან თანაარსებობდა.

ადგილობრივ ეროვნებათა ხვედრითი წილი ჩრდილო კავკასიაშიც გაიზარდა. თუმცა აქ რუსეთი შედარებით მრავალრიცხოვანი რუსული მოსახლეობით იყო წარმოდგენილი. ჩეჩნეთის ორი ომის შემდეგ ამ მხარეში რუსები თითქმის აღარ ცხოვრობენ. მუსლიმური ჩრდილოეთ კავკასიისათვის, რომელიც მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ბრძოლის ველად იყო ქცეული, გვიანი საბჭოთა პერიოდი იყო მის ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი განვითარების პერიოდს. თუმცა კულტურული და რელიგიური კუთხით, აქ უკვე მწიფდებოდა რუსეთის „შიდა უცხოეთი“.

რაც შეეხება კულტურულ და რელიგიურ კონტრასტს რუსეთთან, 1970-იან წლებში „ოფიციალური“ ისლამი მოიცავდა 24 მოქმედ მეჩეთსა და 50-ამდე მოლას, რომლებსაც ოფიციალური სტატუსი ჰქონდათ. ამ ოფიციალური მხარის მიღმა ტრადიცია და რელიგია ვლინდებოდა ყოველდღიურობასა და დღესასწაულების დროს. ის ხილული ხდებოდა ე.წ. „წმინდანთა საფლავების“ მთელი ქსელით, რომელიც მოიცავდა ცნობილი სუფისტი შეიხების საფლავებს, სადაც ხალხი მოსალოცად დადიოდა. ამასთანავე, გვიანდელ საბჭოთა პერიოდშივე გამოჩნდა ისლამის ახალი განშტოებანი, რომლებიც ზედმიწევნით იყო ორიენტირებული შარიათზე, ხოლო ყველა სიახლეს (ბიდა), რაც ყურანითა და სურებით არ დასტურდებოდა, მკრეხელობად აცხადებდა. აქ უკვე ხილული იყო ტრადიციულ რელიგიურობასა და ფუნდამენტალიზმს შორის დაძაბულობა, რაც დღეს დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მხარეებში უკვე კონფლიქტური ფორმით გამოიხატება. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ისლამი საბჭოთა დროსაც არ ყოფილა ჩამქრალი. ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთში, სადაც ისლამის გავლენა ტრადიციულად უფრო ძლიერი იყო, არცთუ იშვიათად კომუნისტური პარტიის ფუნქციონერები სუფისტური ძმობის (ტარიკათი) წევრებიც იყნენ.[25]

საბჭოთა პერიოდის დასასრულისა და პოსტსაბჭოთა ხანაში გადასვლისას სამხრეთ კავკასიაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხელის შემშლელმა შემთხვევებმა პერესტროიკისა და გლასნოსტის რეფორმებისათვის. მატრიოშკას მოდელს აქ წყალი შეუდგა, რაც გამოიხატებოდა  საბჭოთა რესპუბლიკებსა და მათ დაქვედებარებაში მყოფ ავტონომიურ ერთეულებს შორის სეპარატისტული და ტერიტორიული კონფლიქტების წარმოქმნაში. თავდაპირველად ეს გამოვლინდა ავტონომიური მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც მომწიფდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს. ამ მხარის საბჭოებმა ოფიციალურად მოითხოვეს ყარაბაღი, რომელიც უმეტესად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული, აზერბაიჯანიდან მისი გამოყოფა და სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლა. ამ კონფლიქტს ისტორიული ძირებიც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი 1923 წელს აზერბაიჯანს დაუქვემდებარეს, სომხები მუდმივად ითხოვნენ ამ მხარის სომხეთის რესპუბლიკასთან შეერთებას. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ამ კონფლიქტმა საბჭოთა პირობებისათვის წარმოუდგენლად სწრაფი მობილიზება მოახდინა. ერევანში ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა დემონსტრაციებში. სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, ჩამოყალიბდა დისიდენტებისგან შემდგარი ეროვნული მოძრაობა. აზერბაიჯანში, სადაც დისიდენტები შედარებით მცირედ იყვნენ წარმოდგენილი და, ისიც, ძირითადად აკადემიურ წრეში, ყარაბაღის საკითხის გარშემო და სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე სწრაფად ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობა. საქართველოში კი 1989 წელს თავი იჩინა სეპარატისტულმა კონფლიქტებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 1991-1992 წლებში ეს კონფლიქტები უკვე ომებში გადაიზარდა. მათ შეეწირა მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე. ამ კონფლიქტებმა ასევე გამოიწვია ლტოლვილებისა და დევნილების დიდი ტალღა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის ერთ მეათედს მოიცავდა. კონფლიქტის დროს თავი იჩინა თავგადასულმა ნაციონალიზმმა, რომელმაც დემოკრატიული და ემანსიპატორული პროცესები ჩიხში შეიყვანა.

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა პერიოდის შემდეგ

სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის პერიოდი დაიწყო ეკონომიკური სიძნელეებით, სეპარატისტული კონფლიქტებითა და, საქართველოსა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. სიძნელეების რიცხვს მიეკუთვნება, ასევე, შიდა ფრონტზე ძალაუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლები და არამყარი, მოწყვლადი სახელმწიფოებრიობა. საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტებში ჩრდილოეთ კავკასიიდან სხვა ძალებიც ჩაერივნენ. ასე მაგალითად, მთის ხალხების კონფედერაცია, რომელიც ქართული სამხედროების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ეს ჩარევა მოსკოვთან არ ყოფილა შეთანხმებული. საერთოდ, პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში, პრეზიდენტ ბორის ელცინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევის პერიოდში, რუსეთი შედარებით თავშეკავებულად ექცეოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ის ამ დროს თავის ყოფილ მოწინააღმდეგებთან, დასავლეთთან, თანამშრომლობის გაღრმავებით იყო დაკავებული.

ძალიან მალე ყოფილი საბჭოთა სივრცე რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში მოექცა. ეს შეეხო სამხრეთ კავკასიასაც, რომელიც გარე ძალების გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტი გახდა. ყურადღების ცენტრში მოქცეული იყო ისეთი პროექტები, როგორიცაა კასპიის ზღვის აუზიდან გაზისა და ნავთობის ექპორტირებისათვის მილსადენების გაყვანა. 1994 წელს აზერბაიჯანსა და დასავლურ ფირმებს შორის „საუკუნის ხელშეკრულების“ დადების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში წარმოებული საერთაშორისო ურთიერთობები რუსულ და დასავლურ მედიაში დახატული იქნა როგორც „დიდი თამაში“ (Great Game). ეს ხელშეკრულება ეხებოდა კასპიის ზღვის აუზის სამ ოფშორულ ველზე ნავთობის მოპოვებას. ამერიკა, თავის მხრივ, ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში რუსული ძალაუფლების გავლენა და ირანის ზემოქმედება შეეკვეცა. ევროპა სამივე სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღიარებდა და მხარს უჭერდა მათ საგარეო პოლიტიკას, რათა ეპოვა ბალანსი მეზობელ რუსეთს, ყოფილ საბჭოთა სივრცესა და დასავლელ პარტნიორებს შორის.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ კავკასიაში რესპუბლიკების ყოფილი მეთაურების მმართველობის დროს (შევარდნაძე (უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე 1992, 1995-2003) და ჰეიდარ ალიევი (1993-2000)) პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება დასტაბილურდა. 2000-იან წლებში ამ რეგიონში წინააღმდეგობრივი განვითარებები შეინიშნებოდა. საქართველოში შევარდნაძის მმართველობისას სტაგნაციისა და რეფორმების გაჭიანურების შედეგად მოხდა „ფერადი რევოლუცია“ და ხელისუფლების ძალადობის გარეშე შეცვლა. ეს მოვლენა შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ სახელით გახდა ცნობილი და წარმოდგენილი როგორც „დემოკრატიული გარდაქმნის მეორე მცდელობა“, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი წარუმატებლად დამთავრდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში, ავტორიტარულ საპრეზიდენტო ავტოკრატიის ფარგლებში, მოხდა ხელისუფლების დინასტიური გადაცემა: მამიდან, ჰეიდარ ალიევიდან, რომელიც შემდგომ მალევე გარდაიცვალა, შვილ - ილჰამ ალიევზე.

სააკაშვილის ხანაში საქართველო ჰიბრიდული განვითარების თვალსაჩინო მაგალითი იყო. ერთი მხრივ, აქ განხორციელდა ისეთი რეფორმები, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, სამაგალითოდ ითვლებოდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება პოლიციის ძირეული რეფორმა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის ღონისძიებები, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ეკონომიკური რეფორმები. მეორე მხრივ, მთელი ეს პროცესი მასობრივი სახელმწიფო ჩარევების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც სამართლებრივ სახელმწიფოსთან არაფერი საერთო არ ჰქონია. ამის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შეკრებილი ძალაუფლების მქონე ელიტა მოსახლეობისგან ძალიან გაუცხოვდა.[26]

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში საქართველო რუსეთს საკმაოდ გამოეყო. ის დიდი მონდომებით ცდილობდა ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში, ნატოსა და ევროკავშირში შესვლას. ამით საერთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო „გეოპოლიტიკური“ გახდა. ამ დაძაბულობაში გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თავდაპირველად მათ „გაყინული კონფლიქტები“ („frozen conflicts“) ეწოდა. თუმცა სამხრეთ ოსეთის, ყველაზე პატარა ავტონომიური ერთეულის კონფლიქტმა, რომელიც „ხუთდღიან“ აგვისტოს ომში გადაიზარდა, დაგვანახა, რომ ეს „გაყინული“ არსებობა შეიძლება მუდმივად შეიცვალოს.[27]

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა ფაქტებმა: ქართული უსაფრთხოების ძალების სამხრეთ ოსეთში შესვლამ 2004 კონტრაბანდის აღკვეთის საბაბით. ასევე, რუსეთის სამშვიდობო მისიების ("Peacekeeping") გარშემო კამათმა, რომელიც ქართული მხარის მიერ აღიქმებოდა როგორც რუსეთის სამხედრო ძალებით ამ ტერიტორიების ხელყოფა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ე.წ. პასპორტიზაციის პროცესიც, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებზე მასიურად გაიცემოდა რუსული პასპორტები. ასევე უნდა დასახელდეს 2006 წლის „ჯაშუშების სკანდალი“[28], რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები და სხვა მრავალი.

 

კვლავ გაიხსნა: საქართველო-რუსეთის საზღვარი თბილისი-ვლადიკავკაზის გზაზე, საქართველოს სამხედრო გზა

 

განახლდა: 3,5 კილომეტრიანი როკის გვირაბი ჩრდილოეთ ოსეთსა (რუსეთი) და სეპარატისტულ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს (საქართველო) შორის. ის 1984 წელს გაიხსნა. 2008 წლის აგვისტოს ომისას ის რუსეთის ჯარებისთვის საქართველოში შემოსასვლელ კარად იქცა. 2013-2014 ის საფუძვლიანად გაარემონტეს

ეს განვითარება ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში მიმდინარეობდა, რომელშიც დომინირებდა საქართველოს სურვილი ნატოში შესვლისა. სამხრეთ ოსეთის „დედაქალაქ“ ცხინვალის არტილერიით დაბომბვის შემდეგ, ქართულმა მხარემ რუსეთს, რომელიც უკვე დიდი ხანია კონფლიქტს წარმოადგენდა, ფაქტობრივად, საბაბი მისცა საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად. ამ „ხუთდღიან“ ომში სწრაფმა დამარცხებამ და შემდგომ წლებში სააკაშვილის გარშემო არსებული ძალაუფლების მქონე ელიტების მოსახლეობისგან დაშორებამ განაპირობა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების დემოკრატიული და მშვიდობიანი შეცვლა. ახალმა სამთავრობო კოალიციამ ქართულმა ოცნების ხელმძღვანელობით ჩრდილოელი მეზობლის მიმართ პრაგმატული და ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო ეკონომიკურად და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით რუსეთზე სხვადასხვა დოზითაა დამოკიდებული.[29] ამ მხრივ ყველაზე უფრო გამორჩეულია სომხეთი. საქართველოსთვის რუსეთი სავაჭრო პარტნიორობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის შემდეგ და, ამავე დროს, უკრაინისა და გერმანიის[30] წინ. მაგრამ ეს ქვეყანა მაინც რუსეთთან აღიქვამს თავს ყველაზე უფრო კონფრონტირებულად. საქართველოს პოლიტიკის ახალმა კონცეფციამ რუსეთისადმი, მართალია სავაჭრო ბლოკადის გაუქმება და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა მოიტანა, მაგრამ დაძაბულობის ძირეულად განმუხტვა მაინც ვერ მოახერხა. საქართველოზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთის ხელში არსებულ ძირითად ბერკეტად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩება.

აზერბაიჯანი თავისი ენერგიის რესურსების გამო ყველაზე უფრო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ის თავს რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედაც მიიჩნევს. მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გამო მისი დაჭერა მაინც არ არის შეუძლებელი. ამასთანავე რუსეთს მიგრაციის პოლიტიკის ინსტრუმენტის გამოყენებაც შეუძლია თავისი „ახლო საზღვარგარეთის“ მიმართ. ის ამას იყენებს კიდეც უკრაინისა და მოლდოვას, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და, ასევე, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში: რუსეთის ბაზარი დღემდე მნიშვნელოვან ბაზრად რჩება ამ რეგიონიდან მომავალი მიგრაციისთვის. პოლიტიკურად მოსკოვმა ეს ინსტრუმენტი ჯერ კიდევ 2006 წელს, ე.წ. „ჯაშუშების სკანდალის“ დროს გამოიყენა, როდესაც კავკასიურ მიგრანტებზე ზეწოლა გააძლიერა.

ისმის კითხვა, აქვს თუ არა რუსეთს, გარდა უხეში ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკისა, რაიმე ისეთი ინსტრუმენტიც, რომელსაც „რბილ ძალას“ („soft power“) უწოდებენ?[31] თუ დასავლური პოლიტიკური მეცნიერებებიდან ამოვალთ, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან აქ იგულისხმება მსოფლიო მასშტაბით ნორმატიული საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობა: დემოკრატიზაცია, პლურალიზმი, სამართლებრივი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობა. პუტინის სისტემა კი სწორედ ამ ნორმებს უწოდებს „ფსევდო დასავლურ ღირებულებებს“ და მათ მთელი ძალისხმევით ემიჯნება. დასავლეთის მიერ ამ „რბილი ძალის“ გამოყენებას პუტინი ხშირად აკრიტიკებს. იგი მას განიხილავს დასავლური პოლიტიკის ჩარევად სუვერენული სახელმწიფოს შინაურ საქმეებში. პუტინის თქმით, ამით ხდება ყოფილ საბჭოთა სივრცეში ნაციონალიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის ხელშეწყობა, რათა დაბრკოლდეს ამ რეგიონის ევრაზიულ პროექტში ინტეგრაცია და ხელი შეეწყოს რუსეთის გავლენის შემცირებას.[32]

შეუძლია კი რუსეთს ამგვარი პოზიციით კიდევ რაიმე გავლენის მოხდენა? როგორც ჩანს კი, რადგანაც მოსკოვის გაფრთხილებებს, დაკავშირებულს „ფერად რევოლუციებთან“, „მეიდანებთან“ ან კიდევ ავტორიტარული სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობებს, ყურადღებით ისმენენ მინსკში, ბაქოში, ასტანასა თუ ტაშკენტში. ზემოთ ჩამოთვლილ ამ  მოვლენებს კი კრემლი თავის ექსცენტრულ პროპაგანდაში დასავლეთის წამოწყებებად აცხადებს. კრემლი კარგ დასაყრდენს სთავაზობს იმ რეჟიმებს, რომლებიც დემოკრატიის დეფიციტისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით კრიტიკის ქარცეცხლში არიან მოქცეული. ამ მხრივ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად აზერბაიჯანი გამოირჩევა. 2014 წლიდან აქ სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და მეცნიერების შევიწროვება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამიზ მარდიევმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და აზერბაიჯანის ძალაუფლებითი ელიტის რუხმა კარდინალმა, 2015 წელს გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც „ფერადი რევოლუციების“ წინააღმდეგ გამოდის და რუსული შეთქმულების თეორიებს იყენებს.[33]

გარდა ამისა, დასავლური ნორმები რუსეთში კონსერვატულ-მორალურად განსაკუთრებით რელიგიურ ჭრილში განიხილება და ფორმდება „დეკადენტი დასავლეთის" მიერ წარმოებულ ჯვაროსნულ ბრძოლად მართლმადიდებლების წინააღმდეგ. საქართველოშიც კი, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროატლანტიკურ ორიენტაციაზეა, ზემოთ ჩამოთვლილი მისიები გამოხმაურებას ჰპოვებენ. აქ მოსახლეობის 70-80 პროცენტი თავისი ელიტის პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს. მაგრამ უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს ეკლესია, რომელიც, მართალია, ევროპაზე ორიენტაციას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ „ვესტერნიზაციის“ საფრთხის გამო კონსერვატული ღირებულებისა და ეროვნული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდებს.

არცერთ ქვეყანაში არ არის ერისა და ეკლესიის გათანაბრება ისეთი ძლიერი, როგორც საქართველოში. ქართველი ინტელექტუალები რელიგიური ნაციონალიზმის გამოც გვაფრთხილებენ, რომელიც სხვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ავიწროებს. მართალია, რელიგიურად გაფორმებული კონსერვატიზმი და ევროპეიზაცია ერთმანეთთან პირდაპირ წინააღმდეგობაში არ მოდიან, მაგრამ რუსეთში სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილ პატრიოტიზმს, რომელიც ანტიდასავლურობით გამოირჩევა, ეკლესიის ზარებიც აძლიერებენ. ეკლესიის გამონათქვამებში იკვეთება ასევე საგარეო პოლიტიკური განზომილებაც.[34] ეს გამონათქვამები მიმართულია, როგორც ეს მე-19 საუკუნეში ხდებოდა, აღმოსავლური ეკლესიის სხვა წევრებისადმი. სამხრეთ კავკასიაში მათ რიცხვს მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე ძველი ქრისტიანული ეკლესიები, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ყველანაირი პოლიტიკური ურთიერთობა შეჩერდა, კომუნიკაციის ერთადერთი ხიდი ამ ქვეყნების ეკლესიები იყო. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და ოსეთი დიპლომატიურად აღიარა. რუსეთის პარტიარქმა კირილმა კი მრავალჯერ გამოაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სივრცის დაქვემდებარებაში არიან. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1943 წელს დაიბრუნა.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას, ამ მხრივ ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2015 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ მრავალი კითხვა გააჩინა. მართალია, გამოკითხულთა 68 პროცენტი მხარს უჭერს ერთი წლის წინ ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ 31 პროცენტი რუსეთთან მჭიდრო თანამშრობლობისა და, გარკვეულ შემთხვევაში, ევრაზიის კავშირში შესვლის მომხრეცაა. წინა გამოკითხვებთან შედარებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.[35] ეს რა თქმა უნდა არ ამტკიცებს იმას, რომ საქართველო ევრაზიული კავშირისაკენ იბრუნებს პირს. მაგრამ ეს მაჩვენებელი ალბათ უნდა ავხსნათ მოსახლეობის გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობითა და უიმედობით, ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული მოლოდინების გაცრუებით. საბერძნეთისა და ლტოლვილების კრიზისმა ევროკავშირს ნაკლები დრო დაუტოვა საქართველოსათვის. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს წევრობა სულ უფრო შორეული პერსპექტივა ხდება. იგივე ეხება თავისუფალ სავიზო მიმოსვლასაც, რომლის შესახებაც 2015 წელს ისევ ახალი მოხსენება უნდა მომზადდეს.

საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა ისეთი პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზეა მიმართული, როგორიცაა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა. იგი თავდაპირველად სააკაშვილის „ვარდების რევოლუციის“ თანამებრძოლი იყო, შემდგომ ოპოზიციურ პოლიტიკოსად იქცა. ის მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ამერიკის ქვეშევრდომობასა და ევროპის მიმართ ილუზიების ქონაში ადანაშაულებს. სხვა სუბიექტები, რომლებთანაც მოსკოვი თავისი ანტიდასავლური პროპაგანდით ნაყოფიერ ნიადაგს პოულობს, არის, მაგალითად, აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობებით დასახლებული მხარეები სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. ეს მხარეები რუსული მედიის პროპაგანდის მიმართ მგრძნობიარეა. მათ მიეკუთვნება ასევე ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა „ევრაზიის ინსტიტუტი“ თბილისში, რომელიც გამოირჩევა ნატოს, ევროკაშირისა და დასავლეთის მკვეთრი კრიტიკით. ის უკრაინის კრიზისს ნათლავს როგორც „დასავლეთის ჯვაროსნულ ლაშქრობას მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ“.[36] ეს ძალები ჯერჯერობით უმცირესობას წარმოადგენენ. მაგრამ რუსეთის გავლენა გაიზრდება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განწყობები იარსებებს: საქართველოს ევროკავშირთან ყოვლისმომცველ სავაჭრო ზონაში ასოცირებისას ხანგრძლივი წინსვლის მოლოდინი თუ ამჟამინდელი მტკივნეული პროცესებით გამოწვეული იმედგაცრუება. მტკივნეულ პროცესებში იგულისხმება საქართველოს ეკონომიკის ევროპულ ნორმებთან შეხამების ხარჯიანი პროცედურა.

საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე შიდაპოლიტიკურმა და გააფთრებულმა იდეოლოგიურმა ბრძოლებმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა. ეს ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც კოალიცია ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ასევე თვით კოალიციის შიგნითაც. ჯერჯერობით მაინც პროდასავლური განწყობა და რუსეთის მიმართ უკმაყოფილება იმარჯვებს. ის პოტენციურ აგრესორად აღიქმება. პრეზიდენტ სააკაშვილის დროს საქართველოც იყენებდა ე.წ. „soft power“ (რბილი ძალის) ინსტრუმენტებს. 2010 წელს მთავრობამ წამოიწყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პროგრამა, რომელიც ამ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების წინააღმდეგ იყო მიმართული. სააკაშვილი „გაერთიანებული კავკასიის“ იდეას ახმოვანებდა. ახალი ქართული მთავრობა კი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული კონტაქტები მოსაფრთხილებელია, მაგრამ ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული. რუსეთი თავისი მეზობლების მოხიბვლას ისეთი პროექტებითაც ცდილობს, როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“ ან „ру́сский мир“.[37] მათში მოჩანს იმპერიული ნოსტალგიები და რელიგიურად შეფერილი რუსული იდეოლოგიები, რომლებიც რუსულ განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და ანტიდასავლური და ანტილიბერალური ტონით გამოირჩევა. მისი ეს მცდელობები მაინცდამაინც წარმატებული არაა, რადგან თვით სომხეთსაც კი, რომელიც  ეკონომიკურად და უსაფრთხოების პოლიტიკითაც რუსეთზეა დამოკიდებული და თან ევრაზიული კავშირის წევრიცაა, არ სურს მარტოოდენ „ру́сский мир“-ის წევრად ყოფნა.

სამხრეთ კავკასია უკრაინის კრიზისის ჩრდილში

სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. მათ რეაქციაზე გავლენას ახდენდა ასევე საკუთარ „სახლში“ გადაუჭრელი სეპარატისტული კონფლიქტებიც. სეპარატიზმისაგან დაზარალებული სახელმწიფოები - აზერბაიჯანი და საქართველო - შეუერთდნენ საერთაშორისო მოთხოვნას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ. 2014 წლის 24 მარტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათ ხმა მისცეს უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას, ისე როგორც ეს გააკეთა კიდევ ასმა სახელმწიფომ. სომხეთი კი იმ თერთმეტ სახელმწიფოს შეუერთდა, რომლებმაც რუსეთის მხარე დაიჭირა და რამდენიმე დღით ადრე ყირიმში საეჭვო პირობებში ჩატარებული რეფერენდუმით გამოხატული სწრაფვა „ეროვნულ თვითგამორკვევად“ შეაფასა.[38]

2014-2015 წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებები ამ მხარეების კიდევ უფრო მეტად მიერთების მიზნით, მნიშვნელოვნად განაპირობებდა საქართველოს შიშებს რუსეთის მიმართ. 2014 წლის ნოემბერში რუსეთმა აფხაზეთთან დადო ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის“ შესახებ, რომელიც 2015 წლის 5 მარტს შევიდა ძალაში. ანალოგიური ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის თებერვალში სამხრეთ ოსეთთანაც, რაც 2015 წლის 18 მარტს „ყირიმთან გაერთიანების“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დე ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვის მოსკოვში ვიზიტით განმტკიცდა.

ეს დოკუმენტები, მეორე მხრივ, ამ ორი მხარის რუსეთის მიმართ სხვადასხვანაირ დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს. აფხაზეთში არსებობს ძალები, რომლებიც რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებას საფრთხედ მიიჩნევენ. აფხაზეთის ხელისუფლების დაჟინებით საფუძველზე, რათა ამ ორმხრივ ხელშეკრულებაში უკეთესად გამოკვეთილიყო აფხაზეთის სუვერენიტეტი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შეცვლა მოჰყვა. ხელშეკრულების პირველ ვერსიაში გამოყენებული იყო სიტყვები „მოკავშირეობა და ინტეგრაცია“. ბოლო ვერსიაში კი ჩაიწერა - „მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა“. შესავალი მუხლი საუბრობს ორივე პარტნიორის სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ხელშეკრულება ხაზს უსვამს საერთო საგარეო პოლიტიკას, რაც, საფიქრებელია, რომ, სინამდვილეში, რუსეთის მიერ მისი პარტნიორის საგარეო საქმიანობის გაკონტროლებას უფრო მოასწავებს. დოკუმენტი ასევე საუბრობს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეზე. აფხაზეთს შეუძლია ჰყავდეს საკუთარი სამხედრო ძალა, რომელმაც უნდა ითანამშრომლოს რუსეთის სამხედრო დანაყოფებთან, რათა აფხაზეთს ერთობლივად ააცილონ მოსალოდნელი საფრთხე. 2015 წლის მაისში დე ფაქტო სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა რუსეთის სამხედრო ძალების პენსიონერი გენერალი ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ბრძოლებისას დაიჭრა. კანონპროექტი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოებისთვის საერთო საინფორმაციო და კოორდინაციის ცენტრის შექმნას, საკამათო შინაარსისაა. მაგალითად, რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების გაერთიანების პუნქტი. ამ პუნქტმა აფხაზეთის პარლამენტში 2015 წლის ივლისში დიდი კამათი გამოიწვია.[39]

სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულება კი ითვალისწინებს ადგილობრივი სამხედრო ძალების, უსაფრთხოების, საზღვრის დაცვისა და საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას შესაბამის რუსულ სტრუქტურებში. პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკურად ყველაზე უფრო სუსტი რეგიონისათვის, რომლის მოსახლეობაც მაქსიმუმ 50.000-ს შეადგენს და ძირითადად ოსებისგან შედგება, უფრო მისაღებია რუსეთთან შეერთება, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან გაერთიანება ან კიდევ ფედერაციის საკუთრივ სუბიექტად ქცევა.[40]

თბილისი კი ამ დროს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების საბოლოოდ ანექსიაზე საუბრობს.[41] ამ ხელშეკრულებებით შესაძლოა მოსკოვმა რეაგირება მოახდინა იმ ფაქტზე, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სამყაროს კიდევ უფრო დაუახლოვდა: 2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ინტენსიურ თანამშრომლობას ნატოსთან. მართალია, 2014 წლის უელსის სამიტისას საქართველომ ვერ მიიღო სასურველი „წევრობის სამოქმედო გეგმა“ („Membership Action Plan“), მაგრამ მიიღო „თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი“, რაც ასევე ითვალისწინებს საქართველოში ერთობლივი ტრენინგის ცენტრის მოწყობას. მოსკოვის მიერ მტრულად აღქმული ტრენინგის ცენტრი 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა. „წევრობის სამოქმედო გეგმის“ მიღებას საქართველო 2016 წლის ვარშავის სამიტზეც იმედოვნებს. ამისთვის ის მიანიშნებს იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ამის მაგალითია საქართველოს თანამონაწილეობა ISAF-მისიაში, რომელიც მოიცავდა 1600 კაცს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სამხედრო კონტიგენტს წარმოადგენდა. მის მომდევნო მისიაში კი Resolute Support Mission საქართველო წარმოდგენილია 850 კაცით, რაც მონაწილე სახელმწიფოთა შორის სიდიდით მეორეა.[42] 2015 წელს ჟენევის მოლაპარაკებებისას აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით, რუსეთმა საქართველო კიდევ ერთხელ გააფრთხილა ნატოსთან ინტეგრაციის საფრთხესთან დაკავშირებით. რუსეთის აზრით, ამით საქართველო რეგიონში მშვიდობას საფრთხის ქვეშ აყენებს.[43] ამის საპირისპიროდ, ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს შეახსენეს, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან ხელშეკრულების დადება და თავის სამეზობლოში სეპარატისტულ მთავრობებთან თანამშრობლობა იმ ხელშეკრულების დარღვევაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დასამთავრებლად დაიდო.

ევროკავშირის საგარეო კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გააკრიტიკა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების დადება. მისი აზრით, ეს ფაქტი მთლიანად კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაურღვევლობის პრინციპს ხელყოფს.[44] 2015 წლის ივლისში სამხრეთ ოსეთის საზღვრის დამცველებმა სასაზღვრე ნიშნები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2013 წელს სასაზღვრო მავთულხლართები ამავე მეთოდით სამხრეთითაც გააფართოვეს. ამჯერად საქართველოს პროტესტს უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში ყური უგდეს, რადგანაც საზღვარი ბაქოდან სუფსისაკენ მომავალი ნავთობსადენი მილის ახლოს გადის.[45] ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალ ტუსკმა გამოთქვა პროტესტი. ტუსკი ამ დროს სამხრეთ კავკასიას სტუმრობდა.

საქართველოში პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის ნაკლებობას უჩივის. მათი მხარდაჭერა, ქართველების აზრით, ძირითადად, შეშფოთების რიტორიკით შემოიფარგლება. ისინი ამჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიამ დაკარგა დასავლეთის ყურადღება უსაფრთხოების პოლიტიკაში მსოფლიოს სხვა რეგიონებში წარმოქმნილი კრიზისების გამო. ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა უკრაინისა და ლტოლვილების კრიზისი.[46]

რუსეთის ურთიერთობა სომხეთთან, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მისი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, უკრაინის კრიზისის ფონზე წინააღმდეგობრივად განვითარდა. ერთი მხრივ, სომხეთის შესვლამ პუტინის ფავორიტ ევრაზიული გაერთიანების პროექტში, რომელიც თავდაპირველად საბაჟო კავშირი იყო, ხოლო შემდგომ 2015 წელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად იქცა, ეს ურთიერთობა გააღრმავა. მეორე მხრივ კი, ის გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გამო დამძიმდა. 2013 წლის 3 სექტემბერს მოულოდნელად და საკუთარი მთავრობის გასაკვირად, სომხეთის პრეზიდენტმა სარქისიანმა თავის კოლეგა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად ევრაზიულ საბაჟო კავშირში შევიდა. რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის გარდა სომხეთს არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით გაზზე ფასდაკლებას. სომეხი სამუშაო მიგრანტების გადარიცხვები რუსეთიდან სამშობლოში 2014 წელს 40 პროცენტით შემცირდა. სომხეთის ექსპორტმა 18 პროცენტით დაიკლო, საიმპორტო ბაჟი კი ლამის 7000 პუნქტით გაიზარდა.[47]

რუსეთის შიგნით წარმოქმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა მის „ახლო საზღვარგარეთზეც“, ანუ მასზე ეკონომიკურად და ფინანსურად დამოკიდებულ სახელმწიფოებზეც მოახდინა გავლენა. სამხრეთ კავკასიაში ეს ყველაზე მეტად სომხეთს შეეხო. მისი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე საბაჟო კავშირში შესვლამდეც ძალიან მაღალი იყო. უცხოური პირდაპირი ინვესტიციები აქ ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა. რუსული ფირმები ფლობენ ენერგიის სექტორს, ტელეკომუნიკაციებს, სარკინიგზო მაგისტრალსა და სხვა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს. სომხეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ არა მარტო ევრაზიული კავშირიდან მიღებული სარგებელი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. სომეხ ანალიტიკოსთა მხრიდან კრიტიკამ 2013 წლის სექტემბერში პრეზიდენტ სარქისიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართაც მოიმატა. მოსახლეობის ფართო ფენებში კი იმატა მოქმედი მთავრობის მიმართ იმედგაცრუებამ.

ეს პროცესები 2015 წლის ივნისში დაგვირგვინდა ერევანსა და სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტების დაწყებით. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ დენის ფასის 16 პროცენტით გაზრდას. ისინი ასევე გამოდიოდნენ სომხეთის ელექტროენერგიის ქსელების მფლობელი კომპანიის წინააღდეგ. ამ უკანასკნელის მფლობელია რუსული კონცერნი Inter RAO, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ იგორ სეჩინს. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, კორუფცია და არასწორი მართვა იყო, რამაც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვია. 23 ივნისს პოლიცია აგრესიულად გაუსწორდა დემონსტრანტებს. ამას კი სომხეთში ამერიკის საელჩოს, ეუთოსა (OSZE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მოსკოვში მყისვე დაიწყო შეთქმულების თეორიების გავრცელება, რომელთა მიხედვითაც, დემონსტრანტების უკან დასავლური სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ დასახული „დენის მეიდანის“ მოწყობა და სომხეთში რუსეთის საწინააღმდეგო რეჟიმის მოყვანა.[48] მხოლოდ რამდენიმე რუსმა კავკასიის სპეციალისტმა მოახერხა ასეთი მტკიცებებისგან დისტანცირება. ასეთია სერგეი მარკედონოვი, რომელიც ამბობდა, რომ პროტესტს არ ჰქონდა გეოპოლიტიკური სარჩული, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული დემონსტრაციების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომ ის სოციოეკონომიკური პირობებით გამოწვეული იმედგაცრუების გამოხატულება იყო.[49] აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვით თვით სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი ვარაუდობდა, რომ პროტესტის უკან გარე ძალები შეიძლებოდა მდგარიყო.[50]

დემონსტრაციებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ მათ ხელმძღვანელს. ამ, ელექტროენერგიის ფასების მომატების წინააღმდეგ გამართულმა დემონსტრაციამ დაახლოებით 10 000 კაცი გამოიყვანა ქუჩაში. ამასთანავე, მან გამოავლინა სომხეთში პოლიტიკური და სოციოეკონომიკური სისტემის კრიზისი, რამაც მოსკოვი შეაშფოთა.[51] იგივე უკმაყოფილება, რაც სომხეთშიც გამოვლინდა, სრულიად შესაძლებელი იყო, ეკონომიკური კრიზისისა და რეფორმების შეფერხების გამო, რუსეთშიც განმეორებულიყო. ელექტროენერგიის მომწოდებელი ეს საეჭვო სისტემა კორუფციის გამოხატულების სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ანექსიით გამოწვეული პატრიოტული ეიფორიის გამო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერჯერობით საკუთარი მოსახლეობა ზურგს უმაგრებს, ამის მსგავსი სიმბოლოები რუსეთშიც მრავლად შეიძლება მოიძებნოს.

პრეზიდენტმა სარქისიანმა სომხეთის შესვლა ევრაზიულ კავშირში უსაფრთხოების პოლიტიკის არგუმენტებით გაამართლა. ამ გაერთიანებაში გაწევრიანებამდეც არსებობდა სომხეთს, რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის უსაფრთხოების პოლიტიკაში თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის სახით. მასში სამხრეთ კავკასიიდან მხოლოდ სომხეთი მონაწილეობს. სომხეთისათვის რუსეთთან პარტნიორული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ყარაბაღის კონფლიქტის გამო. ამ შემთხვევაში კი რუსეთს ძალიან საკამათო როლი აქვს მორგებული: ერთი მხრივ, ის არის აქტიური მოთამაშე და 1992 წლიდან ეუთოს იმ ჯგუფის (მინსკის ჯგუფის) წევრი, რომელმაც ამ კონფლიქტის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი. მოსკოვმა საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ წამოიწყო სამშვიდობო პოლიტიკური ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები რუსეთის სხვადასხვა მხარეში ერთმანეთს ხვდებოდნენ.

მეორე მხრივ, მოსკოვი იარაღს აწოდებდა კონფლიქტის ორივე მხარეს. მას სომხეთთან ძალიან მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. გიუმრის სამხედრო ბაზაზე 3000-5000 რუსი სამხედროა განლაგებული. ამ სიდიდის კონტინგენტი რუსეთს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებიდან მხოლოდ ტაჯიკეთში ჰყავს. სომხეთში განლაგებული კონტინგენტი სიდიდით მეორეა. გარდა ამისა, რუსეთი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკას ძალიან იაფად ან სრულიად უსასყიდლოდ აწვდის. მაგრამ ამასთანავე ის იარაღის მიმწოდებელია მდიდარი აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შეიარაღებას. 2011-2014 წლებში აზერბაიჯანმა მოახდინა 3,3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის იმპორტი. აქედან 80 პროცენტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა.[52] სომხეთი თავისი „უსაფრთხოების პარტნიორის“ ამგვარი საქციელით დაბნეულია. ამასთანავე, უსაფრთხოების თვალსაზრისით მათი პარტნიორობა 2015 წელში მომხდარი გახმაურებული მკლელობის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. 12 იანვარს რუსმა სამხედრომ სომეხი ოჯახის 6 წევრი მოკლა. ამ სისხლიანი მკვლელობის შემდეგ მსჯელობა გაიმართა, თუ რომელ სასამართლოს, რუსულ სამხედრო თუ სომხურ სასამართლოს უნდა განეხილა საქმე. გიუმრიში და ერევანში დემონსტრაციებიც მოეწყო, მოთხოვნით, „ჩვენი ქვეყნის გამგებლები ჩვენ ვართ“. ზაფხულის „დენის მაიდანის“ პროტესტების გათვალისწინებით, მოსკოვი ამჯერად მოერიდა სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო გაზრდას და ეს შემთხვევა განსახილველად სომხურ იურისპრუდენციას გადასცა.

სომხეთს არც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ირგვლივ არსებულ ვითარებაში მიუღია უსაფრთხოების თვალსაზრისით რაიმე ისეთი სარგებელი, რომ ამის ფასად რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ყოფილიყო. 2014 წელის ზაფხულში „გადამკვეთ ხაზზე“ ძლიერი სროლები დაიწყო. ნოემბერში სომხური ვერტმფრენის ჩამოგდებით საჰაერო სივრცის ამ ხაზზე პირველი მწვავე შემთხვევა დაფიქსირდა.

აზერბაიჯანისთვისაც რუსეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, უკრაინის კრიზისის ფონზე, ყარაბაღის კონფლიქტთან  კავშირში განისაზღვრებოდა. აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ჩიოდა კონფლიქტის საერთაშორისო დიპლომატიის გზით გადაჭრის „არაეფექტიანობასთან“ დაკავშირებით. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო და სომხეთი ვერ აიძულა, შეესრულებინა 1994 წლის გაეროს რეზულუციაში და სხვა დოკუმენტებში დაფიქსირებული მოთხოვნა ყარაბაღის ახლოს დაკავებული აზერბაიჯანული მხარეებიდან სომხური სამხედრო დანაყოფების გაყვანის შესახებ. აზერბაიჯანის მტკიცებით, ამ შემთხვევაში საქმე „ორმაგ სტანდარტთან“ გვაქვს. თუ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს, სომხეთისთვის პასუხი არავის მოუთხოვია აზერბაიჯანული ტერიტორიების დაკავების შედეგად.

საქართველო, მიუხედავად რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკისა, მასთან ურთიერთობების დალაგების მიზნით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით დასავლელ პარტნიორებზე მაინც უფრო მეტადაა ორიენტირებული. სომხეთი, მართალია, რუსეთის ევრაზიულ კავშირშია ჩართული, მაგრამ ამის გამო ევროპისგან მოწყვეტა მაინც არ სურს. აზერბაიჯანი კი ცდილობს თავი აარიდოს გამოკვეთილ ორიენტაციას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ბოლო დროს ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბაქო ორიენტაციის მოსკოვის სასარგებლოდ შეცვლას აპირებს, რათა რუსეთმა თავისი პარტნიორი სომხეთი აიძულოს გაიყვანოს ყარაბაღის მისადგომებიდან თავისი საჯარისო დანაყოფები.

2014 წლიდან მოსკოვმა ბაქოსთან კონტაქტები გააქტიურა. 2015 წლის ივლისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მამაჯაროვი ერთმანეთს შეხვდნენ სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვა, მათ შორის, ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.[53] უკრაინის კრიზისის ჩრდილქვეშ აზერბაიჯანში საუბარი დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში დასავლელ მედიატორებსა და რუსეთს შორის ერთგვარ კონკურენციაზეც.[54] სომეხი კომენტატორებიც გვაფრთხილებენ, რომ ახალი დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება სწორედ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების ხარჯზე შეიძლება განვითარდეს. ისინი რუსეთს საყვედურობენ ინტერესის ნაკლებობას, სტაბილური გახადოს საკუთარი „ახლო საზღვარგარეთი“.[55]

ჩრდილოეთ კავკასია, როგორც რუსეთის „ახლო საზღვარგარეთი“ და ევროპის განაპირა ძალადობის ზონა

სამხრეთ კავკასიის გადაუჭრელი კონფლიქტები და პოლიტიკური რყევები მნიშვნელოვნად გადაფარა პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა. ეს რეგიონი არა მარტო რუსეთის „ახლო აღმოსავლეთად“ ითვლება, ის, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი კონფლიქტური რეგიონიცაა. ჩეჩნეთში ორი ომი მოხდა. აქ დღემდე გრძელდება ბრძოლები ფედერალურ და ადგილობრივ ძალებს შორის. რეგიონის მრავალ ნაწილში ასევე არსებობს შეიარაღებული იატაკქვეშა მოძრაობა. რეგიონის ამგვარ განვითარებაში შემდეგმა ფაქტორებმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი:

  • პირველ რიგში, ჩეჩნეთში წამოწყებულმა სეპარატისტულმა მოძრაობამ, რომელსაც რუსეთმა 1994 წლის შემდეგ მასობრივი ომი გამოუცხადა.
  • ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის ბრძოლის იდეოლოგიური მოტივაცია თანდათანობით შეიცვალა და გადავიდა იატაკქვეშეთში. ის თანდათან გადაიზარდა ისლამისტურ, ჯიჰადისტურ მოძრაობაში და მოიცვა რეგიონის ძალიან ბევრი ნაწილი. ამან კი 1999 წელს გამოიწვია რუსეთის მეორე ომი ჩეჩნეთში და 2007 წელს „კავკასიის ემირატის“ გამოცხადება.
  • სამხრეთ კავკასია ფედერაციაში თავისი მწვავე სოციო-ეკონომიკური სიტუაციითაც გამოირჩევა. ის გაღარიბებული რეგიონია. უმუშევრობა მაღალია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფედერალურ დახმარებებზე.[56]
  • გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან მანკიერი მმართველობის პრაქტიკებია გავრცელებული. კორუფციით და კლანური ეკონომიკით მოცულია ყველა ადგილობრივი მმართველობითი ორგანო.
  • ეს პრაქტიკები კი იმდენად ღრმაა, რომ ამ მხრივ თავად რუსეთსაც კი აჭარბებს.
  • ფედერალურმა და ადგილობრივმა ძალოვანმა ორგანოებმა შეიარაღებულ იატაკქვეშა მოძრაობასთან ბრძოლაში ადამიანის უფლებები ძალიან მძიმედ დაარღვიეს.

დაღუპულთა და დევნილთა რიცხვი ჩრდილოეთ კავკასიის ამ კონფლიქტს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სხვა ძალადობრივი მოვლენისგან გამოარჩევს. ის გაცილებით მძიმეა, ვიდრე 1992-1997 წლების სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში ან 1991-1994 წლების სეპარატისტული კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში. ამ მხრივ, ეს რეგიონი მხოლოდ 2014 წელს დომბასში დაწყებულმა ომმა დაჩრდილა.

ყირიმის ანექსიამ და მისმა თანმხლებმა პროპაგანდამ რუსეთში ერთგვარი პატრიოტული აღტყინება გამოიწვია. ამან კი ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ყალბად პოზიტიურ წარმოჩენას. 2014 წლის იანვარში ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რუსების მხოლოდ 18 პროცენტი აფასებდა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად. მარტისთვის ეს მონაცემი 41 პროცენტამდე გაიზარდა. იანვარში 60 პროცენტი აფასებდა ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობას „დაძაბულად“. მარტში კი ასე მხოლოდ 43 პროცენტი ფიქრობდა.[57] საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ლევ გუდკოვის შეფასებით, უკრაინასა და ყირიმის შესახებ ინფორმაციამ ყველა ის შეტყობინება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მძიმე მდგომარეობას ეხებოდა, იმდენად უკანა პლანზე გადასწია, რომ ბევრმა რუსმა ჩრილოეთ კავკასიაში მდგომარეობის გაუმჯობესება მართლაც ირწმუნა.[58]

ასეთი შეფასების ჩამოყალიბებაში სხვა მოვლენებმაც შეიტანეს წვლილი. ისლამისტური იატაკქვეშა მოძრაობისა და „კავკასიის ემირატის“ გავლენიანი წინამძღოლები შეიარაღებული სპეცოპერაციების დროს მოკლეს. ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებული ტერორისტული აქტების რიცხვმა ასევე იკლო წინა წლებთან შედარებით.

მაგრამ 2015 წელს ჩრდილოეთ კავკასია, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთი, კვლავ დაბრუნდა რუსეთში უსაფრთხოების პოლიტიკურ დისკურსში. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხემძღვანელების მიერ მარტში ჩატარებულმა კონფერენციამ, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს უფროსი ნიკოლაი პატრუშევი თავმჯდომარეობდა, ამ რეგიონის მნიშვნელობა უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით კვლავ გამოკვეთა. ასევე მომრავლდა სამხრეთის სამხედრო ბაზებზე გამართული მანევრების რიცხვიც, რაც სამხრეთელი მეზობლებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის გზავნილად უნდა ქცეულიყო იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას.[59] 2015 წლის შუა პერიოდში ჩეჩნეთი კვლავ იქცა რუსული მედიის მთავარ თემად, უკრაინის შემდეგ.[60] ამაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გავრცელებულმა სპეკულაციებმა, რომელიც ეხებოდა, ერთი მხრივ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამპარტავან ხელმძღვანელს, რამზან კადიროვსა და მისი უსაფრთხოების აპარატს (кадыровцы) და, მეორე მხრივ, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და ძალოსნებს (силовики) შორის არსებულ მზარდ დაპირისპირებას. ეს სპეკულაციები ასევე შეეხო ცნობილი დემოკრატი ოპოზიციონერის მკლელობაში მოქმედ „ჩეჩნურ კვალს“. ჩეჩნეთს კადიროვის ხელმძღვანელობით რუსეთის მიმართ საკმაოდ ამბივალენტური პოზიცია უჭირავს. ერთი მხრივ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხემძღვანელობა პრეზიდენტ პუტინის მიმართ ლოიალობას ხმამაღლა და სისტემატურად გამოხატავს. ასევე ხაზს უსვამს ჩეჩნეთის კუთვნილებას რუსეთისადმი. კრემლის ყოველ ანტიდასავლურ გამონათქვამს მთელ ფედერაციაში არცერთი რეგიონის პოლიტიკოსი ისე ხმამაღლა არ უკრავს ტაშს, როგორც ამას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური აკეთებს. უკრაინის კონფლიქტში კადიროვმა პრორუსი სეპარატისტების დახმარებისთვის ჩეჩენი მებრძოლების გაგზავნის შეთავაზებაც კი გააკეთა. ჩეჩენი მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მართლაც ორივე მხარეს მონაწილეობდნენ.

მეორე მხრივ, კადიროვი „ფედერაციის სუბიექტ“ ჩეჩნეთში მთლიანად საკუთარი ინტერესების გატარებით არის დაკავებული. სლოგანით, „დავუბრუნდეთ ჩვენს ტრადიციებს“, იგი ისეთ კულტურის პოლიტიკას ატარებს, რომ პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციაში ქმნის „ისლამურ სახელმწიფოს“. ტრადიციებში კადიროვი ქცევის ისეთ ნორმებს მოიაზრებს, რომლებიც ისლამისტი მოწინააღმდეგის რეპერტუარს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ჩეჩენი ხალხის თვითმყოფად  კულტურას.

ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტურ იატაკქვეშეთში მიმდინარე განვითარებებმა რუსეთი უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამან 2015 წელს იჩინა თავი: საუბარია მის მზარდ კავშირებზე ისლამურ სახელმწიფოსთან, რომელიც სირიაში და ერაყში მოქმედი, მსოფლიოში ყველაზე შემზარავი ტერორისტების წარმომქმნელი ორგანიზაციაა. 2014 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიელმა მრავალმა „ემირმა“ ისლამურ სახელმწიფოს და „ხალიფა“ ალ-ბაღდადს ერთგულება გამოუცხადა, რაც ეწინააღმდეგება „კავკასიის ემირატის“ ადრეულ ორიენტაციას. 2015 წელის 23 ივლისს ისლამური სახელმწიფოს პრესის წარმომადგენელმა „კავკასიის ვილაიათი“ ისლამური სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა. მის ხელმძღვანელად ეკურთხა დაღესტნელი რუსტამ ასელდეროვი.[61] რუსული წყაროების მიხედვით, ამ დროისათვის რუსეთის ფედერაციის ათასობით მოქალაქე იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში.

რუსეთი მეზობელ უკრაინას მედიდურად და აგრესიულად უყურებს. ის მას შინაგანად დანაწევრებულ სახელმწიფოდ, ხოლო პრეზიდენტ პუტინის მიხედვით, ლამის „არარსებულ სახელმწიფოდაც“ კი მიიჩნევს. პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის ქონის პრეტენზიას პუტინი, უპირველეს ყოვლისა, ევრაზიული კავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის შექმნით გამოხატავს. მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ რუსეთის მრავალეროვანი სახელმწიფო, მიუხედავად ყირიმის ანექსიის შემდეგ შექმნილი პატრიოტული ერთობისა, თვითონვე დგას მრავალი შიდა ინტეგრაციული პრობლემის წინაშე. ეს კი მხოლოდ კავკასიის პერიფერიას არ ეხება.

გერმანულიდან თარგმნა მაია რაზმაძემ


[1] Chechnya: The Inner Abroad. International Crisis Group. Europe Report 236, 30.6.2015.

[2] Россияне считают Крым своим, а насчет Кавказа – сомневаются. Radio City FM, Все новости Москвы, 21.2.2014.

[3] Rauf Dschafarow: Kontinuität und Wandel in der russischen Politik gegenüber Aserbaidschan. Von Zar Peter I bis Putin. Göttingen 2014, გვ. 36-38.

[4] Philipp Ammon: Georgien zwischen Eigenstaatlichkeit und russischer Okkupation. Die Wurzeln des russisch-georgischen Konflikts vom 18. Jahrhundert bis zum Ende der ersten georgischen Republik (1921). Klagenfurt 2015, გვ. 66-76.

[5] Charles King: The Ghost of Freedom. A History of the Caucasus. Oxford 2008, გვ. 37.

[6] „მურიდის“ სახელწოდება მომდინარეობს სუფისტური ამალის იერარქიიდან და აღნიშნავს მოწაფეს, რომელიც თავისი მასწავლებლის ან შეიხის სწავლებას მისდევს. „მურიდების ომზე“ დაწერილი აქვს მოშე გრამერს. Moshe Gammer: Muslim Resistance to the Tsar: Shamil and the Conquest of Chechnia and Dagestan. London 1994.

[7] Jeronim Perović: Der Nordkaukasus unter russischer Herrschaft. Geschichte einer Vielvölkerregion zwischen Rebellion und Anpassung. Köln u.a. 2015.

[8] ციტირებულია ფილიპ ამონის მიხედვით, საქართველო [მე-4 სქ.] ლექსი „Прощай немытая Россия“, გვ. 104.

[9]Н. Г. Чернышевский: Полное Собрание Сочинений, Т. 14. Москва, 1949. გვ. 381; რუსულ კავკასიის ლიტერატურასა და პუბლიცისტიკის შესახებ იხ. Uwe Halbach: Die Bergvölker (gorcy) als Gegner und Opfer: Der Kaukasus in der Wahrnehmung Rußlands (Ende des 18. Jahrhunderts bis 1864), in: Manfred Alexander u.a. (Hg.): Kleine Völker in der Geschichte Osteuropas. Festschrift für Günther Stökl zum 75. Geburtstag. Jahrbücher für Geschichte Osteuropas, Beiheft 5. Stuttgart 1991, გვ. 52-65].

[10] ამონი, საქართველოს [მე-4 სქ.], გვ. 151-180.

[11] Werner Zürrer: Kaukasien 1918-1921. Der Kampf der Großmächte um die Landbrücke zwischen Schwarzem und Kaspischem Meer. Düsseldorf 1978, S.475. ციტირებულია აქედან: Dschafarow, Kontinuität  [მე-3 სქ.], გვ. 112.

[12] Thomas de Waal: The Caucasus. An Introduction. Oxford 2010, გვ. 74.

[13] Mark გვ. Beissinger: Self-determination as a Technology of Imperialism: The Soviet and Russian Experiences, in: Ethnopolitics, 5/2015, გვ. 479–487.

[14] Jörg Baberowski: Der Feind ist überall. Stalinismus im Kaukasus. München 2003.

[15] Lasha Bakradze: Georgia and Stalin. Still Living with the Great Son of the Nation, in: Thomas de Waal (Hg.): The Stalin Puzzle. Deciphering Post-Soviet Public Opinion. Washington 2013, გვ. 47–54.

[16] აქვე Jan Plamper: Stalinkult und Ethnizität. Georgischer „Koba“ oder sowjetischer „Vater der Völker“, in diesem Band, გვ. 129–150.

[17] De Waal, The Caucasus [მე-12 სქოლიო], გვ. 86.

[18] Uwe Halbach: Nationalitätenfrage und Nationalitätenpolitik, in: Stefan Plaggenborg (Hg.): Handbuch der Geschichte Russlands. Bd. 5: 1945-1991. Vom Ende des Zweiten Weltkrieges bis zum Zusammenbruch der Sowjetunion. Stuttgart 2002, გვ. 659-786, zum „Transkaukasus“ გვ. 751-764.

[19] 1969 წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტების 83% და 1979 წელს 83% ქართველი ე.ი. „ტიტულარული ერის“ წარმომადგენელი იყო. ასევე, პარტიის ხემძღვანელობაში, სამინისტროებში, ადმინისტრაციაში, ფაბრიკებსა და კოლმეურნეობაში ქართველები არაპროპორციულად მაღალი რიცხვით დომინირებდნენ. იხ. Jürgen Gerber: Georgien: Nationale Opposition und kommunistische Herrschaft seit 1956. Baden-Baden 1997, გვ. 40-44.

[20] Uwe Halbach: Das Erbe der Sowjetunion. Kontinuitäten und Brüche in Zentralasien, in: Machtmosaik Zentralasien. Traditionen, Restriktionen, Aspiration. Berlin 2007 [= OSTEUROPA, 8–9/2007], გვ. 77–98, აქ გვ. 81.

[21] Ronald G. Suny: Transcaucasia: Cultural Cohesion and Ethnic Rival in a Multinational Society, in: Ljubomir Hajda, Mark R. Beissinger (ed.): The Nationalities Factor in Soviet Politics and Society. Boulder 1990, გვ. 228-252.

[22] ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებას 1977 წელს რესპუბლიკების დონეზეც მოჰყვა ახალი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის მიღება, რომელიც აღარ ითვალისწინებდა ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას. როდესაც 1977 წლის 14 აპრილს რესპუბლიკის საბჭოთა ხელძღვანელობა ამ ახალი პროექტის დამტკიცებას აპირებდა, „რუსიფიკატორული“ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა რამდენიმე ათასი დემონსტრანტი. პარტიის მეთაურმა შევარდნაძემ მოსკოვიდან გამოითხოვა ნებართვა კონსტიტუციის ამ პროექტის უკან წაღებისათვის. მსგავსი რეაქცია გამოიწვია სომხეთში რესპუბლიკის კონსტიტუციაში ეროვნული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, შეკვეცის მცდელობამაც.

[23] საბჭოთა ფლორიდის შესახებ იხ. de Waal, The Caucasus [სქოლიო 12] გვ. 82-83.

[24] „ამიტომაც საქართველოში „პერესტროიკის ლიტერატურის“ ფენომენი იმ დოზით არ არსებობდა, როგორც სხვაგან. მასში კი იგულისხმება წიგნების, ფილმების, თეატრის სცენარების გამოქვეყნება, რომელიც ადრე ცენზურის გამო, საწამლავის კარადაში, იყო ჩაკეტილი“ იხ. Gerber, Nationale Opposition [სქოლიო 19], გვ. 9.

[25] Uwe Halbach, Manarsha Isaeva: Dagestan: Russlands schwierigste Teilrepublik. Politische und religiöse Entwicklung am „Berg der Sprachen“. Berlin 2015 [= SWP-Studie 8/2015], გვ. 15.

[26] იხ. ქრისტიან ტიმის სტატია ამავე კრებულში. ასევე იხ. Uwe Halbach: Bilanz einer „Farbrevolution“. Georgien im politischen Wandel 2003–2013. Berlin [= SWP-Studie S 24], Dezember 2013.

[27] იხ. Rückblick auf ein Lehrstück. Der Kaukasuskrieg und die Folgen. Berlin 2008 [= OSTEUROPA, 11/2008]

[28] 2006 წლის 27 სექტემბერს ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს თბილისში. მათ ბრალად დასდეს ჯაშუშების ქსელის წევრობა, რომელსაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელის შეშლა სურდა. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად განაპირობა ორმხრივი ურთიერთობების გამწვავება.

[29] იხ. Uwe Halbach, Franziska Smolnik: Russlands Stellung im Südkaukasus. Berlin 2014 [= SWP Aktuell 1/2014].

[31] Toms Rostoks, Andris Spruds (ed.): The different faces of „soft power“: the Baltic States and Eastern Neighborhood between Russia and the EU. Riga 2015; Sergi Kapanadze: Russia’s Soft Power in Georgia – A Carnivorous Plant in Action, in: ebd., გვ. 162–183.

[32] Alexander Kornilov, Andrey Makarychev: Russia’s soft power in the South Caucasus, in: Alexander Agadjanian, Ansgar Jödicke, Evert van der Zweerde (ed.): Religion, Nation and Democracy in the South Caucasus. London, New York 2015, გვ. 238-253, here გვ. 241.

[33] Azadliq, Baku, 21.8.2015.

[34] Marlene Laruelle: Beyond Anti-Westernism. The Kremlin’s Narrative About Russia’s European Identity and Mission, in: PONARS Eurasia Policy Memo, 326/2014.

[35] Giorgi Lomsadze: Georgian Poll: Support for Russia Small, but Growing, <www.EurasiaNet.org&gt;, 11.5.2015.

[36] Warten auf alles und auf nichts. FAZ, 15.6.2015, გვ. 5. Paul Rimple: How Strong is Russia’s Soft Power in Georgia? 23.3.2015, <www.EurasiaNet.org&gt;; Tamar Kintsurashvili: Anti-Western-Propaganda. Media Monitoring Report 2014–2015. Media Development Foundation 2015.

[37] Oleksandr Zabirko: „Russkij Mir“. Literarische Genealogie eines folgenreichen Konzepts, in: Russlandanalysen, 30.1.2015, გვ. 2–5.

[38] Resolution 68/262 „Territorial Integrity of Ukraine“, <www.un.org/press/en/2014/ga11493. doc.htm>. Abstimmungsergebnis nach Ländern: <https://papersmart.unmeetings.org/media2/ 2498292/voting-record.pdf>.

[39] Agreement with Russia discussed by MPs in Georgia’s rebel Abkhazia. BBC Monitoring Global Newsline Former Soviet Union Political File, 2.7.2015.

[40] 2010 წელს სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთი იშვიათად ჩატარებული გამოკითხვისას მოსახლეობის 80%-მა მხარი დაუჭირა რუსეთთან გაერთიანებას. 82%-მა დადებითად შეაფასა სამხრეთ ოსეთში რუსეთის ძალების მუდმივი განლაგება. Stephen Jones: South Ossetia’s unwanted independence. Open Democracy, 10.6.2014, <www.opendemocracy.net/od-russia/stephen-f-jones/south-ossetia%E2%80%99s…;.

[41] Tracey German: Russia and the South Caucasus: Exploiting Unresolved Conflicts, 19.6.2015, <www.isn.ethz.ch/layout/set/print/content/view/full/24620?lng=en&id=1913…;.

[43] At Geneva Talks Russia Says Georgia’s NATO Integration Poses Security Threat to Region. Civil Georgia, 2.7.2015, <www.civil.ge/eng/article.php?id=28403&gt;.

[45] Putin has started a new clash with the West, this time over the flow of oil through Georgia, 28.7.2015, <http://qz.com/464703/putin-has-started-a-new-clash-with-the-west-this-t…;. Maxim Edwards: South Ossetia’s creeping border, 20.7.2015, <www.opendemocracy.net/odrussia/maxim-edwards/south-ossetia%27s-creeping…;.

[46] Fiona Hill, Kemal Kirisci, Andrew Moffatt: Retracing the South Caucasus. Considerations and Constraints for U.S., EU, and Turkish Engagement in the South Caucasus. Center on the United States and Europe at Brookings, Policy Paper 6/2015.  George Mchedlishvili: West Will Rue Ignoring Russia’s Moves into Georgia, 20.7.2015, <www.chathamhouse.org/expert /comment/west-will-rue-ignoring-russia-s-moves-georgia>.

[47] Uwe Halbach: Armeniens Beitritt zur Eurasischen Union. Berlin 2015 [= SWP-Aktuell 51/2015].

[49] Poll finds Armenians split on electricity protests, relations with Russia. BBC Monitoring Global Newsline Former Soviet Union Political File, 21.8.2015.

[50] Maciej Falkowski: Protests in Armenia as a manifestation of the state’s systemic crisis, 1.7.2015, <www.osw.waw.pl/en/publikacje/analyses/2015-07-01/protests-armenia-a-man…;.

[51] Maciej Falkowski: Protests in Armenia as a manifestation of the state’s systemic crisis, 1.7.2015, <www.osw.waw.pl/en/publikacje/analyses/2015-07-01/protests-armenia-a-man…- systemiccrisis>.

[52] Anar Valiyev: The Ukrainian Crisis and Implications for Azerbaijan, in: Caucasus Analytical Digest, 67–68/2014, გვ. 11-13, here გვ. 12.

[53] Azerbaijan, Russia to step up ties – Baku report. BBC Monitoring Global Newsline Former Soviet Union Political File, 18.7.2015.

[54] Azeri commentators eye possible deployment of Russian peacekeepers. BBC Monitoring Global Newsline Former Soviet Union Political File, 22.7.2015.

[55] David Shahnazaryan, Regional Studies Center, Erevan: Washington is trying to prevent new military escalation plans by the Kremlin along the Nagorno-Karabakh line of contact, <http://en.aravot.am/2015/07/30/171336/&gt;.

[56] International Crisis Group: North Caucasus: The Challenges of Integration (IV): Economic and Social Imperatives, 7.7.2015, <www.crisisgroup.org/en/regions/europe/north-caucasus/237-north-caucasus…;.

[57] Всплеск оптимизма россиян по отношению к ситуации на Кавказе обусловлен присоединением Крыма к РФ, уверены социологи. Кавказский Узел. 15.4.2014, ˂www.kavkaz-uzel.ru/articles/ 240984˃.

[58] „Почему россияне стали положительно оценивать ситуацию на Северном Кавказе“. Новое дело, 21.4.2014, <http://ndelo.ru/politika-5/3057-lyubov-i-nenavist-v-protsentakh&gt;.

[59] Mairbek Vatchagaev: Are Russian Military Exercises in the North Caucasus a Signal to Azerbaijan and Georgia? 10.4.2015, <www.jamestown.org/programs/nc/single/?tx_ttnews[tt_news]=43776&cHash

=6dc515b6e4b04aa33d6d4f7ec6cbcadb>.

[60] Valery Dzutsev: Is Russia’s Government Planning to Take on Chechnya’s Strongman? 17.6.2015, <www.jamestown.org/single/?tx_ttnews[tt_news]=44046&tx_ttnews[backPid]=7…;.

[61] Yoram Schweitzer, Zvi Magen: The Islamic State, the Caucasus, and the Russian Response. INSS Insight, 725/2015.