ბოროტებაც, სიკეთეც

1950-დან 2017 წლამდე პერიოდში მსოფლიოში აწარმოეს 9,2 მი- ლიარდი ტონა პლასტმასა. დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, ერთ ადამიანზე ტონაზე მეტი პლასტმასა მოდის. მაგრამ მთელი ეს პროდუქცია და მისი მომხმარებელი დედამიწის მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია კონცენტრირებული: ესენია ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი ამერიკა და დასავლეთი ევროპა.


პლასტმასა ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. მისგან ამზადებენ ცელოფნის პარკებს, მობილურ ტელეფონებს თუ ავტომანქანების ხელსაწყოთა პანელებს. მაგრამ პლასტმასის პროდუქტების თითქმის ნახევარი გაყიდვიდან სულ რაღც ერთ თვეში ნაგვად იქცევა. გადასამუშავებლად უმნიშვნელო ნაწილი იგზავნება.


გამძლე, მსუბუქსა და მოქნილ პლასტმასას უამრავი სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტის წარმოებისას იყენებენ. მაგრამ თავდაპირველი განზრახვის საწინააღმდეგოდ, რაც პლასტმასის მაღალხარისხიან მასალად ქცევას გულისხმობდა, დღეს მას ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი პროდუქტების საწარმოებლად მიმართავენ. ყოველდღიური მოხმარების მრავალ პროდუქტს ადამიანი მხოლოდ ერთხელ და ისიც, უმრავლეს შემთხვევაში, სულ მცირე ხნით მოიხმარს, რის შემდეგაც ეს პროდუქტები სანაგვეზე ხვდება. ამ მასალის თვისებები ერთდროულად ბოროტების მომტანიც არის და სიკეთისაც. პლასტმასა უაღრესად გამძლე მასალაა. და მისი დაშლის პროცესიც სწორედ ამიტომ არის ესოდენ ხანგრძლივი.

მოხმარება მრეწველობის დარგების მიხედვით, მთლიანი მოცეულობა 438 მილიონი ტონა ყოველი სიმბოლოსთვის, 2017 წელი - ინფოგრაფიკა

ყოველწლიურად მსოფლიოში 400 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა იწარმოება. აქედან ერთი მესამედი შესაფუთ მასალაზე მოდის.


პლასტმასა თავის თვისებებს ინარჩუნებს როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის პირობებში. ის დრეკადიც შეიძლება იყოს და მკვრივიც. მაგალითად, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი (LDPE) გამძლე, დრეკადი და გამჭვირვალე მასალაა და ამიტომ ფოლგისა თუ სურსათის დამცავი აფსკის დასამზადებლად გამოიყენება.

პოლიეთილენტერეფტალატი (PET) არ ატარებს არც აირებს და არც თხევად ნივთიერებებს, რის გამოც მას აქტიურად იყენებენ სასმელი ბოთლების წარმოებისას. პოლიპროპილენის თვისებებია დნობის მაღალი ტემპერატურა და გამძლეობა სხვადასხვა ქიმიკატის მი- მართ, რაც ამ ნივთიერებას მოსახერხებელს ხდის ცხელი სითხეების ტრანსპორტირებისთვის. პოლისტიროლს შეუძლია სასურველი ფორმა მიიღოს, მყიფე, გამჭვირვალე ან ქაფისებრი იყოს, რის გამოც მას იყენებენ დამცავ შესაფუთ მასალად ან სურსათის კონტეინერების დასამზადებლად. პოლივინილქლორიდისგან (PVC) მზადდება მკვრივი ან დრეკადი შესაფუთი მასალა, რომელიც არც ჟანგბადს ატარებს და არც წყალს.


ერთჯერადი მოხმარების პლასტმასა პლასტმასის გლობალური კრიზისის სიმბოლოდ იქცა, არადა წარმოება ძირითადად მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ხორციელდება.


ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის საქონლის წარმოება რეგიონების მიხედვით - ინფოგრაფიკა

პლასტმასა სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამშენებლო სფეროშიც, მაგალითად, იატაკის საფარის, კარ-ფანჯრისა თუ მილების დასამზადებლად. მისგან დამზადებული პროდუქტები უაღრესად გამძლე და, ამავე დროს, მოქნილია, არ ლპება და არ იჟანგება, და სიმკვრივის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

სამშენებლო სექტორში ყველაზე ხშირად იყენებენ პოლივინილ ქლორიდს. ამ პლასტმასის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც მისი გამძლეობა და მექანიკური სიმტკიცე, ისე მისი სიმჩატე. მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE) დამზადებული მილები გაუმტარია და არ იჟანგება, გამძლეა გარემოს გავლენების მიმართ. იმავდროულად, ისინი დრეკადიცაა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი გატარება უკვე არსებულ მილებში.

პლასტმასის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ავტომანქანებისა თუ თვითმფრინავების, მატარებლებისა თუ გემების მშენებლობა. მი- ზეზი აქაც მასალის გამძლეობასა და სიმჩატეში, მის მოქნილობასა და გადამუშავებისუნარიანობაში უნდა ვეძებოთ. ამასთანავე, პლასტმასის ნაწილებს ნაკლებად სჭირდება მოვლა, დრეკადობის წყალობით ისინი კარგად იტანენ ვიბრაციას. პლასტმასის გარეშე დღეს ვერ- ცერთი ავტომანქანა ვეღარ იმოძრავებდა. ყველაზე მეტი პლასტმასა გამოიყენება მანქანის სალონის ნაწილების, სავარძლების, ბამპერე- ბის, შალითების, ელექტროელემენტებისა და ხელსაწყოთა პანელე- ბის დასამზადებლად. ეკონომიურ, მსუბუქ გემებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად იზრდება მინისა და ნახშირის ბოჭკოთი გამდიდრე- ბული პლასტმასების წარმოება.

საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობაში გამოყენებული მასალები უნდა უძლებდეს ექსტრემალურ ტემპერატურას, არ უნდა ეშინოდეს კოროზიის, საავიაციო საწვავისა თუ ქიმიკატების. ამიტომ ისეთი პლასტიკური მასები, როგორებიცაა პოლივინილქლორიდი, აკრილი და პოლიამიდი, მრავლად გამოიყენება საავიაციო და სარაკეტო მშენებლობაში, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, თვითმფრინავებში პლასტიკური ნაწილების ხვედრითი წილი ოთხიდან 50 პროცენტამდე გაიზარდა.


2000 წლიდან დღემდე უფრო მეტი პლასტმასის წარმოება მოხდა, ვიდრე გასული საუკუნის 50 წელიწადში მთლიანად. წარმოების მოცულობა იზრდება.


პლასტმასის წლიური წარმოება მსოფლიო მასშტაბით - ინფოგრაფიკა

პლასტიკურ მასაზე მზარდი მოთხოვნილება უცილობლად წარმოშობს პრობლემებს მისი ლიკვიდაციისას. ექსპერტთა შეფასებით, ერთი თვის მანძილზე პლასტიკური პროდუქტების დაახლოებით 40  პროცენტი ნაგვად იქცევა. პლასტმასის ნაგვის ეს მუდმივად მზარდი მთა სერიოზულ პრობლემებს უქმნის გარემოს. პლასტმასის ნარ- ჩენების გადამუშავება ამ ვეებერთელა მთის შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა არა საუკეთესო. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2025 წლისთვის პლასტმასის წარმოების ყოველწლიური მოცულობა 600 მილიონ ტონას მიაღწევს. გადამუშავების ამჟამად არსებული სისტემები ნაგვის ასეთ მოცულობას ვერ გაუმკლავდება. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ 1950-იანი წლებიდან დღემდე წარმოებული რვა მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასიდან მხოლოდ ცხრა პროცენტის გადამუშავება მოხერხდა. გამოსავალი ერთია: უნდა შემცირდეს პლასტიკური მასების წარმოების მოცულობა.