კოვიდ-19, გარემოს დაცვა და მომავლის პერსპექტივები

კოვიდ-19-ის პანდემია სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე საზოგადოებებისთვის. მსოფლიოში დაავადების სწრაფი გავრცელების შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, იზოლაციისა და კარანტინის გამო დაიხურა საზღვრები, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მძიმედ პანდემიამ ღარიბ მოსახლეობას დაარტყა და კიდევ უფრო გაზარდა სიღარიბე და უთანასწორობა, ისედაც უთანასწორო მსოფლიოში.

კლიმატის აქციაზე გოგონა დგას ბანერით, რომელსაც აწერია გამწვა-ნება

რა კავშირია პანდემიასა და გარემოსდაცვით პრობლემებს შორის?

ახალი ადამიანური დაავადებების წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების დეგრადაციასთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კლიმატის ცვლილებით, რესურსების ინტენსიური მოპოვებით, ურბანული და აგრარული ექსპანსიითა და დაბინძურებით[1].

კოვიდ-19-ის შესწავლამ[2] ნათლად დაგვანახვა, რომ არსებობს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ვირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. კვლევის თანახმად, 2.5 ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM 2.5-ით) ჰაერის დაბინძურების სულ მცირედი (1მკგ/მ.კუბ.-ით) მატება იწვევს Covid-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების რისკის ზრდას 15%-ით.

გაჩერებული წარმოებებისა და მასობრივად შემცირებული სატრანსპორტო ნაკადების ფონზე, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. სწორედ ეს არის საერთაშორისო თუ ეროვნული მედიის ლამის ერთადერთი პოზიტიური რეპორტაჟი ბოლო კვირების განმავლობაში. მედია გვამცნობს, რომ პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინდოეთის პენჯაბის შტატში ჰიმალაის მთების მწვერვალები დაინახეს, ხოლო თბილისის მოსახლეობამ გაიხსენა როგორია ჰაერი, რომელსაც არ სდევს ბენზინის ნამწვის სუნი. თებერვლისა და მარტის თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა სათბური გაზების ემისიები[3].

კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით, კოვიდ-19-ის პანდემიას ჯერჯერობით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მოუტანია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მთლიანობაში, სათბური გაზების ემისია გლობალურად 2020 წლის განმავლობაში სულ რაღაც 0.3%-ით შემცირდება[4]. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს, სათბური გაზების ემისია შემცირდა 1.3%-ით, მაგრამ 2010 წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შედეგად გადაიფარა და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, ისევე როგორც ფინანსური კრიზისის დროს, ემისიების შემცირება ადამიანთა ტრაგედიებზე იყო დაფუძნებული და არა სისტემის სტრუქტურულ ცვლილებაზე, რაც სოციალურ სამართლიანობასა და სამართლიან ტრანსფორმაციას გულისხმობს. 

როგორია მთავრობების პასუხები დამდგარ კრიზისზე?

კრიზისის დროს, მთავრობათა უმეტესობა იძულებული გახდა, ჯანდაცვის სისტემების კონტროლი, ხელმძღვანელობა და დაფინანსება თავის თავზე აეღო, რადგანაც თავისუფალი ბაზრის უხილავი ხელის კონცეფციამ კაცობრიობის სასარგებლოდ ვერ იმუშავა და რეალობის გამოცდა ვერ გაიარა. უფრო მეტიც, მან ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას მთელ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესსერვისზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემები არ აღმოჩნდა ეფექტიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის.   

კარანტინის და იზოლაციის პირველივე დღეებიდან, ცხადი გახდა, რომ კოვიდ-19-ის პანდემია არ არის მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი და რომ მის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდებოდა სიღარიბე და უთანასწორობა, მძიმე ეკონომიკური რეცესიის ფონზე. 

ლოგიკურად, პანდემიის მერე, მთავრობებს უნდა გასჩენოდათ სტიმული, დაეჩქარებინათ მსოფლიოში არსებული გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების აღმოფხვრა, თუნდაც 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებისა და ეკონომიკის იმგვარი განვითარება, რომელიც  გაზრდის კაცობრიობის სასიცოცხლო სისტემების გარემოსდაცვით უსაფრთხოებასა და მედეგობას. თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად მიმდინარე პროცესები, უფრო და უფრო ნაკლებ იმედს გვიტოვებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ნასწავლი გაკვეთილები ფუჭად არ ჩაივლის.

თუ შევხედავთ, როგორ პასუხობენ მთავრობები კრიზისს, საკმაოდ მძიმე სურათი იხატება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA), მარტის ბოლოს, განუსაზღვრელი დროით გააუქმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების აუცილებლობა და კომპანიებს მიანიშნა, რომ ქვეყანაში წყლის ან ჰაერის დაბინძურებისთვის მათ არანაირი სანქცია არ ელოდებათ. EPA-ს განცხადებით, კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა ბიზნესს, ამიტომ მათ უჭირთ სუფთა ჰაერის და წყლის აქტების წესების[5] გატარება საკუთარი დასაქმებულებისა და საზოგადოების დასაცავად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, EPA კონკრეტულ დეტალებს განიხილავს და სანქციების დაკისრების ვალდებულებას შტატებს გადასცემს. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, ეს ნაბიჯი გაზრდის ვირუსით გამოწვეული ავადობის სიმძიმის საფრთხეს წარმოებების ირგვლივ დასახლებული დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ძირითადად აფროამერიკელი და ესპანურენოვანი მოსახლეობისთვის[6]. „ვაშინგტონ პოსტის“ ანალიზის თანახმად, ქვეყნის შავკანიან მოსახლეობაში, თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით, სამჯერ უფრო მაღალია ვირუსის გავრცელება, ხოლო სიკვდილიანობა ექვსჯერ. სტატიის მიხედვით, ავადობის მაღალი მიზეზი არის არსებული სიღარიბე, ჯანდაცვის სერვისებზე  ხელმისაწვდომობის პრობლემა და დაბინძურებული გარემო[7].

ჩინეთში, ეკონომიკის გახსნის შემდეგ, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით აუქმებს გარემოსდაცვით სტანდარტებს მცირე ბიზნესისთვის, რათა უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა[8].

კრიზისამდე, ევროკავშირში ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მწვანე შეთანხმება იქნება საფუძველი ევროპის ეკონომიკის აღდგენისთვის[9]. ახლა გაძლიერდნენ მთელი რიგი ლობი ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესუსტებას ითხოვენ. ევროკომისიამ ევროპის სახალხო პარტიის პოზიციის გამო[10] წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ, გადაავადა სოფლის მეურნეობის სტრატეგიის „ფერმიდან ჩანგლამდე“ და ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის გამოქვეყნება, რაც 30 მარტს იყო დაგეგმილი. ამ სტრატეგიების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოსდაცვითი ფერმერობის განვითარებას და გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა.

წამყვანი სამრეწველო კომპანიების ქოლგა ასოციაციამ, „ბიზნესევროპამ“, საგანგებო წერილით[11] მოითხოვა კონსულტაციების გახანგრძლივება ე.წ. არაძირითად გარემოსდაცვით და კლიმატის კანონმდებლობაზე, მათ შორის, მაგალითად, ევროკავშირის 2030 წლის მიზნებზე, საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებზე და ა.შ., ანუ პრაქტიკულად მოითხოვა მწვანე შეთანხმების შესრულების გადავადება.

რა ვითარებაა საქართველოში?

საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის დროს, ნაცვლად იმისა, რომ გადაედო დაგეგმილი პროექტებისა და საქმიანობებისთვის გარემოსდაცვითი ნებართვების მისაღებად დაწყებული ადმინისტრაციული პროცედურები, მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის საჯარო განხილვების გარეშე, საზოგადოების მონაწილეობის შეზღუდვის გზით ჩატარების გადაწყვეტილება. ეს მიდგომა ხელს უწყობს პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გამარტივებას. ამგვარი პროექტია აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტი. დაგეგმილი გზა კვეთს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს, ის ნაწილია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტისა, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და რომელსაც სახელმწიფო უწყებები უპირობოდ უჭერენ მხარს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი, როცა მთავრობა აქტიურად უნდა ცდილობდეს პანდემიის შეკავებასა და მისგან წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრას, მთავრობის მთელი რიგი სტრუქტურები აგრძელებენ იმ პროექტების დაჩქარებული წესით განხილვას, რომელთა ფინანსური სარგებლიანობა ქვეყნისთვის სათუოა და მოსახლეობის დიდ პროტესტს იწვევს. ამის მაგალითია ნამახვანისა და ონის კასკადების მშენებლობაზე ნებართვების გაცემა მარტის ბოლოს.

მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობის დროს, არ შეაჩერა მთელი რიგი კომპანიების საქმიანობა, შედეგად, ინდუსტრიულ ქალაქებში, ერთი მხრივ, კვლავ მძიმე გარემოსდაცვითი მდგომარეობაა, მათ შორის, ჰაერის დაბინძურების მხრივ (მაგ. რუსთავი, ჭიათურა), ხოლო, მეორე მხრივ, აქ არსებული შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა წუხილი მშრომელების უსაფრთხოებაზე.

მომავლის პერსპექტივები

როგორ შევინარჩუნოთ გარემოს გაუმჯობესებული მდგომარეობა კარანტინის დასრულებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდგომ? ეს გახლავთ მთავარი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები სვამენ. ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიცვლება ჩვენ მიერ სამყაროს აღქმა, ეკონომიკის სტრუქტურა და სარგებლის  გადანაწილების  სისტემა, რამდენად გაიზრდება ჩვენი საზოგადოებების მედეგობა და უსაფრთხოება.

ცვლილებისთვის, პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამები და პაკეტები, დიდი ალბათობით, პანდემიამდე არსებულ ლოგიკას არ უნდა დაუბრუნდეს. ფრანს ტიმერმანსი, ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ასე აღწერს პრეკოვიდ-19-ის სიტუაციას „დუნე, წრფივად მზარდი და კარბონინტენსიური ეკონომიკა, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამუშაო ადგილები და ცხოვრების ხარისხი, ამავდროულად, გაანადგუროს ბუნებრივი რესურსები, წარმოქმნას საშიში ნარჩენები და ტოქსიკური დამაბინძურებლები, რითაც დააყენოს მოსახლეობა და წარმოება რისკის ქვეშ, კლიმატის ცვლილების გარეშეც“ და კითხულობს, თუ რატომ უნდა გვინდოდეს იქ დაბრუნება[12].

სტიმულირების პაკეტები პრობლემატურია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. ევროკავშირშიც კი, ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ როგორი იქნება სტიმულირების პაკეტი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია გადაწყვეტილების მიმღებთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა დიდი ნაწილის მწვანე შეთანხმებას ყველაზე უპრიან ვარიანტად განიხილავს[13].

განვითარებადი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, რომელთა რიცხვს განეკუთვნება საქართველო, კოვიდ-19-ის საპასუხო პროგრამები ძირითადად წამოვა მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, აქედან ნახევარი განკუთვნილი იქნება ქვეყნის კერძო სექტორისთვის. მთავრობის განცხადებით, შექმნილია ანტიკრიზისული ეკონომიკური საბჭო, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებებს მოამზადებს[14].

საქართველოს მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია არანაირი სამოქმედო გეგმა ან თუნდაც კონცეფცია, არც სოციალური დახმარების და არც ეკონომიკის განვითარების კუთხით, და მხოლოდ რამდენიმე დარგთან მიმართებით მიიღო გადაწყვეტილებები (მაგ. ტურიზმი).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 მარტს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში ან რაიმე  სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები“[15].

ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია. არ არსებობს ადგილობრივი წარმოება, რომელიც, შეცვლილი გლობალური ვაჭრობის პირობებში, დააკმაყოფილებდა მოსახლეობის პირველად მოთხოვნილებებს, მათ შორის, სურსათზე. ევრაზიულმა კავშირმა, ისევე როგორც მთელმა რიგმა აზიურმა ქვეყნებმა, აკრძალეს ან კვოტირება დააწესეს მარცვლეული კულტურების, სამედიცინო მასალებისა და წამლების ექსპორტზე. 

შესაბამისად, არაგონივრულმა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტმა, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ძვირი და, ხშირად, კორუფციული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, მსხვილი ბიზნესის წახალისებაზე, რაც ვერ უპასუხებს მოსახლეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების საჭიროებებს, შესაძლებელია მოგვიტანოს ე.წ. ეკონომიკური ყოველწლიური ზრდა, მაგრამ არ და ვერ გაზრდის ქვეყნის მედეგობას ეკონომიკური, სოციალური თუ ბუნებრივი კრიზისებისადმი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაშიც არ ჩანს ალტერნატივები, თუ როგორი ეკონომიკური განვითარება გვინდა. სამწუხაროდ, დღემდე წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამები ჯიუტად იმეორებენ ერთსა და იმავეს: თუ როგორ განვითარდება სხვადასხვა ტიპის წარმოება, როგორ აშენდება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, როგორ გაიზრდება  ტურიზმი, როგორ ვიქცევით სატრანსპორტო ჰაბად, და საერთოდ არ ითვალისწინებენ ამ ინიციატივების სოციალურ და გარემოსდაცვით ზემოქმედებას, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან ძვირი უჯდება როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მოსახლეობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან მოზიდული კოვიდ-19-ის საპასუხო თანხები, კრედიტებია, რომლებიც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება საქართველოს საგარეო ვალს, თუ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ბიზნესის ტრადიციული განვითარების სცენარით განხორციელება.

სტიმულირების პაკეტმა, დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ, უნდა წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი, კოოპერატივები და სხვა ტიპის გაერთიანებები, შექმნას ისეთი მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, განვითარდეს სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტურობა (მასალებისა და ტექნოლოგიების ადგილზე წარმოება), ფარმაკოლოგიური და მანუფაქტურული წარმოება, ციფრული ტექნოლოგიები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი უნდა იყოს კეთილდღეობა (ხელმისაწვდომი და ძლიერი სოციალური სერვისები, ჯანდაცვა, განათლება და გარემოს ხარისხი) და არა მშპ-ს ზრდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გააზრებული მიდგომით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული თანხებით, შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ მოთხოვნაზე დაფუძნებული რეალური ეკონომიკის განვითარება მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად, რომლებიც ადამიანის უფლებების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, გენდერული სამართლიანობის, კლიმატის ცვლილების შეჩერების პრინციპებს ითვალისწინებს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეხედულებებს.

 

[1] Myers, S. S. et al. Human health impacts of ecosystem alteration. Proc. Natl Acad. Sci. USA 110, 18753–18760 (2013).