ნაგავი მსოფლიოსთვის

1950-იან წლებამდე ადამიანი ისევე სათუთად ეპყრობოდა პლასტმასას, როგორც შუშას ან აბრეშუმს. მისი უპირატესობები სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს. ასე გაჩნდა ცხოვრების სტილი, რომლის შედეგადაც გამუდმებით იწარმოება ნაგავი.

სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების პლასტმასის ნაგავი

მეოცე საუკუნის განმავლობაში ნებისმიერი სამომხმარებლო ნივთი გამძლეობასა და ხანგრძლივ გამოყენებას ითვალისწინებდა. მაღაზიებში შეძენილი სურსათისა და სასმელების შეფუთვა-ჩამოსხმაზე მყიდველი დიდწილად თავად ზრუნავდა. შესაფუთი მასალა და ბოთლები მრავალჯერ გამოიყენებოდა, შესაძლებელი იყო მათი დაბრუნებაც. მას შემდეგაც კი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლასტმასის მასობრივი წარმოება დაიწყო, მომხმარებელი მისგან დამზადებულ პროდუქტებს თავიდან ისევე ფაქიზად ეპყრობოდა, როგორც მანამდე გავრცელებულ შესაფუთ მასალას.

1950-იანი წლების მეორე ნახევარში, მასობრივი სამომხმარებლო კულტურის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა ბუნებრივ რესურსებზე როგორც ეკონომიკის სფეროს, ისე საზოგადოების მოთხოვნილება. მრეწველობამ ხელიდან არ გაუშვა ფულის დაზოგვის შანსი და, დისტრიბუციის სისტემის გამარტივების მიზნით, დაიწყო ერთჯერადი ხმარების შესაფუთი მასალისა და ბოთლების წარმოება. ასე ჩაეყარა საფუძველი დღეს საყოველთაოდ გავრცელებულ „ნაგავში გადაძახების მენტალიტეტს”.

1960-იანი წლების დამდეგს დასავლეთის ქვეყნების ნაგავსაყრელები და ნარჩენების დაწვის პუნქტები პლასტმასის პროდუქტებმა წალეკა. ერთჯერად შესაფუთ მასალაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდა. 1970-იანი წლების მიწურულისთვის ეს პროცესი მთელ მსოფლიოში წარმატებით დასრულდა. 1978 წელს „კოკა-კოლამაც” დაიწყო პლასტმასის ბოთლების წარმოება, როგორც თავისი საქვეყნოდ ცნობილი მინის ბოთლის ალტერნატივისა. ეს ნაბიჯი ახალი ეპოქის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

1980-იან წლებში დასავლეთში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა, რომ პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების პრობლემას მათი გადამუშავება მოაგვარებდა. ათწლეულის ბოლოს ვეღარსად შეხვდებოდით ლიმონათისა თუ რძის ბოთლებს, რომლებიც ხელახალი გამოყენებისთვის იქნებოდა გამიზნული. ისინი პლასტმასის გადასაგდებმა ბოთლებმა შეცვალა. ერთჯერადი დისტრიბუციის სისტემამ მწარმოებლებს საშუალება მისცა, ახალი, შორეული ბაზრები დაეპყროთ. განვითარებადმა ქვეყნებმაც მყისვე აითვისეს მათთვის სამაგალითო დასავლური მოდელი. „ნაგავში გადაძახების” სტილი ბევრს პროგრესისა და თანამედროვეობის გამოხატულებად ესახებოდა.
მეოცე საუკუნის დამლევისთვის ცხოვრება კიდევ უფრო საქმიანი გახდა. იზრდებოდა დასაქმებულთა რიცხვი. დიდ ტერიტორიებზე იშლებოდა ქალაქები და იზრდებოდა შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინ მიმავალთა რაოდენობა. შეიცვალა დამოკიდებულება თავისუფალი დროის მიმართ და ოჯახები (განსაკუთრებით ქალები) თანდათან სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობდნენ სხვადასხვა სახის საოჯახო საქმეებს. საყინულეებისა და მიკროტალღური ღუმლების დახმარებით ახალთახალი პროდუქტებისგან დამზადებული კერძები ჩაანაცვლა სუპერმარკეტებში შეძენილმა ნახევარფაბრიკატებმა.

ასეთი „კომფორტული ცხოვრების სტილის” დამკვიდრებას ხელი შეუწყო პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების გაჩენამ: ცელოფანის პაკეტები, პლასტმასის საწრუპები, დანა-ჩანგალი, ჭიქები და ბოთლები, თან წასაღები საჭმელ-სასმელი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყველაფერს იოლად იძენ, მოხერხებულად მოიხმარ და მერე, უბრალოდ, ნაგავში გადაუძახებ. ერთჯერადი მოხმარების პროდუქტები კაპიტალისტურ ეკონომიკაში ცხოვრების სტილის სიმბოლოებად იქცა.


რამდენ ხანს ცხოვრობს პლასტმასა  - ინფოგრაფიკა

ეს მენტალიტეტი თავს იჩენს პოპულარული კულტურის უმთავრეს სფეროებში, მაგალითად, სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიებებისას, ან ჰოლივუდის ფილმებში. დაწყებული კოლეჯის სტუდენტთა წვეულებით, სადაც პლასტმასის დანა-ჩანგალს მოიხმარენ, დამთავრებული პოპულარული სერიალის გმირით, რომელსაც, სამსახურში მიმავალს, ხელში ყავით სავსე ერთჯერადი ჭიქა დაუჭერია – ამგვარ სცენებს ხშირად შეხვდებით კინო თუ ტელე ეკრანებზე. იქიდან ეს კულტურა მთელ მსოფლიოში ვრცელდება. შედარებით ღარიბი რეგიონების მოსახლეობა პლასტმასის ერთჯერად პროდუქტებს ცხოვრების დასავლური სტილის ნაწილად, პრესტიჟულად მიიჩნევს და, შესაბამისად, მასობრივად იყენებს. კონცერნებსა და კომპანიებს ძალიანაც მოსწონთ საქმის ამგვარი ვითარება და ძალას არ იშურებენ მის განსამტკიცებლად.

პლასტმასის ნაგავი ევროკავშირში - ინფოგრაფიკა

სპორტული, მუსიკალური თუ სხვა დიდი ღონისძიებების შემდეგ გროვდება დიდძალი ნაგავი, რომელიც ან ნაგავსაყრელებზე უნდა წაიღო, ან დაწვა. ამ გარემოებამ ორგანიზატორთა ერთი ნაწილი სერიოზულად დააფიქრა. ზოგმა მათგანმა შემოიღო მრავალჯერადი სარგებლობის ჭიქები, რომლებსაც გარკვეული საფასურის  სანაცვლოდ  „გათხოვებენ” და ჭიქის უკან მიტანის შემთხვევაში თანხას სრულად გიბრუნებენ.

ბოლო ხანს გაჩნდა კომპოსტირებისთვის გამოსადეგი თეფშებიც. თან წასაღები სასმელ-საჭმლის მიმწოდებლები თავიანთ კლიენტებს სულ უფრო ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებებს, თუ ეს უკანასკნელნი საკუთარ ჭურჭელს გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, „ნაგავში გადაძახების მენტალიტეტს” საზოგადოებაში მყარად აქვს გადგმული ფესვები. დაბინძურების შედეგად გაჩენილ ხარჯებს ამ პროდუქტების წარმოებისას არავინ ითვალისწინებს.