პუბლიკაციის ყდა, სათაურით: საქართველო-რუსეთის უერთიერთობები

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

დისკურსების და ნარატივების როლი

კრებულში შესული სამი სტატიიდან პირველის ავტორი, ოთარ კობახიძე, განიხილავს ნარატივებს რუსეთის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (2003-2012) და „ქართული ოცნების“ (2012 წლიდან) ხელისუფლების დროს. ორივე პარტია ახდენს მოწინააღმდეგის, როგორც პრორუსულის, დემონიზებას. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პოლიტიკოსები თავიანთ ოპონენტებს

„კრემლის აგენტობას“ ან „რუსეთის მარიონეტობას“ აბრალებენ. ავტორი ამტკიცებს, რომ რუსულ ნარატივებზე დაყრდნობით პოლიტიკური აქტორები ზედმეტად ამარტივებენ კომპლექსურ რეალობას და დიდწილად უგულებელყოფენ სხვა საკითხებს, მათ შორის, არაერთ სოციალურ პრობლემას, რომლებიც მნიშვნელოვანია ფართო ქართული საზოგადოებისთვის. რუსული ნარატივი შიდა

პრობლემების ექსტერნალიზების მთავარი ინსტრუმენტია, რაც, თავის მხრივ, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, აძლიერებს პოლარიზაციას და შლის საზღვარს ჭეშმარიტებასა და რეალობას შორის. ეს ხელს უწყობს ოპონენტების დემონიზებას და კონსპირაციული განწყობის შექმნას ქართულ საზოგადოებაში. რუსული ნარატივი ქართული ელიტის ვირტუალური პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს საზოგადოების მობილიზებას მტრის პარადიგმის მეშვეობით, ქვეყნის წინაშე არსებული ძირეული პრობლემის გადაუჭრელად.

მეორე სტატიაში, საქართველოს შესახებ არსებული რუსული დისკურსის განხილვისას, ანდრეი მაკარიჩევი გამოყოფს ოთხ პერსპექტივას, რომლებიც ერთმანეთს ამყარებენ და, ამავდროულად, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. პირველ რიგში, ეს არის გეოპოლიტიკური ნარატივი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოსთან კონფლიქტურ ურთიერთობებში საქართველოს „პროდასავლურ“ ქვეყნად მოიაზრებს. შემდეგ, ბიოპოლიტიკური ნარატივი, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატების მარიონეტად წარმოაჩენს. ეს ნარატივი, რომელიც ეპიდემიების შესახებ არსებული კონსპირაციული თეორიის მეშვეობით ვრცელდება, უკავშირდება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, აშშ-ის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბიოლოგიურ-კვლევით დაწესებულებას, რომელიც თბილისის შემოგარენში მდებარეობს.

ორივე ზემოხსენებული მოსაზრება შეგვიძლია აღვიქვათ რუსეთის სახელმწი-ფოს კოლონიური დამოკიდებულების კონტექსტში, რომელიც საქართველოს მოიაზრებს რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობის ნაწილად, რომელმაც არასწორი გზა აირჩია. ანალოგიური მიმართულებით მიდის რელიგიური პერსპექტივაც, რომელიც ნორმატიული თვალსაზრისით საქართველოს განიხილავს გლობალური მართლმადიდებლური საზოგადოების წევრად, რომელსაც რუსეთთან აკავშირებს საზიარო კონსერვატული ღირებულებები და ტრადიციული ეროვნული იდენტობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ლიბერალიზმთან (უმცირესობათა დაცვა, მულტიკულტურალიზმი და სექსუალური ემანსიპაცია).

რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გატარებულ ამ სამ ნარატივს ეწინააღმდეგება პოპულარული თვალსაზრისი რუსულ სოციალურ მედიაში, სადაც რუსული ტურისტული ინდუსტრიისა და რუსულ საზოგადოებაში არსებული ნოსტალგიური „მეგობრული“ ნარატივების გავლენით, საქართველოს გრასრუთ რეპრეზენტაცია ხდება. სწორედ ისინი უყრიან საფუძველს რეალურ გამოცდილებას „ნორმალური ადამიანებისთვის“, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოში და შეხება აქვთ ქვეყანასთან. შედეგად, რუსეთში არ არსებობს ერთიანი დისკურსი საქართველოს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფო ეწევა საქართველოზე არსებული პერსპექტივის გეოპოლიტიკურ სეკურიტიზაციას და მას ზედმეტად ნორმატიულ დატვირთვას აძლევს, რუსული საზოგადოება ამ ნარატივებს ქართველებთან უშუალო კონტაქტის პოზიტიური გამოცდილებით უპირისპირდება. ისინი საქართველოს მეგობრულ, სტუმართმოყვარე და საცხოვრებლად კომფორტულ ადგილად წარმოაჩენენ (ასევე, ადარებენ რუსეთს) და ძირს უთხრიან ყველა იმ სტერეოტიპსა და ნარატივს, რომლებიც რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას უკავშირდება.

მესამე სტატიაში ალექსანდრა იაციკი საქართველოს შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიის ნარატივებს COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში აანალიზებს და ასკვნის, რომ რუსულ მედიაში საქართველო გამოყვანილია არა როგორც პირდაპირი მოწინააღმდეგე, არამედ როგორც „შეცდომაში შეყვანილი ოჯახის წევრი“, რომელიც „დასავლეთის მარიონეტად“ იქცა. პატრონაჟული დამოკიდებულების მქონე ყოფილი იმპერია მზადაა, საქართველოს დაეხმაროს დასავლური კონტროლისგან გათავისუფლებაში და მას პოლიტიკური და ეკონომიკური მფარველობა შესთავაზოს. გამოკითხვების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ავტორი გვიჩვენებს, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია რუსული პირდაპირი დეზინფორმაციისადმი. თუმცა, მართლმადიდებლური ღირებულებებისა და სოციალურ-კონსერვატიული შეხედულებების (განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებზე) მქონე ქართული საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მართლაც უფრო მოწყვლადები არიან არაპირდაპირი დეზინფორმაციისადმი. ამ კონტექსტში ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია COVID-19-ის პანდემიის დროს ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. აქ, ანტირუსულ ნარატივთან, როგორც ქართული პოლიტიკისა დასაზოგადოების პოლარიზაციის ნაწილთან, ქართული მმართველი ელიტების მეშვეობით წრე იკვრება. ამავდროულად, ეს ელიტები იზიარებენ იმავე „კონსერვატიულ ღირებულებებს“, რომლებსაც „რუსი მტერი“ უჭერს მხარს.

ეს პუბლიკაცია გამოადგებათ სტუდენტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირზე, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. სტატიების კრებულის მიზანია, საღად გააანალიზოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ის არაიდეოლოგიური შეხედულებები, რომლებიც ამ ქვეყნებში ერთმანეთთან დაკავშირებით არსებობს.

დოქტ. შტეფან მაისტერი

გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (DGAP)

Product details
Date of Publication
2021
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
59
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

შესავალი 4

დოქტ. შტეფან მაისტერი

ქართული პოლიტიკური კლასი კრემლის აგენტებისა და დამქაშების ძიებაში  7

ოთარ კობახიძე

საქართველო რუსულ დისკურსებში კრიტიკული მოსაზრებები 22

ანდრეი მაკარიჩევი

რუსულ-ქართული ურთიერთობები

კოვიდ19-ის ეპოქაში: უწყინარი უგულებელყოფა 40

ალექსანდრა იაციკი