პლასტმასის ნარჩენები საქართველოში: რიცხვები, ფაქტები და პოლიტიკა

2020 წლის 25 ივნისს, 16:00-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა  „პლასტმასის ატლასის“ ქართული გამოცემის პრეზენტაცია გამართა.

Კითხვის დრო: 2 წუთი
plastic atlas cover

პლასტმასის ატლასი: რიცხვები და ფაქტები პლასტმასით სავსე სამყაროზე“ თავს უყრის 50-მდე  ინფოგრაფიკას, რომელიც პლასტმასის საციცოცხლო ციკლის შედეგად გამოწვეულ დაბინძურებას ეხმიანება. პუბლიკაცია პლასტმასის კრიზისის მასშტაბებს წარმოაჩენს და აღწერს მის წარმოებასთან, მოხმარებასთან და განადგურებასთან დაკავშირებულ ზემოქმედებას ადამიანების ჯანმრთელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე და ეკოსისტემებზე. კრებული უტყუარი ფაქტებით და ციფრებით წარმოაჩენს პლასტმასის კრიზისის უკან მდგარ კორპორატიულ ინტერესებს. პუბლიკაცია საინტერესოა მათთვისსაც, ვინც კრიზისის გლობალურ და ადგილობრივ დონეებზე მოგვარების გზებით, შესაბამისი რეგულაციებით და პოლიტიკური ნაბიჯებით ინტერესდება.

***

ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმის განვითარებამ, ურბანულ დასახლებებში ცხოვრების აქტიური წესის დანერგვამ ნარჩენების, მათ შორის, პლასტმასის მოხმარების და შემდგომში პლასტმასის ნარჩენების ზრდა გამოიწვია. მთელი მსოფლიოს მსგავსად ქართულ მედიაშიც მრავლად შეხვდებით ცნობებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებაზე ან მთაში მდებარე ბილიკებზე სტიქიურად გაჩენილი ნაგავსაყრელების შესახებ, რომელთა შემადგენლობაში საკვების შესფუთად გამოყენებული პლასტმასი და ცელოფნის პარკები ჭარბობს.  ნარჩენების მართვის სისტემით, საქართველო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს და მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, დღემდე გამოწვევად რჩება ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაცია, უკვე წარმოქმნილის სეპარაცია და რეციკლილება.  მნიშვნელოვანია შესაბამისი ვალდებულებები დაეკისროს კერძო სექტორს, რომელიც პლასტმასის საწარმოო ჯაჭვში ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. 

დისკუსიაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ვუპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს : როგორია პლასტმასას სასიცოცხლო ციკლი საქართველოში? რა პროგრესი გვაქვს პლასტმასის შეგროვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებით? როგორაა გადანაწილებული მწარმოებლის, მომხმარებლის და სახელმწიფოს  როლი  დღეს? რა ძირითადი ცვლილებები იგეგმება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვით და რა ტიპის აღსრულების მექანიზმებს ამზადებს სახელმწიფო მისი წარმატებით განხორციელებისთვის? როგორი უნდა იყოს ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, რომლებიც პლასტმასით დაბინძურების წყაროებს მიემართება?

ძირითადი მომხსენებლები:

შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი

ლილი ფური, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი

ირმა გურგულიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნინო შავგულიძე, კავკასიის არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN )

მოდერატორი: თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

 

რიცხვები და ფაქტები პლასტმასით სავსე სამყაროზე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnail Watch on YouTube