ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს მზია ამაღლობელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან. ქალბატონი მზია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და საქმისადმი ერთგულებით. „ბათუმელები“/“ნეტგაზეთი“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში მედიისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ის 20 წელზე მეტია, მკითხველს სთავაზობს მაღალი პროფესიული სტანდარტით შექმნილ მედიამასალას, მოქალაქეებს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას და თანმიმდევრულად აშუქებს ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. განსაკუთრებით დასაფასებელია „ბათუმელების“, როგორც რეგიონული მედიასაშუალების, მუშაობა აჭარაში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. 14 იანვარს ქალბატონ მზიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აპროტესტებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ქალბატონი მზიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
მზია ამაღლობელი „ბათუმელები“/“ნეტგაზეთის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში.