22 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა მედიაში კონფლიქტების გაშუქების ძირითად ტენდენციებზე საჯარო ღონისძიება გამართა.
ომისა და მშვიდობის საკითხების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები არაერთი დილემის წინაშე დგანან. შეიარაღებული საომარი მოქმედებების დროს ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ომის გაშუქება ემოციური თვალსაზრისით განსაკუთრებით რთულია, როდესაც ჟურნალისტი კონფლიქტში ჩართული ქვეყნის მოქალაქეა.
გარდა უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებისა, მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისა და ნდობის აღდგენის კუთხით. სხვადასხვა მედია ორგანიზაციები კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დიალოგიის წარმოებისთვის თავიანთ ონლაინ პლატფორმებს სთავაზობენ საზოგადოებას. მსგავსი ფუნქცია საქართველოში მომუშავე რამდენიმე მედია პლატფორმას აქვს: ნეტგაზეთს „სამხრეთ კავკასიის ამბების“ პროექტის ფარგლებში, ჟურნალ „ინდიგოს“, OC Media-ს და სხვა.
გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მუდმივად ცვალებადი და სულ უფრო მეტად დაძაბული ვითარებაა, რაც ცხადად გამოჩნდა ცოტა ხნის წინ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაშიც, კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობა ძალიან გართულებულია. ასეთი ვითარება კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული დიალოგის შესაძლებლობებს ზღუდავს და მხარეებს შორის მეტ გაუცხოებას წარმოშობს. ხშირად, ამ გაუცხოებას თან ახლავს ინფორმაციის ნაკლებობა, რაც პროპაგანდას და ცრუ ინფორმაციას (ფეიკ ნიუსებს) უხნის გზას.
მომხსენებლები:
- ქეთევან მურუსიძე, ბრედფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი/ თანაშემწე მშვიდობის მშენებლობისა და განვითარების საკითხებში;
- ნინო ლომაძე, რედაქტორი, გამომცემლობა „ინდიგო“;
- მარიამ ნიკურაძე, აღმასრულებელი დირექტორი, OC Media;
აღნიშნული საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ერთ-ერთი პროექტის სალექციო კურსი „ომი და მშვიდობის“ ფარგლებში.