კერსტინ ნიკიგის ფილმი
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „Kapitän Wakusch“ ან ქართულად „კაპიტანი ვაკუში“ არის გერმანელ-ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის პოეტური პორტრეტი, რომელიც დაიბადა ბერლინში, 1927 წელს და გარდაიცვალა თბილისში, 2020 წელს. მიგრანტი და მუდმივად უცხო გერმანიასა და საქართველოში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რეალობასა და ლიტერატურაში. ფილმი ეფუძნება ავტორის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, 2020 წელს მის გარდაცვალებამდე ჩაწერილ ინტერვიუებს და ამონარიდებს მისი ავტობიოგრაფიული რომანიდან „კაპიტანი ვაკუში“. ფილმი ფინანსურად მხარდაჭერილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ.
მარგველაშვილის ალტერ ეგო და მისი რომანის მთავარი გმირი კაპიტანი ვაკუში, ისევე როგორც თავად, გაიზარდა ბერლინში, საქართველოდან პოლიტიკური დევნილების ოჯახში - დანგრეულ ოჯახში, როგორც ის თავად უწოდებს მას. მისი მცდელობა - იყოს ნამდვილი ბერლინელი ბიჭი უშედეგოდ მთავრდება, როდესაც მას ჰიტლერის ახალგაზრდული ბანაკიდან აძევებენ, იმის გამო, რომ მეგობრებს თავისი საყვარელი ჯაზის ალბომები ასმენინებს. სულ მალე კაპიტანი ვაკუში ხდება ორმოციანი წლების ბერლინის ახალგაზრული სვინგის (Swingjugend) ნაწილი და მისი მაესტროს, ტულიო მობილიას ცხელ რიტმებზე ცეკვავს ბარ კაკადუს საცეკვაო მოედანზე. მას ეუფლება განცდა, რომ ამ მუსიკას და მთლიანობაში ჯაზს აქვს თავისუფლების გემო, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა „დიქსილენდურ“ სამყაროში...
ფილმში, მთავარი გმირი კაპიტან ვაკუშის ფსევდონიმით გაგიძღვებათ გივი მარგველაშვილის ჩახლართულ და მოულოდნელობებით სავსე ცხოვრების გზაზე. კაპიტანმა ვაკუშმა უნდა იპოვოს თავისი გზა მეოცე საუკუნის ორ მომაკვდინებელ ტექსტს - ნაცისტურ და კომუნისტურ იდეოლოგიებს შორის. ამ ტექსტების ხაზებს მიღმა, ხანდახან ის ახერხებს და პოულობს თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის კუნძულებს. პირადი და ისტორიული საარქივო მასალები, ახალი კადრები და ბევრი კარგი ჯაზი განგაცდევინებს ცხოვრებისეულ გზას, რომელსაც გადის პერსონაჟი (ან ავტორი - ეს არასოდეს იცი).
მისი ნაკლებად ცნობილი ნამუშევარი ქმნის სრულ ლიტერატურულ კოსმოსს, თავისი სახალისო წესებით და განსაკუთრებული ურთიერთობებით ავტორს, პერსონაჟებსა და მკითხველს შორის.
ძალიან თავისუფალი ადამიანის ლაღი-ლიტერატურული პორტრეტი.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ აქ მოცემულ ბმულზე
ფილმზე მუშაობდნენ:
რეჟისორი და ავტორი: კერსტინ ნიკიგი
პროდიუსერი: Time Prints KG
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით
ყველა უფლება დაცულია.
© Time Prints, გერმანია 2021 (30 წუთი)