მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს კვლავაც გადამწყვეტი გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზე. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. მათ სომხეთთან გამავალი საზღვრები ჩაკეტილი აქვთ. იზოლირებული სომხეთი კი აზერბაიჯანისგან, რომელიც გამალებით იარაღდება, საფრთხეს მოელის. ის უსაფრთხოების გამო რუსეთში ეძებს დამცველს. სომხეთის იზოლაცია ყველაზე მეტად საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს. ეს უკანასკნელი აქედან დიდ სარგებელს იღებს და ამასობაში ერთადერთ სატრანზიტო ქვეყნადაც იქცა. სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. ამის მიზეზი იყო 2010 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარების საკითხი. დღესდღეობით ბაქოს და ერევანს, ასევე, ანკარასა და ერევანს შორის გაულღობელი ყინული ძევს.
სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ფატალურად არიან მომწყვდეულები ერთ სამკუთხედში. აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ზოგიერთი პოლიტიკოსი თურქებსა და აზერბაიჯანელებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ერთ ერადაც განიხილავს. სომხეთი კონფლიქტს ამ ორ ქვეყანასთან ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. აზერბაიჯანთან მიმართებაში ეს კონფლიქტი, უწინარეს ყოვლისა, მთიანი ყარაბაღის საკითხს ეხება. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და ყარაბაღის საჯარისო დანაყოფებს შორის ომი, მართალია, 20 წელზე მეტია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა მაინც არ დამყარებულა. ყარაბაღს ამ ომში სომხეთის შეიარაღებული ძალებიც უჭერდნენ მხარს. აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიის ნაწილი, მთიანი ყარაბაღის სახით, დაკარგა. ის ახლა საერთაშორისოდ არაღიარებული დე ფაქტო სახელმწიფო მთიანი ყარაბაღია. მისი მიმდებარე სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოდევნილია მრავალი ათასი ლტოლვილი. ისინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან მიმობნეული. ბაქო ამ სტატუს-კვოს მდგომარეობის რევიზიას ითხოვს და ბოლო წლებში მასობრივად იარაღდება. მაგრამ გარდა დემარკაციის ხაზთან მოწყობილი პროვოკაციებისა, მაინც თავს იკავებს, კონფლიქტი ძალისმიერად, სამხედრო გზით გადაწყიტოს.
აზერბაიჯანის მსგავსად, თურქეთსაც უკვე ორი ათეული წელია, რაც სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს. მას მეზობელ სახელმწიფოსთან არც დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. ანკარასა და ერევანს შორის დაძაბული ურთიერთობის ძირითადი მიზეზიც ყარაბაღის კონფლიქტია. ანკარა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება სომხეთთან ურთიერთობის გამოსწორებას, თუ ერევანი აზერბაიჯანთან დათმობებზე წავა. სომხეთი კი მთიანი ყარაბაღის საკითხში არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ის ყველანაირ დათმობას დე ფაქტო სახელმწიფო მთიანი ყარაბაღისთვის სახიფათოდ და იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად აცხადებს. ამას კი, თავის მხრივ, ძალიან ბევრი საერთო აქვს 1915-1916 წლების ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ სომეხთა გენოციდთან და მის საერთაშორისო აღიარებასთან, უწინარეს ყოვლისა, თვითონ თურქეთის მხრიდან. სწორედ ესაა სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი მიზანი.
გაქვავებულები: აზერბაიჯანი და სომხეთი
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ ერთი თემითაა შემოზღუდული: ესაა მთიანი ყარაბაღის თემა.[1] 1991 წლის სექტემბრის დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, რომელიც მანამდე აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავად აზერბაიჯანმა ამ მოვლენამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა მოსკოვისგან დამოუკიდებლობა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988-1991 წლებში წამოწყებული კონფრონტაცია მთიანი ყარაბაღის გამო მალე ომში გადაიზარდა. ამ ომის განმავლობაში საერთაშორისოდ არაღიარებული დე ფაქტო რესპუბლიკისა და სომხეთის ჯარებმა ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი მოსაზღვრე მხარეების დიდი ნაწილი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. ომის დროს 11 000 აზერბაიჯანელი და 6 000 სომეხი დაიღუპა. 500 000 აზერბაიჯანელი განიდევნა მთიანი ყარაბაღისა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან. სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიიდან 30 000 კაცი განდევნეს, ხოლო მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით მდებარე მხარე შაუმიანიდან 40 000 სომეხს მოუწია იძულებით გადაადგილება. ამასთანავე, ჯერ კიდევ 1988-1990 წლებში „პოგრომების“ შედეგად აზერბაიჯანი 350 000 სომეხმა დატოვა და თავი სომხეთსა და რუსეთს შეაფარა. ამავე დროს, 186 000 აზერბაიჯანელმა და 18 000 მუსლიმმა ქურთმა დატოვა სომხეთი აზერბაიჯანში გადასასვლელად.
ამიტომაც, ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობის ყველა საკითხი პირდაპირ და ირიბად სწორედ ყარაბაღის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. აქ კი განუწყვეტლივ მიმდინარეობს კამათი მთიანი ყარაბაღის სტატუსის, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სახმელეთო მიმოსვლისა და ლტოლვილთა ორმხრივად დაბრუნების შესახებ.
1992 წლიდან მოყოლებული, მინსკის ჯგუფის ფორმატით ეუთოს ფარგლებში წარმოებულმა მოლაპარაკებებმა კონფლიქტის დარეგულირებისათვის დღემდე ვერაინაირი შედეგი ვერ გამოიღო. ეს მოლაპარაკებები კი აგერ უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება. მხარეებს შორის არანაირი გაცვლა-გამოცვლა არ ხდება. რამდენიმე წელია პოზიციები გამკაცრდა კიდეც. ამ რეგიონის მზარდმა მილიტარიზაციამ და ამასთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების დილემამ ბოლო წლების განმავლობაში კონფლიქტის მხარეებს შორის ტონი უფრო აგრესიული გახადა. აღსანიშნავია, რომ სომხეთიცა და აზერბაიჯანიც იარაღის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებენ.[2] 2014 წლის შუა პერიოდიდან დაძაბულობამ მოიმატა როგორც აზერბაიჯანსა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ცეცხლის შეწყვეტის სადემარკაციო ხაზზე, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც.[3]
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მრავალმხრივ დარღვევაში.[4] აზერბაიჯანი სომხეთისგან მტრის ხატს ქმნის, რომელშიც სომხები მხოლოდ აგრესორებად და უზურპატორებად არიან გამოყვანილი. ყველა კონტაქტი სომხურ უწყებებთან და ორგანიზაციებთან კრიმინალიზებულია.[5] სომხეთში კი აზერბაიჯანის შემოტევების მატებასთან ერთად, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კოოპერაციის გააქტიურების ფონზე, უნდობლობა იზრდება. სომხური საზოგადოების დიდი ნაწილისათვის აზერბაიჯანელები „თურქები“ არიან. ამის გამოისობით 1915-1916 წლების სომეხთა გენოციდსა და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შესაძლო მიზნებს შორის სწრაფად გამოძებნიან ხოლმე პირდაპირ და ირიბ კავშირს.
შესაძლოა გვეფიქრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე არსებული მსხვერპლით გამოწვეული აღშფოთება არსებული რეჟიმების წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული, რომლებსაც ამ გაყინული მდგომარეობის მართვა ევალებათ და რომლებიც არ თმობენ თავიანთ შეუვალ პოზიციებს, სარგებლობენ რა საზოგადოებაში დათმობაზე წასვლის ნაკლები მზაობით. თუმცა, აქამდე საპირისპირო შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი: კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებსა და მის მიმდინარეობაზე, მტერსა და მსხვერპლზე არსებული ნარატივები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.[6] ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს ე.წ. მადრიდის პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა კონფლიქტის დასარეგულირებლად შეიმუშავა.[7] კონკრეტულად საქმე ეხება შემდეგ საკითხებს: აზერბაიჯანისთვის იმ მხარეების უკან დაბრუნებას, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური მხარის ირგვლივ მდებარეობს; ასევე, დევნილებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებში; მთიანი ყარაბაღისათვის დროებითი სტატუსის მინიჭებას, რითიც მისი უსაფრთხოება და ავტონომიურობა გარანტირებული იქნება; სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სახმელეთო კორიდორის შექმნას; საერთაშორისო სამშვიდობო მისიას, რომელიც გაეროსთან ერთად მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტორი იქნება; მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის განსაზღვრას, რომელიც მოგვიანებით რეფერენდუმის გზით დადასტურდება.
ორივე სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანში არსებული კონფლიქტი ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებასაც უწყობს ხელს.[8] ის ორთქლის გამოშვების ფუნქციასაც ასრულებს, რათა მოსახლეობაში რეალურად არსებულმა თუ მოსალოდნელმა, მზარდი სოციალური უთანასწორობით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ერთ დღესაც არ იფეთქოს. გარდა ამისა, კონფლიქტის ინსტრუმენტალიზაციით დემოკრატიული ძალები ითრგუნება. მტრის ხატის გარშემო მობილიზაცია ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდირებასაც უწყობს ხელს. ამავე დროს, მოსალოდნელი საფრთხის საბაბით გარე დახმარების მოზიდვაც შეიძლება.[9] აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს საფრთხე არა მხოლოდ სომხეთიდან, არამედ რადიკალი ისლამისტებისგანაც მომდინარეობს.[10]
სომხეთისათვის მთიანი ყარაბაღის სტატუს-კვოს შენარჩუნება მომგებიანიცაა და წამგებიანიც. მომგებიანია ის გარემოება, რომ მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს და მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრაზე დისკუსია მაინც გრძელდება. ამავდროულად კი სომხური საჯარისო დანაყოფები მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ტერიტორიებზე აზერბაიჯანში არიან განლაგებული, რათა იქაური მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვან.
გარდა სარგებლისა, ერევანის მთიანი ყარაბაღისათვის სტატუს-კვოს შენარჩუნება ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის სომხეთის დამოკიდებულებას რუსეთზე უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ბოლოს, როდესაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტმა კვლავ იფეთქა, სომხეთი მხოლოდ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის იმედად იყო დარჩენილი. სომხეთი ასევე წევრია 2002 წელს დაარსებული ორგანიზაციისა, სახელწოდებით ОДКБ, რომელიც 1992 წელს დადებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს.[11] რუსეთს ჯერ კიდევ საბჭოთა ხანიდან აქვს ერევნიდან 120 კილომეტრით მოშორებულ ქალაქ გიუმრიში სამხედრო ბაზა. 1995 წელს პრეზიდენტებმა ბორის ელცინმა და ლეონ ტერ-პეტროსიანმა ხელი მოაწერეს სამხედრო ბაზის განლაგების 25-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც 2010 წელს დადებული დამატებითი ოქმის საფუძველზე 2044 წლამდე გახანგრძლივდა. ამ ბაზაზე დაბანაკებული ჯარისკაცების რიცხვი სხვადასხვა წყაროების მიხედვით 3000-დან 5000 კაცამდე მერყეობს. სამხედრო ტექნიკას მიეკუთვნება 12-მდე ტანკი, მოტორიზებული საარტილერიო ცეცხლსასროლი, სახმელეთო და საჰაერო რაკეტები და 20-მდე MiG-29 ტიპის მონადირე, რომელიც ერევანთან ახლოს მდებარე, აეროპორტ ერებუნის სამხედრო ნაწილშია განლაგებული.[12]
უსაფრთხოების პოლიტიკით განპირობებული დამოკიდებულებაა სწორედ იმის მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და მასზე მიბმულ ორგანიზაცია საბაჟო კავშირში შესვლა. ეს მოხდა 2013 წლის სექტემბერში. ამის მიზეზით გადაიდო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 2013 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი. ეს უკანასკნელი კი უკვე წლების წინ იყო მოლაპარაკებული და მოიცავდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც. სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლით რუსეთმა კიდევ უფრო დიდი გავლენა მოიპოვა ქვეყნის საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაზე.[13]
ამ მიზეზთა გამო სომხეთი ნერვიულად რეაგირებს აზერბაიჯან-თურქეთსა თუ აზერბაიჯან-რუსეთს შორის დაახლოების ნებისმიერ მცირე ფაქტზეც კი. მას შემდეგ, რაც სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეიარაღების საკითხების[14] შესახებ მოსალაპარაკებლად 2015 წლის ზაფხულში ბაქოში შეხვდნენ, სომხეთმა ხელი მიჰყო ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასოცირების ხელშეკრულების დადებისკენ სწრაფვას თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გარეშე.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული კოოპერაციების უმეტესობა სომხეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება.[15] სომხეთს ერთგვარი ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს ირანთან, მაგრამ მის განვითარებას რუსეთის სკეპტიციზმი უშლის ხელს.[16] მხოლოდ საქართველოსთან თანამშრომლობა კი ვერ გაუტოლდება აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კოოპერაციებს.
ყოველივე ეს გავლენას ახდენს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის შიდა განვითარებაზე. აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოსალოდნელი ესკალაციისა და რუსეთზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებულების გამო, სომხეთის ხელისუფლება საზოგადებას ასეთი არჩევანის წინაშე აყენებს: „ან უსაფრთხოება ან სუვერენიტეტი“. პასუხიც დღემდე ცალსახაა: უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, 2015 წელს წამოწყებული პროტესტებიც, მართლაც, მხოლოდ ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ იყო მიმართული. დემონსტრანტებმა შეგნებულად თქვეს უარი უკრაინაში მაიდანთან პარალელის გავლებაზე. ეს უკანასკნელი, უწინარეს ყოვლისა, აპროტესტებდა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთთან მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის შესახებ. მაგრამ სომხეთის პროტესტმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში არსებობს კონფლიქტის დიდი პოტენციალი, რაც განპირობებულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა და სოციალური პრობლემებით. მმართველი ელიტების წინააღმდეგ მიმართულმა კონფლიქტმა ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს.
სომხეთი და მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, კონფლიქტში სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობენ. აზერბაიჯანს, მართალია, ამ სტატუს-კვოს შეცვლა უნდა, მაგრამ მოლაპარაკებების უშედეგობის მიუხედავად, ის მაინც უფრთხის კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაწყვეტას. ეს შეიძლება ახალ ომში გადაიზარდოს და მთელი სამხრეთ კავკასიისათვის კატასტროფული შედეგებით დამთავრდეს. ომს კი აზერბაიჯანი მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოიწყებს, თუ ალიევის რეჟიმი ძალაუფლების დაკარგვის უშუალო საფრთხის წინაშე დადგება. თუმცა ამის საშიშროება აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციის მასობრივი დათრგუნვის გამოისობით ძალიან დაბალია. ბაქოსათვის არც ისლამისტებისგან მომავალი საფრთხეა მეტისმეტად მწვავე.
ჩახლართული ურთიერთობები: სომხეთი და თურქეთი
1980-იანი წლების მიწურულამდე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობაზე დიდ გავლენას ახდენდა სომხური დიასპორის მცდელობა, ეღიარებინათ ოსმალეთის იმპერიის დროს ჩადენილი სომეხთა გენოციდი. პირდაპირი კონტაქტები სომხეთსა და თურქეთს შორის თითქმის არ არსებობდა. ამ ორ ქვეყანას არც საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაუმყარებია დიპლომატიური ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც სომხეთის საჯარისო დანაყოფებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას, 1993 წლის მარტში აზერბაიჯანული ქალაქი ქალბაჯარი დაიკავეს, თურქეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაღებული საზღვარი სომხეთისათვის ისევ ჩაკეტა. ის დღემდე ჩაკეტილია. ორივე სახელმწიფო დღეს კიდევ უფრო შორსაა შერიგებისაგან, ვიდრე 25 წლის წინ იყო. ეს მდგომარეობა იმითაცაა განპირობებული, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა გეოპოლიტიკურ საკითხად იქცა, რომელშიც ერევნისა და ანკარის გარდა სხვა მრავალი მოქმედი მოთამაშეცაა ჩართული.
სომხეთის პოლიტიკის მიზნები თურქეთის მიმართ შემდეგია:
- ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების მიღწევა და მისი შეფასება. სომხეთი თურქეთისგანაც მოითხოვს ამ აღიარებას.
- თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე თურქეთის მიერ დაწესებული ბლოკადის გაუქმება.
თურქეთისთვის კი სომხეთთან მიმართებაში შემდეგი მიზნებია გადამწყვეტი:
- საერთაშორისო საზოგადოებაში სომხების გენოცოდის აღიარებისათვის ხელის შეშლა; ეს თემა ამოღებულ იქნას პოლიტიკური დებატებიდან და გადაეცეს მხოლოდ ისტორიკოსებს.
- სომხეთის მთავრობა აიძულოს აღიაროს ორ ქვეყანას შორის გამავალი საზღვარი.
სომხეთს სურს, თურქეთთან ურთიერთობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისგან დამოუკიდებლად დაალაგოს. თურქეთი კი თურქულ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობად სწორედ ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის დათმობაზე წასვლას ასახელებს.
სომეხთა გენოციდის აღიარება
ოსმალეთის იმპერიაში 1915-1916 წლებში სომხებზე განხორციელებული „პოგრომებისა“ და გენიცოდის საკითხი და მისი შეფასება სომხურ-თურქული ურთიერთობებისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე თემაა. გენოციდისას მოკლეს დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი. ისინი კი, ვინც სიკვდილს გადაურჩა, განდევნეს თავიანთი ისტორიული სამოსახლო ტერიტორიებიდან, ანატოლიიდან. ბავშვები, ვინც ამ დევნას გადაურჩა და გადარჩა, მუსლიმურ ოჯახებში თურქებად აღზარდეს. ეს ტრავმა როგორც სომხეთისთვის, ისე დიასპორაში მცხოვრები სომხებისთვისაც დღემდე აქტუალურია. 1920 წელს ეს თემა პოლიტიკური დებატებიდან განიდევნა. ის დებატებს მხოლოდ 1965 წლის აპრილში დაუბრუნდა. ამ დროს აღინიშნა სომეხი ინტელექტუალების სტამბოლიდან დეპორტაციის 50 წლისთავი, რამაც საფუძველი დაუდო სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ბრძოლას. 1965 წლის 24 აპრილში მრავალი ათასი სომეხი, მათ შორის მრავალი სტუდენტი, ერევნის ქუჩებში გამოვიდა. ამ აქციით მათ მიაღწიეს იმას, რომ 1967 წლის აპრილში ერევნის მახლობლად გორაკზე გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი აღიმართა.
სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიისა და სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია სომეხთა გენოციდის საერთაშორისო დონეზე აღირების მიღწევა.[17] ეს თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სომხური დიასპორისათვის. ამის გამო, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც სომხეთი თურქეთთან შერიგებისათვის დგამს ან გეგმავს, დიდ წინააღმდეგობას იწვევს სომხურ დიასპორაში, განსაკუთრებით კი ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ დიასპორაში, ასევე სომხური საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც.
თურქეთში 2000-იან წლებში შეიმჩნეოდა წარსულის ფრთხილი გააზრების მცდელობები. სულ უფრო მეტი ადამიანი ახერხებდა დისტანცირებას დანაშაულის არაღიარებისა და უარყოფისგან. თურქი ინტელექტუალების ერთმა ჯგუფმა 2008 წელს წამოიწყო კამპანია სახელწოდებით, „მე ვიხდი ბოდიშს“, რომელსაც ხელმოწერებით 30 000 ადამიანი შეუერთდა.[18] მრავალი წლის განმავლობაში თურქეთში აკრძალული თემა ახლა უკვე საჯარო განხილვას დაექვემდებარა. რიგმა გავლენიანმა თურქმა პოლიტიკოსებმაც გამოხატეს ამ თემის ირგვლივ თავიანთი პოზიცია. 2015 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის შესრულებამდე ოთხი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავუთოღლუმაც იპოვა სამძიმრის სიტყვები: „დიდი მოწიწებით, ჩვენ დღეს კვლავ ვიხსენებთ ოსმალეთის სომხებს, რომლებიც 1915 წლის დეპორტაციის დროს დაიღუპნენ. ჩვენ ვიზიარებით მათი შვილებისა და შვილიშვილების ტკივილს“.[19] ერთი წლის წინ დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში თურქეთის პრეზიდენტი გახდა. ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია წარსულის გააზრებისათვის.
ამავდროულად, თურქი პოლიტიკოსები სიფრთხილისათვის ცდილობენ ეს ე.წ. „მოვლენები“ პირველი მსოფლიო ომის კონტექსტში მოაქციონ და თურქი მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი სომეხთა მსხვერპლის საპირწონედ წარმოაჩინონ.[20] ამის გამო დავუთოღლუს სამძიმრის სიტყვებს სომხეთში პოზიტიური გამოძახილი არ მოჰყოლია. პირიქით, მან მთავრობაში, პარტიებსა და საზოგადების დიდ ნაწილში მძაფრი კრიტიკაც გამოიწვია.[21] აღშფოთება მოჰყვა, ასევე, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც 1915 წლის გალიპოლის ბრძოლაში ოსმალეთის იმპერიის მიერ ალიანსის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ზეიმი სწორედ 24 აპრილს, ანუ სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს მოეწყო. ის არ მოუწყვიათ 18 მარტს, როგორც ეს ყოველწლიურად ხდებოდა, და არც რომელიმე სხვა, მაგალითად, ინგლისურ-ფრანგული შემოტევის მოგერიების ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილ დღეს.[22]
თურქეთისა და სომხეთის საზღვარი და აზერბაიჯანის ფაქტორი
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა სომხეთის რესპუბლიკა 1991 წლის აგვისტოში აღიარა, ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აკავშირებს. თურქეთი ითხოვს, სომხეთმა ოფიციალურად აღიაროს ორივე სახელმწიფოს შორის არსებული აქტუალური საზღვარი, რომელიც ყარსის ხელშეკრულებით განისაზღვრა. ამ ხელშეკრულებამ, რომელსაც 1921 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს ბოლშევიკებმა და თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ, დაადასტურა საზღვრები, რომლებიც ამავე წლის მარტში დადებულ მოსკოვის ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული. სომხურ წარმომადგენლობას ამ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობა არ მიუღია. ყოფილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ყარსისა და არდაგანის რეგიონები, რომლებსაც სომხეთის რესპუბლიკა ითხოვდა (მაისი 1918 - თებერვალი 1920), თურქეთს მიაკუთვნეს. ნახიჩევანის რეგიონი კი აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მისცეს.[23] სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა, უარს ამბობს ყარსის ხელშეკრულების აღიარებაზე. მაგრამ, ამავე დროს, სომხეთი მიუთითებს მის ეუთოს წევრობაზეც, რომელსაც ის საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარანტად მიაჩნია.
სომხეთის მცდელობამ, მიაღწიოს გენოციდის საერთაშორისო აღიარებას, თურქეთისათვის მის მიერ საზღვრის აღიარების საკითხს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა. გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში, რომლის შემადგენელი დევიზიცაა „I remember, I demand“ [მახსოვს, მოვითხოვ],[24] ლაპარაკი იყო რეპარაციისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ კომპენსაციაზეც.
მაგრამ ეს არ არის თურქეთის მიერ სომხეთისთვის საზღვრის გაუხსნელობის ერთადერთი მიზეზი. აქ ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანკარას ურთიერთობა აზერბაიჯანთან. სწორედ ამის გამო ჩაკეტა საზღვარი 1993 წელს თურქეთმა. ის სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების წინაპირობად დღემდე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის კომპრომისზე წასვლას ასახელებს. თურქეთისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობა რამდენიმე მიზეზის გამო ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, აქ საქმე ეხება აზერბაიჯანის კუთვნილ კასპიის ზღვის ნაწილში გაზისა და ნავთობის მარაგს. აზერბაიჯანთან - მჭიდრო, და საქართველოსთან კარგმა ურთიერთობამ თურქეთს შეაძლებინა, გამხდარიყო მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მთავარი გამტარი ქვეყანა. ის ასევე აპირებს გახდეს აზერბაიჯანული გაზის ევროპის ბაზარზე გატანისთვის მთავარი ტრანზიტორი.[25] ენერგიის სექტორის გარდა, თურქეთს აზერბაიჯანში სხვა ინტერესებიც აქვს, მაგალითად, სამხედრო სექტორი: 2010-2014 წლებში აზერბაიჯანს მან 53 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდა.
გარდა ამისა, თურქეთში აზერბაიჯანი ისტორიულადაც და ენობრივადაც (აზერბაიჯანული ენა თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება), მონათესავე ქვეყნად მოიაზრება, რომელსაც თურქეთმა მხარი უნდა დაუჭიროს. სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რელიგიური ფაქტორიც. მართალია, თურქეთში უფრო სუნიტური ისლამი დომინირებს, აზერბაიჯანში კი შიიტური განშტოებაა გავრცელებული, თუმცა სუნიტური ისლამი არცთუ ისე უმნიშვნელო პოლიტიკურ როლს თამაშობს ბაქოსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ გადამწყვეტია თურქული საგარეო პოლიტიკის მიმდინარეობა პანთურქიზმის როლიც. ის აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის თურქეთისთვის. ანკარასა და ბაქოში არაერთი პოლიტიკოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ თურქები და აზერბაიჯანელები, მართალია, სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, მაგრამ ერთ ერს შეადგენენ.[26] ამიტომაც, თურქეთი ანგარიშს უწევს ბაქოს მოთხოვნას, შეინარჩუნოს სომხეთის იზოლაცია. ბაქო კი, თავის მხრივ, მხარს უბამს თურქეთის ამბიციებს, იყოს რეგიონის მთავარი მოთამაშე.[27]
დაახლოების ხელმოცარული მცდელობები
ის, თუ რამხელა გავლენა აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს სომხურ-თურქული ურთიერთობების განსაზღვრაზე, კარგად აისახება ორივე სახელმწიფოს შორის დაახლოების მცელობების ისტორიაზე. ეს დაახლოება 2009 წელს წარუმატებლად დასრულდა. ყარაბაღის კონფლიქტი თვალსაჩინოდ გვიჩვენებს გარე მოთამაშეების ძალაუფლებასა და, ამავდროულად, მათ უძლურებას სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.
2008 წლის აგვისტოში საქართელოსა და რუსეთს შორის ომმა, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა. 2009 წლის იანვარში ხელისუფლებაში მოსული ობამას ადმინისტრაციის ფონზე ამერიკელები და ევროკავშირი ეძებდნენ შესაძლებლობას, რათა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაეუმჯობესებინათ. ამ დროისათვის სომხეთსა და თურქეთს შორის განვითარებული ურთიერთობა საამისოდ ხელსაყრელ შესაძლებლობას იძლეოდა. მრავალი წლის დუმილის შემდეგ, ორივე ქვეყანამ 2007 წელს დაიწყო ერთმანეთთან ნდობით აღჭურვილი მოლაპარაკებები. ორივე საზოგადოებას შორის კონტაქტებიც გაცხოველდა. ამან კი ურთიერთობის სწრაფი გამოსწორების შესაძლებლობის იმედი დაბადა. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და მოსკოვმა ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გასაღებად გამოაცხადეს.
საქართველოში ხუთდღიანი ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა მოსკოვში წარმოადგინა იდეა კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექნის შესახებ. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ამ იდეას შემდეგი ჟესტით უპასუხა: მან ერევანში მოიპატიჟა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, რათა მასთან ერთად დასწრებოდა მსოფლიო თასისათვის გამართულ საფეხბურთო მატჩს თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის.[28] ეს შეხვედრა ურთიერთობათა ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. 2009 წლის ოქტომბერში ამას მოჰყვა ორ ოქმზე ხელმოწერა ორმხრივი ურთიერთობების წამოწყებისა და განვითარების შესახებ.[29] ეს იყო პირველი ორმხრივი დოკუმენტები, რომლებზეც ამ ორ ქვეყანას ოდესმე ხელი მოუწერია.
სომხეთი იმედოვნებდა, რომ თურქეთი საზღვარსაც გახსნიდა. ამით შესაძლებელი იქნებოდა სომხეთის რეგიონული იზოლაციისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრა.[30] ამით ასევე შემცირდებოდა საქართველოზე როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე დამოკიდებულებაც. სომხეთის დაჟინებითი თხოვნის შედეგად ოქმებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ნახსენები არ ყოფილა. სომხეთი ამით იმედოვნებდა, რომ თურქეთთან ურთიერთობას გაიუმჯობესებდა და, ამგვარად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების დასაწყებადაც უკეთეს პოზიციას შეიქმნიდა.
ოქმების რატიფიცირების პროცესი ძალიან სწრაფად იმედგაცრუებით დასრულდა. ოქმებზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანი ანკარასთან ურთიერთობის გაუარესებით დაიმუქრა, თუ სომხეთ-თურქეთის დაახლოების პროცესში არ იქნებოდა გათვალისწინებული მისი ინტერესები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ალიევის რეჟიმმა თურქეთის დროშები ჩამოახსნევინა იმ ძეგლებიდან, რომელიც აღმართული იყო 1918 წელს ბაქოსათვის ბრძოლაში დაღუპული ოსმალო ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად. ამის შემდეგ პრემიერმა ერდოღანმა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებისას 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წინ წამოწევა დაიწყო. ის ამ დროს დამატებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან წნეხის ქვეშაც იყო მოქცეული, რომლებიც მას მოკავშირესთან ღალატში ადანაშაულებდნენ.
აქ ლაპარაკი იყო სომხეთის მხრიდან „პოზიტიურ ჟესტზე“, რომ თურქეთთან საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, სომხურ დანაყოფებს დაეტოვებინათ დაკავებული აზერბაიჯანული მხარეები.
რაც შეეხება სომხეთში წარმოშობილ რეაქციას, აქ, მართალია, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოქმების მიღებაზე ნებართვა გასცა, მაგრამ, ამასთანავე, შენიშნა, რომ ეს არ ნიშნავდა ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების აღიარებას. სამი თვის შემდეგ ოქმების რატიფიცირება პრეზიდენტმა სარქისიანმა დეკრეტით შეაჩერა.[31] ეს ოქმები სარქისიანმა ეროვნულ კრებას რატიფიცირებისთვის წარუდგინა, თუმცა ისინი ამ უკანასკნელის დღის წესრიგში ვერ მოხვდა, ხუთი წლის შემდეგ კი, 2015 წლის თებერვალში, მან ისინი საბოლოოდ უკან გამოითხოვა.[32]
თურქეთისა და სომხეთის დაახლოების მცდელობის წარუმატებლად დასრულება მარტო იმით არ ყოფილა გამოწვეული, რომ აქ მთელი რიგი საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდა, კერძოდ კი რეგიონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისა, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ასევე, თურქეთის ინტერესი, რომ სომხეთს ეღიარებია ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღვარი, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული სომეხთა გენოციდის აღიარებასთან.
გავლენა იქონია სხვა ფაქტორებმაც. თურქეთისათვის მნიშვნელოვანი საზღვრის პრობლემატიკა ოქმთა პირველ აბზაცებშივე დაფიქსირდა. ლაპარაკია „შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული საზღვრის ორმხრივ აღიარებაზე“.[33] ოქმების რატიფიცირების შემდეგ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიებიც დასრულდებოდა. სომხური საზოგადოების ნაწილმა და დიასპორამ შემდეგ პასაჟში გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნის ღალატად მიიჩნია. გენოციდის შესახებ მეორე ოქმში ვკითხულობთ:
„[...] ორივე ქვეყანას შორის ორმხრივად ნდობის აღდგენისა და დიალოგის ინიცირებისათვის შეიქმნება ისტორიული განზომილების კომიტეტი. მისი მიზანი იქნება, ობიექტური და მიუკერძოებელი მეცნიერული მიდგომით და ისტორიულ წყაროებსა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შეისწავლოს არსებული პრობლემები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები“.[34]
ისტორიკოსთა კომისიის შექმნას ის უპირატესობა ექნებოდა, რომ მას შეეძლებოდა, მოცემული თემა პოლიტიკური დღის წესრიგიდან აკადემიურ სფეროში გადაეტანა. ეს კი ბევრი სომეხისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ამიტომაც, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება კვლევ რჩება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევად. მართალია, ორივე საზოგადოებაში ჯერ კიდევ იგრძნობა ამ „დათბობის“ კვალი, რასაც ქვეყნების მთავრობებიც მოთმინებით ეკიდებიან,[35] მაგრამ ორივე სახელმწიფოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ თემამ ძალიან შორს გადაიწია. 2015 წლის თებერვალში ორივე ოქმის პარლამენტიდან უკან გამოტანის შემდეგ, სომხეთი თავის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს, ძირითადად, შემდეგი ორი მიმართულებით წარმართავს: გამართოს გენოციდის მსხვერპლის მოსაგონარი ღონისძიებები და მიაღწიოს გენოციდის საერთაშორისო დონეზე ფართოდ აღიარებას. ამასობაში თურქეთიც, რომელიც თანდათან მზარდი ავტორიტარული მმართველობის ქვეშ ექცევა და ქურთების მუშათა პარტია PKK-ს საბრძოლველად კვლავ ძალოვან, სამხედრო მეთოდებს მიმართავს, დაძაბულობის განსამუხტავად სულ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენს.
მოგებული მხარე - საქართველო
ამ ყველაფრიდან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შექმნილი უძრაობიდან და სომხეთ-თურქეთის დაახლოების წარუმატებლობიდან, სარგებლობს მესამე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო საქართველო და არცთუ ისე უმნიშვნელოდ. საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაში, მართალია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი საფრთხედ განიხილება, რადგან მის ესკალაციას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერება მოჰყვება, საქართველო ასევე მიესალმება „თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზების ყველა ძალისხმევას“.[36] მაგრამ სომხეთის იზოლაციამ მას სარგებელი უფრო მოუტანა, ვიდრე ზიანი. ასე მაგალითად, საქართველო გახდა მთავარი სატრანზიტო ქვეყანა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის და, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვერდს უვლის სომხეთს და გადის საქართველოზე. ენერგიის სექტორში ასეთი პროექტებია ნავთობსადენები: ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენით აზერბაიჯანული ნავთობის სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს თბილისზე გავლით აზერბაიჯანული ნავთობი თურქეთის ქალაქ ჯეიჰანის პორტში შეაქვს. ამას ემატება გაზსადენები: ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, რომელიც თბილისზე გადის. აქ მომავალ წელს მეორე მილსადენიც უნდა აშენდეს, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება მოხდება.[37]
სატრანსპორტო სექტორში არსებობს სარკინიგზო დამაკავშირებელი ხაზი, რომელიც თურქეთს ქალაქ ყარსსა და საქართველოს ქალაქ ახალქალაქს აკავშირებს. 2016 წელს ის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ბაქო-თბილისი მონაკვეთს უნდა შეუერთდეს. ყოფილი დამაკავშირებელი ხაზი, რომელიც სომხეთზე გავლით თბილისში მიდიოდა, 1990-იანი წლებიდან თურქეთ-სომხეთის საზღვარზე წყდება. საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის თვალსაზრისითაც. საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაში აზერბაიჯანთან ურთიერთობა განსაზღვრულია როგორც „სტრატეგიული თანამშრომლობა“. ენერგეტიკასა თუ სატრანსპორტო სექტორში არსებული საერთო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ორივე ქვეყნის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში შეაქვს წვლილი. რაც შეეხება სომხეთთან ურთიერთობას, იგივე დოკუმენტში ის განსაზღვრულია როგორც „მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში, სადაც ამის ინტერესი არსებობს“.[38] აქედან ჩანს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერესებში შედის ტრანზიტული ქვეყნის როლის შენარჩუნება. სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომაც, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყველა სამანქანო თუ სარკინიგზო ტვირთმა საქართველოს გავლით უნდა გაიაროს. რადგანაც თურქეთის საზღვარი ჩაკეტილია, აქაური ტვირთიც საქართველოს გავლით შედის სომხეთში. შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაში სომხეთთან მიმართებაში სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებს ძირითადი ადგილი უკავია.
საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფარგლებს გარეთ მიღებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ორივე სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე ერთმანეთთან ორმხრივი ურთიერთობა. ბოლო უკანასკნელმა ორმა წელმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენადაა დამოკიდებული ორივე ქვეყანა ამ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სომხეთმა 2013 წელს ბოლოს განაცხადა, რომ შედიოდა რუსეთის მიერ დომინირებულ ევრაზიულ საბაჟო კავშირში. საქართველო კი, რომელსაც რუსეთთან გართულებული აქვს ურთიერთობები, ნატოსა და ევროკავშირის წევრობისათვის იღვწის. ამ მიზეზებით თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობამ, რაც არც აქამდე იყო ადვილი, ორივე სახელმწიფოს დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაინაცვლა.
რუსეთი და სამკუთხედი: სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი
სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთის სამკუთხედის ურთიერთიერთობები ნაწილია უფრო დიდი რეგიონული კონტექსტისა, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული კავშირი. სამხრეთ კავკასიაში ამერიკასა და ევროკავშირის აქტივობები ქვედა დონეზე შესუსტდა. მათი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ თანდათან იკლებს. ამასობაში კი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო მჭიდრო ხდება. ამერიკის ინტერესის შესუსტება სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და ევროპის სისუსტე თურქეთს მეორე შესაძლებლობას უქმნის, ეს სივრცე თვითონ შეავსოს. შეცვლილი უსაფრთხოების სივრცის გამოისობით თურქეთი ევრაზიაში თავის თავს ამ რეგიონის მეორე მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.
ანკარამ ამასობაში გააცნობიერა, რომ სამხრეთ კავკასიაში წარმატებული პოლიტიკის გატარება, ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის, რუსეთის ანგარიშგაუწევლად ან მისი ინტერესების თუნდაც ატანის გარეშე, შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერესები და ამბიციები თურქეთის ინტერესებს ნაწილობრივ ეწინააღმდეგება კიდეც, ან კვეთს მათ, რუსეთსაც, თავის მხრივ, არ შეუძლია მთელი რიგი სტრატეგიული მოსაზრებებით, განსაკუთრებით კი ენერგიის სექტორის გამო, უარი თქვას ისეთ ძლიერ მოკავშირეზე, როგორიც თურქეთია. ორივე ქვეყანას აერთიანებს ამერიკისა და ევროკავშირისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. ისინი ამ უკანასკნელებს მათდამი ნაკლებ მხარდაჭერასა და მათ მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობაშიც კი ადანაშაულებენ. სირიის პოლიტიკაში მოსკოვი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ანკარა კი მის მოწინააღმდეგეს. მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ორივე ქვეყანა ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო ინტერესებს და კარგი ურთიერთობების სარგებლიანობას ორივე მხარისათვის.
ამ კონტექსტში სომხეთი მხოლოდ „ხელის შემშლელია“. ანკარას ესიამოვნებოდა, 2015 წლის 25 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უარი რომ ეთქვა ერევანში სტუმრობაზე, სადაც სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. მაგრამ, თურქეთისა და რუსეთის კოოპერაციას ეს გადახვევები ვერაფერს აკლებს. მათი ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტია რუსეთიდან შავ ზღვაზე გამავალი გაზის მილსადენის მშენებლობა დასავლეთ-თურქეთამდე. ეს მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.[39] გარდა ამისა, ორივე ქვეყანას აერთიანებს ავტორიტარული მმართველობის სისტემა და, შესაბამისად, ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მიმართ შიში. ამას ემატება ნაკლები პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი.[40]
ამდენად, რუსეთი მნიშვნელოვანი გარე მოთამაშეა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობათა ბედზე. მოსკოვის უმთავრესი ინტერესი ამ სამკუთხედში სტატუს-კვო მდგომარეობის შენარჩუნებაა. თუ სომხეთი და თურქეთი ერთმანეთთან ურთიერთობას დაალაგებენ, მოსკოვს აქედან ნაკლები სარგებელი ექნება, მაგრამ ამით სომხეთი უფრო ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთზე. თურქეთს კი, განსხვავებით რუსეთისაგან, რომელსაც საქართველოსთან აქვს გართულებული ურთიერთობა, სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა ექნებოდა. მაგრამ ამ, არცთუ რეალისტურ შემთხვევაშიც კი, რუსეთი რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან გარე მოთამაშედ რჩება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლით მას შეუძლია სომხეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ გააკონტროლოს, სამშვიდობო პროცესში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაპირდაპირ შეაფერხოს და, საერთო ჯამში, შეზღუდოს სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენის გავრცელება.
თარგმნა მაია რაზმაძემ
[1] მონაცემები იხ.: Thomas de Waal: Black Garden. Armenia and Azerbaijan through Peace and War. New York 2 2013, გვ. 327–328. ავტორი ეყრდნობა არიფ იუნუსუფოვის [Arif Yunusov] გამოუქვეყნებელ გაანგარიშებებს. კონფლიქტის ორივე მონაწილე მხარის ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები გაცილებით მაღალია ან დაბალია (Osteuropa-ს რედაქცია).
[2] Trying to Maintain „Parity“ in Arms Sales to Armenia, Azerbaijan. Eurasianet.org, 19.6.2015, <www Azerbaijan..eurasianet.org/node/73936>; Russia Says it Will Build New Military Radar in Eurasianet.org, 17.8.2015, <www.eurasianet.org/node/74721>; Россия строит в Азербаиджане военную баз, 17.8.2015, <http://haqqin.az/news/51123>.
[3] 1994 წლიდან მოყოლებული, 2015 წლის სექტემბერში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფებს შორის საარტილერიო ცეცხლი. სომხური სააგენტოები ჩრდილოეთ სომხეთში, სასაზღვრო რეგიონ თავუშში მდებარე ერთ-ერთ სოფელში სამ დაღუპულზეც საუბრობდნენ. Конец перемирия. В нагорном Карабахе впервые с 1994 года заговорила артиллерия, <http://lenta.ru/articles/2015/09/28/karabakh>.
[4] იხილეთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სია, სადაც ჩამოთვლილია 2012-2014 წლებში მომხდარი დარღვევები, რომლებსაც ბაქო სომხეთს მიაწერს <http://mfa.gov.az/content/838<.
[5] Tough new laws in Azerbaijan prohibit all contacts with Armenians. Commonspace.eu, 18.5.2013, <http://commonspace.eu/eng/news/6/id2684>. როდესაც უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნოსები, რომელებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას უჭერენ მხარს, 2014 წლის აპრილში დააკავეს, მათ თავდაპირველად ბრალად წაუყენეს შპიონაჟში სომხეთის სასარგებლოდ. აგვისტოში ორივე გაასამართლეს ვითომდა გადასახადის დამალვის ბრალდებით, რამაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. მათ რამდენიმე წელი მიუსაჯეს. Azerbaijan criticised for jailing activist couple. The Guardian, 13.8.2015.
[6] Gayane Novikova: The Nagorno Karabakh Conflict through the Prism of the Image of the Enemy, in: Transition Studies Review, 3/2012, გვ. 550–569.
[7] Laurence Broers: From „frozen conflict“ to enduring rivalry: reassessing the Nagorno Karabakh conflict, in: The Nationalities Papers, 4/2015, გვ. 556–576.
[8]აზერბაიჯანის რეჟიმმა 2015 წელს დაახურინა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისა და რადიო თავისუფლების ბიუროები Azerbaijan is turning into a dictatorship – we shouldn’t fall for its caviar diplomacy. The Guardian, 14.8.2015.
[9] მტრის ხატის ფუნქციის შესახებ რუსეთში მზარდი ანტიამერიკანიზმის მაგალითის შესახებ იხილეთ: Lev Gudkov: Schichten, Spezifika, Funktionen, in: OSTEUROPA, 4/2015, გვ. 73–97.
[10] Arif Yunusov: Исламский фактор в Азербайджане. Баку 2013, с. 66–124, 148–183, 222–224. აზერბაიჯანის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ იბრძვიან, წყაროების მიხედვით, არაზუსტია. ის ხან 250 კაცს შეადგენს, ხანაც 900-ს.
[11] [სამხედრო] ორგანიზაცია ОДКБ-ს [Организация Договора о коллективной безопасности] შესახებ იხილეთ: Anna Kreikemeyer: Herrschaft statt Sicherheit. Die Organisation des Vertrags für Kollektive Sicherheit, in: OSTEUROPA, 5/2012, გვ. 81–92.
[12] The Russian base in Gyumri. Facts and figures, <www.horizonweekly.ca/news/details/60972>.
[13] Gayane Novikova: The Models of Sovereignty in the South Caucasus, in: Ernst M. Felberbauer, Frederic Labarre (Hg.): What Kind of Sovereignty? Examining Alternative Governance Methods in the South Caucasus. Vienna, 2014, გვ. 59–69.
[14] Vladimir Putin holds talks with Ilham Aliyev, Recep Tayyip Erdogan, 14.7.2015; <www.meydan.tv/en/site/news/6428/Vladimir-Putin-holds-talks-with-Ilham-A…;.
[15] Gayane Novikova: Illusive Regional Cooperation: The case of the Südkaukasus, in: Mustafa Aydin (Hg.): Non-Traditional Security Threats und Regional Cooperation in the Southern Caucasus. Amsterdam 2011, გვ. 237-247.
[16] ამის მაგალითია სომხეთსა და ირანს შორის არსებული სარკინიგზო პროექტი. სომხეთის რკინიგზის მართვას 2008 წელში ხელმოწერილი კონცეზიური ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კომპანია. ეს კი, თავის მხრივ, რუსული რკინიგზის 100 პროცენტიანი შვილობილია. მისი თავმჯდომარის განცხადებით, ირანისა და ერევნის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ეკონომიკურად მომგებიანი არაა. Владимир Якунин: Проект по прокладке железной дороги Иран-Армения совершенно лишен эффективности, http://arminfo.am/index.cfm?objectid=D0B55180-0D40-11E5-81110EB7C0D2166…. [კოცენზიური ხელშეკრულება ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ნებართვის გაცემას, გარკვეული ქმედების, მაგ. მართვის განხოციელებისათვის - მთარგმნ.]
[17] სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა არასრული სია იმ ქვეყნების, სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სამართლის პირების, ქალაქებისა და არასახელმწიფო ორგანიზაციებისა, რომლებმაც სომეხთა გენოციდი აღიარეს. http://www.mfa.am/en/recognition.
[18] ინტერნეტში გერმანულად გამოქვეყნებული ტექსტი შემდეგია: „მე ჩემს სინდისთან ვერ შევათანხმებ, რომ უარყოფილი იქნეს ის კატასტროფა, რომელიც სომხებმა ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს გადაიტანეს ან მას დუმილის კაეშანი გადაეფაროს. მე უარს ვამბობ ამ არასამართლიან ქმედებაზე და ვიზიარებ ჩემი სომეხი დებისა და ძმების ტკივილსა და განცდებს და მათ ბოდიშს ვუხდი“.<www.ozurdiliyoruz.com/foreign.aspx>.
[19] Statement by His Excellency Mr. Ahmet Davutoğlu, Prime Minister of the Republic of Turkey on the Ottoman Armenians who lost their lives during the last years of the Ottoman Empire, 20.4.2015, <www.mfa.gov.tr/statement-by-he-mr_-ahmet-davutoglu_-pm-of-the-republic-…- on-the-ottoman-Armenienns.en.mfa>.
[20] იგივე
[21] Armenia Dismisses Davutoglu’s Condolences Statement, <http://massispost.com/2015/04/Armenia-dismisses-davutoglus-condolences-…;; ასევე იხ.: Armenian National Committee of America (ANCA) executive Director Aram Hamparian’s Statement on Turkish Prime Minister Davutoglu’s fake apology on the Centennial, 20.4.2015, <www.anca.org/press_releases/press_releases.php?prid=2428>.
[22] Der Mythos Gallipoli. Neue Zürcher Zeitung, 15.4.2015.
[23] ხელშეკრულების ტექსტი <www.groong.com/treaties/kars.html>.
[24] იხილეთ სახელმწიფო კომისიის ინტერნეტგვერდი, რომელიც სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებული ხსოვნის ღონისძიებებს გეგმავს. <genocide100.org>
[25] აზერბაიჯანული ნავთობის მთავარი გადამზიდი დღესდღეობით არის BTC [ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის] ნავთობსადები, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებს და წლიურად 60 მილიონ ტონა ნავთობს უკეთებს ტრანსპორტირებას. ის მოდის ბაქოდან, გადის თბილისზე და მთავრდება თურქეთის ხელთაშუაზღვისპირა ქალაქ ჯეიჰანში. გაზი კი ამ ათწლეულის ბოლოს TANAP-გაზსადენის მეშვეობით უნდა მიეწოდოს ევროპას. მას აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო გაზის კომპანიები აშენებენ. ამის შესახებ იხილეთ ამავე ჟურნალში [Osteuropa] როლანდ გიოცის სტატია, გვ. 365–382.
[26] პანთურქიზმისა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ იხ. Rainer Freitag-Wirminghaus: Vom Panturkismus zum Pragmatismus. Die Türkei und Zentralasien, in: OSTEUROPA, 8–9/2007, გვ. 339–355, განსაკუთრებით. გ. 349–355.
[27] Burcu Gultekin: Cross-border cooperation between Turkey and South Caucasus: prospects for sub-regional integration, in: From War Economies to Peace Economies in the South Caucasus. Blackwood 2004 [= International Alert], გვ. 28–69.
[28] Old foes Armenia and Turkey put faith in football diplomacy. The Guardian, 5.9.2008; <www.theguardian.com/world/2008/sep/05/turkey.armenia>.
[29] Protocol on the Establishment of Diplomatic Relations between the Republic of Turkey and the Republic of Armenia; Protocol on Development of Relations between the Republic of Turkey and the Republic of Armenia. ეს ტექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: <www.europarl.europa.eu/ meetdocs/2009_2014/documents/d-tr/dv/1006_10_/1006_10_en.pdf>.
[30] Nathalie Tocci, Burcu Gültekin-Punsmann, Licínia Simão, Nicolas Tavitian: The Closed Armenia-Turkey Border: Economic and Social Effects, Including Those on the People; and Implications for the Overall Situation in the Region. European Parliament, Directorate General External Policies of the Union, August 2007, გვ. 41–49.
[31] თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის დეტალურ ანალიზს გვთავაზობენ შემდეგი ავტორები: Zaur Shiriyev, Celia Davies: The Turkey-Armenia-Azerbaijan Triangle: The Unexpected Out-comes of the Zurich Protocols, in: Perceptions, 1/2013, გვ. 185–206.
[32] Armenian President recalls Armenian-Turkish Protocols from the National Assembly, 16.2.2015, <www.president.am/en/press-release/item/2015/02/16/President-Serzh-Sargs…;.
[33] Protocol on the establishment of the diplomatic relations between the Republic of Turkey and the Republic of Armenia, <www.europarl.europa.eu/meetdocs/2009_2014/documents/d-tr/dv/1006_10_/10…;.
[34] Protocol on Development of Relations between the Republic of Turkey and the Republic of Armenia, <www.europarl.europa.eu/meetdocs/2009_2014/documents/d-tr/dv/1006_10_/10…;.
[35] Fiona Hill, Kemal Kirisci, Undrew Moffatt: Armenia and Turkey: From normalization to reconciliation, in: Turkish Policy Quarterly, 4/2015, გვ. 127–138; Zur Rolle der Zivilgesellschaft siehe: Lilit Bleyan: Armenia – Turkey: Open Conversations. Erevan 2005 [= Center for Public Dialogue und Development]; Tigran Mkrtchyan: The Role of NGOs in Turkey-Armenia Rapprochement, in: Mustafa Aydin (Hg.): Non-Traditional Security Threats und Regional Cooperation in the Southern Caucasus. Amsterdam 2011, გვ. 154–162.
[36] National Security Concept of Georgia, 2011, <www.mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/NationalSecurityConcept.aspx?lang=…;.
[37] იხილეთ როლანდ გიოცის სტატია ამავე ჟურნალში [Roland Götz გვ. 365–382.]
[38] National Security Concept of Georgia [სქოლიო 36].
[39] Mahmud Karakullukci, Dmitry Trenin: Exploring the Prospects for Russian-Turkish Cooperation in a Turbulent Neighborhood. Moscow Carnegie Center, September 2014, <http://carnegieendowment.org/files/CP_Türkei2014_web_Eng.pdf>.
[40] Pavel Baev: Russia and Turkey find a common cause in confronting the specter of revolutions, in: Turkish Policy Quarterly, 4/2014, გვ. 45–53. Rule by velvet fist. International New York Times, 25.5. 2015.