საქართველოს მზაობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისადმი
დედამიწის გეოლოგიური ისტორიის განმავლობაში კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზად შეიძლება მრავალი ფაქტორი დასახელდეს, როგორიცაა: დედამიწის დახრილობის კუთხის ცვლილება, ვულკანური ამოფრქვევები, მზის გამოსხივების ინტენსივობის ცვლილება, ტექტონიკური ფილების დრეიფი, კოსმოსური კოლიზიები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, კლიმატის ცვლილების პროცესი ეტაპობრივია და დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთებში მიმდინარეობს (25 000 წელი და მეტი), ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ბოლო ორასი წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის სამეურნეო საქმიანობა[1].
მეცნიერული კვლევები ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გამოფრქვეულმა „სათბურის გაზების“ ემისიებმა საგრძნობლად შეცვალა და დააჩქარა ბუნებრივი პროცესები. ინდუსტრიული პროცესების დაწყებიდან მოყოლებული, წიაღისეული ნახშირწყალბადების გამოყენების შედეგად ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ ატმოსფეროში მნიშვნელოვნად მოიმატა. მაგალითად, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში CO2-ის კონცენტრაცია 280 ppm-ს შეადგენდა, მაშინ როცა, ამჟამად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებელი მერყეობს 410 ppm-ის ფარგლეში. გეოლოგიური კვლევების მონაცემებით, ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ეს ნახშირორჟანგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია[2].
„სათბურის აირების“ კონცენტრაციის ცვლილებამ გამოიწვია სათბურის ეფექტის გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კლიმატზე და იწვევს ისეთ მოვლენებს, როგორიც არის საშუალო წლიური ტემპერატურის და ნალექების რაოდენობის მატება, ექსტრემალური მოვლენების სიხშირის თუ ინტენსივობის ზრდა და სხვა. მაგალითად, კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის ფარგლებში შექმნილი, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (Intergovernmental Panel on Climate Change (IPCC)) მონაცემებით, 2020 წლისთვის დედამიწის ზედაპირზე საშუალო წლიური ტემპერატურის მატებამ 1850-1900 წლებთან შედარებით შეადგინა 1.1°C[3]. პროცესი სულ უფრო ჩქარდება, რადგან სათბურის გაზების ანთროპოგენური ემისიები წლიდან წლამდე სულ უფრო სწრაფი ტემპით აგრძელებს ზრდას. მაგალითად, 1990 წელთან შედარებით გლობალური ემისიების მაჩვენებელი 54%-ით არის გაზრდილი[4]. აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროში გამოფრქვეული სათბურის გაზების (ნახშირორჟანგი, მეთანი და სხვები) ემისიების 79% მოდის ისეთი სექტორებიდან, რომლებიც ენერგიის წყაროდ იყენებენ ნავთობს, ნახშირს ან გაზს, მაგალითად, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ინდუსტრია, შენობები, ხოლო 22% მოდის სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორზე[5].
IPCC პროგნოზები (AR6 Synthesis Report: Climate Change 2023[6]) მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებიც. კლიმატის ცვლილების შედეგად გაზრდილი საფრთხე ექმნება ადამიანების ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი გამოვლინებაა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების (მაგ.: წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ტყის ხანძრები, სეტყვა, გვალვა და ა.შ.) სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. ასეთ მოვლენებს ახლავს ადამიანთა მსხვერპლი, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანება და საცხოვრებელი თუ გარემო პირობების შეცვლა (მაგ.: გვალვების შემთხვევაში). კლიმატის ცვლილება ასევე ზრდის კონკურენციას ბუნებრივ რესურსებზეც (მაგ.: მდინარეებში წყლის ჩამონადენის შემცირება ან ნიადაგის გაუდაბნოება ზრდის კონკურენციას შეზღუდულ რესურსებზე, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის მატებას).
ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოსაფხვრელად საჭიროა დანახარჯები. მაგალითად, 1999 წლიდან დღემდე საქართველომ ამ კუთხით 1.2 მილიარდი დოლარი დახარჯა[7]. ამჟამად საქართველოში გამოვლენილია 50,000-ზე მეტი სხვადასხვა სიდიდის მეწყრული უბანი, 3,000-ზე მეტი ღვარცოფული ხევი და მდინარე და მდინარეთა და ზღვის ნაპირების წარეცხვის რამდენიმე ასეული კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი[8]. ქვეყნის ტერიტორიის 70-მდე და დასახლებული პუნქტების 63-მდე პროცენტს ემუქრება ამგვარი რისკი სხვადასხვა მასშტაბით. პროგნოზების თანახმად, თუ შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები არ გატარდება, მომდევნო 10 წელიწადში გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული კატასტროფების გამო, ამ რიცხვმა შეიძლება 12 მილიარდ დოლარს მიაღწიოს[9].
[7] https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/undp_ge_ee_climate-change_publication-for-media_2021_geo.pdf
[8] კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი, 2016. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.
[9] UNDP/GCF/SIDA/SDC-ის პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მონაცემები.