ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი ჩილეში მოიცავდა შეხვედრებს არაერთ მსხვილ სამთო-მომპოვებელ კომპანიასთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დღის განმავლობაში იმდენად ბევრ ინფორმაციას ვიღებდით, რომ გონება მის გადახარშვას ძლივს ასწრებდა. განსაკუთრებით ემოციური და საინტერესო ჩემთვის მოგზაურობის ბოლო დღე აღმოჩნდა. ადგილი, რომელსაც ვესტუმრეთ, ჩილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ვალპარაისო ჩილეს საზღვაო რეგიონია, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. იქ ჩასული ადამიანი, რთულია, არ მოიხიბლოს წყნარი ოკეანის სანაპიროთი და მშვენიერი ქალაქებით, რომლებიც ფერადი დაბალი შენობებით არის გაშენებული. სწორედ ამ რეგიონში გვხვდება რამდენიმე ქალაქი, რომელსაც მოსახლეობა „მსხვერპლად შეწირულ ზონას“ (sacrifice zones) უწოდებს. სწორედ ამ ზონის და აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ გიამბობთ.
პირველი კითხვა, რომელიც აქ სტუმრობისას გიჩნდება – რატომ დაარქვეს ამ ტერიტორიას „sacrifice zones“?
მოსახლეობა საკვებად აკვატორიაში დაჭერილ თევზს თუ ფრინველს ვეღარ იყენებს. ერთ-ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩაატარეს და ფრინველების გაკვეთის შემდეგ ნახეს, რომ მათი შიგნეულობა მწვანე შეფერილობის იყო. ყველაფერი 1950-იან წლებში დაიწყო, როდესაც ტერიტორიაზე პირველი მსხვილი ინდუსტრიული კომპანია გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები იხსენებენ, ერთი ქარხნის მშენებლობას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ა.შ. დღეისათვის, ამ ინდუსტრიულ ზონაში 18 სხვადასხვა სახის საწარმო ფუნქციონირებს; მათ შორისაა ქიმიური საწარმოები, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა და ოთხი დიდი თბოელექტროსადგური. ქალაქების ტერიტორიაზე დაბინძურებულია ნიადაგი, წყალი, ჰაერი. მოსახლეობას აწუხებს სხვადასხვა სახის დაავადება, ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა სიმსივნურმა დაავადებებმა.
ის კომპანიები, რომლებიც „მსხვერპლად შეწირულ ტერიტორიაზე“ ახორციელებენ საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობენ. რაში გამოიხატება ეს? – სახელმწიფომ მათთვის ზღვრულად დასაშვები ნორმების ზღვარი დასწია და ამ საწარმოებს სრულიად სხვა ნორმები დაუწესა. იმაზე ბევრად დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივ კანონით დასაშვებია. შესაბამისად, დღეისათვის ამ ზონაში მოქმედი კომპანიები იმაზე მეტად აბინძურებენ გარემოს, ვიდრე ამის უფლება ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე აქვთ.
მოსახლეობამ სამრეწველო ზონას და მიმდებარე ქალაქებს თვითონ დაარქვა „მსხვერპლად შეწირული ზონა“. მიზეზი მარტივია – აქ გარემო და ადამიანები მსხვერპლად არიან შეწირული კომპანიების საქმიანობასა და „ეკონომიკურ წინსვლას“.
ვალპარაისოს მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ „მსხვერპლად შეწირული ზონა“ ერქვა ისეთ ტერიტორიებს, რომელსაც სახელმწიფო სამხედრო წვრთნებისთვის გამოყოფდა და იქ ყველანაირი საქმიანობა დასაშვები იყო. შესაბამისად, ასეთ ტერიტორიებზე გარემო მსხვერპლად ეწირებოდა სამხედრო ცდებს. ვალპარაისოს მკვიდრებმაც სამრეწველო ზონას ეს სახელი დაარქვეს, რადგანაც გარემოც და აქ მცხოვრები ადამიანებიც სახელმწიფომ სხვადასხვა კომპანიის საქმიანობის წინსვლისთვის გაწირა და მათ წინაშე მარტო დატოვა.
კომპანიების მიერ ტერიტორიის ათვისებამდე, „მსხვერპლად შეწირული ზონა“ და მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებით იზიდავდა ტურისტებს. იქ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა. მას შემდეგ, რაც კომპანიებმა საქმიანობა დაიწყეს, ყველაფერი შეიცვალა. იქაურობას ტურისტები აღარ სტუმრობენ. განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიკეტა სასტუმროები, კაფეები.
მიუხედავად ყველაფრისა, მოსახლეობა ამ სიტუაციას ეგუებოდა იქამდე, სანამ ერთი წლის წინ 2000-მდე ადამიანი დაბინძურების შედეგად არ მოიწამლა, მათი დიდი ნაწილი ბავშვები აღმოჩნდნენ. როგორც გვიყვებიან, დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები, პროტესტიც სწორედ აქედან დაიწყო და მას ძირითადად ქალები ჩაუდგნენ სათავეში.
კატა ალონსო (ვალპარაისოს მკვიდრი) –იხსენებს, რომ ეს პროცესები მის თვალწინ ხდებოდა. ადგილობრივები ხედავდნენ, როგორ იცვლებოდა მათი საცხოვრებელი გარემო უარესობისაკენ. როგორ იცვლებოდა თანდათან ოკეანის სანაპირო ზოლი. – „ხშირად,ქვანახშირის გადმოტვირთვისას, ისინი წყალში იყრება და სანაპირო მთლიანად შავ შეფერილობას იღებს“.
დღეისათვის, საწარმოების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართულია „მსხვერპლად შეწირულ ზონაში“ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი, ვალპარაისოს უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაცია. ისინი თავიანთი რესურსით ახორციელებენ კვლევებს, ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ, საჩივრით მიმართა გარემოსდაცვით სასამართლოს (გარემოს დაცვის სფეროში სპეციალიზებული სასამართლო), რომელმაც გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევების ჩასატარებლად და საბოლოო ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ერთ წლის ვადა მისცა. ვალპარაისოს მკვიდრნიც ამ საბოლოო ანგარიშის შედეგებს ელოდებიან.
ჩვენს კითხვაზე, თუ რა არის პროტესტის ძირითადი მიზანი, გვიპასუხეს, რომ სურთ, თავდაპირველად ორი ყველაზე დიდი კომპანიის საქმიანობა შეწყვიტონ ამ ტერიტორიაზე. თუ ეს მოახერხეს, გამარჯვებად ჩათვლიან.
ჭიათურა, როგორც „მსხვერპლად შეწირული ზონა“
ჩილეში ყოფნის დროს ვთქვით, რომ საქართველოში ჩვენც გვაქვს კომპანიებს მსხვერპლად შეწირული ზონები; ერთ-ერთი ასეთი ადგილია ჭიათურა. მიუხედავად იმისა, რომ ვალპარაისო და ჭიათურა, სხვადასხვა კონტინენტზეა განლაგებული, ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიები, თითქოს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სახელმწიფომ ორივე ქალაქი და მოსახლეობა ხომ მსხვერპლად შესწირა კომპანიებს და მათ კეთილდღეობას. აქაც ხომ სახელმწიფო ყველანაირ კომფორტს უქმნის ახალ კომპანიებს, განახორციელონ დამატებითი საქმიანობები და ააშენონ კიდევ უფრო მეტი ქარხანა ინდუსტრიულ ქალაქში.
ქალაქში მოსახლეობას შეზღუდული აქვს სუფთა წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე წვდომა. ჭიათურაში ჩემი ყოველი სტუმრობისას, ადგილობრივები სულ უფრო ემოციურად მიყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ, იმაზე, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა სხვადასხვა სახის დაავადებით დასნებოვნებულ ადამიანთა რიცხვმა. მოსახლეობა მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ არ სურთ კიდევ დამატებით ახალი ქარხნების მშენებლობა, თუმცა, როგორც ამბობენ, აზრს დღემდე არავინ ეკითხება.
ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან დაკავშირებული საკითხი ჭიათურაშიც სავალალო მდგომარეობაშია. მიუხედავად კანონის არსებობისა, კომპანიები მათ თითქმის არასოდეს იცავენ. ყველაფერი კი, მათთვის დაკისრებული მცირედი ჯარიმით სრულდება, თუმცა ქარხნები მუშაობას კვლავინდებურად განაგრძობენ. მთავრობა კი ისევ სირაქლემას პოზაშია[1].
სახელმწიფომ აქაც ქალაქი და სოფლები საცხოვრებლად უვარგისი გახადა და მოსახლეობას მათ დასატოვებლად ყველანაირ პირობას უქმნის. თუმცა, მოსახლეობა ჩვენთან ჯერ თავის ძალას ვერ აცნობიერებს. ერთადერთ გამოსავალს კი გაქცევაში, სხვაგან გადასახლებაში ხედავს (ამაზე თანახმანი არიან, თუნდაც, მცირედი კომპენსაციის პირობებშიც კი). შესაბამისად, იცლება სოფლები, ქალაქები.
ვალპარაისოში, „მსხვერპლად შეწირულ ზონაში“ მცხოვრები მოსახლეობის შემართებამ აღმაფრთოვანა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, არავინ ფიქრობს თავიანთი რეგიონის, ქალაქის დატოვებას. ისინი ცდილობენ, თავად კომპანიები აიძულონ, ეს ტერიტორია დატოვონ. მიუხედავად მრავალი დარტყმისა, ეს ქალები, კაცები, ბავშვები იბრძვიან.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფომ ინდუსტრიული განვითარებისათვის გაწირა. ადამიანები, რომლებმაც ბრძოლა ისწავლეს. ადამიანები, რომლებიც დიდ სახელმწიფო მანქანას საკუთარი რესურსით დაუპირისპირდნენ და ცდილობენ, თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
ჩვენი რეალობა სხვაგვარია, ადამიანები ჭიათურაში კვლავ უიმედოდ არიან, კვლავ ცდილობენ გაქცევას. გაქცევას თავიანთი მიწა-წყლიდან. თუმცა, მაინც არსებობს იმედი – იმედი იმისა, რომ ერთ დღეს ჩვენს ქვეყანაშიც გაიღვიძებენ ადამიანები, არ დანებდებიან და დაიწყებენ ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის!
[1] მწვანე ალტერნატივა, 2018. „ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი – საწარმოს გაჯანსაღების თუ წილების გადანაწილების მორიგი მცდელობა?“