2019 წლის 21-22 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად ჩაატარა სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკაზე. კონფერენციის მთავარი მიზანი მეხსიერების პოლიტიკაზე მსჯელობა და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მეხსიერების კვლევებისა და საბჭოთა წარსულის გადააზრების საკითხების განხილვა იყო.
რეგიონულმა კონფერენციამ შესაძლებლობა მისცა მკვლევარებს, სტუდენტებსა და პროფესორებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მეხსიერების პოლიტიკაზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო დისკუსიების დროს, მომხსენებლებმა ისაუბრეს ისტორიისა და მეხსიერების კვლევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულეზე, მათ შორის, არქივების გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე, კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების სიმცირეზე და სხვა.
კონფერენცია გაიხსნა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის, კულტურის კვლევების და თეატრის ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, პოლიტიკის მეცნიერის, ლილიანა რადონიჩის ლექციით - რატომ არის მნიშვნელოვანი მეხსიერების პოლიტიკა - ომები მეხსიერების შესახებ პოსტ-კომუნისტურ და პოსტ-იუგოსლავიურ კონტექსტში. მომხსენებელმა ისაუბრა თუ რა როლი შეასრულა იუგოსლავიაში მიმდინარე ომების პერიოდში მეხსიერების შესახებ არსებულმა დაპირისპირებებმა ნაციონალისტურ მობილიზაციაში. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ტიპის მეხსიერების პოლიტიკა შეიძლება გარკვეულწილად ჩაითვალოს ისტორიის ინსტრუმენტალიზაციად. მიუხედავად ამისა, არსებობს დიდი განსხვავება ერთი მხრივ, რესურსების მქონე (სახელმწიფო) აქტორებს შორის, რომლებიც სხვადასხვა დემოკრატიული საშუალებით ცდილობენ თავიანთი ისტორიული ნარატივი წარმოაჩინონ როგორც ჭეშმარიტ/მთავარ ისტორიად და მეორე მხრივ, ავტორიტარული ცენზურა, რომელიც ეწინააღმდეგება (თვით) კრიტიკულ ისტორიულ ნარატივებს მეხსიერების პოლიტიკის სადავო კანონების მიღებით ან მედიის კონტროლით, როგორც ეს იყო ყოფილ იუგოსლავიაში 1990-იან წლებში ან ამჟამად მიმდინარე პროცესები პოლონეთსა და უნგრეთში.
Why Memory Politics Matters - Dr. Ljiljana Radonic - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeლექციის შემდეგ გაიმართა პირველი პანელური დისკუსია თემაზე - როგორ ვსაუბრობთ საბჭოთა წარსულის შესახებ სამხრეთ კავკასიაში და როგორ ახდენს გავლენას საბჭოთა წარსული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე?
აღნიშნული პანელის პირველმა მომხსენებელმა დავით ჯიშკარიანმა, რომელიც არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ისტორიკოსი, ისაუბრა, რომ საბჭოთა ისტორია საქართველოში წარმოჩენილია ისე, თითქოს ის იყოს სხვათა და არა ჩვენი, საქართველოს ისტორია. ამასთანავე, საბჭოთა ისტორიის ინსტრუმენტალიზება ხდება ყოველდღიურად და ის პოლიტიკური და ინტელექტუალური ცხოვრების ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც ისტორიკოსებს სირთულეების წინაშე აყენებს - ერთი მხრივ, მათ უწევთ პროპაგანდასთან ბრძოლა, ხოლო მეორე მხრივ, მათ მუშაობა უწევთ ისეთ სამეცნიერო სივრცეში, სადაც ისტორიაზე საუბარი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
როგორ ვსაუბრობთ საბჭოთა წარსულის შესახებ სამხრეთ კავკასიაში - დავით ჯიშკარიანი - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeპანელის შემდეგი მომხსენებელი, სერგეი რუმიანცევი, დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევის ცენტრის თანა-დამფუძნებელი, შეეხო თუ რა დამოკიდებულება არსებობს პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანში საბჭოთა წარსულის მიმართ. მან ისაუბრა საბჭოთა მემორიალების დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის საკითხზე. ასევე აღნიშნა, რომ მართალია ბოლო პერიოდში ცოტათი იცვლება დამოკიდებულება, თუმცა ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში საბჭოთა წარსულის შესახებ გამოცემები არ არის პოპულარული და ამ თემაზე ხშირი დისკუსიები არ მიმდინარეობს.
How do we talk about the Soviet Past - Dr. Sergey Rumyantsev - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeშემდეგი მოხსენება შეეხებოდა სომხეთში პოსტ-საბჭოთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დღესასწაულების საბჭოურ ენას. მომხსენება წაიკითხა გოჰარ სტეფანიანმა, რომელიც ისტორიის დოქტორია და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობს. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდის დღესასწაულებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საბჭოთა წარსულის შესახებ მეხსიერებაში. ზოგჯერ, ეს მოგონებები იმდენად მტიკიცეა, რომ მიუხედავად იმისა თუ რა მნიშვნელობას ატარებს ესა თუ ის დღესასწაული თანამედროვეობაში, ის ემსგავსება მაისის დღის ტრადიციულ აღნიშვნებს. თუ დღესასწაულების ჩატარების ინიციატორები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ასეთ შემთხვევაში მსგავსი წეს-ჩვეულებები ქვემოდან წამოსული პრაქტიკაა, ხოლო თუ დღესასწაულებს ცერემონიალური დატვირთვა აქვთ და ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ ხდება მათი ჩატარება, მსგავსი დღესასწაულები ზემოდან თავმოხვეულად მიიჩნევა.
Soviet past in the present: The Soviet language of holidays in post-Soviet everyday life - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeშემდეგი მომხსენებელი - თამარ ქარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შეეხო მეხსიერების პოლიტიკის სტრატეგიებს პოსტ-რევოლუციურ საქართველოში და აღნიშნა, რომ 2006 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება მოხდა რუსეთის ფედერაციიდან, მეხსიერების პოლიტიკის ტენდენციები სწრაფად შეიცვალა. ისეთი ტერმინები, როგორებიცაა - ოკუპაცია, რეპრესია და ა.შ პოლიტიკურ დისკურსში გამოჩნდა. ამ პერიოდიდან, მეხსიერების პოლიტიკის სტრატეგიები უკავშირდება ვიქტიმიზაციის პოლიტიკას, ხოლო კოლექტიური მეხსიერება ფორმირდება როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
მეხსიერების სტრატეგიები პოსტ-რევოლუციურ საქართველოში - თამარ ქარაია - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeკონფერენცია გაგრძელდა მეორე პანელური დისკუსიით, რომელიც ეხებოდა მსხვერპლისა და დამნაშავის საკითხს.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატოორის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა რომ ტოტალიტარული წარსულის გადააზრების კუთხით საქართველოში ფუნდამენტური ნაბიჯები არ გადადგმულა. ფართო საზოგადოებაში, კოლექტიურ დონეზე არ მომხდარა ისეთ თემებზე მსჯელობა, როგორებიცაა: სად არის ზღვარი მსხვერპლსა და დამსჯელებს შორის? რა ფორმით ვიხსენებთ მსხვერპლებს? რა აიძულებდათ ადამიანებს ყოფილიყვნენ საბჭოთა რეჟიმის სამსახურში? დღეს საქართველოში მეტნაკლებად დამკვიდრებულია საბჭოთა პერიოდის მსხვერპლებზე საუბარი, თუმცა აბსოლიტურად არ ხდება საუბარი მეორე მხარეზე ანუ სისტემაზე, ტოტალიტარიზმზე და იმ ადამიანებზე ვინც იყვნენ ამ ტოტალიტარული რეჟიმის შემქნელები.
ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე - ირაკლი ხვადაგიანი - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeშემდეგი მომხსენებელი გახლდათ გაიანე შაგოიანი, რომელიც ანთროპოლოგია და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიაში ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობს. მან ისაუბრა თუ როგორ ხდება სომხეთში ხალხის მიერ, ქვემოდან და არა ოფიციალური პირების მხრიდან, საბჭოთა წარსულის პერიოდის მსხვერპლებისა და დამნაშვეების საკითხის გააზრება. ის ასევე შეეხო ლუსტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და არქივების ღიაობის თემას.
Who is the victim, who is the perpetrator - Gayane Shagoyan - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeპანელი გაგრძლედა მოხსენებით, რომელიც წაიკითხა ელგუჯა კაკაბაძემ, სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამის ისტორიის მიმართულების დოქტორანტმა. მან მიმოიხილა ის ფაქტორები თუ როგორ გაიაზრებს თანამედროვე გერმანული ისტორიოგრაფია საბჭოთა წარსულს და როგორ ხდება მისი მუზეუმში წარმოდგენა, რა დაბრკოლებები ხვდება მას ამ გზაზე და როგორ ჭრიან ამ პრობლემებს.
მეხსიერების პოლიტიკა მუზეუმებში -გიორგი კაკაბაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeკონფერენციის მეორე დღე გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი მაისურაძის ლექციით - პოსტ-საბჭოთა საქართველო - საკუთარი ადგილის ძიებაში. მომხსენებელი შეეხო მეხსიერების ფორმებს და იმ ძირითად ტენდენციებს, რაც დამახასიათებელია პოსტ-კოლონიური მდგომარეობისთვის. გიორგი მაისურაძემ ასევე ისაუბრა სხვადასხვა სიმბოლოებსა და ნარატივებზე, რომლებიც იქმნებოდა საქართველოს სხვადასხვა პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში. მან აღნიშნა, რომ ანტიიმპერიული აფექტი და მთელი ისტორიული პერიოდის მოდიფიკაცია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პოსტ-საბჭთა საქართველოს კოლექტიური მეხსიერებას.
პოსტ-საბჭოთა საქართველო - საკუთარი ადგილის ძიებაში - გიორგი მაისურაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeლექციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც შეეხო ისტორიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას. პირველი მოხსენება წაიკითხა ელნურა ჯივაზადამ, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით, მაინცის იოჰანეს გოტენბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტმა. ის შეეხო სტალინიზმის მეხსიერებას ბაქოს ვიზუალურ კულტურაში და აღნიშნა, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, აზერბაიჯანში სტალინიზმის შესახებ მეხსიერება ხასიათდებოდა დამნაშავის როლის გარე/სხვა პირებზე პასუხისმგებლობის გადატანით. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მდგომარეობას, რომ ქვეყანაში წამებისა და სიკვდილით დასჯის ადგილების მონიშვნა არ მომხდარა და არ დაწესებულა რეპრესიების მსხვერპლთა აღნიშვნის დღე.
Memory of Stalinism in visual culture in Baku-Elnura Jivazada - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeშემდეგი მოხსენება შეეხო რეპრესირებულ ქალებს. ლელა გაფრინდაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა აღნიშნა, რომ ქალთა ისტორიის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ბევრი პრობლემა არსებობს, როდესაც არ ხდება სათანადო და სიღრმისეული კვლევა სხვადასხა ისტორიულ თუ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ქალების საქმიანობის კვლევა.
ანა ლოლუამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტმა აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით (ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა) მოხსენება წაიკითხა საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციების შესახებ ოკუპაციის მუზეუმის მაგალითზე.
ისტორიის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში - ანა ლოლუა - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeშემდეგი მოხსენება შეეხო საბჭოთა ისტორიის იერარქიას. მომხსენებელმა - ევია ჰოვანისიანმა, პროექტების კოორდინატორმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისი სომხეთში, ხაზი გაუსვა თუ როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს ისტორიის დაყოფა რესპუბლიკის, რეგიონალურ და ეთნიკური უმცირესობების ისტორიის დონეებად, ასევე თუ როგორ ხდებობდა სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისთვის ისტორიის გადაწერა.
ოლივერ რაისნერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისაუბრა ისტორიის მნიშვნელობაზე მეხსიერების პოლიტიკის წარმოებისას და აღწერა საქართველოში 1990-იანი წლებიდან მიმდინარე ნაციონალიზაციის სტრატეგიები. მოხსენების დროს მან რამდენიმე საინტერესო სადისკუსიო საკითხი წამოწია, როგორიცაა ისტორიოგრაფიის ლიმიტები საქართველოში, როგორ შეუძლია ზეპირ ისტორიებს ხელი შეუწყოს საქართველოს უახლესი წარსულის შესახებ კვლევას და ა.შ.
Dr. Oliver Reisner - Political instrumentalization of history - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeდღის ბოლოს მოხდა კონფერენციის შეჯამება და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხრიდან სამომავლო გეგმებზე საუბარი.