(დასრულებული პროექტი) ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი იყო, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგოების პრობლემების აქტუალიზაციის მეშვეობით, ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და ამ რეგიონში აღმოჩენილი ძირითადი გენდერული პრობლემების დაძლევაზე მუშაობა. ეს პრობლემებია: ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და გოგონათა ნაადრევი ქორწინება.
პროექტი მოიცავდა ზემო აჭარის სამ მუნიციპალურ ერთეულს- ქედას, შუახევსა და ხულოს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საკუთრივ ამ რეგიონის ქალების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა, საერთო გენდერულ სტატისტიკაზე დაყრდნობით და მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, მაინც შესაძლებელია ქალთა და გოგონათა მდგომარეობის შესახებ აზრის შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარა, სიდიდით მეორე მუსლიმი რეგიონია საქართველოში, აქ მუსლიმი თემი, მუდმივად განიცდის ჩართულობის პრობლემას. რეგიონში გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს. კავკასიური სახლის, 2016 წლის კვლევა „ისლამი საქართველოში: პოლიტიკა და ინტეგრაცია“, აირეკლავს აჭარის რეგიონში ისლამური თემის მიმართ არსებულ წინასწარგანწყობებს და მათ მინიმალურ ჩართულობას რეგიონის მმართველობაში.
გეოგრაფიული თავისებურებები, რელიგიური დაძაბულობა და განათლების დაბალი მაჩვენებლები, ქმნის ხელსაყრელ გარემოს რეგიონში გენდერული უთანასწორობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. მოცემული, სოციო-კულტურული და რელიგიური ნიადაგიდან გამომდინარე, ქალთა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად პროექტის ძირითადი მიზნები იყო:
1. ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება; მონაწილეების ინფორმირება ამ პრობლემებზე, სამართლებრივი დებულებების, მარეგულირებელი მიდგომების შეზღუდვებისა და სისუსტეების შესახებ.
2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების დაახლოება მოსახლეობასთან.
3. ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენება, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
4. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გენდერული თანასწორობისათვის ხელისშემშლელი ძირითადი პრობლემებისა და ამ პრობლემათა განსხვავებული მახასიათებლების გამოვლენა.
5. ვიდეოების შექმნა, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების და ადრეული ქორწინების შესახებ.
6. არსებული სოციო-ეკონომიკური რეალობის კრიტიკული გაგება, გენდერული თვალსაზრისით.