ძველი და ახალი ინტერესები. ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

ირანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ძალაა სამხრეთ კავკასიაში. საქართველოსთან ირანი მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე თანამშრომლობს. ირანი-სომხეთის დამოკიდებულებაზე დიდ გავლენას ახდენს ორივე ამ ქვეყნის ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ირანსა და აზერბაიჯანს შეეძლოთ უკეთესი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონოდათ. თუმცა, მათი პოლიტიკური ურთიერთობა კონფლიქტებითაა განპირობებული. საკუთარ ქვეყანაში 20 მილიონი აზერბაიჯანელის გათვალისწინებით, ირანი აზერბაიჯანულ ნაციონალიზმსა და ირედენტიზმს უფრთხის. ირანი ცდილობს ხელში ეჭიროს ინსტრუმენტები, რათა აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას შიგნიდან შეურყიოს საფუძველი. საკუთარი პოზიციის გამყარებას ბაქო ისრაელთან და აშშ-სთან დაახლოებით ცდილობს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. რეგიონის გარკვეული ნაწილები მე-18 საუკუნის ბოლომდე სხვადასხვა სპარსულ სამეფოებს ეკუთვნოდნენ. აქედან გამომდინარე, 1990-იან წლებში ზოგი ინტელექტუალი და პოლიტიკოსი იმ მოწოდებით გამოდიოდა, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებული გავლენა უნდა ჰქონოდა. თავდაპირველად ამ წარმოდგენამ თეირანში დიდი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ირანი პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ იყო იმდენად ძლიერი, რომ თურქეთისა და აშშ-სთვის გაეწია მეტოქეობა. ამავდროულად იმის საფრთხეც არსებობდა, რომ იგი რუსეთთან, თავის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან, შესულიყო კონკურენციაში. ამის მიუხედავად, როლი, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ ითამაშა სომხეთისა და აზერბაიჯანის, - რომელთანაც ირანს საერთო საზღვარი აკავშირებს, - და, ასევე, საქართველოს განვითარებაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, უმნიშვნელო არ ყოფილა.[1]

ისტორიულ მიმართებებს რომ თავი დავანებოთ, ირანის ინტერესი, საკუთარი გავლენის სფეროს დაუქვემდებაროს სამხრეთ კავკასია, დაკავშირებულია ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებთან და კასპიის ზღვის აზერბაიჯანის მონაკვეთზე ნავთობისა და გაზის დიდ მარაგთან. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თეირანის დამოკიდებულება მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ამას თავისი სტრატეგიული, ეკონომიკური, და ეთნოსოციალური საფუძვლები აქვს. ირანი დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელის სამშობლოა, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, აზერბაიჯანად ან სამხრეთ აზერბაიჯანად წოდებულ ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამის გამოა, რომ თეირანი სკეპტიკურად უყურებს მისი საზღვრის ჩრდილოეთით განვითარებულ აზერბაიჯანელთა მზარდ ნაციონალიზმს, რომელიც ძლიერ თურქულ კონოტაციებს შეიცავს.

აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს მნიშვნელოვან დასავლურ სახელმწიფოებთან. როდესაც 1990-იან წლებში ბაქომ, სხვებთან ერთად აშშ-სგანაც, არსებითი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოთხოვნა დაიწყო, თეირანში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ირანისათვის ბაქოს მეგობრული ურთიერთობა თურქეთთან ასევე იყო შეშფოთების საფუძველი. იგივე ეხება ბოლო წლებში სულ უფრო ახლო თანამშრომლობას აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ენერგიისა და უსაფრთხოების საკითხებში.

თუმცა თეირანიც ფლობს ინსტრუმენტებს, რომლებითაც მას, მისი ჩრდილოელი მეზობლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. 1992-1994 წლებში ირანი დე ფაქტო მხარს უჭერდა ქრისტიანულ სომხეთს ერთმორწმუნე შიიტურ აზერბაიჯანთან ომში.[2] ამას გარდა, თეირანი მრავალგზის ცდილობდა, ეჭვქვეშ დაეყენებინა აზერბაიჯანის პრეტენზიები კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ნავთობისა და გაზის საბადოებზე.[3] ამასთანავე, თეირანი სულ უფრო ხშირად ცდილობდა შიიტური კარტის გათამაშებას, რათა საფუძველი გაემყარებინა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში საკუთარი ძალაუფლებისთვის. დაძაბულობის მიუხედავად, ბაქოს და თეირანს ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი არ დაუკარგავთ, რაც განსაკუთრებით თვალნათლად ენერგოსექტორში ჩანს.

ირანის სტრატეგიულმა ინტერესებმა აზერბაიჯანში და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, და ასევე აზერბაიჯანის მზარდმა ერთიანობამ მოსკოვთან მრავალ რეგიონულ თუ სხვა საკითხებში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ისლამური სახელმწიფოს პოლიტიკაზე თავისი მეორე მეზობლის, სომხეთის მიმართ. ირანის ურთიერთობას საქართველოსთან, რომელთანაც მას საერთო საზღვარი არ გააჩნია, ნაკლებად ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური შეხების წერტილები.

ისტორიული ფონი

სამხრეთ კავკასიის მიწების დიდი ნაწილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სპარსეთის სამეფოთა მმართველობის ქვეშ იყო. ისინი დიდ კულტურულ გავლენას ახდენდნენ დღევანდელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამეფოებსა და სამთავროებზე, რომლებიც PaxIranica-ს სივრცეს მიეკუთვნებოდნენ. მიუხედავად ყველა იმ შემდგომი კულტურული შრისა, რომელიც ამ რეგიონს დაემატა, ეს ფუნდამენტური გავლენა, მოდიფიცირებული ლოკალური ტრადიციით, დღესაც შესამჩნევია რეგიონის მატერიალურ და სულიერ კულტურაში, განსაკუთრებით კი სომხეთსა და აზერბაიჯანზე. მნიშვნელოვანი სამეფო დინასტიები, რომლებმაც რეგიონულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას ჩაუყარეს საფუძველი, სპარსული წარმოშობის იყვნენ — მათ შორის ორონტიდები (ანუ ერევანდუნები - მთარგმნელის შენიშვნა), არშაკიდები, და ბაგრატიდები.[4]აქემენიდთა იმპერიიდან მოყოლებული, ყაჯარების სამეფოს ჩათვლით, სრულად თუ ნაწილობრივ, სწორედ სპარსელები დომინირებდნენ ამ სტრატეგიულ გზაჯვარედინზე, რომელზეც ბევრი იმპერიის ინტერესი ეჯახებოდა ერთმანეთს: რომაელების, ბიზანტიელების, არაბების, თურქებისა და რუსების. მე-17 საუკუნის დასაწყისში სტამბულმა და სპარსეთმა, რამდენიმე ომის შემდეგ, რეგიონი ორ დიდ გავლენის სფეროდ გაიყვეს: დასავლეთ სომხეთი და დასავლეთ საქართველო თურქეთის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო სპარსეთის სამეფომ კვლავ მოიპოვა სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, მათ შორის აღმოსავლეთ სომხეთი, აღმოსავლეთ საქათველო და აზერბაიჯანული სამთავროები.

მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმავლობის გზაზე მდგარმა რუსეთის სამეფომ აღმოსავლეთ საქართველოში ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა და სპარსეთის დომინაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რამდენიმე ომის შემდეგ სანკტ-პეტერბურგმა მანამდე სპარსეთის გავლენის ქვეშ მყოფ სამხრეთ კავკასიის უმეტეს რეგიონებზე დაამყარა კონტროლი და გააუქმა ადგილობრივი სამთავროები, რომლებიც ფორმალურად შაჰს ემორჩილებოდნენ. თურქმანჯაის 1828 წლის ზავით თეირანმა მდინარე არასის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიც დათმო. შემდგომში კი, რუსეთისა და ბრიტანეთის ზეწოლით, თეირანი იძულებული გახდა პერიფერიულ რეგიონებზეც უარი ეთქვა და, ნაცვლად ამისა, მეტწილად სპარსული მოსახლეობით დასახლებული ირანის პლატოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ეზრუნა.

თუმცა სპარსეთის სამხედრო-პოლიტიკური მარცხით სამხრეთ კავკასიაში, მისი კულტურული დომინაცია (ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონში) არ დასრულებულა. კულტურული გავლენა ძლიერი დარჩა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაშიც, განსაკუთრებით აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. თურქულ ენაზე მოსაუბრე აზერბაიჯანელები, რომლებსაც ენა აერთიანებთ ანატოლიელ თურქებსა და შუა აზიელ თურქმენებთან, დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს შიიტური რწმენის ტრადიციასთან და ძლიერ „სპარსულ“ კულტურასთან აიგივებდნენ.

აზერბაიჯანის სუნიტური უმცირესობა ლოიალური იყო ოსმალო სუნიტი ხალიფებისა და მთიანი დაღესტნის სუნიტი მოსახლეობის მიმართ, მაშინ როდესაც შიიტი უმრავლესობა ფართო ეკონომიკურ და სულიერ ურთიერთობას ინარჩუნებდა სპარსეთთან, რომელიც შიიტური რელიგიის აკვნად მიიჩნეოდა.[5]სპარსეთისადმი სიმპათიით იყო განწყობილი არა მხოლოდ აზერბაიჯანული შიიტური ელიტა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლისთვისაც უცხო იყო ეთნოლინგვისტური იდენტობის შესახებ წარმოდგენები, და რომელსაც ორიენტირი კვლავაც სპარსეთზე და სპარსელობაზე ჰქონდა აღებული, გამომდინარე საერთო რელიგიიდან, სახელმწიფოებრიობის იდეიდან და ღრმად გამჯდარი სპარსული კულტურიდან. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში მოხდა ის, რომ აღმავლობის გზაზე მდგარმა აზერბაიჯანულმა ინტელიგენციამ, რომელიც სულ უფრო კრიტიკულად უყურებდა შიიტურ სულიერებას და დასავლურ გავლენას განიცდიდა, საკუთარ ეთნო-ლინგვისტურ იდენტობაზე დაიწყო ფიქრი, საკუთარი თავის თურქებთან ასოცირება მოახდინა და სპარსელობის რელიგიურად დატვირთული იდეა უარყო.[6]

მე-20 საუკუნეში, ხანგრძლივი ფაზების გავლით, სპარსეთი (რომელსაც 1935 წლიდან ირანი ეწოდა) სამხრეთ კავკასიიდან დისტანცირებას შეეცადა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოკლე ინტერმეცოს პერიოდშიც კი (1918-1920/21), როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ პოლიტიკურ რუკაზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკები გაჩნდნენ, თეირანი თავს ზედმეტად სუსტად მიიჩნევდა იმისთვის, რომ ადგილობრივ საქმეებში ჩარეულიყო. არეულ-დარეული რეგიონის საქმეებში ჩაურევლობის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ერთი მხრივ, შედეგი იყო მუდმივი ომებისა თურქეთსა და სომხეთს თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მეორე მხრივ კი, ფართოდ გავრცელებული რწმენისა, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, კვლავ დაამყარებდა კონტროლს ამ ტერიტორიაზე. თუმცა 1918 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შექმნამ (რომელიც ნავთობით მდიდარი და სპარსეთის ძველისძველ მეტოქე თურქეთთან კარგი კავშირების მქონე ქვეყანაა) ირანი შეაშფოთა. იქ ბევრი ბაქოელი ელიტების მიერ ახლადშექმნილი სახელმწიფოს მიმართ ტერმინ „აზერბაიჯანის“ გამოყენებასაც კი ეწინააღმდეგებოდნენ. ირანელები შიშობდნენ, რომ ამ სამხრეთ კავკასიურ ერს მომავალში, შესაძლოა, პრეტენზია გამოეთქვა სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ამავე სახელწოდების მქონე რეგიონზე, რაც, სავარაუდოდ, ირედენტიზმს გამოიწვევდა ირანის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნოლინგვისტურ უმცირესობაში.[7]

1920-1921 წლებში, როდესაც სამხრეთ კავკასია ახლად ჩამოყალიბებულ საბჭოთა რუსეთს შეუერთდა, ირანი რეგიონისგან დისტანცირებას ცდილობდა. მოსკოვის ლატენტური თუ აქტიური ექსპანსიონიზმის მიმართ შიში განსაკუთრებით ძლიერი ირანში მეორე მსოფლიო ომის დროსა და მის შემდგომ პერიოდში იყო. მართლაც, მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ირანის ჩრდილოეთი, ფაქტობრივად, საბჭოთა ჯარებს ეკავა. ომის შემდგომ პერიოდში ირანის ჩრდილო-დასავლეთში მოსკოვმა მარიონეტული რეჟიმები დაამყარა — გაჩნდა ქურთების მიერ მართული მაჰაბადის (ნახევრად) დამოუკიდებელი რესპუბლიკა ­და საფუძველი ჩაეყარა ირანულ აზერბაიჯანს (აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკას). აქ მმართველობა ხელში აიღეს მოსკოვისა და ბაქოსგან მხარდაჭერილმა ირანელ-აზერბაიჯანელმა კომუნისტებმა, ირანული პოლიცია და ჯარი კი რეგიონიდან გააძევეს.

მიუხედავად ამისა, ირანის აზერბაიჯანისა და საბჭოთა აზერბაიჯანის (ხელახალ) გაერთიანებამდე და რეგიონის საბჭოთა კავშირთან მიერთებამდე საქმე არ მისულა. ვაშინგტონის სულ უფრო მზარდი ზეწოლის შედეგად 1946 წელს საბჭოთა ჯარები ირანის აზერბაიჯანიდან (ასევე მაჰაბადის რესპუბლიკიდან) გავიდნენ და ადგილობრივი კომუნისტები ბედის ანაბარა დატოვეს. ცოტა ხნის შემდეგ რეგიონი კვლავ ირანის არმიისა და პოლიციის დანაყოფების ხელში გადავიდა, რომელთაც უდღეური სახელმწიფოს მოღალატე ელიტაზე სისხლით იძიეს შური.[8] ამის შემდეგ ირანულმა მმართველობამ აზერბაიჯანული უმცირესობა მკაცრ ასიმილაციის პოლიტიკას დაუქვემდებარა. ირანის მონარქია სულ უფრო ნაკლებად ენდობოდა თავის ჩრდილოელ მეზობელს და აშშ-თან აღრმავებდა კავშირებს. ამ ყველაფერმა ორ აზერბაიჯანს შორის კონტაქტს წერტილი დაუსვა.

ირანი და სამხრეთ კავკასია: დღევანდელი დებატები

მრავალი კვლევა ეძღვნება საკითხებს, როგორიცაა ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, ირანის პოლიტიკა რეგიონის ცალკეული ერების მიმართ და სხვა უფრო სპეციფიკურ თემატურ სფეროებს. სვანტე კორნელი პირველი იყო, რომელმაც თეირანის რეგიონალური პოლიტიკა აღწერა.[9] მან 1990-იანი წლებში განვითარებული მოვლენები მოიცვა, რომლებშიც არსებითად მჟღავნდება ირანის პრაგმატული პოლიტიკა, ბაქოს მზარდი დასავლური ორიენტაციის მიერ მასში გამოწვეული შეშფოთება, თეირანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი, და იმთავითვე მისი მცდელობები, დაებლოკა მშენებლობა ნავთობსადენისა, რომელსაც ნავთობი ირანის გვერდის ავლით უნდა გაეტარებინა კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით.[10]

წინამდებარე სტატიაზე მუშაობისას ერთმანეთს შევადარეთ ირანისა და თურქეთის დამოკიდებულებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან და, ასევე, თეირანის საგარეო პოლიტიკური  დღის წესრიგი  ადრეულ 1990-იან წლებში სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში. მიუხედავად იდეოლოგიური რეტორიკის საბურველისა, ისლამური რესპუბლიკა სრულიად პრაგმატული მოსაზრებებით უჭერდა მხარს სომხეთის საომარ ქმედებებს.[11]ამ რეგიონის მიმართ თეირანის პოლიტიკას ვითომდა აზერბაიჯანისგან მომდინარე საფრთხე განსაზღვრავდა. ადრეულ 2000-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ნავთობსადენი აშენდა და კასპიის ზღვასა და მის მოსაზღვრე რეგიონებში (კავკასიასა და შუა აზიაში) „დიდი თამაშისადმი“ ინტერესიც შემცირდა, სამხრეთ კავკასია თეირანის თვალთახედვიდან გარკვეულწილად დაიკარგა.

ამ ყველაფერმა რამდენიმე ადრეულ ანალიზშიც ჰპოვა ასახვა.[12] აღსანიშნავია ჰუმან სადრის ბოლო ნაშრომი[13], რომელშიც ყურადღებაა გამახვილებული იდეოლოგიასა და საგარეო პოლიტიკას შორის არსებულ საეჭვო უფსკრულზე. ირანის რეგიონული პოლიტიკის სპეციფიკას სადრი მხოლოდ ნაწილობრივ ეხება.[14]

ყურადღება უნდა მივაქციოთ ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების იმ ასპექტს, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკას შეეხება და კასპიის ზღვის შელფის გაყოფას უკავშირდება.[15] ასევე, უნდა დავაკვირდეთ მოსაზღვრე ქვეყნების მილიტარიზაციას, რამაც საკმაოდ დაძაბა ვითარება ირანსა და აზერბაიჯანს შორის.[16]გარდა ამისა, პოლიტიკურ-გეოგრაფიული პრობლემები და კასპიის ზღვაში არსებული ტერიტორიული კონფლიქტის სამართლებრივი საკითხები უკვე თხუთმეტ წელზე მეტია უარყოფითად მოქმედებს ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.[17]

მნიშვნელობა შეიძინა ენერგიისა და ენერგოუსაფრთხოების თემებმა და საკითხებმა, როგორიცაა (ენერგო-)ეკონომიკური თანამშრომლობა ბაქოსა და თეირანს შორის, და, ამასთანავე, აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის თანდათანობით ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობა.[18] აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკაში ირანის ირიბ ჩარევას შიიტურ სასულიერო წრეებთან[19] კონტაქტისა და მათი მხარდაჭერის მეშვეობით, დიდი ხნის განმავლობაში არასათანადო ყურადღება ეთმობოდა. ასევე, ცოტაა სერიოზული კვლევა იმის შესახებ, ერევა თუ არა ირანის უშიშროების სამსახური აზერბაიჯანის საშინაო პრობლემებში; მაგალითად, არის თუ არა მისი წვლილი ბაქოში ისრაელის საელჩოზე განხორციელებულ ინსცენირებულ თავდასხმაში, ანდა აზერბაიჯანელი წამყვანი სეკულარისტის და ანტიირანელი ინტელექტუალის მკვლელობაში.[20]გამოუკვლეველია ასევე ირანის სავარაუდო ძალისხმევა, გაწეული სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანელი ნაციონალისტების რეკრუტირებისთვის.[21]

ირანის აზერბაიჯანის შესწავლა მხოლოდ სურვილად რჩება. პირველად წყაროებზე წვდომა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ხოლო საველე სამუშაოების გამართვა ირანისთვის ძალზედ სენსიტიურ ისეთ თემებზე, რომლებიც ეროვნულ მოძრაობებსა და დიდი ეთნოლინგვისტური უმცირესობების სეპარატისტულ მისწრაფებებს უკავშირდება, უდიდესი რისკის შემცველია. ამ საკითხთა კვლევა მოსამზადებელ სამუშაოებზე წინ არ წასულა.[22] ეს კი მით უფრო საკვირველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ირანის აზერბაიჯანის განმათავისუფლებელი მოძრაობა კვლავ მოგვევლინა კომპლექსურ, სახიფათო და დინამიურ ფენომენად.

ირანსა და სომხეთს შორის ურთიერთობას აქამდე ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ამ თემის ყველაზე უფრო ფართო აღწერა 2000 წელს გამოქვეყნდა.[23] რუსულ-სომხური ურთიერთობების შესახებ გაიძ მინასიანის ნაშრომი ირანულ-სომხურ მიმართებებს მხოლოდ გაკვრით ეხება.[24]როგორც წესი, იგივე ნაკლი აქვთ სხვა კვლევებსაც, რომლებიც რუსეთი-ირანი-სომხეთის ურთიერთობათა სამკუთხედს აღწერენ. არსებითად, მოსკოვსა და თეირანს შორის ორმხრივი კავშირები განსაზღვრავს ირანისა და სომხეთის ურთიერთობებს, ისევე როგორც სომხეთის მიმართ თეირანის პოლიტიკაა ყოველთვის ისლამური რესპუბლიკის აზერბაიჯანთან დამოკიდებულების ფუნქცია.[25]ირანი-სომხეთის ურთიერთობებზე ნაკლებად შუქდება ირანი-საქართველოს ურთიერთობები. ისინი, მართლაც ძალიან შეზღუდულ ეკონომიკურ კავშირებში გამოიხატება, რომლებიც მხოლოდ ირიბად ეხება კასპიური ნავთობისა და ბუნებრივი აირის უცხოურ ბაზრებზე ტრანსპორტირების საკითხებს.[26]

ირანი და აზერბაიჯანი

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ირანის შიშმა თავის აზერბაიჯანულ უმცირესობაში ირედენტული თუ სეპარატისტული ტენდენციების განვითარების მიმართ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი დამოკიდებულება თავის ჩრდილოელ მეზობელთან. სემუელ ჰანტინგტონის მიერ ცივილიზაციათა ჯახის (1996) შესახებ განვითარებული თეორიის საწინააღმდეგოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაჩაღებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას, ირანმა  თავის შიიტურ ერთმორწმუნეებს მხარი არ დაუჭირა. ნაცვლად ამისა, ირანი ხელს უწყობდა ქრისტიანულ სომხეთს იმაში, რომ რუსეთისგან და სომხური დიასპორისგან იარაღი მიეღოთ. ირანს სურდა ხელი შეეშალა აზერბაიჯანის გაძლიერებისთვის, რათა, ერთი მხრივ, საკუთარ სახელმწიფოში მათი ეთნიკური ძმებისთვის სეპარატიზმისა და ირედენტიზმის სურვილი გაექრო, ხოლო მეორე მხრივ, აზერბაიჯანში არ გაეღვიძებინა სურვილი დიდი აზერბაიჯანის შექმნისა. ირანი, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში სომხეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. ორი ქვეყნის პოლიტიკური სიახლოვე, ისევე როგორც ვაჭრობა და ენერგოსექტორში თანამშრომლობა, წლიდან წლამდე იზრდება. გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ირანი ცდილობს ვაშინგტონი-თელ-ავივი-ბაქოს ალიანსს საკუთარი თეირანი-ერევანი-მოსკოვის კოალიცია დაუპირისპიროს.[27] სხვათა შორის, მისი სამხრეთელი ეთნიკური ნათესავების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებებში, აზერბაიჯანი თურქეთთან შედარებით, მხოლოდ მეორეხერისხოვან როლს თამაშობს.

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის არსებობიდან მოყოლებული, ირანი სისტემატურად ცდილობდა თავისი მეზობლის დასუსტებას და საამისოდ მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ სვამდა და ბლოკავდა გადაწყვეტილებებს კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით. ირანი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს რუსეთის პოზიციას ამ საზღვაო ტერიტორიის განაწილებასთან დაკავშირებით, რომელიც იმ სტატუსს ითვალისწინებს, რაც საბჭოთა კავშირსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის არსებობდა. ამგვარად, ირანი განზრახ ართულებდა აზერბაიჯანის შესაძლებლობებს, ეწარმოებინა გაზომვითი და ბურღვითი სამუშაოები კასპიის ზღვის სადავო ტერიტორიებზე (აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მარაგის 90 პროცენტი კასპიის ზღვაშია). ამით ირანი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა აზერბაიჯანის ეკონომიკასა და მის ურთიერთობას დასავლეთთან, რომელიც ძირითადად ენერგორესურსების მოპოვებაზე, დამუშავებასა და ექსპორტზეა დამყარებული.

ამას გარდა, ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა, აშკარად ირანის მიერ გამოწვეულ დაძაბულობებს, როდესაც ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს აღღვევდა. უკანასკნელი სერიოზული შემთხვევა 2012 წელს მოხდა, როდესაც ირანული ვერტმფრენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიჭრა, საბაჟოს თავზე იტრიალა და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.[28] ამგვარი შემთხვევები კვლავ აღიქმება როგორც თეირანის მუქარა ბაქოს მისამართით, რათა შეწყდეს დაგეგმილი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა, რომელსაც ირანი (და რუსეთი) სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.[29] ამასთანავე, ბაქოს მოუწია დაეთმო, მანამდე ეროვნულ სექტორად წოდებული მონაკვეთი კასპიის ზღვაში, რომელზე პრეტენზიასაც თეირანი აცხადებს.[30]

ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიკური ურთიერთობა კარგი და, დიდი ხნის განმავლობაში, წმინდად პრაგმატული ხასიათის იყო. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და შუამავალია დასავლურ და მსოფლიო ბაზრებზე. განსაკუთრებთ კარგად გამოჩნდა აზერბაიჯანის საბანკო სისტემის მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც ირანს შეუწყდა წვდომა მსოფლიო საბანკო სისტემა SWIFT-ზე.[31] მეორე მხრივ, უკანასკნელ წლებში აზერბაიჯანი იბრძვის ირანელების მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ. აზერბაიჯანულმა RoyalBank-მა ყველა ტრანზაქცია და ოპერაციაც კი შეწყვიტა, რომლებიც ირანელ ბიზნესმენებთან იყო დაკავშირებული და განაცხადა, რომ ყველა მათგანი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. საბოლოოდ, ბანკს, რომლის დიდი წილიც ირანული წარმოშობის ამერიკელს, ალი ჯამს ეკუთვნის, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზია ჩამოართვა.[32]

ბაქოს ამგვარ ქმედებას ორმხრივი ურთიერთობისთვის, ცხადია, ხელი არ შეუწყვია. ასევე ნეგეტიურად მოქმედებს ურთიერთობაზე ისლამური სახელმწიფოს მცდელობები, რადიკალური შიიტური რწმენის ექსპორტი მოახდინოს ჩრდილოეთით თავის მეზობელ სეკულარულ ქვეყანაში. ირანელი სასულიერო პირები ცდილობენ აზერბაიჯანულ მეჩეთებში გავლენის მოპოვებას, თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებას და ისლამზე ორიენტირებული ისეთი პოლიტიკური ჯგუფების ხელშეწყობას, როგორიცაა აზერბაიჯანის ისლამური პარტია.[33] ამ პარტიას, დიდი ხნის განმავლობში ჰქონდა პრეტენზია ანტიამერიკანიზმზე, ანტისიონიზმსა და ანტიევროპელობაზე და საკუთარ თავს ამჟამინდელი მმართველი ალიევების დინასტიის საწინააღმდეგო პოლუსად მიიჩნევდა. პარტია, მისი დაარსების დღიდან, უხვად ფინანსდებოდა ირანისგან, ეს კი სულაც არ მოსდიოდა თვალში აზერბაიჯანულ რეჟიმს და მან პარტია თანდათანობით დაშალა, მისი წევრების წინააღმდეგ კი დევნა წამოიწყო.

ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში ცალკე თავს შეადგენს შპიონაჟის საკითხი. საქმიანი, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ირანს საზრუნავს უჩენს. აზერბაიჯანის ტერიტორია ირანული და ებრაული საიდუმლო სამსახურების ბრძოლის ველადაა ქცეული. 2012 წლის დასაწყისში ბაქოში ისრაელის საელჩოზე და ადგილობრივი ებრაული სათვისტომოს რამდენიმე წევრზე ტერორისტული თავდასხმის განზრახვა გამოაშკარავდა. აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმის დაგეგმვაში, დაფინანსებასა და მართვაში მაშინვე ირანულ საიდუმლო სამსახურს დასდეს ბრალი. ამავდროულად, გავრცელდა მოსაზრება, რომ თავდასხმის გამოაშკარავების უკან ისრაელის საიდუმლო სამსახური მოსადი იდგა და ამით, ფაქტობრივად, დასტურდებოდა მისი ყოფნა და მოქმედება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.[34]მხოლოდ ორი თვის შემდეგ გამოაცხადა აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრმა 22 პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ღალატი და ირანის რევოლუციური გვარდიის სასარგებლოდ შპიონაჟში ედებოდათ ბრალი. სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფების (რომელიც სავარაუდოდ 1990-წლების ბოლოდან მოქმედებდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) მიზანი იყო საბოტაჟისა და ტერორისტული აქტების მომზადება და განხორციელება შეერთებული შტატების, ისრაელისა და სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.[35]

ირანულ შპიონაჟს, რაღა თქმა უნდა, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებიც აინტერესებს. 2015 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ერთ-ერთმა სასამართლომ „ირანის დაზვერვის სამინისტროს ორ მუშაკს“ 27 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.[36] მათ ბრალად ედებოდათ ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება, საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება რიგი სამხედრო დაწესებულებებისა და თურქეთის საკონსულოს შესახებ და მათი ირანისთვის გადაცემა. ცნობილია, რომ ირანული საიდუმლო სამსახური ამგვარი გზებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანის საშინაო პროცესებში გადაწყვეტილებების მიღებაზე. მართალია, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ირანის საიდუმლო სამსახური სისტემატურად ერევა აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში, თუმცა იმ ინტერვიუთა მიხედვით, რომლებიც ამ სტატიის ავტორებმა ირანსა და აზერბაიჯანში აიღეს, ისლამური რესპუბლიკა ცდილობს „მოისყიდოს“ კორუმპირებული პოლიტიკოსები ბაქოში და აზერბაიჯანულ საზოგადოებაში შეაღწიოს.

თუმცა საიდუმლო სამსახურები მეორე მხარესაც აქტიურობენ. ირანის აზერბაიჯანის მოსახლეობას შორის ღიად არის საუბარი ჩრდილოელ აზერბაიჯანელთა მიერ ადგილობრივების რეგულარულ რეკრუტირებაზე უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებისთვის. მათი დავალებაა არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ პარტიზანული ოპერაციების, რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტებზე თავდასხმების ორგანიზებაც კი. ამ ყველაფრის რეალური მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ირანის აზერბაიჯანის პროვინციის მოსახლეობას შორის ეს საყოველთაოდ ცნობილია.[37]

ამას გარდა, ხელშეკრულებამ 1,6 მილიარდის ღირებულების ებრაული იარაღის იმპორტის შესახებ ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად დააზიანა. აზერბაიჯანმა, ძირითადად, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები მიიღო.[38]ამ შეთანხმებამ ბიძგი მისცა სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ისრაელს ნებას დართავდა მისი ტერიტორია პლაცდარმად გამოეყენებინა ისლამურ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის, და რომ სწორედ ამის სანაცვლოდ მიიღო მან თავდაცვითი სამხედრო ტექნოლოგიები. თუმცა ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, და აზერბაიჯანს ეს  არასოდეს დაუდასტურებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ირანის სამხედრო თავდასხმის დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა. იყო სპეკულაციები იმაზეც, რომ ისრაელმა მიიღო წვდომა ქვეყნის სამხრეთში განლაგებულ საჰაერო ბაზებზე, რომლებიდანაც ირანის ბირთვულ რეაქტორებზე იერიშის მიტანაა შესაძლებელი.[39]

მთლიანობაში, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ირანის ახალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის მოსვლის შემდეგ, გაუმჯობესდა. 2015 წლის აპრილში ირანმა და აზერბაიჯანმა მოულოდნელად მიიღეს გადაწყვეტილება თავდაცვის საერთო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. 20 აპრილს ოფიციალური ვიზიტისას ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰღანმა აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვა შესთავაზა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ასევე მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კოოპერაცია უნდა გაუმჯობესდეს.[40] ეკონომიკურ დონეზეც ირანი დაუახლოვდა აზერბაიჯანს. 2015 წლის მაისში, ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ნამდარ ზანგანემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის პროექტებში მიიღებდა მონაწილეობას. მანამდე, ირანის ელჩმა აზერბაიჯანში, მოჰსან პაკ აიეენმა, საზოგადოებას ამცნო თავისი ქვეყნის ტრანსნაციონალურ გაზსადენის პროექტში (TANAP) მონაწილეობა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპულ ბაზარზე უნდა შევიდეს.[41] დღესდღეობით ირანისთვის დასავლური სანქციების მოხსნამ ორი ქვეყნის ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

ირანი და სომხეთი

მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ქრისტიანულ სომხეთსა და შიიტურ ირანს შორის ურთიერთობა სხვანაირად შეიძლებოდა წარმოგვედგინა, ეს ორი ქვეყანა რეგიონში სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იანი წლების მოვლენების შემდეგ სომხეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თავისი უახლოსი მოკავშირე რუსეთისა და ახალი ანტიაზერბაიჯანული რეგიონალური ძალის იმედზე უნდა ყოფილიყო. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას ირანი იდგა არა თავისი შიიტი ერთმორწმუნის მხარეს, არამედ აზერბაიჯანის ქრისტიან მტერს უწყობდა ხელს რუსეთისგან და სომხური დიასპორისგან იარაღის მიღების საქმეში.

ეს სომხურ-ირანული ალიანსი დღემდე არსებობს. რუსეთისა და სომხეთის, რუსეთისა და ირანის, ისევე როგორც სომხეთისა და ირანის სიახლოვის გათვალისწინებით, შეგვიძლია მოსკოვი-ერევანი-თეირანის კოალიციაზე ვისაუბროთ, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური დინამიკის განმსაზღვრელია კავკასიაში. ამავე დროს, კიდევ უფრო ხელს უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს ძლიერი სომხური დიასპორა ირანში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქრისტიანული სათვისტომოა ირანში. ეს უდიდესი ქრისტიანული თემია ირანში და განსხვავებით სხვა უმცირესობებისგან, სომხები არ ითვლებიან პრობლემატურ უმცირესობად.

ვუსალ გასიმლი, ზაურ შირიევი და ზულფია ვალიევა თავიანთ საფუძვლიან კვლევაში სომხურ-ირანულ ურთიერთობებს სამ ფაზად ჰყოფენ.[42] პირველი მოიცავს 1991-2001 წლებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და ირანის ურთიერთობამ რუსეთთან და დასავლეთთან არსებითად განსაზღვრეს სომხეთისა და ირანის ურთიერთობა ამ პერიოდში. ირანი, ამავე დროს, სამხრეთ კავკასიასა და მისი ენერგორესურსების მიმართ დასავლეთის ინტერესს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევდა.

მეორე ფაზა მოიცავს 2001-2008 წლებს. როგორც რეაქცია დასავლეთის მზარდ ინტერესზე სამხრეთ კავკასიაში, ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტის გათვალისწინებით, ირანის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო რეგიონის საქმეებში უცხოური ინტერვენციის წინააღმდეგ. როდესაც 2002 წელს აშშ-მა ქიმიური იარაღის ირანისთვის მიყიდვის ბრალდებით სომხეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სომხეთმა მაშინვე უკან დაიხია და ამით საფრთხე შეუქმნა ირანთან კარგ ურთიერთობას. თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამუშავებამ ორივე ქვეყანა კვლავ დააახლოვა ერთმანეთს. სომხეთის პრემიერმინისტრი ანდრანიკ მარგარიანი მაშინ იმაზე საუბრობდა, რომ ამ ენერგოპროექტით რეგიონში ძალაუფლების ბალანსი მთლიანად დაირღვა. 2008 წლის შემდეგ დაწყებული მესამე ფაზა მთლიანად რუსეთ-საქართველოს ომის ნიშნის ქვეშ დგას. ომის შემდეგ საქართველოზე გამავალი რუსეთის კარი სომხეთისთვის დაიხურა და ერევანი იძულებული გახდა ორიენტაცია ირანზე აეღო, რათა ეკონომიკა გაეძლიერებინა. ირანმა სომხეთს პოლიტიკურად და ეკონომიკურად მხარი დაუჭირა.

ამგვარად, ეკონომიკური ურთიერთობები სომხურ-ირანული ურთიერთობების ხერხემალია. ირანი-სომხეთის გაზსადენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამ ქვეყნებს აკავშირებს. 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გამტარობით (ეს რიცხვი 2019 წლამდე 2,3 კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს) და 220 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით, ის ყველაზე უფრო მასშტაბური საერთო პროექტია.[43] აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის იზოლაციაში მოქცეული სომხეთი მადლიერი პარტნიორია სანქციებდაკისრებული ირანისთვის. დღევანდელი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ირანის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ, ეშაღჯაჰ ანგირიმ, 2014 წელს განაცხადა, რომ ირანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს სომხურ მხარეს, მდინარე არასზე, რათა გაზარდოს მოწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა ბუნებრივი აირის სანაცვლოდ, რასაც ითვალისწინებს კიდეც 2009 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამასთანავე, ირანისა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რომლითაც ორ ქვეყანას შორის ენერგოკავშირი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.[44]

2015 წლის იანვარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის ვიზიტისას სომხეთში, განსაკუთრებულად გამოიყო ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ორი სფერო: ტრანსპორტი და ვაჭრობა. სომხეთი და ირანი საგანგებოდ მიუთითებდნენ, რომ ხელი უნდა შეწყობოდა სამხრეთ სომხეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტს, რომელიც ორ ქვეყანას უკეთესად დააკავშირებდა. სომხეთის პრემიერმინისტრი აბრაჰამიანი დარწმუნებული იყო, რომ ირანი და სომხეთი ამ რკინიგზის პროექტის მეშვეობით, „საერთო სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შექმნას და მათ ევრაზიაში ექსპორტს მოახერხებენ“. ვაჭრობასთან დაკავშირებით ზარიფმა შეაქო რუსეთის მიერ დაარსებულ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAWU) სომხეთის შესვლა და შეაფასა ეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი ირანისთვის.[45]

სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობის ბოლო მნიშვნელოვანი პუნქტია სოციალური კონტაქტები და ტურიზმი. თუმცა, ამ შემთხვევაში, მიმართებები არათანაბარია, რადგან მეზობელს ძირითადად ირანელები სტუმრობენ. ერევანი, ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული ადგილია ახალგაზრდა და შეძლებული ირანელებისთვის (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასევე ირანელი აზერბაიჯანელებისთვისაც), რომლებსაც კავკასიური სტუმართმოყვარეობა, უზრუნველობა და ღამის ცხოვრება იზიდავთ. უპირველეს ყოვლისა, ირანელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და იაფი ალკოჰოლია მიმზიდველი. ერევნის ქუჩებში, ღამით, ხშირად შეხვდებით საღერღელაშლილ და მთვრალ ირანელებს, რომლებიც ადგილობრივ გოგონებს ეფლირტავებიან. როგორც წესი, სომხეთში ირანელი ტურისტები უყვართ, რადგან ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ და მეგობრულად არიან განწყობილნი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთს ძირითადად ლიბერალურად განწყობილი ირანელები სტუმრობენ და არა ფანატიკოსები, რომელთაც თავიანთი რელიგიის გავრცელება სწადიათ. მიუხედავად ამისა, სომხეთში გახშირდა ხმები, რომლებიც მუსლიმური ინფილტრაციის გამო ჩივიან და ირანელი ტურისტების რიცხვის შემცირებას ითხოვენ. ერევნის ზოგიერთი მაცხოვრებელი, ავტორებთან საუბარში, ამბობდა, რომ მათ არ სიამოვნებთ, ირანული მეჩეთის მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, საერთო ჯამში, სომხებსა და ირანელებს შორის დამოკიდებულება მართლაც მეგობრულია და თავისუფალი ყოველგვარი ისეთი წინასწარი ანტიპათიისგან, რომელსაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დაზარალება შეეძლებოდა.

ირანი და საქართველო

1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობა, ადრეულ წლებთან შედარებით, ნაკლებად ინტენსიური და მრავლისმომცველია. 1990-იან წლებში, მოკლე პერიოდის განმავლობაში, საქართველო და ირანი კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ცენტრალური ნავთობსადენის მშენებლობის საქმეში კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორიდან, რომელსაც ნავთობი გარე ბაზარზე უნდა გაეტანა. ირანი მხარს უჭერდა ნავთობსადენის ირანის ტერიტორიაზე გაყვანას, მაშინ როცა დასავლელი მონაწილეები, განსაკუთრებით კი ვაშინგტონი, იმ მარშრუტს ლობირებდნენ, რომელიც ირანს (და რუსეთს) გვერდს აუვლიდა. საბოლოო ჯამში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 2000-იანი წლების შუაში დასრულდა, რითიც „გეოპოლიტიკურ“ შეჯიბრს ირანსა და საქართველოს შორის კარგა ხნით მოეღო ბოლო.

შემდგომი იმპულსი ურთიერთობამ 2000-იანი წლების ბოლოს მიიღო. სამხრეთ ოსეთში საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ, თბილისმა კიდევ ერთხელ სცადა ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარება მახლობელ რეგიონებსა თუ ოკეანის გაღმა, რათა მოეპოვებინა ახალი ბაზარი თავისი პროდუქტისთვის, რომელიც რუსულ ბაზარზე აღარ დაიშვებოდა.[46] ირანულ ბაზარზე არსებობდა მოთხოვნა სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე და ის დაკარგული რუსული ბაზრის სასურველ შემცვლელად მიიჩნეოდა. მას შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია. საქართველო ირანის არანავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყანათა პირველ 30-ეულში შედის.[47] ირანი, ძირითადად, ცემენტის, გუდრონის, შუშისა და კირის ექსპორტსა და სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის იმპორტს ახდენდა.[48]ირანელმა ბიზნესმენებმა, უმეტეს წილად, მანქანათმშენებლობაში, სამშენებლო ინდუსტრიასა და ტურიზმში განახორციელეს ინვესტიციები, თუმცა, ამის შესახებ ზუსტი ციფრები არ მოიპოვება.[49]

ირანის მთავრობამ, ასევე გამოხატა დაინტერესება შავი ზღვის ქართული ნავსადგურის, ბათუმის მიმართ საკუთარი პროდუქციის დასავლურ ბაზარზე ექსპორტისთვის, რათა თავი აარიდოს დღევანდელ სატრანზიტო მარშრუტს თურქეთის გავლით. თუმცა, საერთო ჯამში, ირანისა და ირანელი ბიზნესმენების წილი ქართულ ეკონომიკაში საგრძნობლად ჩამორჩება თურქეთისა და თურქი ბიზნესმენების წილს. მიუხედავად ორმხრივი მოლოდინებისა, ირანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიც მცირეა, რადგან ქართულ ენერგობაზარზე აზერბაიჯანი დომინირებს.

ურთიერთობაში გარღვევა მოხდა 2010 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველო და ირანი შეთანხმდნენ, გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი მათი მოქალაქეებისთვის. ამ ნაბიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მოამზადა, მართალია სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ქართულ პროდასავლურ წრეებში ამან ერთგვარი შეშფოთებაც გამოიწვია. ირანისთვის საქართველო გამოდგა ერთ-ერთი იმ მცირედი ქვეყნებიდან, რომელიც არ შეუშინდა შუა აღმოსავლეთის ქვეყანასთან სიახლოვეს მზარდი დასავლური სანქციების ფაზაში. ერთი მხრივ, ქართული ელიტის და ტურისტული ლობის ნაწილი მიესალმა ამ ნაბიჯს, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ათასობით შეძლებული ირანელი ჩავიდოდა საქართველოში და იქ დახარჯავდა ფულს. მეორე მხრივ კი, ისინი უფრთხოდნენ ვაშინგტონის რეაქციას ამ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს ირანთან დააახლოებდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დასავლური ზეწოლა ირანზე, მისი ბირთვული პროგრამის გამო, იზრდებოდა.[50]CNN-ის ერთ-ერთ რეპორტაჟში ამ დაახლოებას „დელიკატური“ უწოდეს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საქართველოს ხანგრძლივი იმედებიდან გამომდინარე: „არც ირანს და არც საქართველოს არ სურდათ მომავალ ურთიერთობებზე, ოფიციალურ განცხადებებს მიღმა უფრო დეტალური საუბარი და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. საქართველოს არ უნდა მიიღოს საყვედური, რომ ის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სანქციებს სათვალავში არ იღებს“, ასკვნიდა რეპორტაჟი.[51]

ირანულმა ტურიზმმა საქართველოს ეკონომიკას მრავალი ათეული მილიონი დოლარი მოუტანა ათასობით ირანელი ტურისტის მეშვეობით, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდები ჭარბობდნენ, რომლებიც, სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკას მოკლევადიანი ვიზიტებით, ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლის მოხმარებისთვის სტუმრობდნენ. თუმცა ის, რამაც აიძულა საქართველოს მთავრობა, რომ 2013 წელს ცალმხრივად დაეწესებინა ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, არ იყო შიში დასავლეთის რეაქციისა ისლამურ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს იყო, უმთავრესად, ზედმიწევნით ქსენოფობი და ისლამოფობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც სერიოზული ძალაა ადგილობრივ პოლიტიკაში, და, ასევე, ქართული კონსერვატიული საშუალო ფენის რასისტული განწყობა, რომელმაც ახალი სამთავრობო პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო აიძულა, კვლავ შემოეღო სავიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.[52] მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და ირანელი დიპლომატები პერიოდულად მწუხარებას გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით, ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ნაკლებად ინტენსიური სახით არის შენარჩუნებული.

რეზიუმე

ეკონომიკური ურთიერთობები ისლამურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის, უპირველეს ყოვლისა ენერგოთანამშრომლობის სფეროში, გაუმჯობესდა, მიუხედავად პრობლემური ახლო წარსულისა, როდესაც ირანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე სომხეთს უჭერდა მხარს. ამის მიუხედავად, კასპიის ზღვაში ირანის - თავისივე მტკიცებით, ლეგიტიმური - ინტერესების დაცვისას, ირანმა საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა და ბაქოზე შთაბეჭდილების მოსახდენად სამხედრო კუნთებიც ათამაშა. ამას გარდა, დამოუკიდებლობის მოთხოვნებმა ირანის აზერბაიჯანული თემის მხრიდან, რომელიც უდიდეს ეთნოლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენს მულტიეთნიკურ ისლამურ სახელმწიფოს საზღვრებში, და, ამავე დროს, გაუმჯობესებულმა ურთიერთობებმა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის, თეირანში უნდობლობა გამოიწვია. არასის ჩრდილოეთით მდებარე მეზობლის დასასუსტებლად თეირანი რეჟიმის საწინააღმდეგოდ განწყობილ შიიტურ სასულიერო პირებს უწყობდა ხელს. ამასთანავე, ირანმა გააფართოვა შპიონაჟის ქსელი აზერბაიჯანში და მეზობლის ტერიტორიაზე განთავსებულ ებრაულ პუნქტებზე თავდასხმები დაგეგმა. თუმცა ირანის მცდელობები, შეერყია აზერბაიჯანის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, უნაყოფო გამოდგა, რადგან მეტწილად სეკულარულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ამისთვის საჭირო საზოგადოებრივი საფუძველი არ ყოფილა.

სომხეთთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ როგორც წინა წლებში, ჩვენ მოწმე ვართ ირანისა და, ასევე, სომხეთის უნდობლობისა აზერბაიჯანის მიმართ, და, მეორე მხრივ, ორივე ამ ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისა რუსეთთან, რაც თეირანი-ერევნის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს. მათი ახლო ურთიერთობა, გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის ხარჯზე, კიდევ უფრო განმტკიცდა. საქართველო თეირანის სამხრეთკავკასიურ დღის წესრიგში ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს; ეს თანხმობაშია კურსთან, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში იქნა აღიარებული, ანუ მაშინ, როდესაც ისლამურ სახელმწიფოს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული ინტერესი არ ჰქონდა.

მართალია, ირანი-აზერბაიჯანის თანამშრომლობასთან შედარებით ის ნაკლებად მოცულობითია, მაგრამ 2010 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური თანამშრომლობა თბილისსა და თეირანს შორის ნამდვილად გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, თავისუფალი სავიზო რეჟიმი, რომელიც მანამდე ისლამური სახელმწიფოდან ტურიზმის წასახალისებლად შემოიღეს, მალევე გაუქმდა, რამაც ეკონომიკური თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის კვლავ გაართულა. ამ დროისათვის სომხეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც ირანის მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ შესვლა.

ინგლისურიდან თარგმნა მარგრიტ ბროიერმა, ვახტბერგი

გერმანულიდან თარგმნა არჩილ ჯინჭარაძემ

 


OSTEUROPA-ში ემილ სულეიმანოვს უკვე აქვს გამოქვეყნებული: Dschihadisten in Dagestan. Clans, Kompromisse, und krumme Geschäfte, in: OE, 4/2015,გვ. 115–129. – Von Groznyj nach Aleppo. Nordkaukasische Dschihadisten im syrischen Bürgerkrieg, in: OE, 8/2014,გვ. 17–25. – Krisengebiet Nordkaukasus: Anatomie des islamistischen Aufstands, in: OE, 6–8/2012,გვ. 293–312.

[1]Svante E. Cornell: Iran and the Caucasus, in: Middle East Policy, 5/1998. – Emil Souleimanov, OndrejDitrych: Iran and Azerbaijan. A Contested Neighborhood, in: Middle East Policy Council, 2/2007,გვ. 101–116. – EvanthiaBalla: Turkish and Iranian Interests and Policies in the South Caucasus, in: NOREF Policy Brief, April 2013.

[2]Emil Souleimanov: Dealing with Azerbaijan. The Policies of Turkey and Iran toward theKarabakh War (1991–1994), in: MERIA 28.10.2011, <http://rubincenter.org/2011/10/ dealing-with-azerbaijan-the-policies-of-turkey-and-iran-toward-the-karabakh-war-1991-1994/>.

[3] Joshua Kucera: Iran, Azerbaijan in Tense Caspian Standoff. Cables Show, Eurasia.net, 2011, <http://eurasianet.org/node/64268&gt;. – GaliaLindenstrauss, IftahCelniker: Azerbaijan and Iran. Hostile Approach But Limited Rivalry, INSS Insight 366/2012, <http://inss.org.il/&gt;.

[4]მეორე მხრივ, მე-10 საუკუნიდან მოყოლებული, ფაჰლავის დინასტიის ტახტზე ასვლამდე, 1920-იან წლებში, სპარსული სამეფო დინასტიების უმრავლესობა თურქული წარმოშობისა იყო. 

[5] Tadeusz Swietochowski: Russian Azerbaijan 1905–1920. Cambridge 2002.

[6]იგივე პირიქითაც ფუნქციონირებდა. რუსულ კულტურასთან კონტაქტით ბევრი აზერბაიჯანელი ევროპულ ლიბერალურ იდეებს ეზიარა და სპარსეთის მოდერნიზაციაში შეჰქონდა წვლილი. მირზა ფათალი ახუნდზადე (1812-1978) აზერბაიჯანული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო. იგი თანამედროვე ირანული ლიტერატურის მამად ითვლება. მან ასევე შეიტანა წვლილი სპარსული (სეკულარული და რომანტიკული) ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში. Emil Souleimanov: Between Turkey, Russia and Persia, in: MERIA 2012, <http://rubincenter.org/2012/04/between-turkey-russia-and-persia-percept…- and-twentieth-centuries/>. – Brenda Shaffer: Borders and Brethren. Iran and the Challenge of Azerbaijani Identity. Belfer Center for Science and International Affairs, 2002, გვ. 25–29.

[7]ShabnamYusifova: The Recognition of the Independence of Azerbaijan Democratic Republic in Paris Peace Conference and the Attitude of Iran, in: Mediterranean Journal of Social Sciences, 19/2014, გვ. 355–364.

[8]TourajAtabaki: Azerbaijan: Ethnicity and Autonomy in Iran after the Second World War. London, New York 2000.

[9] Cornell, Iran and the Caucasus [შენ.1]. – ამავე ავტორის.: Iran and the Caucasus: The Triumph of Pragmatism over Ideology, in: Global Dialogue, 2/2001.

[10] Stephen Blank: Energy and security in Transcaucasia, in: Journal of Muslim Minority Affairs, 2/1996, გვ. 241–256.

[11] Emil Souleimanov: Dealing with Azerbaijan: The Policies of Turkey and Iran toward the Karabakh War (1991–1994), in: MERIA, 2011, <http://rubincenter.org/2011/10/dealing-with-azerbaijan-the-policies-of-…;.

[12] Brenda Shaffer: Iran’s Role in the South Caucasus and Caspian Region. Diverging Views of the U.S. and Europe, in: Eugene Witlock (Hg.): Iran and Its Neighbors. Berlin 2003,გვ. 17–22,

<www.swpberlin.org/fileadmin/contents/products/arbeitspapiere/Iran_and_I…;. – Shireen Hunter: Iranʼs Pragmatic Regional Policy, in: Journal of International Affairs, 2/2003, გვ. 133–147. –KawehSadegh-Zadeh: Iran’s Strategy in the South Caucasus, in: Caucasian Review of International Affairs, 1/2008, გვ. 35–41.

[13]Houman Sadri: Iran and the Caucasus States in the 21st Century. A Study of Foreign Policy Goals and Means, in: Journal of Balkan and Near Eastern Studies, 3/2012.

[14]2010 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა ირანის პოლიტიკის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად 1990-იანი წლებიდან ადრეულ 2000-იანებამდე განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს, იმეორებს ირანის რეგიონული პოლიტიკის ნაცნობ ასპექტებს და ახალსა და გამოსადეგს ვერაფერს გვთავაზობს.   

[15] Josef Kraus, Emil Souleimanov: Postsovětský Ázerbájdžán a militarizaceKaspickéhomoře, in: Almanach, 2/2011, <http://fmv.euba.sk/RePEc/brv/almnch/A2011-2.pdf&gt;.

[16]KavehAfrasiabi, Abbas Maleki: Iran’s Foreign Policy after 11 September, in: The Brown Journal of World Affairs, 2/2003,გვ. 263–264. – MarlèneLaruelle, SébastienPeyrouse: The Militarization of the Caspian Sea: „Great Games“ and„Small Games“ Over the Caspian Fleets, in: China and Eurasia Forum Quarterly, 2/2009,გვ. 17–35.

[17] Shannon O’Lear: Resources and Conflict in the Caspian Sea, in: Geopolitics, 1/2004,

S. 161–186. – KamyarMehdiyoun: Ownership of Oil and Gas Resources in the Caspian Sea, in: The American Journal of International Law, 1/2000,გვ. 179–189. – PirouzMojtahed-Zadeha, Mohammad Reza Hafeznia: Perspectives on the Caspian Sea Dilemma. An Iranian Construct, in: Eurasian Geography and Economics, 8/2003,გვ. 607–616. – GawdatBahgat: Pipeline Diplomacy. The Geopolitics of the Caspian Sea Region, in: International Studies Perspectives, 3/2002,გვ. 310–327.

[18] Emil Souleimanov, Maya Ehrmann, HuseynAliyev: Focused on Iran? Exploring the rationale behind the strategic relationship between Azerbaijan and Israel, in: Southeast European and Black Sea Studies, 4/2014,გვ. 471–488. – Josef Kraus, Emil Souleimanov, MayaEhrmann: O triângulo Irã-Israel-Azerbaijão. Implicações para a segurança regional, in: Revistaestudos politicos, 6/2013,გვ. 200–214. –ShamkhalAbilov: The Azerbaijan-Israel Relations. A Non- Diplomatic, but Strategic Partnership, in: USAK Yearbook of International Politics and Law, 3/2010,გვ. 317–331.

[19] Emil Souleimanov, Maya Ehrmann: The Rise of Militant Salafism in Azerbaijan and Its Regional Implications, in: Middle East Policy, 3/2013,გვ. 111–120.

[20] Robert M. Cutler: Facing Growing Iranian Threats, Azerbaijan Deepens Ties to Israel, in: CACI Analyst, 5.15.2013, <http://cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/12730-faci…;

[21] Emil Souleimanov: Azerbaijanis Volunteer in Syria Conflict, in: CACI Analyst, 5.2.2014, <http://cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/12908-azer…;.

[22] Brenda Shaffer: Borders and Brethren. Iran and the Challenge of Azerbaijani Identity. Belfer Center for Science and International Affairs, 2002. – Brenda Shaffer: The formation of Azerbaijani Collective Identity in Iran, in: Nationalities Papers, 3/2000,გვ. 449–477. – Emil Souleimanov, KamilPikal, Josef Kraus: The Rise of Nationalism Among Iranian Azerbaijanis. A Step toward Iran’s Disintegration? In: MERIA 2013, <http://.rubincenter.org/wp- content/uploads/2013/03/Souleimanov-Pikal-Kraus-revised-YA-au1-PDF.pdf.>. – Emil Souleimanov: The Evolution of Azerbaijani Identity and the Prospects of Secessionism in Iranian Azerbaijan, in: The Quarterly Journal, Summer 2010, <http://procon.bg/system/files/ 11.1.07_souleimanov.pdf>. – Josef Kraus, Emil Souleimanov: ÁzerbájdžánciÍránu–Identita, společnost a regionální bezpečnost. Praha 2015.

[23]GayaneNovikova: Armenia and the Middle East, in: MERIA 2000, <http://rubin- center.org/meria/2000/12/novikova.pdf>.

[24]GaidzMinassian: Armenia, a Russia Outpost in the Caucasus? In: Russie.Nei.Visions, 2/2008, <https://ifri.org/&gt;.

[25] Geoffrey Gresh: Coddling the Caucasus. Iran’s Strategic Relationship with Azerbaijan and Armenia, in: Caucasus Review of International Affairs, 1/2006, <http://cria-online.org/&gt;.

[26] Emmanuel Karagiannis: The Turkish-Georgian Partnership and the Pipeline Factor, in: Journal of Southern Europe and the Balkans, 1/2004,გვ. 13–26.

[27] Claud Moniquet, William Racimora (Hg.): The Armenia-Iran Relationship. Strategic implication for security in the South Caucasus Region. European Strategic Intelligence & Security Center, 2013 <http://esisc.org/upload/publications/analyses/the-armenian-iran-relatio…;.

[28]იქვე,გვ. 42.

[29]ტრანსკასპიური გაზსადენის შესახებ, იხ. როლანდ გიოცის სტატია ამავე კრებულში, გვ. ...

[30] Taylor Morse: The Hydra of the Caspian Sea. Iranʼs Naval Strategy, in: Modern Diplomacy, 23.6.2015, <http://moderndiplomacy.eu/&gt;.

[31]Iranʼs banks to be blocked from global banking system. BBC 15.3.2012, <http://bbc.co.uk/news/business-17390456&gt;.

[32] Central Bank of Azerbaijan annulled the license of Royal Bank. Contacts.az, 13.7.2012, <http://contact.az/&gt;.

[33] Emil Souleimanov, OndrejDitrych: Iran and Azerbaijan. A contested neighborhood, in: Middle East Policy, 2/2007,გვ. 101–116.

[34] Emil Souleimanov: Is Azerbaijan Becoming Area of Confrontation Between Iran and Israel? CACI Analyst, 8.2.2012, <http://cacianalyst.org/?q=node/5711&gt;.

[36] Republic of Azerbaijan: Jail sentence for 2 Iranian Intelligence spies. PeopleʼsMojahedin Organization of Iran, 8.2.2015, <http://mojahedin.org/newsen/33010/Republic-of- Azerbaijan-Jail-sentence-for-2-Iranian-Intelligence-spies>.

[37]ავტორთა ინტერვიუები ირანის აზერბაიჯანის პროვინციაში.

[38]Haaretz, 26.2.2012, <haaretz.com>.

[39]Haaretz, 29.3.2012, თუმცაღა, ამგვარი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია

<www.haaretz.com/israel-news/azerbaijan-granted-israel-access-to-air-bas…;.

[40] Giorgi Lomsadze: Iran Offers Guns and Friendship to Azerbaijan. Eurasia.net,

<http://eurasianet.org/node/73071&gt;.

[41] Iran eyeing participation in Azerbaijanʼs energy projects. Azernews, 7.5.2015,

<http://.azernews.az/oil_and_gas/81709.html&gt;.

[42]VusalGasimli, ZaurShiriyev, ZulfiyyaValiyeva: Iranian-Armenian Relations. Geopolitical reality versus political statements. Baku 2011.

[43] Vladimir Socor: Iran-Armenia Gas Pipeline. Far More than Meets the Eye. Eurasia DailyMonitor, 21.3.2007.

[44] Iran, Armenia Form Commission to Boost Trade. Asbarez, 20.10.2014, <http://asbarez.com/128025/iran-armenia-form-commission-to-boost-trade/&…;.

[45] Alex Vatanka: Looking at Armenian-Iranian Relations Through a Russian Lens,

<http://eurasianet.org/node/71921&gt;.

[46]საყურადღებოა, რომ ირანის ფრთხილ პასუხს რუსული სამხედროების მიერ ქართული ტერიტორიების — სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის — ოკუპაციაზე თბილისის უკმაყოფილება არ გამოუწვევია.

[47]ИраниГрузиярасширяютмеждугосударсвенноесотрудничество. EurAsiaDaily, 19.5.2015,

<https://eadaily.com/news/2015/05/19/iran-i-gruziya-rasshiryayut-mezhgos…-

sotrudnichestvo>.

[48]იქვე.

[49]Alireza Tari: Esliotmenjatsankcii, torgovyjoborotmežduGruziej i Iranomvyrastet v 5 raz, in: New Caucasus, 14.3.2014, <http://newcaucasus.com/index.php?newsid=6900&gt;.

[50]Каландадзе: Углубление связей с Ираном не противоречит грузинской политике в адрес Запада, in: Вестник Кавказа, 23.4.2012, <http://vestikavkaza.ru/news/56600.html&gt;.

[51] Paula Newton: Courting Iran and the West, Georgia walks a fine line, 15.6.2012, <http://edition.cnn.com/2012/06/15/world/europe/georgia-iran-west-relati…;.

[52] Георгий Векуа: Грузия: «растерянность и неопределенность» in: Кавказский Геополитический Клуб, 2015, <http://kavkazgeoclub.ru/content/gruziya-rasteryannost-i-neopredelennost…;.