20-21 მაისს ბერლინში, ევროპის ისტორიის ფორუმს დავესწარი - “30 წელი 1989 წლიდან: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის? ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. როგორ ხდება "1989 წლის" ინტერპრეტირება დღეს”. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ბიუროს მიერ გამოცხადებული 1989: ისტორიის კონკურსის ფარგლებში საშუალება მქონდა მომესმინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორია, შეფასებები და ისტორიოგრაფიის გარშემო მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ.
ჩემი საკვლევი თემა 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციებს ეხებოდა. საქართველოში დღეს 1989 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება. 30 წლის თავზე ასე იხსენებენ ამ დღეს. მართლაც, 1989 წელს განვითარებულმა მოვლენებმა, სხვა გარემოებებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა შექმნა. მაგრამ, როდის და როგორ დაიწყო 9 აპრილი? თემაზე მცირე კვლევითი გრანტის ფარგლებში მუშაობამ მაჩვენა, რომ 9 აპრილს რამდენიმე დასაწყისი აქვს: 1956 წლის მარტის აქციები, 1978 წლის დედაენის დაცვისთვის გამართული საპროტესტო გამოსვლები, 1980-იაი წლების დისიდენტური მოძრაობები.... ევროპის ფორუმზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ კი ახალი შეკითხვები გამიჩინა: როგორ შეიძლება საქართველოს ისტორიის გაგება მსოფლიო ისტორიის კონტექსტში და როგორ კითხულობს მსოფლიო ისტორია საქართველოს მოვლენებს?
ისტორიაზე საუბარს წყაროები სჭირდება. შესაბამისად, არქივები ევროპის ფორუმზე, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დახურული არქვივები პრობლემაა, თუმცა არა ყველა ქვეყანაში. მაგალითად, მონაწილემ ჩეხეთიდან, თქვა, რომ მათთვის არ არსებობს დახურული საკვლევი სივრცე ან არქივი. როგორ მოახერხეს ეს?
ფორუმზე დაისვა შეკითხვა საბჭოთა კავშირში რეპრესირებულთა და მასთან დაკავშირებული საარქივო მასლების საჯაროობასთან დაკავშირებით. მაგალითად გერმანია მოიყვანეს. ფორუმს გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, ანა ლოლუაც ესწრებოდა, რომელიც შეეცადა აეხსნა რატომ შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირის შემთხვევა გერმანისგან განსხვავებული - არსებობს მოლოდინი, რომ კაგებეს არქივებში შეიძლება ადამიანებმა საკუთარი ოჯახის წევრები ან წინაპრები აღმოაჩინონ. ართქმულა, თუმცა იგულისხმობოდა, რომ „ჯერ საკმარისი დრო არ გასულა“. ეს მდგომარეობა, გერმანიისგან განსხვებით, მართლაც, უფრო ართულებს არქივების ღიაობის საკითხს.
ამ დისკუსიების მოსხმენის შემდეგ, ვფიქრობ, რომ არქივების გახსნაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს სხვა რამე კი საჯარო დისკუსიებია. საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაიხსნას არქივი და რას მოუხერხებს ამ მასალებს? ვინ იმუშავებს არქივზე და რისთვის გამოიყენებენ ამ მონაცემებს? რა რისკები დგას და როგორია მათი შემცირების გზები? რატომ გვინდა არქივის გახსნა?
ფორუმის დაწყებამდე ვღელავდი. ვფიქრობდი - საქართველოს წარმომადგენელი ვარ თუ წარმომადგენელი საქართველოდან? ბოლოს ეს შეკითხვა სადღაც გაქრა.